„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.003.243
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
210
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
070.000.000.05.001.003.243
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს, აგრეთვე განსაზღვრავს ამ აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასურის განაკვეთებს, გადახდის წესსა და პირობებს, გარდა ამ კანონის 171 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-3–მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები

1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში –აღსრულების ეროვნული ბიურო) და მისი ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები (შემდგომში – სააღსრულებო ბიურო), რომელთა ძირითადი ფუნქციაა ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები).

2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიურო

1. აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.

5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აქვს თავისი უფლებამოსილებების დელეგირების უფლება.

8. აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ კანონით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

10. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო ანგარიში.

    მუხლი 5. სააღსრულებო ბიურო

1. სააღსრულებო ბიურო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებელი).

3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი – უფროსი აღმასრულებელი, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრულ აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

4. სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

5. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

6. სააღსრულებო ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7. სააღსრულებო ბიუროს აქვს სადეპოზიტო ანგარიში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღსრულების საფასურის, ხარჯების ან/და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხების დეპონირებისათვის სააღსრულებო ბიუროს შესაძლებელია ჰქონდეს ორი ან ორზე მეტი სადეპოზიტო ანგარიში.“.

3. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აღმასრულებელი“.

4. მე-6–მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები

1. აღმასრულებლის თანამდებობა კონკურსის წესით შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც:

ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით, უმაღლესი განათლება);

[ბ) ჩაბარებული აქვს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)]

2. აღმასრულებლების საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას, მისი ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. პირის მიერ აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მისი შედეგები ძალაშია მუდმივად, გარდა პირის მიერ გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის ვადაში სააღსრულებო საქმიანობის განუხორციელებლობის შემთხვევისა.

4. პირი აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №824 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.302

    მუხლი 7. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა

1. აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. თანამდებობაზე დანიშვნისას აღმასრულებელს ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და განესაზღვრება სამოქმედო ტერიტორია.

2. აღმასრულებლის მიერ თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, აღმასრულებელს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.

    მუხლი 8. აღმასრულებლის მიერ მუშაობის დაწყება

1. აღმასრულებელი მუშაობას უნდა შეუდგეს თანამდებობაზე დანიშვნიდან ათი დღის ვადაში.

2. აღმასრულებელს აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღინიშნება მისი სახელი, გვარი, სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობა და პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 9. აღმასრულებლის საქმიანობის სამსახურებრივი შეზღუდვები

აღმასრულებელს არა აქვს უფლება, იმსახუროს სხვა დაწესებულებაში, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად.“.

5. მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. მე-12–მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები

1. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. აღმასრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების დამატებითი საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) თანამდებობრივი გადაცდომა, გათვალისწინებული აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ბ) სხვა გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც დაუშვებელს ხდის აღმასრულებლად მუშაობას.

    მუხლი 13. აღმასრულებლის შვებულება და პენსია

1. აღმასრულებლის ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

2. აღმასრულებელს უფლება აქვს, მიიღოს პენსია წელთა ნამსახურობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აღმასრულებლისათვის ყოველწლიური შვებულების მიცემის თანამიმდევრობას განსაზღვრავს და პენსიის დასანიშნად საჭირო საბუთებს ამზადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

    მუხლი 14. აღმასრულებლის სოციალური გარანტიები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღმასრულებლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღმასრულებლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

2. აღმასრულებელს დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 5 ათასი ლარისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია თავისი შემოსავლებიდან გასცეს დამატებითი კომპენსაცია, რომლის ოდენობას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

7. III1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III1. აღსრულების პოლიცია

    მუხლი 141. აღსრულების პოლიციის სამმართველო

1. აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით.

4. სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

5. სამმართველოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 142. აღსრულების პოლიციელი

1. აღსრულების პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

3. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც მას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.

    მუხლი 143. აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობანი

1. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია:

ა) დაეხმაროს აღმასრულებელს ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში;

ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;

გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას აღმასრულებელი და სხვა პირები;

დ) უზრუნველყოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების შენობების, აგრეთვე ამ შენობებში საზოგადოებრივი წესრიგისა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვა.

2. აღსრულების პოლიციელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს მართლწესრიგის დაცვა;

ბ) აღკვეთოს პირთა უკანონო ქმედებები;

გ) აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას;

დ) თავისი უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად კანონით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

    მუხლი 144. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, პირადი, აღსრულების ეროვნული ბიუროს პერსონალის და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუ იგი ძალის გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

2. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება;

ბ) რეზინის ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის.

3. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა, აგრეთვე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.

4. აკრძალულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

5. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

6. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

    მუხლი 145. აღსრულების პოლიციელის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას.

2. აღსრულების პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

3. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

4. აღსრულების პოლიციელის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

5. ზიანი, რომელიც აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით. აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

7. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში სხეულის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 5 ათასი ლარისა.

8. აღსრულების პოლიციელის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.“.

8. მე-15–მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება

1. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.

2. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს კრედიტორს, მოვალეს და განმცხადებელს.

3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

    მუხლი 16. სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. სააღსრულებო ბიურო იქმნება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. სააღსრულებო ბიუროს უფროსი:

ა) იღებს ამ კანონით განსაზღვრულ სააღსრულებო ფურცლებს და უნაწილებს აღმასრულებლებს მათთვის გამოყოფილი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით;

ბ) აკონტროლებს აღსრულების მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მიამაგრებს სხვა აღმასრულებლებს;

გ) წყვეტს აცილებული აღმასრულებლის სხვა აღმასრულებლით შეცვლის საკითხს;

დ) პერიოდულად მოახსენებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ;

ე) ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს;

ვ) აღსრულების პერიოდში მოვალის სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე გადასვლას აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, იმ სააღსრულებო ბიუროს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც გადავიდა მოვალე, და კრედიტორს;

ზ) წყვეტს ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სხვადასხვა აღმასრულებლის წარმოებაში არსებული საქმეების გაერთიანების საკითხს;

თ) წყვეტს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას აღსრულების საფასურის განსაზღვრისთვის კრედიტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნის დასაშვებობის საკითხს.

3. აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავას განიხილავს აღსრულების ეროვნული ბიურო.

    მუხლი 17. აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. ყველა სახელმწიფო ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში აღმასრულებელს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, საბანკო ანგარიშებისა და მათზე დარიცხული თანხის შესახებ.

3. აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ხდება სულ მცირე ორი ქმედუნარიანი პირის თანდასწრებით და ფორმდება ოქმით. ოქმს ხელს აწერენ დამსწრეები, მოვალე და აღმასრულებელი.

5. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) გადახდევინება:

ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;

ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან;

ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან;

ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს;

გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

6. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს ფულადი გადახდევინების თაობაზე იძულებით აღსრულებას, აღმასრულებელი აჩერებს აღსრულებას მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებამდე.

7. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

8. თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.

9. აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლისა და დამსწრეთა თანდასწრებით.

10. აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს მოვალე სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, მიიღოს ზეპირი ინფორმაცია ან წერილობითი შეტყობინება, თუ ეს აუცილებელია აღსრულების განსახორციელებლად.

11. აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.“.

9. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 171. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსრულება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელებისაგან შეიძლება შეიქმნას მიზნობრივი სპეციალური ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, აღასრულოს მისთვის გადაცემული საქმე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმეების სპეციალური ჯგუფისათვის აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად მისი ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზაცია ხორციელდება ამავე მუხლების შესაბამისად დადგენილი წესით.“.

10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 18. კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, აღმასრულებელთან წარადგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები, გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.

2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სამი დღის ვადაში უგზავნის სასამართლოს მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად.

3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.“.

11. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 181. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში

1. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილებების აღსრულების ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ეძლევა მიზნობრივი დაფინანსება.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1. მოვალეთა რეესტრი

    „მუხლი 191. მოვალეთა რეესტრის წარმოება

1. მოვალეთა რეესტრი არის სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.

2. მოვალეთა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან.

4. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონის 192 მუხლში მითითებული ორგანოებისათვის, აგრეთვე მონაცემების მუდმივ განახლებას.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა ამ მუხლით დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად დაწესებული საფასურის განაკვეთია 10 ლარი. საფასური არის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373

მუხლი 192. სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირების რეესტრიდან გამომდინარე ვალდებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და უნდა შეაჩეროს შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე.

3. საბანკო დაწესებულებამ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ წერილობითი ფორმით ან ელექტრონული საშუალებებით უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს საბანკო ანგარიშის გახსნიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შეტყობინების ელექტრონული საშუალებებით გაგზავნის პირობები განისაზღვრება საბანკო დაწესებულებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373

მუხლი 193. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა

რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების აღმასრულებლის თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373

    მუხლი 194. რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და რეესტრიდან ამორიცხვა

1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე.

