დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/1/1311 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 07/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016378 |
|
2019 წლის 7 თებერვალი
ქ. ბათუმი |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე. სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე. საქმის დასახელება: „შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე, 71-ე და 75-ე მუხლების, ასევე „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე დავით ზილფიმიანი, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი იოსებ ბარათაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი გიორგი გიგუაშვილი; მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელი სალომე ბარბაქაძე; მოწმეები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსი მარინა ფარცვანია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თამარ ხუხუნაიშვილი. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1311) მომართეს „შპს სტერეო+“-მა, საქართველოს მოქალაქე დავით ზილფიმიანმა, იტალიის რესპუბლიკის მოქალაქეებმა – ლუკა სევერინმა და ლაშა ზილფიმიანმა, და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რობერტ ხახალევმა. №1311 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 30 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 28 ივნისს. 2. №1311 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. 3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, განსაზღვრულია მოვალის უფლებამოსილება, გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი შედეგები. 4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით დადგენილია, რომ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლი აწესრიგებს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების წესსა და პროცედურას. დასახელებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის ვადა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტი არეგულირებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის, იპოთეკარის/მოგირავნის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის კრედიტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ აუქციონზე იძულებითი წესით რეალიზებულ ქონებაზე უფლების გადასვლის წესსა და იმ ქონების უფლებრივ მდგომარეობას, რომელზეც მიმდინარეობს აღსრულება. ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან გათავისუფლების შემთხვევებს და აღნიშნულ ქონებაზე სააღსრულებო წარმოების დაუშვებლობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის 81 პუნქტი კი ითვალისწინებს აღსასრულებელ ქონებაზე მხოლოდ ერთი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობას და აღნიშნულისათვის შესაბამის გარემოებებს. 6. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების (შემდეგში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანება) შესაბამისად განსაზღვრულია, ერთი მხრივ, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი, მეორე მხრივ კი, იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები. 7. №1311 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუცის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო საკუთრების ხელშეუვალობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია. 8. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად კი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 9. №1311 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს წარმოადგენენ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული კომპანია „შპს სტერეო+“ და მისი პარტნიორები. აღნიშნული კომპანიის ძირითადი მიზანია მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა. კერძოდ, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მომსახურება ყველა კერძო ტელევიზიისათვის, რა მიზნითაც შპს „სტერეო+“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან (შემდგომში – კომისია) მიღებული აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სხვდასხვა კატეგორიის ლიცენზიები. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის №ას-1062-1022-2016 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთ პარტნიორს, დავით ზილფიმიანს, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდევინება, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) დაიწყო სააღსრულებო წარმოება, ყადაღა დაედო მის კუთვნილ 50%-იან წილს კომპანიაში და მოსალოდნელია მისი სარეალიზაციოდ გატანა აუქციონზე. 10. მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული ნორმები იძლევა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომპანიის წილის იძულებითი აუქციონის წესით გასხვისების შესაძლებლობას კომისიის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის გარეშე, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების თანახმად, დაუშვებელია. ამასთან, სადავო ნორმების საფუძველზე, წილის გასხვისება შესაძლებელია მოხდეს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რაც ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს და, შესაბამისად, გამოიწვევს სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომპანიისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაუქმებას. აღნიშნულს შედეგად მოჰყვება კომპანიის საქმიანობის პარალიზება და კომპანიის წილების საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც არღვევს როგორც მოსარჩელე კომპანიის, აგრეთვე მისი პარტნიორების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციები ეწინააღმდეგება „სტერეო+“-ის და მისი მომსახურებით მოსარგებლე ტელევიზიების გამოხატვის თავისუფლებას და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. 11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანის შემთხვევაში არ ითვალისწინებს იძულებით აუქციონში მონაწილე პირების მიერ ეროვნული მარეგულირებელი კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარ თანხმობის მიღების ვალდებულებას და არ კრძალავს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მონაწილეობას. 12. №1311 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აგრეთვე მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული ნორმების მოქმედებამ შესაძლებელია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს შპს „სტერეო+“-სა და მის პარტნიორებს. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავენ შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს გასაჩივრებული ნორმების მოქმედება, იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანისას აუქციონში მონაწილეობა ნებადართულია კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე ან/და როდესაც ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირს არ ეკრძალება იძულებით აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლებამოსილება. 13. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა კონსტიტუციური სარჩელის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები მიმართულია იქითკენ, რომ მაუწყებლობის სფერო იყოს მაქსიმალურად განჭვრეტადი. შესაბამისად, მისაღებია ის მოწესრიგება, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული პირის წილის ან აქციების პირდაპირ ან ირიბად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მფლობელობის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ამავდროულად, მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ აუქციონის ჩატარების წესები არ იზიარებს მაუწყებლობის სფეროში არსებულ რეგულაციებს, არ ქმნის შესაბამის გარანტიებს, რათა გამორიცხულ იქნეს ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება კომისიის შეტყობინების ან ნებართვის გარეშე, აგრეთვე გამოირიცხოს იძულებით აუქციონში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მონაწილეობა და, ამგვარად, მასზე საკუთრების უფლება. 14. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმების რეგულირების სფეროს წარმოადგენს იძულებითი აუქციონის შეჩერებისა და შეწყვეტის დაუშვებლობის, იძულებითი აუქციონის ჩატარების წესის, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადასვლის ზოგადი ჩარჩოს მოწესრიგება. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანების რეგულირების სფეროს განეკუთვნება მხოლოდ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესებისა და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების განსაზღვრა. სადავო ნორმები საერთოდ არ განსაზღვრავს აუქციონში მონაწილე პირთა წრეს. აღნიშნული ნორმების რეგულირების სფერო არის მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დროს სხვადასხვა ჩარჩო-პრინციპების შექმნა და ისინი არ მიემართება იმას, რა ფორმით უნდა მოხდეს მაუწყებლობის სფეროში აუქციონზე გატანილი ქონების გასხვისება, ვინ უნდა იქნეს დაშვებული ან ვის უნდა აეკრძალოს აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მითითებით, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებს არ გააჩნია გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი და აღნიშნული საკითხები მოწესრიგებულია მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით. 15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისების აკრძალვას. აღნიშნული წილი ან აქციები წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომლის გასხვისება ნებისმიერი ფორმითაა დასაშვები. შესაბამისად, იძულებითი აუქციონის წესით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისების შედეგად წილზე ან აქციებზე საკუთრების უფლების გადასვლის დაბრკოლების უფლებამოსილება აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნია, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღნიშნული კომპანიის წილის შეძენა მოხდება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ. ლიცენზიის გაუქმება კი წარმოადგენს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ აღნიშნული კომპანიის წილის ან აქციების შეძენის თანამდევ შედეგს. მოპასუხის მითითებით, ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის განზრახვის თაობაზე კომისიის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება არ ვრცელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებით აუქციონზე ქონების გასხვისების შემთხვევაზე და ამგვარი ვალდებულება, ცალსახად, ავტორიზებულ პირს ეკისრება. 16. მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანება არ წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლებების შემზღუდველ რეგულაციას. აღნიშნული ბრძანება, თავისი არსით, განსაზღვრავს მხოლოდ აუქციონის ჩატარების ფორმას, წესსა და პროცედურებს. მაუწყებლობის სფეროში მოქმედი ლიცენზიანტი/ავტორიზებული კომპანიის წილი აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანისას, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ითხოვს, სადავო ნორმებისათვის იმ ნორმატიული შინაარსის მინიჭებას, რომელიც მათ არ გააჩნია. ამასთან, მოპასუხის მითითებით, წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება დაკავშირებულია არა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან, ვინ არის გამსხვისებელი, არამედ მხოლოდ ავტორიზებულ პირთან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმები შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულებას აკისრებს მხოლოდ ავტორიზებულ პირს. ამგვარად, აღსრულების პროცესში აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეკისრება წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების ვალდებულება. 