"სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3884-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.016083
  • Word
3884-IIს
07/12/2010
სსმ, 72, 22/12/2010
070000000.05.001.016083
"სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):

ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე;

ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;

მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;

ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.“.

2. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღსრულების ორგანოები“.

3. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღსრულების ორგანოები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

10. აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საბანკო, მათ შორის, სადეპოზიტო, ანგარიშები. საბანკო ანგარიშზე პროცენტის სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

2. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები (შემდგომში – აღმასრულებელი).

3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. III თავი ამოღებულ იქნეს.

7. 141 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობანი, სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.

8. 142 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 143 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 144 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.“.

11. 145 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III1 თავისა, 152 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 281 მუხლისა, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე, 51-ე, 62-ე, 75-ე–761 და 771 მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901, 903–91-ე მუხლებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.“.

13. 147 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიებზე განთავსების შემთხვევაში – ერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით მიმართავს სააღსრულებო ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს;“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას სააღსრულებო ფურცელს ბოლოში უნდა დაემატოს კერძო აღმასრულებლის ხელმოწერა, თარიღი და სამსახურებრივი ბეჭედი.“;

გ) მე-7–მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.

8. აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან/და სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით კერძო აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი. კერძო აღმასრულებლისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნება კერძო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე. კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია იმ გარემოებათა აღმოფხვრისას, რომლებიც საფუძვლად დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს უარს, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.

9. განაცხადის დაკმაყოფილებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი კერძო აღმასრულებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისი შეტყობიდან 1 თვის ვადაში.

10. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია პირველი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე გაითხოვოს განაცხადი. ამ შემთხვევაში მას უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი.

11. სააუქციონო მომსახურება გულისხმობს:

ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილზე აუქციონის (პირველის და განმეორებითის) ჩატარებას, ამ კანონის 761 მუხლით დადგენილი წესით ქონების რეალიზაციას და კრედიტორისათვის ქონების ნატურით გადაცემას;

გ) პირველი აუქციონის ამ მუხლით დადგენილი განაცხადის დაკმაყოფილებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარებას;

დ) აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ამავე კანონით დადგენილი წესით განაწილებას.

12. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.“.

14. 1415 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო აღმასრულებლისათვის ამ კანონის 1413 ან 1414 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერებისას ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას მის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსასრულებლად გადასცემს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების აღსრულებას ამ კანონით დადგენილი წესით. აღსრულების ეროვნული ბიურო მიღებული საქმეების აღსრულებას განაგრძობს კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ბოლო სააღსრულებო მოქმედებიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კრედიტორს კერძო აღმასრულებლისათვის წინასწარი საზღაურის სახით გადახდილი თანხა უბრუნდება აღსრულების შედეგად ამოღებული თანხის პროპორციულად.“.

15. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები“.

16. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები

სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ:

ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები);

ბ) აღმასრულებელი;

გ) კერძო აღმასრულებელი;

დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.“.

17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 მუხლები:

     „მუხლი 151. სააღსრულებო წარმოების მხარეები

1. სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

2. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას მოვალეს წარმოადგენს პირი, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს დადგენილ ვადაში არ წარუდგენს უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტს.

    მუხლი 152. აღმასრულებლის აცილების საფუძველი, აცილების წესი და თვითაცილება

1. აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხი შეიძლება დააყენონ სააღსრულებო წარმოების მხარეებმა ან/და თავად აღმასრულებელმა.

2. სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ სააღსრულებო წარმოების მხარეებს.

3. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით.“.

18. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.

10. აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის.“.

20. 171 მუხლი ამოღებულ იქნეს.

21. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;

ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია აუქციონის შედეგების გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.“.

22. 181 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება.“.

23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 და 184 მუხლები:

     „მუხლი 183. აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში

1. სააღსრულებო წარმოების მხარეს შეუძლია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივროს აღმასრულებლის მოქმედება ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო მოქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო მოქმედება.

