დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1908 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/04/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13(20), 01/05/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.000.518 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (09/09/1999 - 13/07/2000)
საქართველოს კანონი
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესსა და პირობას.
მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილებები
1. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება:
ა) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება და დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ) სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
დ) დადგენილება იმ ადმინისტრაციული ორგანოებისა (თანამდებობის პირებისა), რომელნიც უფლებამოსილნი არიან კანონით დადგენილი წესით განიხილონ საქმეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
ე) სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგება;
ვ) გადახდის ბრძანება;
ზ) კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებანი, რომელთა აღსრულება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები;
ი) უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავი II
სააღსრულებო დაწესებულებები
მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები
1. სააღსრულებო დაწესებულებებია:
ა) საქართველოს სააღსრულებო სამსახური;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო სამსახურები;
გ) სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოები _ სააღსრულებო ბიუროები.
2. სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სისტემას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 4. სააღსრულებო სამსახური
1. სააღსრულებო სამსახური (შემდგომ _ სამსახური) წარმოადგენს სააღსრულებო დაწესებულებას და შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. სამსახურის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით.
4. თავის საქმიანობაში სამსახური ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს ნორმატიული აქტებით და სამსახურის დებულებით.
5. სამსახურის დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. სამსახურის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სადეპოზიტო ანგარიშები ბანკში.
7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სააღსრულებო სამსახურის უფროსი.
8. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე.
9. ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო სამსახურები იქმნება შესაბამისი იუსტიციის სამინისტროების სისტემაში, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. სამსახურის უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით.
10. ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო დაწესებულებების საქმიანობა და ორგანიზაცია წესრიგდება ამ კანონით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 5. სააღსრულებო ბიურო
1. ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები, რომელთა სამუშაო ადგილია სააღსრულებო ბიურო.
2. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი აღმასრულებელი _ ბიუროს უფროსი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო სამსახურის წარდგინებით.
3. თავის საქმიანობაში სააღსრულებო ბიურო ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
4. სააღსრულებო ბიუროს დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო სამსახურის წარდგინებით.
5. ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო ბიუროებს ქმნიან და აუქმებენ, უფროს აღმასრულებლებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები ამ კანონით დადგენილი წესით.
6. სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტითა და ამ კანონით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.
7. სააღსრულებო ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანო - ........... სააღსრულებო ბიურო“. სააღსრულებო ბიუროს გახსნილი აქვს სადეპოზიტო ანგარიში.
თავი III
სასამართლო აღმასრულებელი
მუხლი 6. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები
1. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობა კონკურსის წესით შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გამოცდას ჩააბარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიას.
2. კონკურსის ჩატარების, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისია შეიძლება შეიქმნას აფხაზეთის და აჭარის იუსტიციის სამინისტროებთანაც.
მუხლი 7. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა
1. სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააღსრულებო სამსახურის უფროსი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.
2. სასამართლო აღმასრულებელს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია მისი სახელი, გვარი და სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს სააღსრულებო სამსახურის უფროსი.
3. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. საქართველოს იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს სასამართლო აღმასრულებელს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით, სააღსრულებო სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე.
4. ავტონომიური რესპუბლიკების სასამართლო აღმასრულებლებს ნიშნავენ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 8. სასამართლო აღმასრულებლის მიერ მუშაობის დაწყება
სასამართლო აღმასრულებელი თანამდებობაზე მუშაობას უნდა შეუდგეს დანიშვნიდან ათი დღის ვადაში. იგი მოვალეა მუშაობის დაწყებამდე სააღსრულებო სამსახურს წარუდგინოს სამსახურებრივი ბეჭედი, ხელმოწერის ნიმუში და ბანკში გახსნილი ანგარიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 9. სასამართლო აღმასრულებლის საქმიანობის სამსახურებრივი შეზღუდვები
სასამართლო აღმასრულებელს არა აქვს უფლება იმსახუროს საჯარო სამსახურში სხვა საშტატო თანამდებობაზე, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯები და სასამართლო აღმასრულებლის შრომის ანაზღაურება
1. სასამართლო აღმასრულებელი გადაწყვეტილებებს აღასრულებს სახელმწიფო ბიუჯეტის, მოვალის მიერ ხარჯების გაღების ვალდებულების ან იმ თანხის ხარჯზე, რომელსაც გადაიხდის გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებული პირი.
2. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯების ოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განისაზღვრება კრედიტორსა და სააღსრულებო ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კრედიტორის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის არა უმეტეს 5%-ის გამოყენებას აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
3. იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო აქტების აღსრულება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯები სააღსრულებო ბიუროს უფროსის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გაიღება სააღსრულებო სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან. ამ ხარჯების მოვალისაგან ამოღების შემთხვევაში ხარჯების სახით გაცემული თანხა ბრუნდება აღნიშნულ სადეპოზიტო ანგარიშზე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი თანხის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით.
4. სასამართლო აქტების აღსრულების შედეგად სახელმწიფო (ადგილობრივი) ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი პროცენტი სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან ირიცხება ხაზინაში არსებულ სამსახურის სპეციალურ ანგარიშზე. ეს თანხა გამოიყენება აღსრულების ორგანიზაციული, სასამართლო აღმასრულებელთა და სამსახურის აპარატის მოხელეთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სამსახურის კუთვნილი თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. სასამართლო აღმასრულებელთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტისა და ამ მუხლით განსაზღვრული შემოსავლის ხარჯზე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 11. სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს სასამართლო აღმასრულებელი აღასრულებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სახსრების ხარჯზე.
2. დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა აღსასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი სახსრების ოდენობას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და იგი აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 12. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი
1. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების დამატებითი საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) თანამდებობრივი გადაცდომა გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
ბ) სხვა გამოვლენილი გარემოებანი, რაც დაუშვებელს ხდის სასამართლო აღმასრულებლად მუშაობას.
მუხლი 13. სასამართლო აღმასრულებლის შვებულება და პენსია
1. სასამართლო აღმასრულებლის ყოველწლიური შვებულება განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
2. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სასამართლო აღმასრულებლის ყოველწლიური შვებულების მიცემის თანამიმდევრობას შვებულების განრიგის გათვალისწინებით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური.
4. სასამართლო აღმასრულებლის პენსიისათვის საჭირო საბუთების მომზადებას, აგრეთვე მის წარდგენას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებში _ შესაბამისი სააღსრულებო სამსახურები.
მუხლი 14. სხვა სოციალური გარანტიები
1. სასამართლო აღმასრულებელი უზრუნველყოფილია სპეციალური ფორმით, რომლის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
2. აღმასრულებლის დაცვითი საშუალებებისა და მის მიერ სამსახურებრივი იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება კანონით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასამართლო აღმასრულებლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
4. სასამართლო აღმასრულებელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით.
თავი IV
აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 15. სასამართლო აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება
1. სასამართლო აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2. სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს სააღსრულებო ბიუროს უფროსი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს განმცხადებელს.
3. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
მუხლი 16. სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. ამ კანონით განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას ახორციელებენ სააღსრულებო ბიუროები, რომლებიც შექმნილია ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო აღმასრულებელს მისთვის გამოყოფილ სამუშაო უბანში უფლება აქვს გახსნას ერთი ან რამდენიმე სააღსრულებო ბიურო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. სამუშაო უბანში გახსნილი სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სააღსრულებო ბიუროს ფილიალს.
2. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი აღმასრულებელი, რომელიც:
ა) იღებს ამ კანონით განსაზღვრულ სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს სასამართლო აღმასრულებლებს მათთვის გამოყოფილი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;
ბ) აკონტროლებს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესრულების ვადებს, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებლებს;
გ) წყვეტს აცილებული სასამართლო აღმასრულებლის სხვა სასამართლო აღმასრულებლით შეცვლის საკითხს;
დ) პერიოდულად ახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;
ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;
ვ) აღსრულების პერიოდში მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლისას ბიუროს უფროსი ამის თაობაზე აცნობებს იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც გადავიდა მოვალე. აღნიშნულის შესახებ ეცნობება აგრეთვე კრედიტორს და სააღსრულებო სამსახურს.
3. აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავას განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური.
მუხლი 17. სასამართლო აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სასამართლო აღმასრულებლის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2. სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას შეუდგება კრედიტორის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების საფუძველზე. მხარეთა შეთანხმება სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების ანაზღაურების შესახებ ფორმდება ხელშეკრულებით და დასტურდება მხარეთა ხელმოწერით, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია, _ ბეჭდითაც.
3. სასამართლო აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა შესრულებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება წარმოებს სულ მცირე ორი ქმედუნარიანი პირის დასწრებით და ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ დამსწრეები, მოვალე და სასამართლო აღმასრულებელი.
4. იძულებითი აღსრულების პირობებში სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) გადახდევინება:
ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ქონებას, აცნობოს ამის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივ ორგანოს;
ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;
ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან;
ბ) მოვალისაგან იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;
გ) კანონის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
5. სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
6. თუ მოვალე არ დაუშვებს სასამართლო აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოიწვიოს პოლიციის მუშაკი.
7. სასამართლო აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ან თუ მოვალის ბინაში ჩასატარებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, სასამართლო აღმასრულებელი ადგენს აქტს დამსწრეთა თანდასწრებით და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ორი მოწმის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ან პოლიციის წარმომადგენლის დასწრებით.
8. აღსრულების მსვლელობისას სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია გამოიძახოს მოვალე სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, მიიღოს ზეპირი ინფორმაცია ან წერილობითი შეტყობინება, თუ ისინი აუცილებელია აღსრულების განსახორციელებლად.
9. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 18. კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი
1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში.
2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგებისას სასამართლო აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სამი დღის ვადაში გადაუგზავნის სასამართლოს მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად.
3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებაზე შეიტანონ საჩივარი.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 19. დოკუმენტების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა
პირს, რომელიც მონაწილეობს აღსრულების პროცესში, უფლება აქვს გაეცნოს აღსრულების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები.
თავი V
აღსრულება
მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი
1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე.
2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.
მუხლი 21. სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო წარწერა
1. გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე, რომლის შინაარსია:
„ეს ფურცელი ეძლევა... (მონაწილე მხარის დასახელება) გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით.“ სააღსრულებო ფურცელს ბოლოში უნდა დაემატოს ბიუროს უფროსის ხელმოწერა, თარიღი და ბეჭედი.
2. სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.
3. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსრულების გადაწყვეტილება;
ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;
გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი;
დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი;
ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;
ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები.
მუხლი 22. ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა
თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე, ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა აღსრულების ადგილის და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.
მუხლი 23. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.
მუხლი 24. სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ
სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
მუხლი 25. აღსრულების დაწყება
1. აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს.
2. აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორსა და სხვა მონაწილე პირებს აბარებს სასამართლო აღმასრულებელი.
3. უწყება უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 26. განცხადება აღსრულების თაობაზე
სასამართლო აღმასრულებელი მოქმედებას იწყებს კრედიტორის მიერ აღსრულების თაობაზე წერილობით შეტანილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს აღსრულების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილების სააღსრულებო ფურცელი.
მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება
აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 28. წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ
1. გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.
2. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
3. სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს.
4. თუ არსებობს საფუძველი, რომ მოვალეს შეუძლია გაფლანგოს ან დამალოს ქონება, სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია ნებაყოფლობით აღსრულების წინადადების ჩაბარებასთან ერთად აღწეროს და ყადაღა დაადოს მოვალის ქონება.
მუხლი 29. ოქმი
1. სასამართლო აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი.
2. ოქმი უნდა შეიცავდეს:
ა) შედგენის ადგილსა და დროს;
ბ) სასამართლო აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას;
გ) სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება;
დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას;
ე) სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.
3. ოქმს ხელს აწერენ სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირები. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. მოვალეს უნდა გადაეცეს ოქმის ასლი.
თავი VI
სასამართლო კომპეტენცია
მუხლი 30. მოვალის ძებნა
საქმეებზე ალიმენტის გადახდევინების, სხეულის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, მოსამართლეს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ.
მუხლი 31. მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას
1. განსაკუთრებული ვითარების გამო, თუ აღსრულება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება). მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს ორი თვის ვადით.
2. თუ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, სასამართლოს შეუძლია კრედიტორის განცხადების საფუძველზე გააუქმოს ან შეცვალოს აღსრულების თაობაზე გამოტანილი განჩინება.
მუხლი 32. მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ
1. თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
2. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
3. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
თავი VII
აღსრულების გადადება, შეწყვეტა, შეჩერება, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება
მუხლი 33. სააღსრულებო მოქმედების გადადება
სასამართლო აღმასრულებელს არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს აღსრულება, დაუბრუნოს კრედიტორს სააღსრულებო საბუთები, სხვა დროისათვის გადადოს სააღსრულებო მოქმედების შესრულება, ამორიცხოს ყადაღადადებული ქონება აღწერის სიიდან. ასეთი მოქმედებები სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეასრულოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
მუხლი 34. აღსრულების შეწყვეტა
1. აღსრულება შეწყდება, თუ:
ა) კრედიტორმა უარი თქვა გადახდევინებაზე;
ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ;
გ) კრედიტორის ან მოვალის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე;
დ) გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, გაუქმებულია.
2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებო საბუთი დაუბრუნდება კრედიტორს. აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება უქმდება.
მუხლი 35 . სააღსრულებო საბუთის დაბრუნება
1. სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდება კრედიტორს:
ა) კრედიტორის განცხადებით;
ბ) თუ მოვალეს არ გააჩნია ქონება ან შემოსავალი, რომლიდანაც შეიძლება მოხდეს გადახდევინება;
გ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით.
მუხლი 36. აღსრულების შეჩერება
1. სააღსრულებო წარმოება შეჩერდება:
ა) მოვალის გარდაცვალებისას, თუ სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;
ბ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას;
გ) მოვალის სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს;
დ) მოვალის მიერ სააღსრულებო საბუთის სასარჩელო წესით დავის აღძვრისას, თუ კანონმდებლობით ასეთი დავა დაიშვება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას;
ვ) დადგენილების გამოტანისას თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების შეჩერების უფლება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
2. სასამართლოში სარჩელის წარდგენა აღწერის სიიდან ქონების ამორიცხვის შესახებ (ყადაღისაგან გათავისუფლება), რომელზედაც მიქცეულია გადახდა, შეაჩერებს აღსრულებას სადავო ქონებაზე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 37. სასამართლოს გადაწყვეტილება
თუ ეჭვს იწვევს აღსრულების შეწყვეტის ან სააღსრულებო საბუთის უკან დაბრუნების მართლზომიერება, გადაწყვეტილებას აღმასრულებლის, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე იღებს სასამართლო.
თავი VIII
აღსრულების ხარჯები
მუხლი 38. მოვალის მიერ ხარჯების გაღების ვალდებულება
1. აღსრულების ხარჯები ეკისრება მოვალეს. ისინი ამოღებულ უნდა იქნეს აღსასრულებელ პრეტენზიასთან ერთად.
2. თუ სააღსრულებო საბუთი უქმდება, აღსრულების ხარჯები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა აუნაზღაურდეს მოვალეს.
მუხლი 39. აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები
1. ხარჯების სახით ამოიღება:
ა) იმ პირებისათვის ასანაზღაურებელი თანხები, რომელთა მოწვევაც აუცილებელი იყო კარების ან საცავის გახსნისათვის;
ბ) ნივთების შესანახად გადასახდელი თანხები;
გ) ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა საჯაროდ გამოცხადებისას;
დ) ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა მოვალის დაკავებით;
ე) აუქციონის ჩატარების ხარჯები.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სხვა ხარჯებიც.
თავი IX
აღსრულება მოძრავ ქონებაზე
მუხლი 40. ყადაღის დადება მოძრავ ქონებაზე
ყადაღის დადება მოძრავ ქონებაზე არის მოვალის ქონების აღწერა, ქონების განკარგვის აკრძალვის გამოცხადება ან/და ქონების შესანახად გადაცემა. სასამართლო აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ოქმში.
მუხლი 41. სარჩელის უპირატესი წესით დაკმაყოფილება
1. მესამე პირს შეუძლია სარჩელის საშუალებით პრეტენზიის წამოყენება ამონაგებიდან უპირატესი წესით დაკმაყოფილებაზე, იმის გაუთვალისწინებლად, ექვემდებარება თუ არა მისი მოთხოვნა აღსრულებას.
2. სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში.