17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ №1311 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული. 18. საქმეზე მოწმედ მოწვეული პირის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, თამარ ხუხუნაიშვილის განმარტებით, მოსარჩელე კომპანია წარმოადგენს სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მქონე სუბიექტს, რომელიც აგრეთვე ფლობს ავტორიზაციას და ახორციელებს მაუწყებლობას. შესაბამისად, №1311 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა იქნეს განხილული მაუწყებლობის სფეროში არსებული ორი სხვდასხვა რეჟიმი – ერთი მხრივ, წილის ან აქციების შეძენის განზრახვის თაობაზე შეტყობინებისა და წინასწარი ნებართვის ინსტიტუტი, მეორე მხრივ კი, მაუწყებლობის ნაწილში დაწესებული ვალდებულება კომპანიისათვის, არ ჰყავდეს ისეთი ბენეფიციარი დამფუძნებელი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ოფშორულ ზონასთან იქნება დაკავშირებული. 19. მოწმის განმარტებით, ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენის განზრახვის თაობაზე კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი ნებართვის მიზანია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა და მიემართება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების ნებაყოფლობითი გასხვისების/შეძენის შემთხვევას, თუ შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ პირთა მფლობელობაში, ჯამში, აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5% ან მეტი. მოწმის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევას, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, იხელმძღვანელოს, მათ შორის, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით გამართოს აუქციონი. მოწმის განმარტებით, აუქციონის პირობებში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული, რომ საჭიროა კომისიის წინასწარი თანხმობა მსგავსი ტრანზაქციის განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წილის ან აქციების გასხვისება მოხდება კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისია უფლებამოსილია, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციის დაკისრების თაობაზე, აგრეთვე შეისწავლოს, რამდენად ახდენს აღნიშნული ტრანზაქცია კონკურენტულ ბაზარზე ზეგავლენას. იმ შემთხვევაში, თუ აქციების ან წილის შეძენა გამოიწვევს ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი პირის წინააღმდეგ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები და უზრუნველყოს აღნიშნული ინსტიტუტის მიზნების რეალიზაცია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წილის ან აქციების გასხვისებას არ უსწრებდა გაფრთხილება ან წინასწარი ნებართვა. 20. მოწმის სახით დაკითხული კომისიის თანამშრომლის მითითებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აბსოლუტურად გამორიცხავს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის ფლობის შესაძლებლობას. აღნიშნული აკრძალვის მიზანია მაუწყებლობის სფეროში აბსოლუტური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის/ავტორიზაციის მფლობელი ან/და ლიცენზირებული/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისების შემთხვევაში აღნიშნული წილის ან აქციების მფლობელი გახდება პირი, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, კომისია აღნიშნული კომპანიის მიმართ გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს. კერძოდ, მსგავსი სანქცია შეიძლება იყოს წერილობითი გაფრთხილება, ჯარიმა, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება. 21. საქმეზე მოწვეული მოწმის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის, მარინა ფარცვანიას განმარტებით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებული ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისებისას აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აუქციონის წესით წილის ან აქციების რეალიზაციის დროს, არც აღსრულების და არც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, არ გააჩნია ვალდებულება, რომ წინასწარი შეტყობინებით მიმართოს კომისიას. 22. მოწმის მითითებით, აღსრულების ეროვნული ბიურო, შესაბამისი საკანონმდებლო აკრძალვების არსებობისას, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ უცნობია იძულებით აუქციონში მონაწილე პირთა წრე, ყოველ ჯერზე, ახდენს მათ ინფორმირებას მსგავსი აკრძალვების თაობაზე. კერძოდ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შემძენი, რათა ქონების მესაკუთრე გახდეს. აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, გააუქმოს აუქციონის შედეგები. მოწმის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, აუქციონზე შესაძლო რეალიზაციის საგანია შპს „სტერეო+“-ში წილი, რომელიც ამავე კომპანიის ლიცენზიისგან დამოუკიდებელი საკუთრების ობიექტია და არ წარმოადგენს აუქციონზე რეალიზაციის უშუალო საგანს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კი არ ითვალისწინებს აკრძალვას, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა მაუწყებლის ლიცენზიის მქონე კომპანიის წილის გასხვისებას. შესაბამისად, კანონმდებლობა არ კრძალავს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კომპანიის წილის გასხვისებას, მათ შორის, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე, არამედ ამგვარი გასხვისების შემთხვევაში ითვალისწინებს ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესაძლებლობას, რაც განაპირობებს კომპანიის წილის მატერიალური მნიშვნელობის ცვლილებას. ამდენად, მოწმის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ არსებობს აუქციონის შედეგების ჩაშლისა და საკუთრების უფლების განკარგულების არგამოცემის საკანონმდებლო საფუძველი. 23. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენისას კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი ნებართვის ინსტიტუტთან მიმართებით მოწმემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მსგავსი ვალდებულება ეკისრება არა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, არამედ ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენის შესახებაც არსებობს განზრახვა. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის წინასწარ უცნობია, ვის შეიძლება გააჩნდეს ამგვარი განზრახვა. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების პროცესში ხელმძღვანელობს მხოლოდ სააღსრულებო კანონმდებლობით, სადაც მისთვის ამგვარი შეტყობინების ვალდებულება გათვალისწინებული არაა. შეტყობინების შემთხვევაშიც კი, იმ ფორმალურ კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით და რომლებიც თან უნდა ერთოდეს შეტყობინებას, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო კომისიას ვერ წარუდგენს საკმარის და რელევანტურ ინფორმაციას, რაც აუცილებელია კომისიის მიერ იმ გარემოებების დასადგენად, კონკრეტული კომპანიის შეძენა გამოიწვევს თუ არა მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას. ამგვარად, მოწმე მიიჩნევს, რომ ავტორიზებული პირის წილის ან აქციების აუქციონზე გასხვისების თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეკისრება კომისიისათვის შეტყობინების და წინასწარი თანხმობის მიღების ვალდებულება. II სამოტივაციო ნაწილი 1. №1311 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მითითებული კონსიტუტიცური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია. 2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო საკუთრების უფლება, 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით კი ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების, აზრის გამოთქმის და გავრცელების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფალების და ცენზურის დაუშვებლობის კონსტიტუციური უფლებები. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული უფლების ეკვივალენტური უფლება დაცულია მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით. 3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. ამავდროულად, აღნიშნული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. 5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ მაშინ, თუ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით უშუალოდ მათთვის გარანტირებული უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ ... აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/3/514 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ასაკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). 6. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ, მათ შორის, მითითებულია საქართველოს მოქალაქე დავით ზილფიმიანი, რომელიც „შპს სტერეო+“-ის ერთ-ერთი პარტნიორია. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე დავით ზილფიმიანის კუთვნილი შპს „სტერეო+“-ის 50%-იანი წილი დაყადაღებულია, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და შესაძლებელია, აღნიშნული წილის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდეს. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია, რადგანაც არ ითვალისწინებს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კომპანიის წილზე იძულებითი აღსრულების განხორციელების პროცესში შესაბამის გარანტიებს. კერძოდ, არ გამოირიცხება წილის იძულებითი აუქციონის წესით გასხვისების შესაძლებლობა, კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, აღნიშნული წილის გასხვისება შესაძლებელია მოხდეს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე, რაც გამოიწვევს სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის გაუქმება კი შეამცირებს კომპანიის ღირებულებას, რაც იწვევს მოსარჩელე იურიდიული პირის და მისი პარტნიორების საკუთრების უფლების დარღვევას. აგრეთვე, გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად ზღუდავს „სტერეო+“-ისა და მისი მომსახურების მიმღები ტელევიზიების გამოხატვის თავისუფლებას. 7. კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული არგუმენტაციით იკვეთება, რომ მოსარჩელე დავით ზილფიმიანის სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება არა მის კუთვნილ შპს „სტერეო+“-ის წილზე საკუთრების უფლების დაკარგვის არაკონსტიტუციურობას, არამედ იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც თავად იურიდიული პირისა და სხვა პარტნიორების მიმართ დგება წილის იძულებითი გასხვისებისას. იგი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას იწვევს მის მიერ სადავო ნორმებით დადგენილი წესით წილზე საკუთრების უფლების დაკარგვა. ამგვარად, აშკარაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა საკუთარი, არამედ სხვა პირთა, კერძოდ, მოსარჩელე კომპანიისა და მისი პარტნიორების უფლებების დაცვისაკენ. შესაბამისად, დავით ზილფიმიანის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში №1311 კონსტიტუციური სარჩელი „actio popularis“-ს წარმოადგენს, რის შესაძლებლობასაც საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ ითვალისწინებს. 