2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია:

ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება;

ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა;

გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილება.“.

13. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 20. სააღსრულებო ფურცელი

1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედანი) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული საქმეებისა.

2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

3. სასამართლო გადაწყვეტილებით აღსრულების შეჩერება, შეწყვეტა ან განახლება არ დაიშვება შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის (დედანი) გარეშე.“.

14. 25-ე–28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 25. აღსრულების დაწყება

1. აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. თუ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს გზავნის სააღსრულებო ბიუროში მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროში მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. სააღსრულებო ფურცელს უნდა ერთოდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.

3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას სააღსრულებო ფურცელთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნა.

4. აღმასრულებლის მიერ აღსრულების შესახებ მხარეთა ინფორმირება ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და საშუალებებით.

    მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედების დაწყება

აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის) საფუძველზე.

    მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება

აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება მხარეთა განცხადების ან აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 28. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ

1. აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.

3. წინადადება მოვალეს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლისთანავე იძულებითი აღსრულების დაწყების და საფასურის დაკისრების შესახებ. ამ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება მხოლოდ საფასურის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი ნაწილი – 2%, რაც ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ უფლებებთან ერთად ასევე განემარტება მოვალეს.

4. წინადადების ჩაბარებისას აღმასრულებელი ასევე აფრთხილებს მოვალეს მისი რეესტრში რეგისტრაციის შედეგების შესახებ.

5. აღმასრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.“.

15. 281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 281. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი

აღმასრულებელი ვალდებულია, სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მსჯავრდებულის და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით საქმის მწარმოებელი ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.“.

16. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 29. ოქმი

1. აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი.

2. ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) შედგენის ადგილსა და დროს;

ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას;

გ) სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას;

ე) სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.

3. ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე და პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ოქმის შედგენას. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. მოვალეს უნდა გადაეცეს ოქმის ასლი.“.

17. 30-ე და 31-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 30. მოვალის ძებნა

საქმეებზე ალიმენტის გადახდევინების, სხეულის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, მოსამართლეს აღმასრულებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ.

    მუხლი 31. მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას

1. განსაკუთრებული ვითარების გამო, თუ აღსრულება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა), მოვალის განცხადების საფუძველზე აღმასრულებელს, სააღსრულებო ბიუროს უფროსის თანხმობით, შეუძლია დროებით გადადოს აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 10 დღის ვადით.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში ფაქტობრივი ვითარება არ იცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს სამი თვის ვადით.

3. თუ შეიცვალა ფაქტობრივი ვითარება, სასამართლოს შეუძლია კრედიტორის განცხადების საფუძველზე გააუქმოს ან შეცვალოს აღსრულების თაობაზე გამოტანილი განჩინება.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

18. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 33. სააღსრულებო მოქმედების გადადება

აღმასრულებელს, გარდა ამ კანონის 31-ე, 34-ე, 35-ე მუხლებით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ შეუძლია კრედიტორის წერილობითი განცხადების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს აღსრულება, დაუბრუნოს კრედიტორს სააღსრულებო საბუთები, სხვა დროისათვის გადადოს სააღსრულებო მოქმედების შესრულება, ამორიცხოს ყადაღადადებული ქონება აღწერის სიიდან. ასეთი მოქმედებები აღმასრულებელს შეუძლია შეასრულოს სასამართლოს შესაბამის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.“.

19. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 35. სააღსრულებო საბუთის დაბრუნება

სააღსრულებო საბუთი, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა გადახდევინება, უბრუნდება კრედიტორს:

ა) კრედიტორის განცხადებით;

ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;

გ) თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ აღმასრულებლის მიერ მიცემული გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგაც კრედიტორი არ ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;

დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

    მუხლი 36. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

1. სასამართლო აღსრულებას აჩერებს:

ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;

ბ) მოვალის მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნისას;

გ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) სარჩელის წარდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. აღმასრულებელი უფლებამოსილია, აღსრულება შეაჩეროს:

ა) კრედიტორის მოთხოვნით არა უმეტეს სამი თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;

ბ) აღმასრულებლის მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით;

გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე.“.

20. VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII. აღსრულების საფასური და ხარჯები

    მუხლი 38. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური

1. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური (შემდგომში – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

2. საფასურიდან მიღებული შემოსავალი (დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების სადეპოზიტო ანგარიშებზე საბანკო დაწესებულებების მიერ პროცენტების სახით დარიცხული თანხები, ასევე სხვა შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

4. საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება ამ კანონით.

5. საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

6. ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.

7. თანხის გადახდევინებისას საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა (ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა), რომელიც უბრუნდება მას ძირითად მოთხოვნასთან ერთად. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.

8. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება ამოღებული თანხის პროპორციულობით საფასური, შემდეგ სასამართლო ხარჯები და აღსასრულებელი მოთხოვნა.

9. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას ან/და გადაცემისას საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა (ფიზიკური პირისათვის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, – არა უმეტეს 5 ათასი ლარისა). ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო ფურცელთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად. კრედიტორს შეუძლია მის მიერ გადახდილი საფასური და შეფასების ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისგან სასამართლო წესით.

10. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის საფასურს 100 ლარის ოდენობით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%, რომელიც აღსრულების ხარჯებთან ერთად ეკისრება მოვალეს.

12. საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით;

ბ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით).

13. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების კრედიტორები თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან.

    მუხლი 39. აღსრულების ხარჯები

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტებისა და ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული ხარჯებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების სახეობები დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით და მათი ანაზღაურება საფასურთან და ამოსაღებ მოთხოვნასთან ერთად ეკისრება მოვალეს.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად.“.

21. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 40. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

1. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ქონებაზე ყადაღის დადება ხელს არ უშლის მოგირავნეს, განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოგირავნის მიერ ყადაღადადებული გირავნობის საგნის რეალიზაცია იწვევს ყადაღის გაუქმებას.

4. ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასიან ნივთებს იღებს აღმასრულებელი და ინახავს სპეციალურ საკანში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით. მოვალის მიერ ყადაღადადებული ქონების ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

5. ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.

6. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე.

7. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას ან ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღმასრულებელს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღმასრულებელი ათავისუფლებს ამ ქონებას ყადაღისაგან.“.

22. 42-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან ეკუთვნის.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მოვალე აღმასრულებელს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. აღმასრულებელი ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მოვალე, რომელიც იძლევა წერილობით გარანტიას, ასეთი გარანტიის მიცემიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ვალდებულია, განმეორებითი გარანტია მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მოვალემ ქონება გვიან მიიღო ან ახალი შრომითი ურთიერთობები წარმოეშვა.“.

23. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

24. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 44. ყადაღის საგანი

1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

2. კრედიტორის მოთხოვნით აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.“.

25. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებელს შეუძლია მოვალის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ნივთების რეალიზაცია დროებით შეაჩეროს გადახდის განვადებით, კრედიტორის თანხმობით, თუკი ეს მოვალის პიროვნებისა და ეკონომიკური მდგომარეობისთვის დასაშვებ მოქმედებად იქნება მიჩნეული და კრედიტორის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.“.

26. 47-ე–49-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 47. შეფასება

1. ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. აღმასრულებელს შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი ან აუდიტი შეფასების მიზნით.

2. აღმასრულებლის მიერ შეფასებისას თითოეულ ყადაღადადებულ ნივთზე საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება ერთი თვის ვადაში და ეცნობება მხარეებს.

    მუხლი 48. ქონების აღწერის აქტი

1. ქონების აღწერის (ყადაღის დადების) აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი, გვარი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;

გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);

ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;

ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და მათზე დადებული ბეჭდების რაოდენობა;

თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი. მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;

კ) კრედიტორის, მოვალის, აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.

2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად აღწერის აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.

3. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.

    მუხლი 49. რეალიზაცია

1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ გადახდილ თანხას, საფასურის გამოკლებით, აღმასრულებელი გადასცემს კრედიტორს.

2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს აღმასრულებელი საჯაროდ ყიდის აუქციონზე.

3. ყადაღადადებული ნივთები შეიძლება მხოლოდ იმ ფასად გაიყიდოს, რომელიც სულ მცირე ნივთის ღირებულების ნახევარია.

4. აღმასრულებელს შეუძლია აუქციონის ჩატარებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღმასრულებლის კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, სასამართლო ხარჯები და კრედიტორის მოთხოვნები.

5. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე აღმასრულებელს უფლება აქვს, მოახდინოს ყადაღადადებული ნივთის ამოღება მოვალის მფლობელობიდან.“.

27. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღმასრულებელი ატარებს აუქციონს ყადაღადადებული ქონების შეფასების შესახებ საბუთის მხარეთათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.“.

28. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 51. აუქციონის შეწყვეტა

თუ აუქციონზე გატანილი მოძრავი ნივთების ნაწილის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა უკვე საკმარისია საფასურის, სასამართლო ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად, სხვა ნივთებზე აუქციონი წყდება.“.

29. 53-ე და 54-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია

კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე აღმასრულებელს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ნივთის რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული. ამასთანავე, დაცული უნდა იქნეს კრედიტორის ინტერესები.

    მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება

ნივთს ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. უკვე ყადაღადადებულ ნივთს შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. ამისათვის აღმასრულებელს ყადაღის დადების აქტში შეაქვს განცხადება, რომ ის ნივთს ყადაღას ადებს შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ. თუ პირველი ყადაღის დადება მოახდინა სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა გადაეცეს აქტის ასლი. მოვალეს უნდა შეატყობინონ შემდგომი ყადაღის დადების შესახებ.“.

30. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 56. ყადაღის დადების განკარგულება

1. თუ უნდა მოხდეს მოთხოვნაზე ყადაღის დადება, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემულ უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე.

2. ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა.

3. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გამოცემული ყადაღის დადების განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი.

4. ყადაღის დადების განკარგულება, რომელიც ეხება პრეტენზიებს ხელფასზე ან მსგავსი რეგულარული შემოსავლისაგან შემდგარ მოვალის პრეტენზიებს დავალებული პირის წინააღმდეგ, ვრცელდება აგრეთვე იმ თანხებზე, რომლებიც გადასახდელია ყადაღის დადების შემდეგ.“.

31. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 58. დავალებული პირის განცხადება

დავალებულმა პირმა ყადაღის დადების განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს:

ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის;

ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს;

გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა – რომელი პრეტენზიის გამო.“.

32. 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა აღმასრულებლის მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღმასრულებელს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს.“.

33. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 62. აღსრულების ქვემდებარეობა

1. აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.

2. თუ უძრავი ქონება იმყოფება სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს ერთ-ერთი სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს.“.

34. 631 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.“.

35. 68-ე–77-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 68. განცხადება იძულებითი აუქციონის შესახებ

1. განცხადება სააღსრულებო საბუთის საფუძველზე იძულებითი აუქციონის შესახებ აღმასრულებელთან შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა.

2. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს უძრავი ქონება, მესაკუთრე, მოთხოვნა და სააღსრულებო საბუთი.

    მუხლი 69. იძულებითი აუქციონის პირობები

1. აღმასრულებელს შეუძლია გამოსცეს განკარგულება იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონების შეფასებიდან ერთი თვის ვადაში.

2. თუ იპოთეკარის მოთხოვნით იძულებით აუქციონზე რეალიზაციას ექვემდებარება იპოთეკის საგანი, მაშინ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე–309-ე მუხლები, როგორც სპეციალური ნორმები.

3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, სასამართლო ხარჯებს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ დაუბრუნდება მოვალეს და მას აღმასრულებელი ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

    მუხლი 70. აუქციონის შეჩერება და შეწყვეტა

1. თუ აუქციონის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ მის დასრულებამდე მოვალე ან სხვა პირი გადაიხდის საფასურის, კრედიტორის მოთხოვნის და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას, აუქციონი წყდება.

2. კრედიტორის მოთხოვნით აუქციონი შეიძლება შეჩერდეს ერთჯერადად, მაგრამ არა უმეტეს 2 თვის ვადით.

3. თუ მოვალის ქონებაზე გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მაშინ იძულებითი აუქციონი შეჩერდება მეურვის განცხადების საფუძველზე, ანდა თუ შეტანილია სასამართლოს მიერ დამტკიცებული კრედიტორების მოვალესთან შეთანხმების წინადადება.

    მუხლი 71. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა

1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) უძრავი ქონების მესაკუთრის სახელს და საცხოვრებელ ადგილს;

ბ) აღმასრულებლის სახელს და საკონტაქტო მონაცემებს;

გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

დ) უძრავი ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ან ექსპერტის/აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი;

ე) უძრავი ქონების ადგილმდებარეობასა და მოკლე აღწერას;

ვ) განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობებს.

2. აღმასრულებელი ვალდებულია აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ საჯარო გამოცხადება განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე შესაბამისი განცხადება განათავსოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე, სასამართლოს და სააღსრულებო ბიუროს საინფორმაციო დაფაზე.

3. აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს აუქციონის ჩატარებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და საშუალებებით.

    მუხლი 72. აუქციონის ჩატარების წესები

1. აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, რომელიც:

ა) აუქციონის დაწყებამდე ადგენს, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება (გარდამავალი უფლება);

ბ) აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.

2. აღმასრულებელი ადგენს აუქციონის ჩატარების ოქმს.

3. აუქციონზე აღმასრულებელი აცხადებს:

ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);

გ) რომ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასებს უნდა გამოაკლდეს გარდამავალ უფლებათა ფასი, ხოლო დანარჩენი შეტანილ უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

    მუხლი 73. აუქციონის წესების განმარტება

აღმასრულებელი მონაწილე პირებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის წესებსა და პირობებს.

    მუხლი 74. ფასის საბოლოო შემოთავაზება

1. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის საბოლოო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საბოლოო ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყისი ღირებულების 50%-ზე ნაკლები და უნდა ფარავდეს გარდამავალ უფლებათა ღირებულებას.

2. აუქციონზე ფასის საბოლოო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.

3. აუქციონზე მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია შემოთავაზებული ფასის ერთი მეათედის ოდენობით. თუ გარანტია დაუყოვნებლივ არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ შემოთავაზება ძალას კარგავს და აუქციონი უნდა გაგრძელდეს ბოლო შემოთავაზებამდე დაფიქსირებული თანხიდან.

4. პირს, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია, ეკრძალება ამ აუქციონში შემდგომი მონაწილეობა.

5. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

6. თუ აუქციონზე რეალიზებული ნივთიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება ამ კანონის XIV1 თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 75. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები.

2. განკარგულების გამოცხადება ხდება აუქციონის დასრულებისთანავე, არა უგვიანეს ერთი კვირისა.

3. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. აუქციონზე ქონების შემძენს შეუძლია მიიღოს განკარგულება და ამ ქონების მიმართ გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ.

4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაიპოთეკარი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.

5. აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

6. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

    მუხლი 76. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება

1. თუ აუქციონზე ნივთის შემძენმა მთლიანი თანხა არ დაფარა ამ კანონის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც გადაირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და გამოიყენება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით იძულებითი აუქციონის შედეგის გაუქმების შემთხვევაში აღმასრულებელი გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის გაუქმების შესახებ და განკარგულების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.

    მუხლი 77. განმეორებითი აუქციონი

1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ აღმასრულებელი ერთი თვის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს.

2. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება განმეორებით.

3. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი სულ მცირე აღსრულების საფასურს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებასა და კრედიტორის მოთხოვნას უნდა ფარავდეს.

4. თუ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს ეძლევა წინადადება კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ნივთის ნატურით მიღების შესახებ.“.

36. 771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 771. ნივთის ნატურით გადაცემა

1. თუ ნივთის რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ნატურით გადაცემა განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან ორი კვირის განმავლობაში, რის თაობაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს სააღსრულებო ბიუროს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ნივთის ნატურით გადაცემას, ნივთი თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ნივთზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება.

3. აღმასრულებელი უფლებამოსილია, კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცეს შესაბამისი განკარგულება ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ.

4. განკარგულება ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ნატურით გადასაცემი ნივთის მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;

ბ) ნატურით გადაცემული ნივთის დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას;

გ) ნივთის მიმღები კრედიტორის მონაცემებს;

დ) ნივთის ნატურით გადაცემის მიზეზსა და კრედიტორის მოთხოვნას;

ე) ნივთის საბაზრო ღირებულებას და კრედიტორის მიერ გადახდილ საფასურს.

5. ნატურით გადაცემისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება დადგენილი საწყისი ფასით.

6. ნივთის ნატურით გადაცემისას კრედიტორი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს, სასამართლო ხარჯებს და ნივთის საწყის ფასსა და მოთხოვნას შორის არსებულ სხვაობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც გადაეცემა მოვალეს (მესაკუთრეს).“.

37. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 78. სეკვესტრი

1. იძულებითი აღსრულების ყველა ეტაპზე, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ კანონით დადგენილი წესით, აღსრულებას დაქვემდებარებული მოვალის კუთვნილი ქონება იძულებითი მართვის მიზნით შეიძლება გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ მმართველს ან თვით მესაკუთრეს.