3. თუ სარჩელი მიმართულია კრედიტორის და მოვალის წინააღმდეგ, მაშინ ისინი ითვლებიან საპროცესო თანამონაწილეებად.
4. თუ პრეტენზია დასაბუთდება, მაშინ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მოგების დეპონირება.
მუხლი 42. მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა
1. თუ აღსრულებამ კრედიტორი სრულად არ დააკმაყოფილა, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე იბარებს მოვალეს და ადგენს დოკუმენტს მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
2. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე თავისი მოთხოვნის საფუძველი მესამე პირის მიმართ და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან ეკუთვნის.
3. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა.
4. თუ მოვალე არ წარმოადგენს ქონების ნუსხას ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოვალე დააჯარიმოს ორმოცდაათი ლარით.
5. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისას მოვალე დაჯარიმდება ასი ლარით.
6. სასამართლო აღმასრულებელი ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.
7. მოვალე, რომელიც იძლევა წერილობით გარანტიას, ასეთი გარანტიის მიცემიდან პირველი სამი წლის მანძილზე ვალდებულია განმეორებითი გარანტია მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მოვალემ ქონება გვიან მიიღო ან ახალი შრომითი ურთიერთობები წარმოეშვა.
8. მოვალე, რომელიც შეგნებულად აარიდებს თავს ქონების არსებობის შესახებ წერილობითი გარანტიის მიცემას, დაჯარიმდება შემდგომში აღმოჩენილი ქონების ღირებულების 25%-ით.
მუხლი 43. ყადაღის დადება
1. ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასიან ნივთებს იღებს სასამართლო აღმასრულებელი და ინახავს სპეციალურ საკანში. ეს ეხება აგრეთვე სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. მოვალის მიერ ყადაღადადებული ქონების ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.
3. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შედის აღწერის სიაში და კეთდება აღნიშვნა. სასამართლო აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას_მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე.
მუხლი 44. ყადაღის საგანი
1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
2. ქონების აღწერის დროს მოვალეს უფლება აქვს განუცხადოს სასამართლო აღმასრულებელს პირველ რიგში რა საგნებიდან უნდა მოხდეს გადახდევინება. სასამართლო აღმასრულებელი მოვალეა დააკმაყოფილოს ასეთი განცხადება, თუ ეს არ აბრკოლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
3. კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.
მუხლი 45. ქონება, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება
1. ყადაღას არ ექვემდებარება:
ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;
ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით_ ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;
ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება იმ საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელიც აუცილებელია პირის ყოფითი საჭიროებისათვის.
3. ყადაღისაგან გათავისუფლება ზემოაღნიშნული საფუძვლით ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს.
4. დავა გადახდევინებისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ განიხილება სასამართლო წესით.
მუხლი 46. რეალიზაციის დროებითი შეჩერება
1. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოვალის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ნივთების რეალიზაცია დროებით შეაჩეროს გადახდის განვადებით, შესაბამისი თანხმობით, თუკი ეს მოვალის პიროვნებისა და ეკონომიკური ვითარებისათვის დასაშვებ მოქმედებად იქნება მიჩნეული და კრედიტორის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
2. შესაბამისი განკარგულებანი შეიძლება რამდენჯერმე გაიცეს, მაგრამ რეალიზაცია არ შეიძლება გადაიდოს ყადაღის დადების შემდეგ ერთ წელზე მეტი ვადით.
მუხლი 47. შეფასება
1. ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს.
2. საბაზრო ფასი თითოეულ დაყადაღებულ ნივთზე უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
მუხლი 48. ქონების აღწერის აქტი
1. ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე სასამართლო აღმასრულებლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც დაესწრნენ აქტის შედგენას;
გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელიც სისრულეში მოყავთ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;
დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;
ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა);
ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება;
ზ) თუ საგნების ან/და სადგომები დაილუქა _ რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული და მათზე დადებული ბეჭდების რაოდენობა;
თ) იმ პირის დასახელება, ვისაც ქონება გადაეცა შესანახად და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;
ი) ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ქონება გადაეცემა რეალიზაციისათვის;
კ) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი. მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მათი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;
ლ) კრედიტორის, მოვალის, აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები და განცხადებანი; ამ შენიშვნებსა და განცხადებებზე სასამართლო აღმასრულებლის განკარგულებანი.
2. ქონების დაყადაღებასთან ერთად აღწერის აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.
3. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს ხელს აწერენ სასამართლო აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, აგრეთვე კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადების.
მუხლი 49. რეალიზაცია
1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ ნებაყოფლობით გადახდილ ფულს, აღსრულების ხარჯების გამოკლებით, სასამართლო აღმასრულებელი გადასცემს კრედიტორს.
2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს სასამართლო აღმასრულებელი საჯაროდ ყიდის აუქციონზე.
3. ყადაღადადებული ნივთები შეიძლება მხოლოდ იმ ფასად გაიყიდოს, რაც, სულ მცირე, ნივთის ღირებულების ნახევარს შეადგენს. თუ დადგინდება, რომ ამ ფასად გაყიდვა შეუძლებელია, მაშინ აღმასრულებელი აუქმებს ყადაღას. ყადაღა არ უქმდება, თუ მოვალე თანახმაა რეალიზაცია მოხდეს ნებისმიერ ფასში.
4. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია აუქციონის ჩატარებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა გარკვეულ ვადაში თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია სასამართლო აღმასრულებლის კონტროლით, მაგრამ არანაკლებ ყადაღების აქტში მითითებული ფასისა.
მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა
ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვისათვის გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ.