2. საჩივარი შეიტანება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მასში უნდა აღინიშნოს:

ა) საჩივრის შემტანის ვინაობა/დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები;

გ) იმ აღმასრულებლის ვინაობა, რომლის მოქმედებაც საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული მოქმედების შინაარსი;

ე) საჩივრის შემტანის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

ვ) საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ საჩივარს დაერთვის რაიმე დოკუმენტი;

ზ) საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

3. საჩივარს უნდა დაერთოს სააღსრულებო ფურცლის ასლი და მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო არ მიიღებს საჩივარს, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ:

ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

დ) არსებობს სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ამავე საკითხზე;

ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ვ) საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

ზ) გასულია საჩივრის შეტანის ამ კანონით დადგენილი ვადა.

6. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ამის თაობაზე 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.

7. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე საჩივრის განხილვის ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.

8. დადგენილ ვადაში საჩივრის შემტანის მიერ შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში საჩივარი არ განიხილება.

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. საჩივრის დაკმაყოფილება იწვევს გასაჩივრებული მოქმედების და ამ მოქმედების შედეგის გაუქმებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი გაასაჩივროს სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

10. სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

11. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.

    მუხლი 184. ვალდებულების შესრულების განწილვადება

თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია 12 თვემდე ვადით მოახდინოს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით.“.

24. 191 მუხლის:

ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.

11. იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.“.

25. 192 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 192. რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და უნდა შეაჩერონ შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის შემთხვევისა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასაჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და უნდა შეაჩეროს შემდგომი რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის შემთხვევისა.

3. საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ და შეუზღუდოს მოვალეს თანხის განკარგვის უფლება აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბანკო დაწესებულება ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშების გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ. საბანკო დაწესებულება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს მოვალის ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნის შესრულებას.

4. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ მუხლში მითითებულ დაწესებულებებს შორის მიმოწერა ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ასეთი მიმოწერის წესი და პირობები განისაზღვრება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ მუხლში მითითებულ დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებით.“.

26. მე-20 მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობისა და ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.

2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

3. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია სააღსრულებო ფურცლის გარეშე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. აღსრულების შეწყვეტა სააღსრულებო ფურცლის გარეშე შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

27. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს:

ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი;

ბ) ვალდებულების წარმოშობის საფუძველი;

გ) ვალდებულების შესრულების დრო;

დ) აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა;

ე) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის ნომერი.

32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, უნდა აღინიშნოს:

ა) სესხის გაცემის საფუძველი (განკარგულების მიმღები და მიღების თარიღი);

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თარიღი;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი, აღსრულების წესისა და საშუალების მითითებით.“;

დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს გამოსცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.

28. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 24. სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ

სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

    მუხლი 25. აღსრულების დაწყება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილებების აღსრულებისას, რომლებზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება დაიწყება მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული და სააღსრულებო ფურცელში/გირავნობის მოწმობაში მითითებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ დროს ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

3. სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ან ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.

4. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასოს იგი.

5. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენი სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ განცხადების აღსასრულებლად წარდგენისას დაურთავს მას აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებას საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ თანაბარმნიშვნელოვან დოკუმენტს და ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების გადაცემისათვის დადგენილი წესითა და საშუალებებით.“.

29. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

30. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება

აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.

31. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება მხოლოდ აღსრულების საფასურის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი შესაბამისი ნაწილი. წინადადების ჩაბარებისას მოვალეს განემარტება ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლისთანავე საფასურის სრული ოდენობის დაკისრების შესახებ, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, მისი რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი შედეგები, იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

4. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.“;

გ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.“.

32. 281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 281. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესი

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.“.

33. 282 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში ამ ქონების მესაკუთრე (დაინტერესებული პირი) ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან, ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილ ვადაში, გირაოს სახით განსაზღვრული თანხა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან.“.

34. 29-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) შედგენის ადგილსა და დროს;

ბ) აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი;

გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას;

დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება;

ე) კრედიტორისა და მოვალის დასახელებას;

ვ) სააღსრულებო მოქმედების დასახელებას.

