დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2394 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/09/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44(51), 29/09/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.000.691 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13 (20), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სადეპოზიტო ანგარიშები ბანკში.".
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯები და სასამართლო აღმასრულებლის შრომის ანაზღაურება
1. სასამართლო აღმასრულებელი გადაწყვეტილებებს აღასრულებს სახელმწიფო ბიუჯეტის, მოვალის მიერ ხარჯების გაღების ვალდებულების ან იმ თანხის ხარჯზე, რომელსაც გადაიხდის გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებული პირი.
2. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯების ოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განისაზღვრება კრედიტორსა და სააღსრულებო ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს კრედიტორის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის არა უმეტეს 5%-ის გამოყენებას აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
3. იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო აქტების აღსრულება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯები სააღსრულებო ბიუროს უფროსის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გაიღება სააღსრულებო სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან. ამ ხარჯების მოვალისაგან ამოღების შემთხვევაში ხარჯების სახით გაცემული თანხა ბრუნდება აღნიშნულ სადეპოზიტო ანგარიშზე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი თანხის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით.
4. სასამართლო აქტების აღსრულების შედეგად სახელმწიფო (ადგილობრივი) ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი პროცენტი სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან ირიცხება ხაზინაში არსებულ სამსახურის სპეციალურ ანგარიშზე. ეს თანხა გამოიყენება აღსრულების ორგანიზაციული, სასამართლო აღმასრულებელთა და სამსახურის აპარატის მოხელეთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სამსახურის კუთვნილი თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. სასამართლო აღმასრულებელთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტისა და ამ მუხლით განსაზღვრული შემოსავლის ხარჯზე."
3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ცალკე მუხლით".
4. მე-17 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სასამართლო აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ან თუ მოვალის ბინაში ჩასატარებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, სასამართლო აღმასრულებელი ადგენს აქტს დამსწრეთა თანდასწრებით და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ორი მოწმის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ან პოლიციის წარმომადგენლის დასწრებით.";
ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვა „სასამართლოში".
6. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „არ".
7. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. გამოყენების სფერო
უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე საერთო საკუთრების წილი.".
8. 64-ე მუხლის პირველ პუნქტში და 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მიწის ნაკვეთი" შეიცვალოს სიტყვებით „უძრავი ქონება".
9. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მიწის ნაკვეთი" და „მიწის ნაკვეთზე" შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „უძრავი ქონება" და „უძრავ ქონებაზე".
10. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების მოქმედება
უძრავი ქონებისა და საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის იძულებითი გაყიდვისათვის გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300_309-ე მუხლები."
11. 69-ე მუხლში სიტყვები „მიწის ნაკვეთის" შეიცვალოს სიტყვებით „უძრავი ქონების".
12. 71-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მონაწილე".
13. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს გადაეცემა სასამართლო აღმასრულებლის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები.".
14. 83-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მაგრამ იცის ნივთის ადგილსამყოფელი".
15. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 90. შენობიდან გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
1. სააღსრულებო საბუთში მითითებული შენობიდან პირთა გამოსახლება ხდება მათ კუთვნილ ქონებასთან ერთად.
2. მოვალეს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ეძლევა შესაბამისი ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა სასამართლო აღმასრულებლის მიერ მისი წერილობითი გაფრთხილების დღიდან. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. თუ გამოსახლებული პირი არ ემორჩილება სასამართლო აღმასრულებლის მითითებებს, ამ უკანასკნელს შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს ან პოლიციას. ისინი ვალდებულნი არიან გაუწიონ მას დახმარება.
4. სასამართლო აღმასრულებელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერს ორი ქმედუნარიანი დამსწრე.
5. თუ მოვალე მისი კუთვნილი ქონებისაგან არ ცლის შენობას, სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ეს ქმედება. თუ მოვალე გამოსახლებას არ ესწრება, სასამართლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას და მას შესაბამისი აქტის საფუძველზე შესანახად აბარებს კრედიტორს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 84-ე მუხლით დადგენილი წესები.
6. იძულებით გამოსახლებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მოვალეს.".
16. 113-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
8. „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვროს სააღსრულებო წარმოებათა შედეგად სახელმწიფო (ადგილობრივი) ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 1%-ით.".
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 სექტემბერი.
№2394-Iს
დოკუმენტის კომენტარები