მუხლი 51. აუქციონის შეწყვეტა
თუ ამონაგები თანხა საკმარისია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად და აღსრულების ხარჯების დასაფარავად, აუქციონი წყდება.
მუხლი 52. ფასიანი ქაღალდები
ფასიან ქაღალდებზე ვრცელდება მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები.
მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია
კრედიტორის და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ნივთის რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული. ამასთან დაცული უნდა იქნეს კრედიტორის ინტერესები.
მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება
1. ნივთს ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორისათვის. უკვე ყადაღადადებულ ნივთს შეიძლება შემდგომში კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდგომი) კრედიტორისათვის. ამისათვის სასამართლო აღმასრულებელს აქტში შეაქვს განცხადება, რომ ის ნივთს ყადაღას ადებს შემდგომი კრედიტორისათვის. თუ პირველი ყადაღის დადება მოახდინა სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა გადაეცეს აქტის ასლი.
2. მოვალეს უნდა შეატყობინონ შემდგომი ყადაღის დადების შესახებ.
3. თუ მოვალის ამონაგები თანხა საკმარისი არ არის სააღსრულებო საბუთით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად.
თავი X
მოთხოვნათა აღსრულება
მუხლი 55. ყადაღის დადების პრინციპი
1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას.
2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.
მუხლი 56. ყადაღის დადების განკარგულება
1. თუ უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყადაღება, სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად უნდა იქნეს გამოტანილი განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე.
2. ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოთ კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს სასამართლო აღმასრულებელმა.
3. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გაცემული ყადაღის დადების განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილსაც, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი.
4. ყადაღის დადების განკარგულება, რომელიც ეხება პრეტენზიებს ხელფასზე ან მსგავსი რეგულარული შემოსავლისაგან შემდგარ მოვალის პრეტენზიებს დავალებული პირის წინააღმდეგ, ვრცელდება აგრეთვე იმ თანხებზეც, რომლებიც გადასახდელია ყადაღის დადების შემდეგ.
მუხლი 57. ყადაღის დადების შედეგები
1. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ.
2. ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი.
3. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია და, აგრეთვე, ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია მათ მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით.
მუხლი 58. დავალებული პირის განცხადება
1. დავალებულმა პირმა ყადაღის დადების შესახებ განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში კრედიტორს უნდა განუცხადოს:
ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის;
ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნებზე და თუ აღძრავენ, რომელს;
გ) მოხდა თუ არა სხვა კრედიტორისათვის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა, რომელი პრეტენზიების გამო.
2. დავალებული პირის განცხადება სასამართლო აღმასრულებლის მიმართ შეიძლება გაკეთდეს ყადაღის დადების განკარგულების გადაცემის დროს ან ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადის ფარგლებში.
მუხლი 59. კრედიტორის უფლებები
კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ყადაღის დადების განკარგულების გზით ამოსაგებად მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ შეილახოს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმა ხდება მოვალისათვის გადასაცემი განცხადების საშუალებით. განცხადება უნდა გადაეცეს აგრეთვე დავალებულ პირს.
მუხლი 60. ვინდიკაციების ყადაღის დადება
1. ნივთის გადაცემაზე მოთხოვნების დროს ყადაღის დადების განკარგულებაში უნდა განისაზღვროს, რომ დავალებულმა პირმა ნივთი უნდა გადასცეს აღმასრულებელს. იძულებითი ქმედება დავალებული პირის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ შეიძლება გატარდეს, თუ კრედიტორი ნივთის გადმოცემაზე მოიპოვებს აღმასრულებელ დოკუმენტს დავალებული პირის წინააღმდეგ.
2. თუ ხდება მოძრავი ნივთის გადაცემა, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესი.
3. თუ გადასაცემია უძრავი ნივთი, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება უძრავი ქონების მიმართ აღსრულების წესი.
თავი XI
აღსრულება უძრავ ქონებაზე
მუხლი 61. გამოყენების სფერო
უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 62. აღსრულების განხორციელება
1. აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება მიწის ნაკვეთი.
2. თუ მიწის ნაკვეთი იმყოფება სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, განსჯადობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური.
მუხლი 63. აღსრულების სახეები
1. უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით).
2. კრედიტორმა ამ აღსრულების ღონისძიებებიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე ღონისძიება.
თავი XII
იძულებითი იპოთეკა
მუხლი 64. იძულებითი იპოთეკის გამოყენება
1. იძულებითი იპოთეკის შეტანა რეესტრში ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს.
2. თუ იძულებითი იპოთეკით იტვირთება მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება, მაშინ მოთხოვნის თანხა უნდა განაწილდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე. განაწილების მოცულობას განსაზღვრავს კრედიტორი.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 65. იძულებითი იპოთეკის აღსრულება
კრედიტორს შეუძლია იძულებითი იპოთეკის შესახებ შეიტანოს განცხადება იძულებით აუქციონზე ან სეკვესტრზე ისე, რომ მას არ დასჭირდეს ახალი სააღსრულებო საბუთის წარდგენა.
მუხლი 66. იძულებითი იპოთეკის მოპოვება მესაკუთრის მიერ
თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების მეშვეობით სააღსრულებო საბუთი უქმდება ან აღსრულება დაუშვებლად ცხადდება, მაშინ იძულებითი იპოთეკა გადადის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა მოვალე აკმაყოფილებს კრედიტორს.
თავი XIII
იძულებითი აუქციონი
მუხლი 67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების მოქმედება
უძრავი ქონებისა და საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის იძულებითი გაყიდვისათვის გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300_ 309-ე მუხლები.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 68. განცხადება
1. განცხადება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე იძულებითი აუქციონის შესახებ სასამართლოში შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა.
2. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს უძრავი ქონება, მესაკუთრე, მოთხოვნა და სააღსრულებო საბუთი.
მუხლი 69. იძულებითი აუქციონის პირობები
სასამართლოს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 70. აუქციონის გაუქმება და დროებითი შეჩერება
1. აუქციონი უნდა გაუქმდეს, თუ კრედიტორი უკან გაიტანს განცხადებას აუქციონის შესახებ.
2. თუ აუქციონის დაწყების შემდეგ მოვალე ან მესამე პირი, რომელიც უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, იხდის მისი დაკმაყოფილებისათვის და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას, მაშინ აუქციონი წყდება.
3. თუ კრედიტორი დათანხმდება შეჩერებაზე, აუქციონი შეიძლება დროებით შეჩერდეს, მაგრამ არა უმეტეს 6 თვით.
4. თუ მოვალის ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, მაშინ იძულებითი აუქციონი დროებით შეჩერდება გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე, თუკი აუქციონის საშუალებით გაკოტრების მასის შესაბამისი რეალიზაცია არსებითად გაძნელდება, ანდა თუ შეტანილია სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორების მოვალესთან შეთანხმების წინადადება.
მუხლი 71. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა
1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სასამართლო აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) უძრავი ქონების მესაკუთრის სახელსა და საცხოვრებელ ადგილს;
ბ) სასამართლო აღმასრულებლის სახელსა და გვარს;
გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
დ) უძრავი ქონების საწყისს ფასს, რომელიც წარმოადგენს ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებულ ფასს;
ე) უძრავი ქონების ადგილმდებარეობასა და მოკლე აღწერას;
ვ) განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც გააჩნიათ უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე.
2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება ხდება საჯაროდ, სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებით ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. თუ ქონება მცირე ღირებულებისაა, მაშინ სასამართლოს შეუძლია გამოსცეს განკარგულება, რომ საგაზეთო განცხადება არ გაკეთდეს.
3. სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 72. აუქციონის ჩატარების წესები
1. აუქციონს ატარებს სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალისტი (ექსპერტი). სპეციალისტი გამოაცხადებს აუქციონს გახსნილად და მონაწილე პირებს გააცნობს შესაბამის აქტს.
2. სპეციალისტი ახდენს საწყისი ფასის შემოთავაზებას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დაეკისროს სასამართლო აღმასრულებელს.
მუხლი 73. აუქციონის წესების განმარტება
სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტოს აუქციონის პირობები.
მუხლი 74. ფასის საბოლოო შემოთავაზება
1. აუქციონი მანამდე გრძელდება, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. სასამართლო აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული.
2. ფასის ბოლო შემოთავაზების გამოცხადება უნდა მოხდეს სამჯერ და ხმამაღლა.
3. აუქციონის მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელს უნდა დაევალოს გარანტიის წარმოდგენა ქონების ღირებულების ერთი მეათედის ოდენობით. თუ მას არ შეუძლია დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ეს გარანტია, მაშინ მისი შემოთავაზება ძალას კარგავს და აუქციონი უნდა გაგრძელდეს.
მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება
1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა სასამართლო აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები.
2. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება გადასახდელი თანხის ნაწილი ორი კვირის განმავლობაში შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
3. განკარგულების გამოცხადება ხდება აუქციონის პროცესზე ან შემდეგ. ვადა აუქციონსა და გამოცხადებას შორის არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას.
4. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონზე ქონების შემძენს შეუძლია ამ ქონების მიმართ გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება მხოლოდ ფასის სრული გადახდის შემდეგ.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 76. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება
1. თუ მაქსიმალური შემოთავაზებული ფასი აუქციონზე ქონების შემძენის მიერ სასამართლო წესით დადგენილ ვადაში არ იქნება შეტანილი სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტურ ანგარიშზე, მაშინ სასამართლო აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ.
2. გაუქმების განკარგულებით სასამართლო აუქციონზე ქონების შემძენს აკისრებს გადასახადს ქონების ღირებულების სამი პროცენტის ოდენობით და მასვე აკისრებს პროცესის, სასამართლოს და სხვა ხარჯებს.
მუხლი 77. განმეორებითი აუქციონი
1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი ნიშნავს განმეორებით აუქციონს. პირველ და მეორე აუქციონს შორის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ორი კვირა და არა უმეტეს ექვსი თვე.
2. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით , რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი.
3. აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, აუქციონის ხარჯებს და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს.
4. თუ ეს არ მოხდება, მაშინ აუქციონი არ ჩატარდება. აუქციონის ხარჯები ეკისრება მოვალეს.
თავი XIV
სეკვესტრი (იძულებითი მართვა)
მუხლი 78. სეკვესტრი
1. სეკვესტრისათვის გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლი.
2. განცხადება სეკვესტრის შესახებ შეიძლება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე გააკეთოს როგორც იპოთეკარმა, ასევე სხვა კრედიტორმა.
3. შესაბამისად მოქმედებს იძულებითი აუქციონის წესები იმ მოცულობით, რომ განცხადებები და საჩივრები შეეხება მმართველის მოქმედებისა და მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.
მუხლი 79. მმართველი
1. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს უძრავი ქონების მმართველი.
2. მმართველი არ შეიძლება იყოს სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი ან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი, ან ამ პირების ახლო ნათესავი.
3. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს უნდა მისცეს საჭირო მითითებები, დაადგინოს მმართველის კუთვნილი ანაზღაურება და თვალყური ადევნოს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია მმართველის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.
მუხლი 80. ხარჯები
ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა გადაიხადოს უშუალოდ შემოსავლებიდან.
მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა
მმართველი პასუხს აგებს ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის მოვალეა ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს სასამართლო აღმასრულებელს, რომელმაც თავის მხრივ ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.
მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში
1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის, ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს სასამართლომ მმართველად უნდა დანიშნოს მოვალე. მისი დანიშვნა მხოლოდ მაშინ არ შეიძლება, თუ მისგან მოსალოდნელი არ არის მმართველობის წესიერად წარმართვა.
2. სასამართლო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველ პირს და ადგენს ამ უკანასკნელის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს.
3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ზედამხედველი პირის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
თავი XV
აღსრულება ნივთების გადაცემისა და მოქმედების შესრულების მიზნით
მუხლი 83. მოძრავი ნივთების გადაცემა
1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი ან მოძრავი ნივთების გარკვეული რაოდენობა, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი ნივთებს ართმევს მოვალეს და გადასცემს მათ კრედიტორს.
2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვნიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს სასამართლო აღმასრულებელს, თუ სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია აღსრულების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს .
3. თუ მოვალე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი მას აკისრებს ფულად ჯარიმას ორმოცდაათი ლარის ოდენობით.
4. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ფულადი ჯარიმის დადების მიუხედავად ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 84. უძრავი ქონების გადაცემა
1. თუ მოვალემ კრედიტორს უნდა გადასცეს ან გაათავისუფლოს მიწის ნაკვეთი, მაშინ სასამართლო აღმასრულებელმა აღნიშნული ქონება მფლობელობაში უნდა გადასცეს კრედიტორს.
2. მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღსრულების საგანს არ წარმოადგენს, სასამართლო აღმასრულებელი გადასცემს მოვალეს, ხოლო თუ ის ადგილზე არ იმყოფება, მოვალის უფლებამოსილ პირს ან მისი ოჯახის წევრს.
3. თუ ადგილზე არ არის არც მოვალე და არც ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირთაგანი, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი მოვალის ხარჯზე ინახავს ნივთებს.
4. თუ მოვალე გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მაშინ სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია ნივთები გაყიდოს აუქციონზე და ამონაგები თანხა, ხარჯების გამოკლებით, შეიტანოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
5. სადგომის დაცლის ვადა განჩინებით შეიძლება გაგრძელდეს ან შემცირდეს, თუ შეტანილი იქნება განცხადება სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში. გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო.
მუხლი 85. შენახვა მესამე პირის მიერ
თუ გადასაცემი ნივთი შესანახად იმყოფება მესამე პირთან და თუ იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გასცემს განკარგულებას ყადაღის დადების თაობაზე.
მუხლი 86. მოქმედება, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა
თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ სასამართლო უფლებას აძლევს კრედიტორს, მისი განცხადების საფუძველზე თვითონ შეასრულოს ეს ქმედება მოვალის ხარჯზე.
მუხლი 87. მოქმედებები, რომლებიც არ შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა
1. თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები, რათა აიძულოს მოვალე შეასრულოს მოქმედება, კერძოდ, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
2. ფულადი ჯარიმის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგენას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი განკარგულება. თუ ამ განკარგულებას არ შეიცავს ის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს მოვალეს, მაშინ მას კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს სასამართლო.
3. ფულადი ჯარიმა გადაიხდევინება იმ წესების მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია ფულადი მოთხოვნების აღსრულებისათვის.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენება გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც გამოტანილია საქორწინო ურთიერთობებზე და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევაზე.
თავი XVI
ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე აღსრულების წესები
მუხლი 88. გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვის გადაცემის საქმეზე
1. ბავშვის გადაცემის საქმეზე სასამართლო აღმასრულებელი თავის მოქმედებას განახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
2. თუ ვალდებული პირი წინააღმდეგობას უწევს გადაწყვეტილების აღსრულებას, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებანი.
3. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო აღმასრულებელმა შეიძლება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინაშე დააყენოს საკითხი ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში დროებით მოთავსების შესახებ.
მუხლი 89. გადაწყვეტილების აღსრულება ალიმენტის გადახდევინების საქმეზე
თუ ალიმენტის გადახდევინების საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებისას გადასახდელი თანხა, რომელიც გადაეხდევინება მოვალეს ყოველთვიურად შეთანხმებისამებრ, კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, ალიმენტის გადახდის დავალიანებისას გადახდევინება შეიძლება მოხდეს მოვალის ქონებიდან, დადგენილი წესით.
მუხლი 90. შენობიდან გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
1. სააღსრულებო საბუთში მითითებული შენობიდან პირთა გამოსახლება ხდება მათ კუთვნილ ქონებასთან ერთად.
2. მოვალეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ეძლევა შესაბამისი ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა სასამართლო აღმასრულებლის მიერ მისი წერილობითი გაფრთხილების დღიდან. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. თუ გამოსახლებული პირი არ ემორჩილება სასამართლო აღმასრულებლის მითითებებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს ან პოლიციას. ისინი ვალდებულნი არიან გაუწიონ მას დახმარება.
4. სასამართლო აღმასრულებელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერს ორი ქმედუნარიანი დამსწრე.
5. თუ მოვალე მისი კუთვნილი ქონებისაგან არ ცლის შენობას, სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ეს ქმედება. თუ მოვალე გამოსახლებას არ ესწრება, სასამართლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას და მას შესაბამისი აქტის საფუძველზე შესანახად აბარებს კრედიტორს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 84-ე მუხლით დადგენილი წესები.