3. ოქმს ხელს აწერენ აღმასრულებელი და ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას. ხელის მოწერაზე უარის თქმა უნდა აღინიშნოს ოქმში. სააღსრულებო მოქმედების ვიდეოფირზე ასახვის შემთხვევაში ოქმი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მონაცემებისა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. იძულებითი აუქციონის მიმდინარეობა შესაძლებელია აისახოს ვიდეოფირზე. ამ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) იძულებითი აუქციონის ჩატარების თარიღს, დაწყებისა და დამთავრების დროს;

ბ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების რეკვიზიტებს;

გ) სარეალიზაციო ქონებას და მის რეკვიზიტებს;

დ) სარეალიზაციო ქონების საწყის ფასს;

ე) იძულებითი აუქციონის შედეგს (გამარჯვებულს);

ვ) იძულებითი აუქციონის ჩამტარებლის ვინაობასა და ხელმოწერას.“.

35. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. მოვალის ძებნა

როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, მოსამართლეს აღსრულების ეროვნული ბიუროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.“.

36. 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე ამავე კანონის 83-ე, 84-ე, 88-ე და 901 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო ამ მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ფაქტობრივი ვითარება არ შეიცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 3 თვის ვადით.“.

37. 33-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

38. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“–„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია;

ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტები:

„ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე;

თ) ამ კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების მფლობელი იმავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ი) მოვალე, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს აღსრულება ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო წარმოების დასრულებამდე წარადგენს ამავე კანონით განსაზღვრულ ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა;

ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.“.

39. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;“;

ბ) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

11. თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნიმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე კრედიტორი ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე.“.

40. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

1. სასამართლო აღსრულებას აჩერებს:

ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;

ბ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის/განცხადების წარდგენისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს:

ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით;

გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე;

დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას;

ე) ამ კანონის 183 მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.“.

41. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

42. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფასურიდან მიღებული შემოსავალი (დამატებული ღირებულების გადასახადის გამოკლებით) სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშებზე საბანკო დაწესებულებების მიერ პროცენტების სახით დარიცხული თანხები, ასევე სხვა შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. აღსრულების საქმეზე ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 100 ლარამდე ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;

ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;

დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი ჯარიმის/საურავის შემთხვევაში – ჯარიმის/საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.“;

დ) მე-8–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონის 34- და 35- მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გათხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება.

9. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება საფასური ამოღებული თანხის პროპორციულად და აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ – აღსასრულებელი მოთხოვნა.

10. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის/გადაცემის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია თავის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისგან მოითხოვოს სასამართლო წესით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- მუხლის პირველი ნაწილის“–„ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, და ამ კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.“;

ე) მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების კრედიტორები თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან. ამ კანონის 771 მუხლით დადგენილი წესით ქონების ნატურით მიმღები სახელმწიფო ორგანო თავისუფლდება საფასურის გადახდისაგან. საფასურის წინასწარ გადახდა და დაკისრება არ ხდება აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

131. საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – შემოსავლების სამსახურზე.“;

ვ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააღსრულებო მოქმედებებისათვის, რომლებიც უკავშირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე შეტანილ თანხებს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეტანილ თანხებს.“.

43. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.“.

44. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

     „მუხლი 391. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხის დაბრუნება

პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თავის მიერ შეტანილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.

45. მე-40 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება შეიძლება მოხდეს დალუქვით. ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის – შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღმასრულებელს კრედიტორის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი ნივთები, რასაც აღნიშნავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.“;

დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.“.

46. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

47. 42-ე მუხლის:

ა) მე-2–41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ.

3. მოვალე წერილობით გარანტიას იძლევა, რომ მან ყველა მონაცემი, რომლებიც მისგან მოითხოვეს, მაქსიმალურად სწორად და სრულად წარადგინა. წერილობითი გარანტიის მიცემის შემდეგ მოვალის მიერ ქონების ან/და ქონებრივი უფლებების შეძენის, ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში იგი ვალდებულია ამის შესახებ დამატებით, წერილობით აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

4. თუ მოვალე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

41. აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს მოვალის მონაცემების სისწორესა და სისრულეს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

48. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

49. 45-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება;

ზ) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.“.

