სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • Word
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1908
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 01/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.000.518
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1908
16/04/1999
სსმ, 13(20), 01/05/1999
070.000.000.05.001.000.518
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/05/2002 - 25/06/2002)

საქართველოს კანონი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) და კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):

ა) კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება და დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე ბრძანება;

ვ) კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) იმ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54

    მუხლი 21. ქონებრივი შეზღუდვა

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება, აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50 %-ს, არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს.

საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19

თავი II

 სააღსრულებო დაწესებულებები

    მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები

1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები.

2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 4. სააღსრულებო დეპარტამენტი

1. სააღსრულებო დეპარტამენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.

2. სააღსრულებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო დეპარტამენტებისა და სააღსრულებო დაწესებულებების საქმიანობა წესრიგდება ამ კანონით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 5. სააღსრულებო ბიურო

1. ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები, რომელთა სამუშაო ადგილია სააღსრულებო ბიურო.

2. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი აღმასრულებელი _ ბიუროს უფროსი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

3. თავის საქმიანობაში სააღსრულებო ბიურო ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

4. სააღსრულებო ბიუროს დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის წარდგინებით.

5. ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო ბიუროებს ქმნიან და აუქმებენ, უფროს აღმასრულებლებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები ამ კანონით დადგენილი წესით.

6. სააღსრულებო ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტითა და ამ კანონით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

7. სააღსრულებო ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ........... სააღსრულებო ბიურო“. სააღსრულებო ბიუროს გახსნილი აქვს სადეპოზიტო ანგარიში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი III

სასამართლო აღმასრულებელი

    მუხლი 6. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები

1. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობა კონკურსის წესით შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ.

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

    მუხლი 7. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა

1. სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. თანამდებობაზე დანიშვნისას მას ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

2. სასამართლო აღმასრულებელს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია მისი სახელი, გვარი და სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა, აგრეთვე საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. საქართველოს იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს სასამართლო აღმასრულებელს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

4. ავტონომიური რესპუბლიკების სასამართლო აღმასრულებლებს ნიშნავენ ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 8. სასამართლო აღმასრულებლის მიერ მუშაობის დაწყება

სასამართლო აღმასრულებელი თანამდებობაზე მუშაობას უნდა შეუდგეს დანიშვნიდან ათი დღის ვადაში. იგი მოვალეა მუშაობის დაწყებამდე სააღსრულებო დეპარტამენტს წარუდგინოს სამსახურებრივი ბეჭედი, ხელმოწერის ნიმუში და ბანკში გახსნილი ანგარიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 9. სასამართლო აღმასრულებლის საქმიანობის სამსახურებრივი შეზღუდვები

სასამართლო აღმასრულებელს არა აქვს უფლება იმსახუროს საჯარო სამსახურში სხვა საშტატო თანამდებობაზე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯები, სააღსრულებო მოსაკრებელი და სასამართლო აღმასრულებელთა შრომის ანაზღაურება

1. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯების ოდენობა განისაზღვრება სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი გაანგარიშებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს აღსრულების მიმდინარეობის პროცესში.

2. სააღსრულებო მოსაკრებლების ოდენობა და მათი გადახდის წესი განისაზღვრება „სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდა ეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. სააღსრულებო მოსაკრებლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

4. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების იძულებითი აღსრულების შედეგად სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 15% სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან ირიცხება ხაზინაში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ეს თანხა გამოიყენება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა და იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. სასამართლო აღმასრულებელთა შრომა ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ მუხლით გათვალისწინებული შემოსავლებიდან.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 11. დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს სასამართლო აღმასრულებელი აღასრულებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხებით ან სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე საბანკო დაწესებულების მიერ დარიცხული პროცენტით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

    მუხლი 12. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი

1. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების დამატებითი საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) თანამდებობრივი გადაცდომა გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ბ) სხვა გამოვლენილი გარემოებანი, რაც დაუშვებელს ხდის სასამართლო აღმასრულებლად მუშაობას.

    მუხლი 13. სასამართლო აღმასრულებლის შვებულება და პენსია

1. სასამართლო აღმასრულებლის ყოველწლიური შვებულება განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.

2. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სასამართლო აღმასრულებლისათვის ყოველწლიური შვებულების მიცემის თანამიმდევრობასა და პენსიის დასანიშნად საჭირო საბუთების მომზადებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 14. სხვა სოციალური გარანტიები

1. სასამართლო აღმასრულებელი უზრუნველყოფილია სპეციალური ფორმით, რომლის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

2. აღმასრულებლის დაცვითი საშუალებებისა და მის მიერ სამსახურებრივი იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება კანონით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასამართლო აღმასრულებლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

4. სასამართლო აღმასრულებელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით.

თავი III1

სააღსრულებო პოლიცია

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 141. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო

1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს სააღსრულებო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

4. სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5. სამმართველოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე სამმართველოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 142. სააღსრულებო პოლიციელი

1. სააღსრულებო პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სააღსრულებო პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

3. სააღსრულებო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააღსრულებო პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 143. სააღსრულებო პოლიციელის უფლება-მოვალეობები

1. სააღსრულებო პოლიციელი ვალდებულია:

ა) დაეხმაროს სასამართლო აღმასრულებელს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში;

ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;

გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას სასამართლო აღმასრულებელი და სხვა პირები.

2. სააღსრულებო პოლიციელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს აღსრულების მიმდინარეობისას მართლწესრიგის დაცვა;

ბ) აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები;

გ) სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარადგინოს იგი სასამართლო აღმასრულებელთან;

დ) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 144. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

1. სააღსრულებო პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, თუ იგი ძალის გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

2. სააღსრულებო პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს;

ბ) რეზინის ხელკეტი – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირს.

3. სააღსრულებო პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველების თავდასხმისას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.

4. აკრძალულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას, ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააღსრულებო პოლიციას, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

5. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სააღსრულებო პოლიციელი მოვალეა ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

6. სააღსრულებო პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსსა და პროკურორს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი IV

აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 15. სასამართლო აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება

1. სასამართლო აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.

2. სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს სააღსრულებო ბიუროს უფროსი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს განმცხადებელს.

3. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

    მუხლი 16. სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები იქმნება ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

2. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელიც:

ა) იღებს ამ კანონით განსაზღვრულ სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს სასამართლო აღმასრულებლებს მათთვის გამოყოფილი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით;

ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებლებს;

გ) წყვეტს აცილებული სასამართლო აღმასრულებლის სხვა სასამართლო აღმასრულებლით შეცვლის საკითხს;

დ) პერიოდულად ახსენებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ვ) აღსრულების პერიოდში მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლისას ბიუროს უფროსი ამის თაობაზე აცნობებს იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც გადავიდა მოვალე. აღნიშნულის შესახებ ეცნობება აგრეთვე კრედიტორს და სააღსრულებო დეპარტამენტს.

3. აღსრულებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დავას განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 17. სასამართლო აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სასამართლო აღმასრულებლის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. სასამართლო აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

3. სასამართლო აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა შესრულებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება წარმოებს სულ მცირე ორი ქმედუნარიანი პირის დასწრებით და ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ დამსწრეები, მოვალე და სასამართლო აღმასრულებელი.

4. იძულებითი აღსრულების პირობებში სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) გადახდევინება:

ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ქონებას, აცნობოს ამის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივ ორგანოს;

ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;

ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;

ბ) მოვალისაგან იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;

გ) კანონის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

5. სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

6. თუ მოვალე არ დაუშვებს სასამართლო აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოიწვიოს სააღსრულებო პოლიციის მუშაკი.

7. სასამართლო აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ან თუ მოვალის ბინაში ჩასატარებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, სასამართლო აღმასრულებელი ადგენს აქტს დამსწრეთა თანდასწრებით და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ორი მოწმის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლის დასწრებით.

8. აღსრულების მსვლელობისას სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია გამოიძახოს მოვალე სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, მიიღოს ზეპირი ინფორმაცია ან წერილობითი შეტყობინება, თუ ისინი აუცილებელია აღსრულების განსახორციელებლად.

9. სასამართლო აღმასრულებელს მისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას უფლება აქვს სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 171. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქმეთა აღსრულება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსრულება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქმეთა აღსასრულებლად ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციელებისაგან შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ჯგუფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხებს წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

    მუხლი 18. კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.

2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგებისას სასამართლო აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სამი დღის ვადაში გადაუგზავნის სასამართლოს მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად.

3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებაზე შეიტანონ საჩივარი.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 181. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში

1. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს სააღსრულებო ბიურო და მას ეკისრება კრედიტორის უფლება-მოვალეობები.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 19. დოკუმენტების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა

პირს, რომელიც მონაწილეობს აღსრულების პროცესში, უფლება აქვს გაეცნოს აღსრულების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები.

თავი V

აღსრულება

    მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი

1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე.

2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

    მუხლი 21. სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო წარწერა

1. გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცელზე გაკეთებული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე, რომლის შინაარსია:

„ეს ფურცელი ეძლევა... (მონაწილე მხარის დასახელება) გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით.“ სააღსრულებო ფურცელს აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას ბოლოში უნდა დაემატოს ბიუროს უფროსის ხელმოწერა, თარიღი და ბეჭედი.

2. სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.

3. სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:

ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსრულების გადაწყვეტილება;

ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;

გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი;

დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი;

ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი;

ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები.

4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 22. ერთ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა

თუ აღსრულება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილზე, ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, მაშინ სასამართლოს შეუძლია რამდენიმე სააღსრულებო ფურცლის გაცემა აღსრულების ადგილის და გადაწყვეტილების იმ ნაწილის ზუსტი აღნიშვნით, რომელიც ამ ფურცლით უნდა აღსრულდეს.

    მუხლი 23. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სასამართლოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.

    მუხლი 24. სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ

სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 25. აღსრულების დაწყება

1. აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით გზავნის სააღსრულებო ბიუროში.

2. აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორსა და სხვა მონაწილე პირებს აბარებს სასამართლო აღმასრულებელი.

3. უწყება უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროში მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედებების დაწყება

სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს კრედიტორის მიერ კანონით გათვალისწინებული წინასწარი ხარჯის გაუღებლობის შემთხვევაში უარი თქვას გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება

აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება მხარეთა განცხადების ან სასამართლო აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 28. წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ

1. გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.

3. სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს.

4. თუ არსებობს საფუძველი, რომ მოვალეს შეუძლია გაფლანგოს ან დამალოს ქონება, სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია ნებაყოფლობით აღსრულების წინადადების ჩაბარებასთან ერთად აღწეროს და ყადაღა დაადოს მოვალის ქონება.

5. სასამართლო აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალეს – სახელმწიფო დაწესებულებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას აღსრულების ფონდის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ.

6. თუ წლის განმავლობაში აღსრულების ფონდით გათვალისწინებული სახსრები საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თხოვნით.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

    მუხლი 29. ოქმი

1. სასამართლო აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი.

2. ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) შედგენის ადგილსა და დროს;

ბ) სასამართლო აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას;

გ) სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას;

ე) სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.

3. ოქმს ხელს აწერენ სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირები. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. მოვალეს უნდა გადაეცეს ოქმის ასლი.

თავი VI

სასამართლო კომპეტენცია

    მუხლი 30. მოვალის ძებნა

საქმეებზე ალიმენტის გადახდევინების, სხეულის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, მოსამართლეს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ.

    მუხლი 31. მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას

1. განსაკუთრებული ვითარების გამო, თუ აღსრულება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება). მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს ორი თვის ვადით.

2. თუ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, სასამართლოს შეუძლია კრედიტორის განცხადების საფუძველზე გააუქმოს ან შეცვალოს აღსრულების თაობაზე გამოტანილი განჩინება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 32. მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ

1. თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).

2. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

3. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.

თავი VII

აღსრულების გადადება, შეწყვეტა, შეჩერება, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება

    მუხლი 33. სააღსრულებო მოქმედების გადადება

სასამართლო აღმასრულებელს გარდა ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს აღსრულება, დაუბრუნოს კრედიტორს სააღსრულებო საბუთები, სხვა დროისათვის გადადოს სააღსრულებო მოქმედების შესრულება, ამორიცხოს ყადაღადადებული ქონება აღწერის სიიდან. ასეთი მოქმედებები სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეასრულოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 34. აღსრულების შეწყვეტა

1. აღსრულება შეწყდება, თუ:

ა) კრედიტორმა უარი თქვა გადახდევინებაზე;

ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ;

გ) კრედიტორის ან მოვალის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე;

დ) გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, გაუქმებულია;

ე) გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

2. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებო საბუთი დაუბრუნდება კრედიტორს. აღსრულებისათვის მიღებული ყველა ღონისძიება უქმდება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 35 . სააღსრულებო საბუთის დაბრუნება

1. სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდება კრედიტორს:

ა) კრედიტორის განცხადებით;

ბ) თუ მოვალეს არ გააჩნია ქონება ან შემოსავალი, რომლიდანაც შეიძლება მოხდეს გადახდევინება;

გ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;

დ) თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ სასამართლო აღმასრულებლის მიერ მიცემული გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგაც კრედიტორი არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

    მუხლი 36. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

სასამართლო აღსრულებას აჩერებს:

ა) მოვალის გარდაცვალებისას ან მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;

ბ) მოვალის მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნისას;

გ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;

დ) მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცელზე სასარჩელო წესით საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები დავის აღძვრისას – დავის გადაწყვეტამდე;

ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ) სარჩელის წარდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 37. სასამართლოს გადაწყვეტილება

თუ ეჭვს იწვევს აღსრულების შეწყვეტის ან სააღსრულებო საბუთის უკან დაბრუნების მართლზომიერება, გადაწყვეტილებას აღმასრულებლის, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე იღებს სასამართლო.

