დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5665-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.016594 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6“ და „ჰ7“ ქვეპუნქტები:
„ჰ6) სამედიცინო მედიაციის სამსახური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული დავების განმხილველი ორგანო, რომლის ფუნქციაა პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების განხილვა;
ჰ7) კომპეტენტური სამსახური – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონით, ასევე თავისი დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულებას და ამ სფეროში შესაბამისი მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებას.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:
„ს) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების შემთხვევაში სამედიცინო მედიაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა.“.
3. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 16
1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია:
ა) ექიმთა სერტიფიცირება, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირება, სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემა;
ბ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დამტკიცება;
დ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი, ფარმაციისა და ფარმწარმოების მოწესრიგება;
ე) ახალი სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
ვ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის ხელის შეწყობა;
თ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ი) სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა;
კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი;
ლ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა სათანადო ინსტიტუციური მოწყობისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით;
მ) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ასევე პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების განხილვისას სამედიცინო მედიატორის ფუნქციის შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. კომპეტენტური სამსახურის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, ასევე საფასურის გადახდისგან გათავისუფლების პირობები.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
„მუხლი 161
1. თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება სახელმწიფო/ადგილობრივი/ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს სამედიცინო მედიაციის სამსახური. ამასთანავე, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მხარეებს შორის არ არის დადებული ხელშეკრულება ან არ არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, დავას განიხილავს და რეკომენდაციას შეიმუშავებს სამედიცინო მედიაციის სამსახური. თუ მხარე/მხარეები არ ეთანხმება/არ ეთანხმებიან სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციას, ის/ისინი უფლებამოსილია/უფლებამოსილი არიან დავის განხილვის მიზნით მიმართოს/მიმართონ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ სამედიცინო მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება სახელმწიფო/ადგილობრივი/ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავა შეიძლება განიხილოს სამედიცინო მედიაციის სამსახურმა ან სასამართლომ ანდა საქართველოს კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილმა ორგანომ, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის შემთხვევაში, მხარეები აგრეთვე წინასწარ თანხმდებიან სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღების ან რეკომენდაციის შემუშავების თაობაზე.“.
5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26
სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირება წარიმართება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.
მუხლი 2. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას;“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.“.
მუხლი 3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება):“.
მუხლი 4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის (შემდგომ − სამედიცინო მედიაციის სამსახური) მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საქმეებს.“.
2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა4“−„ა6“ ქვეპუნქტები:
„ა4) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე;
ა5) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე;
ა6) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;“.
3. 39-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „ა4“ და „ა5“ ქვეპუნქტები:
„ა4) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე – 50 ლარს;
ა5) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო როცა დავის საგნის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს;“;
ბ) „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს;“.
4. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი;“.
5. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) დავა არის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განსჯადი საკითხი;“.
6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე2 კარი:
„კარი მეშვიდე2
სასამართლოს მონაწილეობა სამედიცინო მედიაციის პროცესსა და სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში
თავი XLIV6
სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი
მუხლი 35625. გამოყენების სფერო
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2. სამედიცინო მედიაციის სამსახურისათვის გადაცემულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება, აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება, ასევე სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება სასამართლოს უნდა წარედგინოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.
მუხლი 35626. სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული საქმეები
1. ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქმეებს:
ა) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების შესახებ;
გ) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ;
ე) სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ;
ვ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს სააპელაციო სასამართლო.
მუხლი 35627. მხარე
ამ თავის მიზნებისათვის მხარე არის სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საქმის მონაწილე პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
მუხლი 35628. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობა და აღსრულება
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს უფლებამოსილი სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
2. მხარე, რომელიც სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას.
3. სასამართლოში სამედიცინო მედიაციის სამსახურის წერილობითი გადაწყვეტილება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სასამართლო უფლებამოსილია მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მოსთხოვოს აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.
