„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 29/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.003.527
  • Word
1323
12/06/2009
სსმ, 12, 29/06/2009
070.000.000.05.001.003.527
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 300) პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტით გათვალისწინებული III2 თავის:

ა.ა) 146 და 147 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 146. კერძო აღმასრულებელი

1. კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. კერძო აღმასრულებელს სავალდებულოა ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და სადეპოზიტო ანგარიში ბანკში. მას უფლება აქვს სამუშაოზე აიყვანოს და სამუშაოდან გაათავისუფლოს მუშაკი საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სააღსრულებო საქმიანობისათვის მიღებული საზღაური.

3. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.

4. ამ თავის მიზნებისათვის სააღსრულებო საქმიანობად აგრეთვე მიიჩნევა დაინტერესებული პირებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით.

5. კერძო აღმასრულებელთა რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, მე-7–მე-9 და მე-12–მე-14 მუხლებისა, III1 თავისა, მე-15 და მე-16 მუხლებისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 171 მუხლისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 281 მუხლისა, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, 50-ე და 51-ე მუხლებისა, 62-ე მუხლისა, 72-ე–771 მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901 და 91-ე მუხლებისა, XVII, XVIII, XVIII1, XVIII2, XIX თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.

    მუხლი 147. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია

1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.

2. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები.

4. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას მოვალის საბანკო ანგარიშზე წარდგენილ საინკასო დავალებაში პირდაპირ მიეთითება თანხის (მოთხოვნის) მიმღების (კრედიტორის) ანგარიში, ხოლო აღსრულების საფასურის (საზღაურის) ნაწილში – კერძო აღმასრულებლის, როგორც თანხის ამ ნაწილის მიმღების, ანგარიში.

5. კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით:

ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს;

ბ) სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში – ერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, სააღსრულებო ბიუროს წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომელიც შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი აუქციონის მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

6. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.

7. სააღსრულებო ბიურო აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე ამ განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

8. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია კერძო აღმასრულებლის მიერ სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობა ან/და სააღსრულებო ბიუროსათვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის შეუსაბამობა ამ კანონის მოთხოვნებთან. ასეთი ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.

9. სააღსრულებო ბიუროს უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე შეიძლება კერძო აღმასრულებელმა გაასაჩივროს სასამართლოში მისი შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

10. კერძო აღმასრულებლის განაცხადში არსებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან მის მიერ პირველი აუქციონის ჩატარებამდე განაცხადის გამოთხოვის შემთხვევაში მას უბრუნდება სააღსრულებო ბიუროსათვის გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი.

11. სააუქციონო მომსახურება გულისხმობს:

ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის განთავსებას აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში ამ კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) სააღსრულებო ბიუროს მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე ამავე ბიუროს აღმასრულებლის მიერ კერძო აღმასრულებლის ორგანიზებული აუქციონის (პირველის და განმეორებითის) ჩატარებას, ამ კანონის 761 მუხლით დადგენილი წესით ნივთის რეალიზაციას და კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემას;

გ) პირველი აუქციონის ჩატარებას ამ მუხლით დადგენილი განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

დ) აუქციონზე ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე, ამ კანონით დადგენილი წესით განაწილებას.

12. სააღსრულებო ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობაზე. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.“;

ა.ბ) 1414 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1414. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებისა, არის:

ა) კერძო აღმასრულებლის წერილობითი განცხადება თავისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რომელიც წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;

ბ) კერძო აღმასრულებლის გარდაცვალება, ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან შეზღუდულქმედუნარიანად/ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) ამ კანონის 1411 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

დ) კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კერძო აღმასრულებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

ე) კერძო აღმასრულებლისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) კერძო აღმასრულებლისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სააღსრულებო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

ზ) ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მნიშვნელოვნად ან სისტემატურად დარღვევა, რაც არსებით ზიანს აყენებს კერძო ან საჯარო ინტერესებს;

თ) კერძო აღმასრულებლისათვის შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

ი) ამ კანონის 1413 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.“;

ა.გ) 1416 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1416. კერძო აღმასრულებლის პასუხისმგებლობა

1. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია სააღსრულებო წარმოების მხარეების წინაშე მის მიერ მიყენებული ზიანისათვის.

2. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და ამ კანონის 1414 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევებისათვის კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“;

ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა

1. ნივთს ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. უკვე ყადაღადადებულ ნივთს შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. ამისათვის აღმასრულებელს ყადაღის დადების აქტში შეაქვს განცხადება, რომ ის ნივთს ყადაღას ადებს შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ნივთს პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა გადაეცეს ყადაღის დადების აქტის ასლი. მოვალეს უნდა ეცნობოს შემდგომი ყადაღის დადების შესახებ.

2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, საზღვაო ხომალდებზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდებზე – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად).

3. ყადაღის რეგისტრაცია ხდება როგორც უშუალოდ ყადაღის დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის), ისე ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის საფუძველზე.

4. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემდეგი კრედიტორის აღმასრულებელს.“.“;

გ) 21-ე პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ნივთის ნატურით გადაცემას ან მოითხოვს, მაგრამ მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში ვერ ასრულებს ამ მუხლით დადგენილ შესაბამის პირობებს:

ა) ნივთი თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ნივთზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება;

ბ) კრედიტორის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებების გამოყენება ჩაითვლება ამ ნივთის ნატურით მიღებაზე უარის თქმად;

გ) ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ ნივთზე აღსრულებას აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.“;“;

გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნატურით გადაცემისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საწყისი ფასით.

6. ნივთის ნატურით გადაცემისას:

ა) თუ მოთხოვნა აღემატება ან უტოლდება ნივთის ღირებულებას, კრედიტორი ფარავს საფასურის დანარჩენ ნაწილს ნივთის ღირებულების პროპორციულად (ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით);

ბ) ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე წარმოიშობა საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში თითოეული კრედიტორის წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. ასეთ შემთხვევაში საფასურის დანარჩენ ნაწილს ფარავს თითოეული კრედიტორი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. თუ ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორიდან ნივთის ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა ერთ-ერთმა (რამდენიმემ), ნივთის მიმღები კრედიტორი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები კრედიტორის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

გ) ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს. ნივთის მიმღები იპოთეკარი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები იპოთეკარის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების (მათ შორის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.“;“;

დ) 24-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. 2009 წლის 1 ივლისამდე წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით.“.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

№1323–Iს