50. 46-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

51. 47-ე და 48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. ყადაღადადებული ქონების შეფასება

1. ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

2. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული. ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია მოიწვიოს სხვა კომპეტენტური პირი.

    მუხლი 48. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი

1. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;

ბ) სააღსრულებო ბიუროს დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, აგრეთვე აღმასრულებლის სახელი და გვარი, ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი და ის პირები, რომლებიც აქტის შედგენას დაესწრნენ;

გ) სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილება, რომელსაც აღასრულებენ, ან სხვა სააღსრულებო საბუთის დასახელება და ორგანო, რომელმაც ის გასცა;

დ) კრედიტორისა და მოვალის დასახელება;

ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მისი განმასხვავებელი ნიშნები (რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთა და სხვა);

ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების ღირებულება, თუ აღწერისას შესაძლებელია აღმასრულებლის მიერ ფასების დადგენა;

ზ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები იქნა დალუქული, და ლუქების ნომრები;

თ) იმ პირის დასახელება, რომელსაც ქონება გადაეცა შესანახავად, და მისი მისამართი, თუ შენახვა თვით მოვალეს არ დაევალა;

ი) რომ მოვალესა და სხვა პირებს განემარტათ აღმასრულებლის მოქმედებათა გასაჩივრების წესი; მოვალეს ან ქონების შემნახველს განემარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისათვის და გადაცემული ქონების გაფლანგვისათვის, გასხვისებისათვის ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის საკითხი;

კ) კრედიტორისა და მოვალის შენიშვნები და განცხადებები და მათზე აღმასრულებლის განმარტებანი.

2. ქონებაზე ყადაღის დადებასთან ერთად ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ღირებულების მითითებით ჩამოთვლილი უნდა იყოს ის ნივთები, რომლებიც ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დარჩა მოვალესთან, აგრეთვე მოვალის სხვა ქონება, რომელიც სხვა პირებთან საერთო საკუთრებაში იმყოფება და რომელსაც ყადაღა არ დაედო.

3. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.“.

52. 49-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ გადახდილ თანხას, საფასურის და აღსრულების ხარჯის გამოკლებით, აღსრულების ეროვნული ბიურო გადასცემს კრედიტორს.

2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს აღსრულების ეროვნული ბიურო საჯაროდ ყიდის აუქციონზე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, აღსრულების ხარჯი და კრედიტორის მოთხოვნები.

5. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე ან რეალიზაციის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამოიღოს ყადაღადადებული ნივთი მოვალის მფლობელობიდან.“.

53. 50-ე და 51-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი ყადაღადადებული მოძრავი ქონების შეფასებიდან 1 თვის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს.

2. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხდება ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. თუ მოვალის ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე, რომლის იძულებითი წესით რეალიზაციასაც ითხოვს კრედიტორი, რეგისტრირებულია გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ატყობინებს მოგირავნეს/მოგირავნეებს გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს მას/მათ მოთხოვნების წარმოდგენის ვადას. შეტყობინების ჩაბარებისას მოგირავნეს/მოგირავნეებს ეცნობება/ეცნობებათ დადგენილ ვადაში მის/მათ მიერ თავისი/თავიანთი მოთხოვნების წარუდგენლობისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მოგირავნეს/მოგირავნეებს დამატებით არ ეცნობება/ეცნობებათ სააღსრულებო მოქმედებების და გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული დრო.

4. სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებას საგადასახადო ორგანოს არ უგზავნის, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა განისაზღვრება იძულებითი აუქციონის დასრულების დღისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების (გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების) მიხედვით. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოთხოვნის დასაზუსტებლად მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

5. სხვა მოგირავნემ/მოგირავნეებმა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს/წარადგინონ თავისი/თავიანთი ფულადი სახით გამოხატული მოთხოვნები. მოგირავნე/მოგირავნეები პასუხისმგებელი არის/არიან წარდგენილი მოთხოვნების სისწორისთვის. მოგირავნეს/მოგირავნეებს ეკისრება/ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშობა მის/მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებით.

6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება საფასური და აღსრულების ხარჯი; შემდეგ დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები მათი რიგითობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილი მოთხოვნების მიხედვით. ყოველი შემდგომი რიგის მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

7. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომელი რიგის მოგირავნედ არის იგი რეგისტრირებული.