5. სასამართლოს მხარის განცხადების წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 35629. სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოს მიერ უზრუნველყოფა
1. მხარეთა შორის შეთანხმების არსებობისას, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
2. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით, გარდა ამ კოდექსის 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, დადგენილი წესები, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 35630. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი;
ა.ბ) სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე არ იქნა შესრულებული;
ა.გ) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეაჩერა ან გააუქმა სამედიცინო მედიაციის სამსახურმა;
ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ:
ბ.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებითად შეცვლის გარეშე მისი ფორმის იმ ფარგლებში შეცვლის შესახებ, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებისათვის;
ბ.ბ) დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი ან ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით გამოტანილი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე.
3. სასამართლო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ იხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
მუხლი 35631. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. მხარეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც − სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 35632. სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ თავისი ინიციატივით ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოსთვის მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მიზნით მიმართვის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის XIV თავით დადგენილი წესები.
2. სამედიცინო მედიაციის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 145-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. სასამართლოს განჩინება მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავი XLIV7
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო ფურცლის გაცემა
მუხლი 35633. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
მუხლი 35634. გადაწყვეტილება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემა
1. მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, უნდა წარმოადგინოს გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. თუ გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე მისი სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
2. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას.
3. გადაწყვეტილება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გამოტანილი უნდა იქნეს განჩინების ფორმით, შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
4. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე განჩინებასთან ერთად მხარეს ეძლევა სააღსრულებო ფურცელი.
5. განჩინება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გამოტანილად ითვლება და სასამართლო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მისცეს სააღსრულებო ფურცელი, როდესაც დარღვეულია ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადა.
6. განჩინება სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 35635. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, სარჩელით მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) იგი ქმედუუნარო იყო;
ა.ბ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილება ბათილია ან ძალადაკარგულია;
ა.გ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული სამედიცინო მედიატორის ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვის შესახებ ანდა სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მონაწილეობდა მის განხილვაში;
ა.დ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო სამედიცინო მედიაციის სამსახურის განსჯადი საკითხი. გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებას;
ა.ე) გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნა სასამართლოს მიერ;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი;
ბ.ბ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. თუ სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ან აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობით, უფლება აქვს, არა უმეტეს 30 დღისა გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.
თავი XLIV8
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება და გაუქმება
მუხლი 35636. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება კანონით განსაზღვრული საფუძვლით, სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
2. სასამართლო ვალდებულია განიხილოს საჩივარი და გამოიტანოს მოტივირებული გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა ვადით არა უმეტეს 30 დღისა განცხადების წარმოებაში მიღებიდან, რათა სამედიცინო მედიაციის სამსახურს მიეცეს განხილვის განახლების საშუალება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად.
4. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მისი აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება ვადით არა უმეტეს 30 დღისა განცხადების წარმოებაში მიღებიდან, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.
მუხლი 35637. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები
1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება, საჩივრით მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) იგი ქმედუუნარო იყო;
ა.ბ) მხარეთა ხელშეკრულება/შეთანხმება ბათილია;
ა.გ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული სამედიცინო მედიატორის დანიშვნის ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვის შესახებ ანდა სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მონაწილეობდა მის განხილვაში;
ა.დ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც სცილდება სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებას. სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან ნაწილობრივ;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს სამედიცინო მედიაციის სამსახურის განხილვის საგანი;
ბ.ბ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
2. საჩივარი სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.
3. სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მისი აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღისა, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.
4. სასამართლოს, რომელსაც მიმართეს სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, რათა სამედიცინო მედიაციის სამსახურს მიეცეს განხილვის განახლების საშუალება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს სამედიცინო მედიაციის სამსახურს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.“.
მუხლი 5. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „ა3“ და „ა4“ ქვეპუნქტები:
„ა3) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე – 50 ლარი;
ა4) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სარჩელზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარი;“;
ბ) „თ2“ ქვეპუნქტი:
„თ2) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი;“.
მუხლი 6. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.
2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-5 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ კანონის პირველი−მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 28 დეკემბერი.
№5665−რს
დოკუმენტის კომენტარები