თავი VIII

აღსრულების ხარჯები

    მუხლი 38. მოვალის მიერ ხარჯების გაღების ვალდებულება

1. აღსრულების ხარჯები ეკისრება მოვალეს. ისინი ამოღებულ უნდა იქნეს აღსასრულებელ პრეტენზიასთან ერთად.

2. თუ სააღსრულებო საბუთი უქმდება, აღსრულების ხარჯები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა აუნაზღაურდეს მოვალეს.

    მუხლი 39. აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები

1. ხარჯების სახით ამოიღება:

ა) იმ პირებისათვის ასანაზღაურებელი თანხები, რომელთა მოწვევაც აუცილებელი იყო კარების ან საცავის გახსნისათვის;

ბ) ნივთების შესანახად გადასახდელი თანხები;

გ) ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა საჯაროდ გამოცხადებისას;

დ) ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა მოვალის დაკავებით;

ე) აუქციონის ჩატარების ხარჯები.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სხვა ხარჯებიც.

თავი IX

აღსრულება მოძრავ ქონებაზე

    მუხლი 40. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

1. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. სასამართლო აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 41. სარჩელის უპირატესი წესით დაკმაყოფილება

1. მესამე პირს შეუძლია სარჩელის საშუალებით პრეტენზიის წამოყენება ამონაგებიდან უპირატესი წესით დაკმაყოფილებაზე, იმის გაუთვალისწინებლად, ექვემდებარება თუ არა მისი მოთხოვნა აღსრულებას.

2. სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში.

3. თუ სარჩელი მიმართულია კრედიტორის და მოვალის წინააღმდეგ, მაშინ ისინი ითვლებიან საპროცესო თანამონაწილეებად.

4. თუ პრეტენზია დასაბუთდება, მაშინ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მოგების დეპონირება.

    მუხლი 42. მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა

1. თუ აღსრულებამ კრედიტორი სრულად არ დააკმაყოფილა, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე იბარებს მოვალეს და ადგენს დოკუმენტს მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

2. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე თავისი მოთხოვნის საფუძველი მესამე პირის მიმართ და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან ეკუთვნის.

3. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა ის მონაცემი, რომელიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარმოადგინა.

4. თუ მოვალე არ წარმოადგენს ქონების ნუსხას ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. (ამოღებულია).

6. სასამართლო აღმასრულებელი ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.

7. მოვალე, რომელიც იძლევა წერილობით გარანტიას, ასეთი გარანტიის მიცემიდან პირველი სამი წლის მანძილზე ვალდებულია განმეორებითი გარანტია მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მოვალემ ქონება გვიან მიიღო ან ახალი შრომითი ურთიერთობები წარმოეშვა.

8. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 43. ყადაღის დადება

1. ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასიან ნივთებს იღებს სასამართლო აღმასრულებელი და ინახავს სპეციალურ საკანში. ეს ეხება აგრეთვე სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. მოვალის მიერ ყადაღადადებული ქონების ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

2. ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.

3. თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შედის აღწერის სიაში და კეთდება აღნიშვნა. სასამართლო აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას_მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე.

    მუხლი 44. ყადაღის საგანი

1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

2. (ამოღებულია).

3. კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 45. ქონება, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება

1. ყადაღას არ ექვემდებარება:

ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;

ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;

გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით_ ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;

დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;

ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება იმ საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელიც აუცილებელია პირის ყოფითი საჭიროებისათვის.

3. ყადაღისაგან გათავისუფლება ზემოაღნიშნული საფუძვლით ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს.

4. დავა გადახდევინებისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ განიხილება სასამართლო წესით.

    მუხლი 46. რეალიზაციის დროებითი შეჩერება

1. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოვალის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ნივთების რეალიზაცია დროებით შეაჩეროს გადახდის განვადებით, კრედიტორის თანხმობით, თუკი ეს მოვალის პიროვნებისა და ეკონომიკური ვითარებისათვის დასაშვებ მოქმედებად იქნება მიჩნეული და კრედიტორის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

2. შესაბამისი განკარგულებანი შეიძლება რამდენჯერმე გაიცეს, მაგრამ რეალიზაცია არ შეიძლება გადაიდოს ყადაღის დადების შემდეგ სამ თვეზე მეტი ვადით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 47. შეფასება

1. ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს.

2. საბაზრო ფასი თითოეულ დაყადაღებულ ნივთზე უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება არა უგვიანეს ორი თვის ვადაში და ეცნობება მხარეებს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 48. ქონების აღწერის აქტი

1. ქონების აღწერის (დაყადაღების) აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე სასამართლო აღმასრულებლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც დაესწრნენ აქტის შედგენას;

გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელიც სისრულეში მოყავთ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა);

ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება;

ზ) თუ საგნების ან/და სადგომები დაილუქა _ რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული და მათზე დადებული ბეჭდების რაოდენობა;

თ) იმ პირის დასახელება, ვისაც ქონება გადაეცა შესანახად და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

ი) ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ქონება გადაეცემა რეალიზაციისათვის;

კ) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი. მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მათი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;

ლ) კრედიტორის, მოვალის, აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები და განცხადებანი; ამ შენიშვნებსა და განცხადებებზე სასამართლო აღმასრულებლის განკარგულებანი.

2. ქონების დაყადაღებასთან ერთად აღწერის აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.

3. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს ხელს აწერენ სასამართლო აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, აგრეთვე კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადების.

    მუხლი 49. რეალიზაცია

1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ ნებაყოფლობით გადახდილ ფულს, აღსრულების ხარჯების გამოკლებით, სასამართლო აღმასრულებელი გადასცემს კრედიტორს.

2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს სასამართლო აღმასრულებელი საჯაროდ ყიდის აუქციონზე.