8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტის გირავნობის უფლება და თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ პუნქტში ჩამოთვლილ პირთა მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.

9. შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები, თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე.

10. თუ ყადაღადადებული მოძრავი ქონება განმეორებით აუქციონზედაც არ გაიყიდება, კრედიტორს, რომლის განცხადების საფუძველზედაც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, შეუძლია გამოიყენოს ამ ქონების ნატურით მიღების უფლება ამ კანონის 771 მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 51. აუქციონის შეწყვეტა

თუ აუქციონზე გატანილი მოძრავი ნივთების ნაწილის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა უკვე საკმარისია საფასურის, აღსრულებისა და სასამართლო ხარჯების დასაფარავად და კრედიტორის/კრედიტორების მოთხოვნის/მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სხვა ნივთებზე აუქციონი წყდება.“.

54. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 53. სხვაგვარი რეალიზაცია

კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვაგვარად, ვიდრე ამ კანონითაა განსაზღვრული.“.

55. 54-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა ეცნობოს ყადაღის დადების რეგისტრაციის შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყადაღის რეგისტრაცია ხდება უშუალოდ ყადაღის დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის), ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის, აგრეთვე ყადაღის დადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე.“.

56. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოთხოვნას ყადაღა უნდა დაედოს, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე.“.

57. 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების შესახებ განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს.“.

58. მე-60 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნივ­თის გადა­ცე­მა­ზე მოთ­ხოვ­ნე­ბის დროს ყა­და­ღის და­დე­ბის შესახებ განკარგუ­ლე­ბა­ში უნ­და გა­ნი­საზ­ღვროს, რომ და­ვა­ლე­ბულ­მა პირ­მა ნივ­თი უნდა გადას­ცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იძუ­ლე­ბი­თი ქმე­დე­ბა დავალე­ბუ­ლი პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა განხორციელდეს, თუ კრე­დი­ტო­რი ნივთის გადმოცემაზე მო­ი­პო­ვებს აღ­მას­რუ­ლე­ბელ დოკუმენტს და­ვა­ლე­ბუ­ლი პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ.“.

59. 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უძრავი ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიებზე არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას აღსრულების ქვემდებარეობის შესახებ იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. სარეალიზაციო უძრავი ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიებზე განთავსების შემთხვევაში სააუქციონო მომსახურებას კერძო აღმასრულებელს გაუწევს აღსრულების ეროვნული ბიუროს ის ტერიტორიული ორგანო, რომელსაც კერძო აღმასრულებელმა მიმართა აუქციონის ჩატარების განაცხადით.“.

60. 631 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.“.

61. 65-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

62. 68-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განცხადება აღსასრულებელი გადაწყვეტილების/სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აუქციონის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქონების, მესაკუთრის, მოთხოვნის და აღსასრულებელი გადაწყვეტილების/ სააღსრულებო ფურცლის შესახებ.“.

63. 69-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონების შეფასებიდან 1 თვის ვადაში.“;

ბ) მე-3–41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

4. ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში ამ ქონებაზე აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა მარეგისტრირებელ ორგანოში.

41. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სარეალიზაციო ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად მის მიერ დარეგისტრირებული ყადაღის რიგითობისა.“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

64. 70-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუქციონის შეჩერებისა და შეწყვეტის დაუშვებლობა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოვალე ან სხვა პირი უფლებამოსილია გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯის, კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.“;

დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

65. 75-ე მუხლის:

ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის შედეგი გამოცხადდება აუქციონის დასრულებისთანავე და აისახება ოქმში.

2. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში.

3. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ნივთზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. აუქციონზე ქონების შემძენის განცხადებისა და ქონების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვით უზრუნველყოფს ქონებაზე საკუთრების უფლების ქონების შემძენზე რეგისტრაციას.“.

66. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 76. აუქციონის შედეგის გაუქმება

თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 1 თვის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.“.

67. 761 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქონების რეალიზაცია განმეორებით აუქციონამდე“;

ბ) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების შემძენი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს განცხადებით ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების თაობაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის თაობაზე, რომელშიც აღინიშნება მონაცემები ქონების შემძენის შესახებ, შეძენილი ქონების დასახელება, ადგილმდებარეობა და გადახდილი ფასი.

3. თუ ქონების რეალიზაცია ხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ამ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ ქონების რეალიზაცია ხორციელდება იპოთეკარის სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ ქონების რეალიზაცია ხორციელდება იპოთეკარის – საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტის – სასარგებლოდ, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“;

გ) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

5. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.

6. თუ ქონების რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება. კრედიტორის მიერ ამ კანონის 771 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ქონების ნატურით მიღების თაობაზე განცხადების წარდგენამდე ქონების რეალიზაცია შეიძლება მოხდეს განმეორებითი აუქციონისათვის დადგენილ საწყის ფასად, ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“.

68. 771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 771. ქონების ნატურით გადაცემა

1. თუ ქონების რეალიზაცია განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების ნატურით გადაცემა განმეორებითი აუქციონის ჩატარებიდან 15 დღის ვადაში, რის თაობაზედაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქონების ნატურით მიღების თაობაზე, აგრეთვე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაწყების შესახებ.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კრედიტორი არ მოითხოვს ქონების ნატურით გადაცემას ან მოითხოვს, მაგრამ მოთხოვნიდან (შესაბამისი სახელმწიფო ორგანო – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვიდან) 1 თვის ვადაში ვერ ასრულებს ამ მუხლით დადგენილ შესაბამის პირობებს, ქონება თავისუფლდება ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნულ ქონებაზე იმავე კრედიტორისათვის იმავე მოთხოვნაზე აღსრულება არ დაიშვება.

4. კრედიტორის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებების გამოყენება ჩაითვლება აღნიშნული ქონების ნატურით მიღებაზე უარის თქმად.

5. ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნულ ქონებაზე აღსრულებას აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

6. აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე, კრედიტორის მიერ ამ მუხლით დადგენილი შესაბამისი პირობის შესრულების შემდეგ გამოსცემს განკარგულებას ქონების ნატურით გადაცემის შესახებ. ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას განკარგულების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგადასახადო ორგანოს.

7. განკარგულება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ნატურით გადასაცემი ქონების მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;

ბ) ნატურით გადაცემული ქონების დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას;

გ) ქონების მიმღები კრედიტორის მონაცემებს;

დ) ქონების ნატურით გადაცემის მიზეზს და კრედიტორის მოთხოვნას;

ე) ქონების ღირებულებას და კრედიტორის მიერ გადახდილ საფასურს.

8. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განმეორებითი აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასით.

9. ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ქონების ნატურით გადაცემისას ამ ქონებაზე წარმოიშობა საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში თითოეული კრედიტორის წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ქონებაზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას – შესაბამის სახელმწიფო ორგანოს.

10. ქონების ნატურით გადაცემისას კრედიტორის მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

11. არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ქონების ნატურით გადაცემისას ამ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.

12. იპოთეკარისათვის ქონების ნატურით გადაცემისას:

ა) ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა სხვა იპოთეკა და სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა) უქმდება;

ბ) თუ იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე;

გ) ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“.

69. 78-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იძულებითი მართვის შედეგად ამოღებული თანხები (მიმდინარე ხარჯების გამოკლებით) შეტანილი უნდა იქნეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შესახებაც მმართველი აცნობებს აღმასრულებელს.“.

70. 79-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მმართველი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი ან გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წევრი, ან რომელიმე მათგანის ახლო ნათესავი.“.

71. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81. მმართველის პასუხისმგებლობა, ანგარიშის წარდგენა

მმართველი პასუხს აგებს ყველა ვალდებულებაზე, რომლებიც მას აქვს ყველა მონაწილე მხარის მიმართ. ის ვალდებულია ნახევარ წელიწადში ერთხელ და მმართველობის დასასრულს წარადგინოს ანგარიში. ანგარიში უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც, თავის მხრივ, ის უნდა წარუდგინოს კრედიტორსა და მოვალეს.“.

72. 821 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 821. მოვალისაგან ამოღებული თანხის განაწილების წესი

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.

2. მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით.“.

73. 824 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 824. გაანგარიშების შედგენა

1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისათვის გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულების ეროვნული ბიურო ადგენს კრედიტორთა შორის თანხის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გასცემს მის შესაბამისად.

2. თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, აღსრულების ეროვნული ბიურო გაანგარიშებას დასამტკიცებლად 3 დღის ვადაში წარუდგენს სასამართლოს.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი გაანგარიშების დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

74. 83-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს.

2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია სააღსრულებო მოქმედების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს.“.

75. 831–86-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 831. გირავნობის მოწმობის საფუძველზე მოგირავნისათვის მოძრავი ნივთის გადაცემა

1. მოგირავნის მიერ აღსრულების ორგანოში გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება მას მფლობელობაში გადაეცემა მოძრავი ნივთის გადაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

2. გირავნობის მოწმობის აღსრულების ორგანოში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.

    მუხლი 84. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.

2. სააღსრულებო ფურცელში ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში – განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება:

ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც არის 10 კალენდარული დღე;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ;

გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ;

დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს აცნობებს იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას (გამოყვანას). კრედიტორის გამოუცხადებლობა არის აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების საფუძველი. კრედიტორის გამოუცხადებლობის მიზეზით აღნიშნული სააღსრულებო მოქმედების გადადების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო მოქმედების მხარეებს განმეორებით ატყობინებს მოვალის იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღსა და დროს. კრედიტორის განმეორებით გამოუცხადებლობა იწვევს სააღსრულებო წარმოების დასრულებას კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების, ხოლო უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში – აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლით.

5. თუ მოვალე ან მისი წარმომადგენელი ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას) და არ ცლის უძრავ ქონებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს მოვალის ქონების გატანა. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ აგებს პასუხს ქონების დაკარგვისათვის, დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის.

6. თუ, გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონებიდან გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნებართვით, აღმასრულებელი უფლებამოსილია უძრავი ქონების მესაკუთრის/მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებელი პასუხს არ აგებენ უძრავ ქონებაში შეღწევის მიზნით განხორციელებული მოქმედებებით წარმოშობილი ზიანისათვის, თუ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებების გამოყენებით ამ ზიანის თავიდან აცილება. აღმასრულებელი ვალდებულია უძრავ ქონებაში შეღწევისას ყველა ღონე იხმაროს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. აღმასრულებელი აღწერს უძრავ ქონებაში განთავსებულ ნივთებს, ადგენს ქონების აღწერის აქტს და მის ასლს გადასცემს კრედიტორს. კრედიტორის მიერ ქონების აღწერის აქტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი ამის შესახებ აღნიშნავს აქტში. კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მოვალის ნივთების შენახვა ან მოვალისათვის მათი გადაცემა. მოვალეს ეკისრება უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) და ნივთების შენახვასა და გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

7. აღმასრულებელი უძრავი ქონებიდან გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სააღსრულებო წარმოების მხარეები და დამსწრე პირები. სააღსრულებო წარმოების მხარეების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღმასრულებელი შესაბამის აღნიშვნას აკეთებს ოქმში.

8. უძრავი ქონებიდან გამოსახლებისას (გამოყვანისას) უძრავ ქონებაში მყოფი პირების მიერ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების პოლიცია ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია გაუწიოს მას სათანადო დახმარება.

9. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ვადის გასვლამდე, მფლობელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დამატებით 10 დღემდე გაზარდოს დოკუმენტის წარდგენის ვადა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას.

11. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ უძრავი ქონების მფლობელისათვის განსაზღვრულ ვადაში მისი მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს მოვალის მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის და კრედიტორისათვის გადაცემის სააღსრულებო მოქმედებას ამ მუხლით დადგენილი წესით.

12. სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა დადასტურებაც ვერ ხერხდება ამ მუხლით განსაზღვრული მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით, უძრავი ქონების მფლობელს შეუძლია დაადასტუროს სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ასეთ შემთხვევაში მფლობელისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია უძრავი ქონების შემძენი, რომლის განცხადების საფუძველზედაც წარმოებდა აღსრულება.

