საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5851-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.016627
  • Word
5851-Iს
16/03/2012
ვებგვერდი, 23/03/2012
040200010.05.001.016627
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ მუხლი 19. სანოტარო ბიურო

1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.

2. ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. შესაძლებელია საერთო სანოტარო ბიუროს შექმნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა. სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორი ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ამ იურიდიულ პირთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის. ნოტარიუსი არ შეიძლება იყოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე პირი.

3. ნოტარიუსს უფლება აქვს, სანოტარო საქმიანობის ორგანიზების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შექმნას საერთო ბიურო ადვოკატთან, კერძო აღმასრულებელთან, თარჯიმანთან ან/და აუდიტორთან ერთად. ნოტარიუსისა და საერთო ბიუროს სხვა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები საერთო ბიუროს მიმართ, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად ნოტარიუსმა და საერთო ბიუროს სხვა მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინონ მომსახურების გაუმჯობესების გეგმა, რომლის შეფასების ძირითად კრიტერიუმებსაც განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191  მუხლი:

     „მუხლი 191 . სანოტარო საქმიანობის ორგანიზება

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთო ბიუროს შექმნა აგრეთვე შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა. სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით). ხელშეკრულება (პარტნიორთა შეთანხმება/წესდება) უნდა ითვალისწინებდეს ნოტარიუსის გადამწყვეტი ხმის უფლებას პარტნიორთა კრებაზე ან საზოგადოების სხვა ხელმძღვანელ ორგანოში სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორი ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და ამ იურიდიულ პირთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში მისი საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთი პარტნიორი ნოტარიუსის სახელს მაინც.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად სამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებლებმა უნდა წარადგინონ მომსახურების გაუმჯობესების გეგმა და პარტნიორთა შორის დადებული ხელშეკრულების (პარტნიორთა შეთანხმების/წესდების) პროექტი. ამ მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს თანხმობა წარედგინება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. ნოტარიუსი არ შეიძლება იყოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე პირი.

5. ამ მუხლის შესაბამისად სანოტარო საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე ნოტარიუსის დამოუკიდებლობის გარანტიები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დაუშვებელია ნოტარიუსის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება, ასევე ნოტარიუსის პროფესიული თვისებების რეკლამირება. ნოტარიუსს უფლება აქვს, საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ ფარგლებში.“.

4. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . ამ კანონის 191  მუხლით გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებსა და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241  მუხლი:

     „მუხლი 241 . ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება

1.  ნოტარიუსმა შეიძლება დადოს შრომითი ხელშეკრულება მეორე ნოტარიუსთან.

2.  შრომითი ხელშეკრულება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი უფლებამოსილია შეასრულოს კანონით განსაზღვრული ყველა სანოტარო მოქმედება, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობას ახორციელებს იმ ნოტარიუსის სახელით, რომელთანაც დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. ამ უკანასკნელს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი შესრულებული სანოტარო მოქმედებისათვის პასუხს აგებს ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით დადგენილი წესით.

4.  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვრება იმ ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართი, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თანხმობით შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვროს სხვა მისამართი. ასეთი თანხმობის გაცემის პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5. ერთ ნოტარიუსთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

6. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი ხდება ნოტარიუსად დანიშვნისთანავე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრს უფლებამოსილება უწყდება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე.“.

7. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს და არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. გამგეობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

8. 38-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  პუნქტი:

„41 . ნოტარიუსს აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება. ნივთის საჯაროდ შეთავაზება ხდება ელექტრონული აუქციონის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო შეთავაზების ფორმებს, აგრეთვე საჯარო შეთავაზებისათვის გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი ასევე უფლებამოსილია კონსულტაცია გაუწიოს დაინტერესებულ მხარეს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381  მუხლი:

     „მუხლი 381 . სანოტარო მედიაცია

1. ნოტარიუსი შეიძლება იყოს მედიატორი მოდავე მხარეთა შორის:

ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა);

ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე;

გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე;

დ) ნებისმიერ სხვა დავაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ასეთ დავაზე მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი.

2. მედიაცია ნოტარიუსის მონაწილეობით შეიძლება განხორციელდეს მოდავე მხარეთა თანხმობით.

3. სანოტარო მედიაციის განხორციელების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. თუ სანოტარო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდა, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით.

5. მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულება ხორციელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

10. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილება

ნოტარიუსი უფლებამოსილია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადის, სარეგისტრაციო დოკუმენტის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით წარდგენა სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის, თუ სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება რეგისტრაციას, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის რეგისტრაცია (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა რეესტრებში).“.

11. მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში − სხვა მოქმედი ნოტარიუსი.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401  მუხლი:

     „მუხლი 401 . ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია

1. ნოტარიუსი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციას „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. დაქორწინების მსურველ პირებთან შეთანხმებით ქორწინების რეგისტრაცია ნოტარიუსმა შეიძლება განახორციელოს საზეიმო ვითარებაში.“.

მუხლი 2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ნოტარიუსებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ კანონითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია და გასცეს ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები.“.

მუხლი 3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი;“.

მუხლი 4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 146 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31 . კერძო აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო საქმიანობის ორგანიზების მიზნით გაერთიანდეს სხვა კერძო აღმასრულებელთან, ადვოკატთან ან/და აუდიტორთან, ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ასეთ გაერთიანებაში უნდა მონაწილეობდეს ერთი ნოტარიუსი მაინც.“.

მუხლი 5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მედიაციის განხორციელების უფლება აქვთ ნოტარიუსებს, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი.

    მუხლი 6

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მე-3−მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები და მე-4 მუხლი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი, მე-3 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 16 მარტი.

№5851−Iს