დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 616-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.020335 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი: „ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების შესახებ.“. 2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „33. ამ კანონის 9014 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, უნდა აღინიშნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის: ა) მარკა; ბ) მოდელი; გ) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN); ე) ფერი; ვ) გამოშვების წელი.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9014 მუხლი: „მუხლი 9014. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულების განხორციელების წესი 1. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული, სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით. მოვალის მიმართ გამოყენებული არ იქნება ამ კანონით დადგენილი სხვა შეზღუდვები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილად მიიჩნევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იმავე პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად საკმარისი არ არის. 3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვერ დგინდება, სააღსრულებო ფურცელი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მისაქცევად გამოიცემა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე. თუ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის ოდენობას, ნამეტი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 9 ივნისი 2021 წ. N616-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები