დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 941 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 03/07/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.000.939 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ.52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის პირობები
1. სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობა კონკურსის წესით შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ.“.
2. მე-11 მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი სიტყვები „ან სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე საბანკო დაწესებულების მიერ დარიცხული პროცენტით“.
3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქმეთა აღსრულება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსრულება
1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქმეთა აღსასრულებლად ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციელებისაგან შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილი იქნება აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. საქმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიისათვის მიკუთვნების და სპეციალური ჯგუფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დაქვემდებარების საკითხებს წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
4. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ სასამართლო აღმასრულებლის მიერ მიცემული გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგაც კრედიტორი არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 19 ივნისი.
№941-IIს
დოკუმენტის კომენტარები