8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1311 კონსტიტუციური სარჩელი, მოსარჩელე დავით ზილფიმიანის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 9. №1311 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლების და 75-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, 41, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 81, მე-9 პუნქტების, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართისა და №2 დანართის პირველი–მე-7 მუხლების, მე-8 მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებისა და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 10. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტის ან შეჩერების დაუშვებლობას, აგრეთვე არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი მოვალეს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე და განსაზღვრავს აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობის სამართლებრივ შედეგებს. ამავე კანონის 71-ე მუხლი საქართველოს იუსტიციის მინისტრზე ახდენს იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, 41, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 81 და მე-9 პუნქტები არეგულირებს აუქციონზე იძულებითი წესით რეალიზებულ ქონებაზე უფლების გადასვლის წესის კონკრეტულ ასპექტებს. კერძოდ, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის ვალდებულებას და მისი გადახდის ვადას, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზაციისას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების უფლებრივი ტვირთის გადასვლის წესსა და პირობებს, იძულებით აუქციონზე რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიერ ძველი მესაკუთრის ჩანაცვლების წესსა და ამ ქონებაზე მის უფლებებს, აგრეთვე იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესაძლებლობას და პირობებს. 11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის №21 ბრძანების №1 დანართი განსაზღვრავს იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებთან და წესთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იძულებითი აუქციონის ჩატარების ელექტრონული ფორმა, აუქციონის ჩატარების თაობაზე ინტერნეტგანცხადების გამოქვეყნების წესი და რეკვიზიტები, ინტერნეტაუქციონში რეგისტრაცია, ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო კრიტერიუმები, საწყის და განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასი, აგრეთვე კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან სარეალიზაციო ქონების გათავისუფლების შემთხვევები. ამავე ბრძანების №2 დანართის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლებით, მე-8 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით და მე-9 მუხლით განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის ჩატარების ისეთი პროცედურული საკითხები, როგორებიცაა იძულებით აუქციონზე რეგისტრაციის პირობები, ინტერნეტაუქციონზე ავტორიზაცია, ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, ინტერნეტაუქციონზე ლოტის შესაბამისად ქონების შეძენის შესაძლებლობა, საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენა, აგრეთვე ინტერნეტაუქციონში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებები და მომხმარებელთა უფლებები და ვალდებულებები, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ანგარიშსწორების წესი და ვადა, აგრეთვე ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის გადაუხდელობის ან ქონების არგატანის სამართლებრივი შედეგები. 12. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები იძლევა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული კომპანიის წილის იძულებითი აუქციონის წესით გასხვისების შესაძლებლობას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, აღნიშნული კომპანიის წილის გასხვისება შესაძლებელია, მოხდეს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და გამოიწვევს სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომპანიისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ჩამორთმევას. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება იძულებით აუქციონზე რეალიზებული ქონების შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის საკითხის მოწესრიგება. სადავო ნორმები არ ადგენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. ამგვარად, იძულებით აუქციონზე რეალიზებულ ქონებაზე საკუთრების შემძენ პირთა წრის და, შესაბამისად, ოფშორულ ზონაში რეგისტრირბული პირის მიერ მაუწყებლის წილის შეძენის შესაძლებლობის მოწესრიგება მათი რეგულირების ფარგლებს გარეთაა. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არ უკავშირდება ხსენებულ სადავო ნორმებს. 13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლების, 75-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, 41, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 81, მე-9 პუნქტების, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართისა და №2 დანართის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლების, მე-8 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1311 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1311 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. 15. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები. 16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35). 