დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1828 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 19/07/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.001.945 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, სანოტარო აქტი და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში _ გადაწყვეტილება):
ა) კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება და დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ე) გადახდის ბრძანება და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე ბრძანება;
ვ) კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
თ) იმ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით;
ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის.“.
2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები;
გ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი;
დ) ვალდებულების შესრულების დრო;
ე) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა;
ვ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;
ზ) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი.“.
3. მე-40 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ქონებაზე ყადაღის დადება ხელს არ უშლის მოგირავნეს, განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოგირავნის მიერ ყადაღადადებული გირავნობის საგნის რეალიზაცია იწვევს ყადაღის გაუქმებას.“.
4. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და სასამართლო აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, სასამართლო აღმასრულებელი ათავისუფლებს ამ ქონებას ყადაღისაგან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1828-რს
დოკუმენტის კომენტარები