დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5978-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016681 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.“.
მუხლი 2 . „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.“.
2. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“.
3. 771 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უზრუნველყოფილი მოთხოვნის, მათ შორის, ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები.“.
4. 823 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 30 მარტი.
№5978-Iს
დოკუმენტის კომენტარები