დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2183 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 01/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.003.753 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანასთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):
ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;
ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის;
ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;
მ) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;
ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) სესხის გაცემის საფუძველი (განკარგულების მიმღები და მიღების თარიღი);
დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თარიღი;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი, აღსრულების წესისა და საშუალების მითითებით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2009 წლის 2 დეკემბრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 1 დეკემბერი.
№2183–IIს
დოკუმენტის კომენტარები