6. იძულებით გამოსახლებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მოვალეს.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 91. უცხო სახელმწიფოთა გადაწყვეტილებების აღსრულება
საერთაშორისო კერძო სამართლის და საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მოვალის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სასამართლო გასცემს განკარგულებას უცხო სახელმწიფოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ. განკარგულება სააღსრულებო საბუთთან ერთად იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მოვალის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თავი XVII
აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ
მუხლი 92. აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ
საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ იძულებითი აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ოთხი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა კრედიტორმა თავისი განზრახვა აღსრულების საქმის აღძვრის თაობაზე განუცხადა მოვალეს ან მის წარმომადგენლად დანიშნულ პირს.
თავი XVIII
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება
მუხლი 93. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. აღსრულებას ექვემდებარება დადგენილება:
ა) გაფრთხილების შესახებ;
ბ) დაჯარიმების შესახებ;
გ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ;
ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაძევების შესახებ.
მუხლი 94. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების სავალდებულობა
დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
მუხლი 95. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ.
2. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, გარდა დადგენილებისა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ.
3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.
4. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 96. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა
იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო ადმინისტრაციული პატიმრობის ან ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონით დაწესებულ ვადაში აღსრულება შეუძლებელია, საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით აღსრულება შეჩერდება ხელის შემშლელ გარემოებათა შეცვლამდე, მაგრამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უმეტეს ერთი წლისა.
მუხლი 97. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს, თუ:
ა) გაუქმდა შესაბამისი დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;
ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა დადგენილება;
გ) გარდაიცვალა ის პირი, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.
მუხლი 98. დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაცია და კონტროლი
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) ეკისრება ამ დადგენილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე.
მუხლი 99. გაფრთხილების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
1. დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქმის განხილვის დამთავრებისთანავე დადგენილების საჯაროდ წაკითხვით.
2. დამრღვევის დაუსწრებლად გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანისას, პირს დადგენილების ასლი ჩაბარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 100. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები
1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში, ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა. დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ხდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმის თანხა შეიტანება საბანკო დაწესებულებაში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თანამდებობის პირის ნაცვლად ჯარიმის გადახდევინება შეიძლება დაეკისროს იმ იურიდიულ პირს, სადაც ეს თანამდებობის პირი მუშაობს.
მუხლი 101. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება
1. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილება დაჯარიმების შესახებ გაიგზავნება მის სამუშაო ადგილზე ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითად.
2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია, ანდა სხვა მიზეზების გამო, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება ხდება სასამართლო აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე, აგრეთვე საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, ჯარიმა შეიცვლება სხვა სახდელით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადახდისას დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ქვითარი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.
მუხლი 102. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოების დამთავრება
ქვითარი ჯარიმის გადახდის შესახებ დაუბრუნდება დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს). დადგენილების აღსრულება დამთავრებულად ჩაითვლება ჯარიმის მთლიანად გადახდის შემდეგ.
მუხლი 103. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ორგანოები
1. დადგენილებას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.
2. დადგენილებას მცირე ზომის გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ საზღვაო ადმინისტრაციის შესაბამისი ორგანოები.
მუხლი 104. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი
1. დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.
2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, სასამართლო აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით.
მუხლი 105. მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები
მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება იწყება მართვის მოწმობის ჩამორთმევის დღიდან. მართვის უფლების ჩამორთმევის საერთო ვადას განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლი 106. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გამოანგარიშება
1. პირი ითვლება სპეციალურ უფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ფაქტობრივად ჩამორთმევის დღიდან.
2. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას, აგრეთვე მისი შემცირებისას, პირს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელის ეს ზომა, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.
მუხლი 107. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულება
დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ აღსრულდება დაუყოვნებლივ მისი გამოტანის შემდეგ.
მუხლი 108. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი
1. პირი, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, სახდელს იხდის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე.
2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.
3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდაზე ზედამხედველობას ახორციელებენ სააღსრულებო სამსახურები.
მუხლი 109. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების შრომის გამოყენება
1. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს გამოიყენებენ არაკვალიფიციურ სამუშაოებზე.
2. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზაცია ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს.
3. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილზე ხელფასი არ მიეცემათ, მაგრამ ენახებათ სამუშაო ადგილი.
თავი XIX
ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება
მუხლი 110. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით და იგი წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს.
2. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში _ საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.
მუხლი 111. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობის შედეგები
ამ კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტი წარმოადგენს ზარალის იძულებითი აღსრულების საფუძველს.
თავი XX
სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულება, რომლებიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან
მუხლი 112. ჯარიმის შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება
1. ჯარიმის სახით სასჯელს აღასრულებს განაჩენის გამომტანი სასამართლოს ტერიტორიაზე მოქმედი სასამართლო აღმასრულებელი.
2. მსჯავრდებული ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში.
3. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლო აღმასრულებელი ჯარიმას იძულებით გადაახდევინებს ამ კანონით დადგენილი წესით.
4. თუ ჯარიმის გადახდა შეუძლებელია, სასამართლო აღმასრულებელი განაჩენის გამომტან სასამართლოს გადაუგზავნის წარდგინებას ჯარიმის სხვა სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.
თავი XXI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 113. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა მომზადება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება განხორციელდეს 1999 წლის 1 სექტემბრამდე.
4. ამ კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება მოხდეს 1999 წლის 15 მაისამდე.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.
6. სააღსრულებო ბიუროები განთავსდნენ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში.
7. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
8. „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვროს სააღსრულებო წარმოებათა შედეგად სახელმწიფო (ადგილობრივი) ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 1%-ით.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
მუხლი 114. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 16 აპრილი.
№1908-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
დოკუმენტის კომენტარები