3. ყადაღადადებული ნივთები შეიძლება მხოლოდ იმ ფასად გაიყიდოს, რაც, სულ მცირე, ნივთის ღირებულების ნახევარს შეადგენს.

4. სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია აუქციონის ჩატარებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა გარკვეულ ვადაში თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია სასამართლო აღმასრულებლის კონტროლით, მაგრამ არანაკლებ ყადაღების აქტში მითითებული ფასისა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა

1. სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან ორი კვირის შემდეგ ამ ქონებაზე დანიშნოს აუქციონი.

2. აუქციონზე ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაცია ხორციელდება აუქციონზე უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 51. აუქციონის შეწყვეტა

თუ ამონაგები თანხა საკმარისია კრედიტორის დასაკმაყოფილებლად და აღსრულების ხარჯების დასაფარავად, აუქციონი წყდება.

    მუხლი 52. ფასიანი ქაღალდები

ფასიან ქაღალდებზე ვრცელდება მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებისა და რეალიზაციის წესები.

    მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია

კრედიტორის და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ნივთის რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული. ამასთან დაცული უნდა იქნეს კრედიტორის ინტერესები.

    მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება

1. ნივთს ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორისათვის. უკვე ყადაღადადებულ ნივთს შეიძლება შემდგომში კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდგომი) კრედიტორისათვის. ამისათვის სასამართლო აღმასრულებელს აქტში შეაქვს განცხადება, რომ ის ნივთს ყადაღას ადებს შემდგომი კრედიტორისათვის. თუ პირველი ყადაღის დადება მოახდინა სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა გადაეცეს აქტის ასლი.

2. მოვალეს უნდა შეატყობინონ შემდგომი ყადაღის დადების შესახებ.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი X

მოთხოვნათა აღსრულება

    მუხლი 55. ყადაღის დადების პრინციპი

1. მოვალის მოთხოვნაზე შეიძლება ყადაღის დადება, თუ კანონმდებლობა არ ზღუდავს მათ გადაცემას ან მათზე ყადაღის დადებას.

2. მოთხოვნებს, რომელიც მომავალში იქნება გადასახდელი, შეიძლება დაედოს ყადაღა, თუ მათი განსაზღვრა ნათლად შეიძლება.

    მუხლი 56. ყადაღის დადების განკარგულება

1. თუ უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყადაღება, სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად უნდა იქნეს გამოტანილი განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე.

2. ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოთ კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს სასამართლო აღმასრულებელმა.

3. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გაცემული ყადაღის დადების განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილსაც, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი.

4. ყადაღის დადების განკარგულება, რომელიც ეხება პრეტენზიებს ხელფასზე ან მსგავსი რეგულარული შემოსავლისაგან შემდგარ მოვალის პრეტენზიებს დავალებული პირის წინააღმდეგ, ვრცელდება აგრეთვე იმ თანხებზეც, რომლებიც გადასახდელია ყადაღის დადების შემდეგ.

    მუხლი 57. ყადაღის დადების შედეგები

1. ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ.

2. ყადაღის დადების განკარგულება ძალაშია, თუნდაც ის უმართებულოდ იქნეს გაცემული დავალებული პირის სასარგებლოდ, მოვალის წინააღმდეგ, სანამ იგი არ გაუქმდება და ეს გაუქმება დავალებული პირისათვის არ გახდება ცნობილი.

3. მოვალე ვალდებულია კრედიტორს მისცეს პრეტენზიის აღძვრისათვის საჭირო ინფორმაცია და, აგრეთვე, ამ პრეტენზიის შესახებ არსებული დოკუმენტები. კრედიტორს შეუძლია მათ მიღებას მიაღწიოს იძულებითი აღსრულების გზით.

4. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 58. დავალებული პირის განცხადება

დავალებულმა პირმა ყადაღის დადების შესახებ განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში სასამართლო აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს:

ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის;

ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს;

გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა, რომელი პრეტენზიის გამო.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 59. მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე

1. მოთხოვნაზე მრავალჯერადი ყადაღის დადებისას კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება იმ რიგითობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე დავალებულ პირს გადაეცა განკარგულება მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადების ერთდროულად წარდგენისას კრედიტორები დაკმაყოფილდებიან მათი მოთხოვნების პროპორციულად.

2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას სასამართლო აღმასრულებელს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 60. ვინდიკაციების ყადაღის დადება

1. ნივთის გადაცემაზე მოთხოვნების დროს ყადაღის დადების განკარგულებაში უნდა განისაზღვროს, რომ დავალებულმა პირმა ნივთი უნდა გადასცეს აღმასრულებელს. იძულებითი ქმედება დავალებული პირის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ შეიძლება გატარდეს, თუ კრედიტორი ნივთის გადმოცემაზე მოიპოვებს აღმასრულებელ დოკუმენტს დავალებული პირის წინააღმდეგ.

2. თუ ხდება მოძრავი ნივთის გადაცემა, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესი.

3. თუ გადასაცემია უძრავი ნივთი, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება უძრავი ქონების მიმართ აღსრულების წესი.

თავი XI

აღსრულება უძრავ ქონებაზე

    მუხლი 61. გამოყენების სფერო

უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

    მუხლი 62. აღსრულების განხორციელება

1. აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.

2. თუ უძრავი ქონება იმყოფება სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, სააღსრულებო დეპატრამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს ერთ-ერთი სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 63. აღსრულების სახეები

1. უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების იძულებითი მართვით).

2. კრედიტორმა ამ აღსრულების ღონისძიებებიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე ღონისძიება.

3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის მეორით შეცვლა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 631. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

1. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღადადების აქტის ასლი იგზავნება საჯარო რეესტრში.

2. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი XII

იძულებითი იპოთეკა

    მუხლი 64. იძულებითი იპოთეკის გამოყენება

1. იძულებითი იპოთეკის შეტანა რეესტრში ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს.

2. თუ იძულებითი იპოთეკით იტვირთება მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება, მაშინ მოთხოვნის თანხა უნდა განაწილდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე. განაწილების მოცულობას განსაზღვრავს კრედიტორი.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

    მუხლი 65. იძულებითი იპოთეკის აღსრულება

კრედიტორს შეუძლია იძულებითი იპოთეკის შესახებ შეიტანოს განცხადება იძულებით აუქციონზე ან სეკვესტრზე ისე, რომ მას არ დასჭირდეს ახალი სააღსრულებო საბუთის წარდგენა.

    მუხლი 66. იძულებითი იპოთეკის მოპოვება მესაკუთრის მიერ

თუ აღსასრულებელი გადაწყვეტილების მეშვეობით სააღსრულებო საბუთი უქმდება ან აღსრულება დაუშვებლად ცხადდება, მაშინ იძულებითი იპოთეკა გადადის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როცა მოვალე აკმაყოფილებს კრედიტორს.

თავი XIII

იძულებითი აუქციონი

    მუხლი 67. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 68. განცხადება

1. განცხადება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე იძულებითი აუქციონის შესახებ სასამართლო აღმასრულებელთან შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა.

2. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს უძრავი ქონება, მესაკუთრე, მოთხოვნა და სააღსრულებო საბუთი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 69. იძულებითი აუქციონის პირობები

სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია გასცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ, თუ მოვალე რეგისტრირებულია როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 70. აუქციონის გაუქმება და დროებითი შეჩერება

1. აუქციონი უნდა გაუქმდეს, თუ კრედიტორი უკან გაიტანს განცხადებას აუქციონის შესახებ.

2. თუ აუქციონის დაწყების შემდეგ მოვალე ან მესამე პირი, რომელიც უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, იხდის მისი დაკმაყოფილებისათვის და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას, მაშინ აუქციონი წყდება.

3. თუ კრედიტორი დათანხმდება შეჩერებაზე, აუქციონი შეიძლება დროებით შეჩერდეს, მაგრამ არა უმეტეს 6 თვით.

4. თუ მოვალის ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, მაშინ იძულებითი აუქციონი დროებით შეჩერდება გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე, თუკი აუქციონის საშუალებით გაკოტრების მასის შესაბამისი რეალიზაცია არსებითად გაძნელდება, ანდა თუ შეტანილია სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორების მოვალესთან შეთანხმების წინადადება.

    მუხლი 71. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა

1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სასამართლო აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) უძრავი ქონების მესაკუთრის სახელსა და საცხოვრებელ ადგილს;

ბ) სასამართლო აღმასრულებლის სახელსა და გვარს;

გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

დ) უძრავი ქონების საწყისს ფასს, რომელიც წარმოადგენს ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებულ ფასს;

ე) უძრავი ქონების ადგილმდებარეობასა და მოკლე აღწერას;

ვ) განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც გააჩნიათ უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე ;

ზ) აუქციონის პირობებს.

2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება ხდება საჯაროდ, სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. თუ ქონება მცირე ღირებულებისაა, მაშინ სასამართლოს შეუძლია გამოსცეს განკარგულება, რომ საგაზეთო განცხადება არ გაკეთდეს.

3. სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 72. აუქციონის ჩატარების წესები

1. აუქციონს ატარებს სასამართლო აღმასრულებელი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.

2. სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, თუ რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება.

3. აუქციონზე სასამართლო აღმასრულებელი აცხადებს:

ა) რომ რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);

გ) რომ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასებს უნდა გამოაკლდეს გარდამავალ უფლებათა ფასი, ხოლო დანარჩენი გადახდილი უნდა იქნეს ნაღდი ფულით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 73. აუქციონის წესების განმარტება

სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტოს აუქციონის პირობები.

    მუხლი 74. ფასის საბოლოო შემოთავაზება

1. აუქციონი მანამდე გრძელდება, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. სასამართლო აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები და უნდა ფარავდეს გარდამავალ უფლებათა ღირებულებასა და აუქციონის ხარჯებს.

2. ფასის ბოლო შემოთავაზების გამოცხადება უნდა მოხდეს სამჯერ და ხმამაღლა.

3. აუქციონზე მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია შემოთავაზებული ფასის ერთი მეათედის ოდენობით. გარანტიის დასაშვებობის საკითხს წყვეტს სასამართლო აღმასრულებელი. თუ გარანტია დაუყოვნებლივ არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ შემოთავაზება ძალას კარგავს და აუქციონი უნდა გაგრძელდეს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა სასამართლო აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები.

2. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება გადასახდელი თანხის ნაწილი ერთი კვირის განმავლობაში შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

3. განკარგულების გამოცხადება ხდება აუქციონის პროცესზე ან შემდეგ. ვადა აუქციონსა და გამოცხადებას შორის არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას.

4. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონზე ქონების შემძენს შეუძლია ამ ქონების მიმართ გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება მხოლოდ ფასის სრული გადახდის შემდეგ.

5. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაიპოთეკარი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.

6. აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ახალ შემძენზე საკუთრების გადასვლით უძრავი ნივთის მფლობელი განიხილება დამქირავებლად და ვალდებულია იხადოს ქირა საბაზრო პირობების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 76. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება

1. თუ აუქციონზე ქონების შემძენის მიერ ნაღდი ფულის სახით გადასახდელი თანხა არ იქნება ჩარიცხული სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ.

2. გაუქმების განკარგულებით სასამართლო აუქციონზე ქონების შემძენს აკისრებს გადასახადს ქონების ღირებულების სამი პროცენტის ოდენობით და მასვე აკისრებს პროცესის, სასამართლოს და სხვა ხარჯებს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 77. განმეორებითი აუქციონი

1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი ნიშნავს განმეორებით აუქციონს. პირველ და მეორე აუქციონს შორის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ორი კვირა და არა უმეტეს ექვსი თვე.

2. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით , რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი.

3. აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, აუქციონის ხარჯებს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს.

4. თუ ეს არ მოხდება, მაშინ აუქციონი არ ჩატარდება. აუქციონის ხარჯები ეკისრება მოვალეს.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 771. ნივთის ნატურით გადაცემა

1. თუ მეორე აუქციონზედაც არ მოხდება ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე ნივთი შეიძლება გადაეცეს კრედიტორს ნატურით.

2. ნივთის ნატურით გადაცემისას მისი ფასი განისაზღვრება აღსრულების პროცესში დადგენილი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი XIV

სეკვესტრი (იძულებითი მართვა)

    მუხლი 78. სეკვესტრი

1. სეკვესტრისათვის გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლი.

2. განცხადება სეკვესტრის შესახებ შეიძლება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე გააკეთოს როგორც იპოთეკარმა, ასევე სხვა კრედიტორმა.

3. შესაბამისად მოქმედებს იძულებითი აუქციონის წესები იმ მოცულობით, რომ განცხადებები და საჩივრები შეეხება მმართველის მოქმედებისა და მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

    მუხლი 79. მმართველი

1. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს უძრავი ქონების მმართველი.

2. მმართველი არ შეიძლება იყოს სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი ან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი, ან ამ პირების ახლო ნათესავი.

3. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მოსმენის შემდეგ მმართველს უნდა მისცეს საჭირო მითითებები, დაადგინოს მმართველის კუთვნილი ანაზღაურება და თვალყური ადევნოს მის მიერ საქმის წარმოებას. მას შეუძლია მმართველის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.

    მუხლი 80. ხარჯები

ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების მართვასთან და მიწის ნაკვეთის ჩვეულებრივ სამეურნეო გამოყენებასთან, მმართველმა უნდა გადაიხადოს უშუალოდ შემოსავლებიდან.

    მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა

მმართველი პასუხს აგებს ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის მოვალეა ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს სასამართლო აღმასრულებელს, რომელმაც თავის მხრივ ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.

    მუხლი 82. მოვალე მმართველის როლში

1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის, ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს სასამართლომ მმართველად უნდა დანიშნოს მოვალე. მისი დანიშვნა მხოლოდ მაშინ არ შეიძლება, თუ მისგან მოსალოდნელი არ არის მმართველობის წესიერად წარმართვა.

2. სასამართლო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველ პირს და ადგენს ამ უკანასკნელის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს.

3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ზედამხედველი პირის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

თავი XIV1

გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 821. კრედიტორებისათვის გადახდევინებული თანხების მიცემა

1. სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოვალისაგან გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ უნდა დაიფაროს სააღსრულებო მოსაკრებელი, აღსრულებაზე გაწეული ხარჯი და სასამართლო ხარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა გაიცემა კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს.

2. მოვალისაგან გადახდევინებული თანხა სასამართლო აღმასრულებლის მიერ შეტანილი ან/და ჩარიცხული უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცეს ან გადაირიცხოს დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 822. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგი

1. თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კანონის 823 მუხლით დადგენილი რიგის დაცვით.

2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 823. პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები

1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება იპოთეკითა და გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება მოთხოვნები:

ა) ალიმენტის გადახდევინების შესახებ;

ბ) შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე;

გ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

დ) დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

ე) სახელმწიფო ან/და ადგილობრივ ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ;

ვ) ჩეკისა და თამასუქის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მესამე რიგში, ხოლო სხვა თანხიდან მეორე რიგში დაკმაყოფილდება ყველა სხვა მოთხოვნა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 824. სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაანგარიშების შედგენა

1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სასამართლო აღმასრულებელი ადგენს კრედიტორთა შორის ფულის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გასცემს მის შესაბამისად.

2. თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, სასამართლო აღმასრულებელი გაანგარიშებას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს.

3. სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი გაანგარიშების დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი XV

აღსრულება ნივთების გადაცემისა და მოქმედების შესრულების მიზნით

    მუხლი 83. მოძრავი ნივთების გადაცემა

1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი ან მოძრავი ნივთების გარკვეული რაოდენობა, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი ნივთებს ართმევს მოვალეს და გადასცემს მათ კრედიტორს.

2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვნიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს სასამართლო აღმასრულებელს, თუ სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია აღსრულების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს .

3. თუ მოვალე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი მას აკისრებს ფულად ჯარიმას ორმოცდაათი ლარის ოდენობით.

4. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ფულადი ჯარიმის დადების მიუხედავად ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

    მუხლი 84. უძრავი ქონების გადაცემა

1. თუ მოვალემ კრედიტორს უნდა გადასცეს ან გაათავისუფლოს მიწის ნაკვეთი, მაშინ სასამართლო აღმასრულებელმა აღნიშნული ქონება მფლობელობაში უნდა გადასცეს კრედიტორს.

2. მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღსრულების საგანს არ წარმოადგენს, სასამართლო აღმასრულებელი გადასცემს მოვალეს, ხოლო თუ ის ადგილზე არ იმყოფება, მოვალის უფლებამოსილ პირს ან მისი ოჯახის წევრს.

3. თუ ადგილზე არ არის არც მოვალე და არც ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირთაგანი, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი მოვალის ხარჯზე ინახავს ნივთებს.

4. თუ მოვალე გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მაშინ სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია ნივთები გაყიდოს აუქციონზე და ამონაგები თანხა, ხარჯების გამოკლებით, შეიტანოს სადეპოზიტო ანგარიშზე.

5. სადგომის დაცლის ვადა განჩინებით შეიძლება გაგრძელდეს ან შემცირდეს, თუ შეტანილი იქნება განცხადება სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში. გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო.

    მუხლი 85. შენახვა მესამე პირის მიერ

თუ გადასაცემი ნივთი შესანახად იმყოფება მესამე პირთან და თუ იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, სასამართლო აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გასცემს განკარგულებას ყადაღის დადების თაობაზე.

    მუხლი 86. მოქმედება, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა

თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ სასამართლო უფლებას აძლევს კრედიტორს, მისი განცხადების საფუძველზე თვითონ შეასრულოს ეს ქმედება მოვალის ხარჯზე.

    მუხლი 87. მოქმედებები, რომლებიც არ შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა

1. თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები, რათა აიძულოს მოვალე შეასრულოს მოქმედება, კერძოდ, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

2. ფულადი ჯარიმის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგენას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი განკარგულება. თუ ამ განკარგულებას არ შეიცავს ის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს მოვალეს, მაშინ მას კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს სასამართლო.

3. ფულადი ჯარიმა გადაიხდევინება იმ წესების მიხედვით, რომლებიც გათვალისწინებულია ფულადი მოთხოვნების აღსრულებისათვის.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენება გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც გამოტანილია საქორწინო ურთიერთობებზე და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევაზე.

თავი XVI

ზოგიერთი კატეგორიის საქმეებზე აღსრულების წესები

    მუხლი 88. გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვის გადაცემის საქმეზე

1. ბავშვის გადაცემის საქმეზე სასამართლო აღმასრულებელი თავის მოქმედებას განახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

2. თუ ვალდებული პირი წინააღმდეგობას უწევს გადაწყვეტილების აღსრულებას, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ხასიათის ღონისძიებანი.

3. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო აღმასრულებელმა შეიძლება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინაშე დააყენოს საკითხი ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში დროებით მოთავსების შესახებ.

    მუხლი 89. გადაწყვეტილების აღსრულება ალიმენტის გადახდევინების საქმეზე

თუ ალიმენტის გადახდევინების საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებისას გადასახდელი თანხა, რომელიც გადაეხდევინება მოვალეს ყოველთვიურად შეთანხმებისამებრ, კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ნაკლებია, ალიმენტის გადახდის დავალიანებისას გადახდევინება შეიძლება მოხდეს მოვალის ქონებიდან, დადგენილი წესით.

    მუხლი 90. შენობიდან გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება

1. სააღსრულებო საბუთში მითითებული შენობიდან პირთა გამოსახლება ხდება მათ კუთვნილ ქონებასთან ერთად.

2. მოვალეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ეძლევა შესაბამისი ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა სასამართლო აღმასრულებლის მიერ მისი წერილობითი გაფრთხილების დღიდან. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. თუ გამოსახლებული პირი არ ემორჩილება სასამართლო აღმასრულებლის მითითებებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს ან სააღსრულებო პოლიციას. ისინი ვალდებულნი არიან გაუწიონ მას დახმარება.

4. სასამართლო აღმასრულებელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერს ორი ქმედუნარიანი დამსწრე.

5. თუ მოვალე მისი კუთვნილი ქონებისაგან არ ცლის შენობას, სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ეს ქმედება. თუ მოვალე გამოსახლებას არ ესწრება, სასამართლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას და მას შესაბამისი აქტის საფუძველზე შესანახად აბარებს კრედიტორს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 84-ე მუხლით დადგენილი წესები.

6. იძულებით გამოსახლებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მოვალეს.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი XVII

აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ

    მუხლი 92. აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ იძულებითი აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ოთხი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა კრედიტორმა თავისი განზრახვა აღსრულების საქმის აღძვრის თაობაზე განუცხადა მოვალეს ან მის წარმომადგენლად დანიშნულ პირს.

    მუხლი 921. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ

1. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი უარს განაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოვალეებზე თანხებს გასცემს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ მიცემული წინადადებების რიგითობის მიხედვით.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

თავი XVIII

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება

    მუხლი 93. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. აღსრულებას ექვემდებარება დადგენილება:

ა) გაფრთხილების შესახებ;

ბ) დაჯარიმების შესახებ;

გ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ;

ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაძევების შესახებ.

    მუხლი 94. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების სავალდებულობა

დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

    მუხლი 95. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ.

2. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, გარდა დადგენილებისა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ.

3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.

4. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 96. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობა

იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო ადმინისტრაციული პატიმრობის ან ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების კანონით დაწესებულ ვადაში აღსრულება შეუძლებელია, საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით აღსრულება შეჩერდება ხელის შემშლელ გარემოებათა შეცვლამდე, მაგრამ დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უმეტეს ერთი წლისა.

    მუხლი 97. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს, თუ:

ა) გაუქმდა შესაბამისი დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;

ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა დადგენილება;

გ) გარდაიცვალა ის პირი, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.

    მუხლი 98. დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაცია და კონტროლი

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) ეკისრება ამ დადგენილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე.

    მუხლი 99. გაფრთხილების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქმის განხილვის დამთავრებისთანავე დადგენილების საჯაროდ წაკითხვით.

2. დამრღვევის დაუსწრებლად გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანისას, პირს დადგენილების ასლი ჩაბარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 100. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები

1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში, ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა. დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ხდება საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმის თანხა შეიტანება საბანკო დაწესებულებაში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თანამდებობის პირის ნაცვლად ჯარიმის გადახდევინება შეიძლება დაეკისროს იმ იურიდიულ პირს, სადაც ეს თანამდებობის პირი მუშაობს.

    მუხლი 101. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

1. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილება დაჯარიმების შესახებ გაიგზავნება მის სამუშაო ადგილზე ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითად.

2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია, ანდა სხვა მიზეზების გამო, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება ხდება სასამართლო აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე, აგრეთვე საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, ჯარიმა შეიცვლება სხვა სახდელით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილზე ჯარიმის გადახდისას დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ქვითარი, რომელიც წარმოადგენს მკაცრი საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტს.

    მუხლი 102. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოების დამთავრება

ქვითარი ჯარიმის გადახდის შესახებ დაუბრუნდება დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს). დადგენილების აღსრულება დამთავრებულად ჩაითვლება ჯარიმის მთლიანად გადახდის შემდეგ.

    მუხლი 103. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ორგანოები

1. დადგენილებას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.

2. დადგენილებას მცირე ზომის გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ საზღვაო ადმინისტრაციის შესაბამისი ორგანოები.

    მუხლი 104. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.

2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, სასამართლო აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით.

    მუხლი 105. მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები

მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულება იწყება მართვის მოწმობის ჩამორთმევის დღიდან. მართვის უფლების ჩამორთმევის საერთო ვადას განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

    მუხლი 106. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გამოანგარიშება

1. პირი ითვლება სპეციალურ უფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ფაქტობრივად ჩამორთმევის დღიდან.

2. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას, აგრეთვე მისი შემცირებისას, პირს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელის ეს ზომა, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.

    მუხლი 107. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულება

დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ აღსრულდება დაუყოვნებლივ მისი გამოტანის შემდეგ.

    მუხლი 108. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი

1. პირი, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, სახდელს იხდის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე.

2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 109. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების შრომის გამოყენება

1. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს გამოიყენებენ არაკვალიფიციურ სამუშაოებზე.

2. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთა შრომითი გამოყენების ორგანიზაცია ევალებათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს.

3. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილზე ხელფასი არ მიეცემათ, მაგრამ ენახებათ სამუშაო ადგილი.

თავი XIX

ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება

    მუხლი 110. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით და იგი წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს.

2. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში _ საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.

    მუხლი 111. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობის შედეგები

ამ კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას ეს დოკუმენტი წარმოადგენს ზარალის იძულებითი აღსრულების საფუძველს.

თავი XX

(ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67

    მუხლი 112. (ამოღებულია)

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67

თავი XXI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 113. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

3. ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა მომზადება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება განხორციელდეს 1999 წლის 1 სექტემბრამდე.

4. ამ კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება მოხდეს 1999 წლის 15 მაისამდე.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.

6. სააღსრულებო ბიუროები განთავსდნენ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში.

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ფონდის მოცულობის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 15 აგვისტომდე წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 1131. სააღსრულებო მოსაკრებელი

1. „სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე დაწესდეს მოსაკრებელი თანხის გადახდევინებაზე და მისი ოდენობა განისაზღვროს ამოღებული თანხის 7%-ით. კრედიტორი მოსაკრებელს იხდის თანხის ამოღების შემდეგ. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე სააღსრულებო ბიუროსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებები აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხის გადახდის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 1132. სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაციისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

    მუხლი 114. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1908-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232

2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95

3. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136

4. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №940 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.67

5. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №941 – სსმ I, 03.07.2001 წ., №20, მუხ.68

6. საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1284 – სსმ I, 05.03.2002 წ., №4, მუხ.19

7. საქართველოს 2002 წლის 7 მაისის კანონი №1397 – სსმ I, 28.05.2002 წ., №13, მუხ.54

122. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4318-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 121. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3953-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 120. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3927-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 119. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3948-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 118. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3767-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 117. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3721-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 116. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3603-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 115. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3514-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 114. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3459-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 25/07/2023 113. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3347-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 112. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3273-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/07/2023 111. 14/06/2023 - საქართველოს კანონი - 3149-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/07/2023 110. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 3045-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 109. 05/04/2023 - საქართველოს კანონი - 2741-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/04/2023 108. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2614-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 107. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2114-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 16/12/2022 106. 01/12/2022 - საქართველოს კანონი - 2276-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/12/2022 105. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1804-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 104. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 883-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 103. 22/06/2021 - საქართველოს კანონი - 670-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 102. 09/06/2021 - საქართველოს კანონი - 616-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/06/2021 101. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 427-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 100. 18/09/2020 - საქართველოს კანონი - 7172-Iს - ვებგვერდი, 25/09/2020 99. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6981-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 98. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6810-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 97. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5678-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 96. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5657-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 95. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5610-რს - ვებგვერდი, 26/12/2019 94. 17/12/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/6/1311 - ვებგვერდი, 20/12/2019 93. 14/11/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/5/879 - ვებგვერდი, 19/11/2019 92. 18/09/2019 - საქართველოს კანონი - 4962-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 91. 03/09/2019 - საქართველოს კანონი - 4941-Iს - ვებგვერდი, 09/09/2019 90. 07/02/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/1/1311 - ვებგვერდი, 13/02/2019 89. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3227-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 88. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3307-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 87. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3159-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 86. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2758-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 85. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1904-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 84. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1198-IIს - ვებგვერდი, 14/07/2017 83. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 652-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 82. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 145-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 81. 30/09/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/596 - ვებგვერდი, 12/10/2016 80. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4628-Iს - ვებგვერდი, 29/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 79. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4632-Iს - ვებგვერდი, 23/12/2015 78. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4454-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 77. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4367-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 76. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3383-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 75. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3095-IIს - ვებგვერდი, 27/02/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 74. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2939-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 73. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2049-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 72. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1834-რს - ვებგვერდი, 03/01/2014 71. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1865-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 70. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1589-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 69. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1467-Iს - ვებგვერდი, 16/10/2013 68. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 466-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 67. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6433-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 66. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6310-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 65. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6255-Iს - ვებგვერდი, 06/06/2012 64. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6145-Iს - ვებგვერდი, 17/05/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 30/03/2012 - საქართველოს კანონი - 5978-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 62. 20/03/2012 - საქართველოს კანონი - 5916-რს - ვებგვერდი, 30/03/2012 61. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5851-Iს - ვებგვერდი, 23/03/2012 60. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5668-რს - ვებგვერდი, 16/01/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 59. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5665-რს - ვებგვერდი, 11/01/2012 58. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5641-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 57. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5355-IIს - ვებგვერდი, 111208021, 08/12/2011 56. 11/11/2011 - საქართველოს კანონი - 5265-IIს - ვებგვერდი, 111124017, 24/11/2011 55. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5171-IIს - ვებგვერდი, 111107009, 07/11/2011 54. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4827-Iს - ვებგვერდი, 110628021, 28/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 19/04/2011 - საქართველოს კანონი - 4566-Iს - ვებგვერდი, 110505019, 05/05/2011 52. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4207-Iს - ვებგვერდი, 110310026, 10/03/2011 51. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4073-რს - სსმ, 76, 29/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 50. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3884-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3598-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 48. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 47. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3520 - სსმ, 48, 09/08/2010 46. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3542 - სსმ, 46, 04/08/2010 45. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3374 - სსმ, 39, 19/07/2010 44. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3167 - სსმ, 34, 09/07/2010 43. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2797 - სსმ, 14, 30/03/2010 42. 23/03/2010 - საქართველოს კანონი - 2798 - სსმ, 14, 30/03/2010 41. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2461 - სსმ, 49, 30/12/2009 40. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2459 - სსმ, 49, 30/12/2009 39. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2183 - სსმ, 38, 01/12/2009 38. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1945 - სსმ, 35, 19/11/2009 37. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1914 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1687 - სსმ, 29, 12/10/2009 35. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1542 - სსმ, 21, 03/08/2009 34. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1282 - სსმ, 13, 02/07/2009 33. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1323 - სსმ, 12, 29/06/2009 32. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1321 - სსმ, 12, 29/06/2009 31. 10/03/2009 - საქართველოს კანონი - 1028 - სსმ, 5, 24/03/2009 30. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 824 - სსმ, 41, 30/12/2008 29. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 822 - სსმ, 41, 30/12/2008 28. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 210 - სსმ, 17, 28/07/2008 27. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4524 - სსმ, 9, 31/03/2007 26. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4285 - სსმ, 51, 31/12/2006 25. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4230 - სსმ, 50, 30/12/2006 24. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4210 - სსმ, 4, 12/01/2007 23. 10/11/2006 - საქართველოს კანონი - 3648 - სსმ, 44, 27/11/2006 22. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3534 - სსმ, 37, 07/08/2006 21. 13/07/2006 - საქართველოს კანონი - 3437 - სსმ, 32, 31/07/2006 20. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3384 - სსმ, 24, 29/06/2006 19. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2963 - სსმ, 15, 16/05/2006 18. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2939 - სსმ, 14, 15/05/2006 17. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2640 - სსმ, 5, 20/01/2006 16. 22/12/2005 - საქართველოს კანონი - 2407 - სსმ, 1, 04/01/2006 15. 28/07/2005 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/4/184,228 - სსმ, 19, 29/07/2005 14. 01/07/2005 - საქართველოს კანონი - 1865 - სსმ, 38, 15/07/2005 13. 30/06/2005 - საქართველოს კანონი - 1828 - სსმ, 41, 19/07/2005 12. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 885 - სსმ, 6, 19/01/2005 11. 23/12/2004 - საქართველოს კანონი - 784 - სსმ, 5, 18/01/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/06/2004 - საქართველოს კანონი - 248 - სსმ, 18, 09/07/2004 9. 14/08/2003 - საქართველოს კანონი - 2988 - სსმ, 26, 05/09/2003 8. 25/06/2002 - საქართველოს კანონი - 1596 - სსმ, 22, 13/07/2002 7. 07/05/2002 - საქართველოს კანონი - 1397 - სსმ, 13, 28/05/2002 6. 14/02/2002 - საქართველოს კანონი - 1284 - სსმ, 4, 05/03/2002 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 19/06/2001 - საქართველოს კანონი - 941 - სსმ, 20, 03/07/2001 4. 19/06/2001 - საქართველოს კანონი - 940 - სსმ, 20, 03/07/2001 3. 05/12/2000 - საქართველოს კანონი - 636 - სსმ, 48, 16/12/2000 2. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 485 - სსმ, 30, 27/07/2000 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2394 - სსმ, 44(51), 29/09/1999