17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). 18. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). 19. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). 20. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხის და სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გზით ამგვარი საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობის არსებობა. ამასთანავე, ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით სხვა პირების უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც. 21. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული იურიდიული პირის წილის იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანისას აუქციონში მონაწილეობა ნებადართულია კომისიისათვის შეტყობინებისა და წინასწარი თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე. მოსარჩელე მხარის მითითებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ კომპანიაში წილის გასხვისების შესახებ მარეგულირებელი კომისიის შეტყობინებისა და აღნიშნული კომისიის წინასწარი თანხმობის აუცილებლობა, ხოლო სადავო ნორმების მოქმედების პირობებში შესაძლებელია, კომპანიის წილი ისე გასხვისდეს, რომ კომისიას არ შეატყობინონ, რითაც დაირღვევა კანონმდებლობის მოთხოვნები და საფრთხის ქვეშ დადგება „შპს სტერეო+“-ის ლიცენზია და ავტორიზაცია. 22. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება, თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში, ჯამში, აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კომისიის თანამშრომლის განმარტებით, ავტორიზებული წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში კომპანიას არ დაეკისრება სანქცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან არ დასტურდება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიას აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რაიმე სანქცია დაეკისრება, ეს გამოიწვევს ავტორიზაციის/ლიცენზიის გაუქმებას ან რაიმე სხვა შეუქცევად შედეგებს. შესაბამისად, ამ კონტექსტში არ დასტურდება სადავო ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე და ამ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობა ნორმის მოქმედების შესახებ დაუსაბუთებელია. 23. მოსარჩელე მხარე ასევე შუამდგომლობს, რომ შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება იმგვარად, რომ გამოირიცხოს „შპს სტერეო+“-ის წილის გასხვისებას ისეთ სუბიექტზე, რომლის მიერ შეძენაც გამოიწვევს „შპს სტერეო+“-ის პირის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ პირდაპირ ან ირიბად ფლობას. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის №ას-1062-1022-2016 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე კომპანიის, „შპს სტერეო+“-ის ერთ-ერთ პარტნიორს, დავით ზილფიმიანს, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის გადახდევინება, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება, ყადაღა დაედო მის კუთვნილ 50%-იან წილს კომპანიაში და მოსალოდნელია მისი სარეალიზაციოდ გატანა აუქციონზე. სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია „შპს სტერეო+“-ის პარტნიორის, დავით ზილფიმიანის წილი გასხვისდეს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე. „შპს სტერეო+“-ს აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზიები. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, „შპს სტერეო+“-ის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ შეძენის შემთხვევაში, იგი მაუწყებლობის ლიცენზიებს დაკარგავს. 24. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს „იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი“. შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, განიხილოს შესაბამისი საკითხი, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში დარღვევა არ აღმოიფხვრა, კომისია ვალდებულია, მაუწყებელს დაეკისროს ჯარიმა. ამავე კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, ხოლო ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა ლიცენზიის გაუქმების საფუძველია. 25. ამრიგად, „შპს სტერეო+“-ის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენამ შესაძლოა, გამოიწვიოს „შპს სტერეო+“-ის ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება. აღსანიშნავია, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების შესაძლებლობა დაადასტურა განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელმაც. მისი მითითებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აბსოლუტურად გამორიცხავს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის ფლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის წილის ან აქციების მფლობელი გახდება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, კომისია გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს. კერძოდ, მსგავსი სანქცია შეიძლება იყოს წერილობითი გაფრთხილება, ჯარიმა, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება. 26. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით ლიცენზია განმარტებულია როგორც ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით. ამრიგად, „შპს სტერეო+“ შესაბამისი ლიცენზიების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში აღარ იქნება უფლებამოსილი, განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა – მაუწყებლობა. ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში აღნიშნული კომპანია დაკარგავს მისი საქმიანობის განხორციელების უფლებას. ამგვარი მიზეზით სამეწარმეო სუბიექტისთვის საქმიანობის უფლების განუხორციელებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ ადამიანების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს და თავად ინფორმაციის გავრცელების აზრების ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ყველაზე ეფექტურ ფორუმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71). ლიცენზიის დაკარგვა ასევე შეაფერხებს „შპს სტერეო+“-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას და შექმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის საფრთხეს. 27. ამავდროულად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ლიცენზიის აღდგენა შესაძლოა ფაქტობრივად გამორიცხოს იმ გარემოებამ, რომ „შპს სტერეო+“-ის წილის მესაკუთრე იქნება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი. როგორც აღინიშნა, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ იურიდიული პირის აქციების ფლობა მაუწყებლობის ლიცენზიასთან კანონმდებლობით შეუთავსებელია. ამასთან, არ არსებობს მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ „შპს სტერეო+“-ის წილის შეძენის შემთხვევაში მას დაევალოს ამ ქონების სხვა პირზე გასხვისება, სხვაგვარად კი, როგორც აღინიშნა, მაუწყებლობის ლიცენზიის ქონა შეუძლებელია. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელეს არ ექნება დარღვეული უფლებების აღდგენის განჭვრეტადი, მკაფიო ბერკეტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მოსარჩელის საკუთრებისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლებების შეუქცევადი დარღვევა, რისი გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. 28. ამავდროულად, სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერება რომელიც უშვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემას, რომლის მიერ წილის შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად გამორიცხავს აუქციონზე „შპს სტერეო+“-ის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა პირის მიერ შეძენას და ამ საფუძვლით ლიცენზიის დაკარგვას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ხსენებული ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერება მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტური საშუალებაა. ამასთანავე, არ იკვეთება არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე შეძლებდა დასახელებული საფრთხის თავიდან აცილებას. 29. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის გარდა, მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, შესაძლოა, შეიზღუდოს მესამე პირების ინტერესები. კერძოდ, შეიზღუდება მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე კომპანიების პარტნიორების კრედიტორების ინტერესები. აგრეთვე, შესაძლოა, შეიზღუდოს „შპს სტერეო+“-ის პარტნიორის, დავით ზილფიმიანის კრედიტორის ინტერესი, რომ სრულყოფილად დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, მათ შორის, დავით ზილფიმიანის წილის აუქციონზე რეალიზაციის გზით ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, ეს ინტერესი შეიზღუდება მხოლოდ დროებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ან ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვამდე) და მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, დავით ზილფიმიანის კრედიტორი უფლებამოსილი არ იქნება, დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა „შპს სტერეო+“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირზე გასხვისების გზით. სხვა მხრივ, მაუწყებლის კრედიტორების ინტერესებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება არ შეეხება. კრედიტორის ინტერესების ამგვარი დროებითი და ნაწილობრივი შეზღუდვის დაცვის საჭიროება ვერ გადაწონის მოსარჩელის საკუთრებისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლებების შეუქცევადი საფრთხისაგან დაცვის ინტერესს და ვერ გამორიცხავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების აუცილებლობას. 30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც უშვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემას, რომლის მიერ წილის შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1311 კონსტიტუციური სარჩელი „შპს სტერეო+“-ის, ლუკა სევერინის, ლაშა ზილფიმიანის და რობერტ ხახალევის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1311 კონსტიტუციური სარჩელი მოსარჩელეების „შპს სტერეო+“-ის, ლუკა სევერინის, ლაშა ზილფიმიანის და რობერტ ხახალევის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლების, 75-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, 41, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 81, მე-9 პუნქტების, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართისა და №2 დანართის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლების, მე-8 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. 3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1311 კონსტიტუციური სარჩელი დავით ზილფიმიანის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში. 4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც უშვებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილზე საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემას, რომლის მიერ წილის შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად. 5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. 6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 8. საოქმო ჩანაწერი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი მანანა კობახიძე თამაზ ცაბუტაშვილი. |
დოკუმენტის კომენტარები