2. იძულებით მართვას არ შეიძლება დაექვემდებაროს ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონება.

3. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს.

4. მმართველი და აღმასრულებელი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე.

5. ამ მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ დანიშნული იძულებითი მართვის დროს გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლის ნორმები.“.

38. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მმართველი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი, კრედიტორი ან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი, ან ამ პირების ახლო ნათესავი.“.

39. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა

მმართველი პასუხს აგებს ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს აღმასრულებელს, რომელმაც, თავის მხრივ, ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.“.

40. 821 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 821. მოვალისგან ამოღებული თანხის განაწილების წესი

1. აღმასრულებლის მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება აღსრულების საფასური და სასამართლო ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას დაედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

2. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღმასრულებლის მიერ შეტანილი ან/და ჩარიცხული უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცეს ან გადაირიცხოს დადგენილი წესით.“.

41. 824 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 824. აღმასრულებლის მიერ გაანგარიშების შედგენა

1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისათვის გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღმასრულებელი ადგენს კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გასცემს მის შესაბამისად.

2. თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, აღმასრულებელი გაანგარიშებას დასამტკიცებლად სამი დღის ვადაში წარუდგენს სასამართლოს.

3. აღმასრულებლის მიერ შედგენილი გაანგარიშების დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

42. 83-ე–87-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 83. მოძრავი ნივთის გადაცემა

1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღმასრულებელი ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს.

2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღმასრულებელს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია აღსრულების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს.

3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 84. უძრავი ქონების გადაცემა

1. თუ მოვალემ კრედიტორს უნდა გადასცეს ან გაათავისუფლოს უძრავი ნივთი, მაშინ აღმასრულებელმა აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მფლობელობაში უნდა გადასცეს კრედიტორს.

2. მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღსრულების საგანი არ არის, აღმასრულებელი გადასცემს მოვალეს, ხოლო თუ ის ადგილზე არ იმყოფება, – მოვალის უფლებამოსილ პირს ან მოვალის ოჯახის წევრს.

3. თუ ადგილზე არ არის არც მოვალე და არც ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პირთაგანი, მაშინ აღმასრულებელი მოვალის ხარჯით ინახავს ნივთებს.

4. თუ მოვალე გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მაშინ აღმასრულებელს შეუძლია ნივთები გაყიდოს აუქციონზე და ამონაგები თანხა, ხარჯების გამოკლებით, შეიტანოს სადეპოზიტო ანგარიშზე. თანხა დეპოზიტზე ინახება 2 თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მიიჩნევა, რომ მოვალემ უარი თქვა ამ თანხის მიღებაზე. ამ შემთხვევაში აღნიშნული თანხა გადადის აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.

5. თუ აუქციონის ჩატარების შედეგად ვერ მოხდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების რეალიზაცია და, აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე გაფრთხილებიდან 7 დღის ვადაში არ გაიტანს ნივთებს, მიიჩნევა, რომ მოვალემ უარი თქვა აღნიშნულ ნივთებზე. ამ შემთხვევაში ეს ნივთები მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სადგომის დაცლის ვადა განჩინებით შეიძლება გააგრძელოს შესაბამისმა სასამართლომ.

    მუხლი 85. შენახვა მესამე პირის მიერ

თუ გადასაცემი ნივთი შესანახად იმყოფება მესამე პირთან და იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, აღმასრულებელი კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას ყადაღის დადების თაობაზე.

    მუხლი 86. მოქმედება, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა

თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღმასრულებლის მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება.

    მუხლი 87. მოქმედება, რომელიც არ შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა

1. თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებიც გამოტანილია საქორწინო ურთიერთობებზე და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევაზე.“.

43. 88-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბავშვის გადაცემის საქმეზე აღმასრულებელი თავის მოქმედებას განახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელმა შეიძლება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინაშე დააყენოს ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში დროებით მოთავსების საკითხი.“.

44. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 90. შენობიდან გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება

1. სააღსრულებო ფურცელში მითითებული შენობიდან პირთა გამოსახლება ხდება მათ კუთვნილ ქონებასთან ერთად.

2. მოვალეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის ეძლევა შესაბამისი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა აღმასრულებლის მიერ მისი წერილობითი გაფრთხილების დღიდან.

3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოვალე მოცემულ ვადაში ნებაყოფლობით არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, გამოსახლება მოხდება იძულების წესით. მოვალის არყოფნა აღსრულებას ვერ შეაჩერებს და იძულებითი აღსრულება განხორციელდება მის დაუსწრებლად. გაფრთხილებაში აგრეთვე მიეთითება არყოფნის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ და აღინიშნება იძულებითი გამოსახლების თარიღი და დრო. გაფრთხილება უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება გამოსახლებას და არ ცლის შენობას, აღმასრულებელი უფლებამოსილია, გამოიტანოს მოვალის ქონება. თუ მოვალე არ უზრუნველყოფს მის გადატანას, აღმასრულებელი და სხვა დამსწრე პირები არ აგებენ პასუხს მის დაკარგვაზე ან განადგურებაზე.

5. აღმასრულებელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ კრედიტორი (მისი წარმომადგენელი) და ორი დამსწრე.

6. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება გამოსახლებას, აღმასრულებელი აღწერს ქონებას და შესანახად აბარებს კრედიტორს ან მის წარმომადგენელს და ამის შესახებ აცნობებს მოვალეს. კრედიტორი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც დაფიქსირებულია ოქმში. აღნიშნული ნივთების მიმართ გამოიყენება ამ კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.

7. მოვალეს ეკისრება იძულებით გამოსახლებასთან და ქონების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მოვალის კუთვნილი ნივთების აუქციონზე რეალიზაციის გზით.

8. თუ გამოსასახლებელი პირი (პირები) არ ემორჩილება აღმასრულებლის კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც ვალდებული არიან, გაუწიონ მას საჭირო დახმარება.“.

45. 901 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 901. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულება

1. მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას სააღსრულებო ბიუროები იწყებენ დამრღვევი პირისათვის დადგენილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე მიცემული წინადადების შეუსრულებლობის შემდეგ.

2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღმასრულებელი იწყებს დამრღვევი პირისათვის დადგენილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების ჩაბარებიდან 7 დღის შემდეგ.

3. თუ დამრღვევი პირი არ ემორჩილება აღმასრულებლის მითითებებს, აღმასრულებელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს ან/და აღსრულების პოლიციას.

4. მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს.

5. დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

46. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 92. იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ

საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან ერთი თვის შემდეგ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა.“.

47. 921 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 921. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან სამი თვის შემდეგ.“.

48. 95-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება სააღსრულებო ბიუროს მიერ მისი მიღებიდან ერთი წლის ვადაში, გარდა სახდელის ზომად გაფრთხილების გამოყენების შესახებ დადგენილებისა.“.

49. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 98. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) ეკისრება ამ დადგენილების აღსრულების ორგანიზაცია და კონტროლი მის აღსრულებაზე, აგრეთვე აღმასრულებლისათვის აღსრულების პროცესში სათანადო დახმარების აღმოჩენა.“.

50. 101-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, ანდა სხვა მიზეზებით, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება ხდება აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, ჯარიმა შეიცვლება სხვა სახდელით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.“.

51. 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით.“.

52. 1094 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1094. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულება

ამ კანონის 1093 მუხლით განსაზღვრულ ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

53. 1096 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1096. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა

დამრღვევი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაიხადა მასზე დარიცხული საურავი, ვალდებულია აღსრულების აღნიშვნით ამის შესახებ შეატყობინოს დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს); სხვა შემთხვევაში მის მიმართ გაგრძელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.“.

54. XXI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.

55. 113-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდამავალი დებულებანი“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-15 პუნქტები:

„10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

11. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) სათანადო ცვლილებების განხორციელება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.

12. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება;

ბ) სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცება;

გ) აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცება;

დ) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცება;

ე) აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენა;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

13. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ უზრუნველყოს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცება.

14. 2008 წლის 1 ოქტომბრამდე მოვალისათვის დაკისრებული სააღსრულებო მოსაკრებელი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად აღსრულების საფასურის სახით, საიდანაც ანაზღაურდება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე კრედიტორის მიერ გაწეული წინასწარი ხარჯები, ხოლო საფასურის დარჩენილი ნაწილი მიემართება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

15. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე, რომლებიც წარმოებაში იყო 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, აღსრულების საფასური არ გადაიხდევინება.“.

56. 1131 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12 პუნქტის და მე-14 პუნქტით გათვალისწინებული 28-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-12 პუნქტი და მე-14 პუნქტით გათვალისწინებული 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№210–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №824 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.302

2. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373