„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 29/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.002.324
  • Word
3384
23/06/2006
სსმ, 24, 29/06/2006
070.000.000.05.001.002.324
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, სანოტარო აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):

ა) კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება და დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;

ვ) კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) იმ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ.“.

2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“.

3. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

4. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად.“.

5. 921 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 922 მუხლი:

     „მუხლი 922. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებული წესები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3384-Iს