    მუხლი 85. შენახვა მესამე პირის მიერ

თუ გადასაცემი ნივთი შესანახავად იმყოფება მესამე პირთან და იგი უარს ამბობს ნივთის ნებაყოფლობით გადაცემაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას ყადაღის დადების თაობაზე.

    მუხლი 86. მოქმედება, რომელიც შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა

თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება.“.

76. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 88. გადაწყვეტილების აღსრულება ბავშვის გადაცემის საქმეზე

1. ბავშვის გადაცემის საქმეზე სააღსრულებო მოქმედებებს აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია ამ კატეგორიის საქმეზე აღსრულების პროცესში ჩართოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

2. ვალდებული პირის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, იგი ვალდებულია მიიყვანოს და ჩააბაროს ბავშვი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს.

3. საჭიროების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძლება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინაშე დააყენოს ბავშვის საბავშვო დაწესებულებაში დროებით მოთავსების საკითხი.“.

77. 90-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

78. 901 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშენებლობის შეჩერების და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს დამრღვევისათვის დადგენილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე მიცემული წინადადების შეუსრულებლობის შემდეგ.

2. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს დამრღვევისათვის დადგენილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების ჩაბარებიდან 7 დღის შემდეგ.

3. თუ დამრღვევი არ ემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან/და აღსრულების პოლიციას.“.

79. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 903–9012 მუხლები:

     „მუხლი 903. იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 1 თვის შემდეგ, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებებისა.

    მუხლი 904. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ

საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 1 თვის შემდეგ.

    მუხლი 905. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებული წესები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავით.

    მუხლი 906. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება

1. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება დადგენილებები:

ა) დაჯარიმების შესახებ;

ბ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ;

გ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის საქართველოდან გაძევების შესახებ.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 907. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა და მისი აღსრულების წესი

1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღსასრულებლად მიაქცევს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).

2. ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.

3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანისას თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.

4. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღასრულებს საამისოდ უფლებამოსილი პირი ამ კანონის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 908. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას წყვეტს, თუ:

ა) გაუქმდა შესაბამისი დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;

ბ) გასაჩივრების საფუძველზე გაუქმდა დადგენილება;

გ) გარდაიცვალა ის პირი, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.

    მუხლი 909. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

1. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იგზავნება დამრღვევის სამუშაო ადგილზე მისი ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან ჯარიმის თანხის იძულებითი წესით დასაქვითავად.

2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია დამრღვევის ხელფასიდან ან მისი სხვა შემოსავლიდან, ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმა გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე გადახდევინების მიქცევის გზით, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს დადგენილების გამომტან ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირს) ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლის თაობაზე.

3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთ ქონებაზე, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააღსრულებო დოკუმენტებით ასეთს არ ექვემდებარება.

    მუხლი 9010. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.

2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი მას მძღოლის მოწმობას იძულების წესით ჩამოართმევს.

    მუხლი 9011. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულების აღსრულება

1. სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება, აგრეთვე საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 9012. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წესი და ვადები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

80. 91-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“.

81. XVII, XVIII, XVIII1, XVIII2 და XIX თავები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობებისა და წესის დამტკიცება;

ბ) საქართველოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული სააღსრულებო საქმეები დასრულდეს ამ კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სააღსრულებო ბიუროების/კერძო აღმასრულებლების წარმოებაში არსებული ის სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც უნდა განხორციელდეს მოძრავი ქონების რეალიზაცია და გამოცხადებულია პირველი იძულებითი აუქციონი, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

4. ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ ამავე კანონის პირველი მუხლის 38-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმეებზე, რომელთა მიმართაც გასულია იმავე ქვეპუნქტებით დადგენილი ვადები, ან შესაბამისი ვადის გასვლამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები, სააღსრულებო წარმოება შეწყდება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ.

5. ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ ამავე კანონის პირველი მუხლის 39-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრულ საქმეებზე, რომელთა მიმართაც გასულია იმავე პუნქტებით დადგენილი 5-წლიანი ვადა, ან ამ ვადის გასვლამდე დარჩენილია 2 თვეზე ნაკლები, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3884-II