დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3095-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 070000000.05.001.017615 |
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება): ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში; გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე; ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის; ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; მ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ; ნ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესისა და პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. |
ქუთაისი, 19 თებერვალი 2015 წ. N3095-IIს |
დოკუმენტის კომენტარები