დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 636 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/12/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 16/12/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 070.000.000.05.001.000.850 |
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13 (20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) და კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს.
მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები
ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომში – გადაწყვეტილება):
ა) კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება და დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;
გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
ე) გადახდის ბრძანება;
ვ) კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
თ) იმ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.“.
2. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სააღსრულებო დაწესებულებები
1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები.
2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრები.
მუხლი 4. სააღსრულებო დეპარტამენტი
1. სააღსრულებო დეპარტამენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
2. სააღსრულებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სააღსრულებო დეპარტამენტებისა და სააღსრულებო დაწესებულებების საქმიანობა წესრიგდება ამ კანონით.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვა „სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით „დეპარტამენტის თავმჯდომარის“;
ბ) მე-4 პუნქტში სიტყვა „სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტის“;
გ) მე-7 პუნქტში სიტყვები „სააღსრულებო სამსახურის“ ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „სააღსრულებო სამსახურის უფროსი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „სააღსრულებო სამსახურის უფროსი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის მინისტრი“;
გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „სააღსრულებო სამსახურის უფროსის“ შეიცვალოს სიტყვებით „სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის“.
5. მე-8 მუხლში სიტყვა „სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტს“.
6. მე-9 მუხლიდან სიტყვები „გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შემთხვევებისა“ ამოღებულ იქნეს.
7. მე-10–11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯები, სააღსრულებო მოსაკრებელი და სასამართლო აღმასრულებელთა შრომის ანაზღაურება
1. სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ხარჯების ოდენობა განისაზღვრება სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი გაანგარიშებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს აღსრულების მიმდინარეობის პროცესში.
2. სააღსრულებო მოსაკრებლების ოდენობა და მათი გადახდის წესი განისაზღვრება „სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდა ეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. სააღსრულებო მოსაკრებლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
4. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების იძულებითი აღსრულების შედეგად სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 15% სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან ირიცხება ხაზინაში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ეს თანხა გამოიყენება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა და იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. სასამართლო აღმასრულებელთა შრომა ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ მუხლით გათვალისწინებული შემოსავლებიდან.
მუხლი 11. დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს სასამართლო აღმასრულებელი აღასრულებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხებით.“.
8. მე-13 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლო აღმასრულებლისათვის ყოველწლიური შვებულების მიცემის თანამიმდევრობასა და პენსიის დასანიშნად საჭირო საბუთების მომზადებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1. სააღსრულებო პოლიცია
მუხლი 141. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო
1. სააღსრულებო პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს სააღსრულებო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
5. სამმართველოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, აგრეთვე სამმართველოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 142. სააღსრულებო პოლიციელი
1. სააღსრულებო პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სააღსრულებო პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
3. სააღსრულებო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სააღსრულებო პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააღსრულებო პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა.
მუხლი 143. სააღსრულებო პოლიციელის უფლება-მოვალეობები
1. სააღსრულებო პოლიციელი ვალდებულია:
ა) დაეხმაროს სასამართლო აღმასრულებელს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში;
ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;
გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას სასამართლო აღმასრულებელი და სხვა პირები.
2. სააღსრულებო პოლიციელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს აღსრულების მიმდინარეობისას მართლწესრიგის დაცვა;
ბ) აღკვეთოს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უკანონო ქმედებები;
გ) სასამართლო აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარადგინოს იგი სასამართლო აღმასრულებელთან;
დ) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 144. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
1. სააღსრულებო პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, თუ იგი ძალის გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
2. სააღსრულებო პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს;
ბ) რეზინის ხელკეტი – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირს.
3. სააღსრულებო პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველების თავდასხმისას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.
4. აკრძალულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის და ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ახდენენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას, ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააღსრულებო პოლიციას, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვა ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
5. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სააღსრულებო პოლიციელი მოვალეა ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
6. სააღსრულებო პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსსა და პროკურორს.“.
10. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები იქმნება ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „უფროსი აღმასრულებელი“ შეიცვალოს სიტყვებით „ბიუროს უფროსი“;
გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესრულების ვადებს“ შეიცვალოს სიტყვებით „აღსრულების მიმდინარეობას“;
დ) მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში სიტყვა „სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტს“;
ე) მე-3 პუნქტში სიტყვა „სამსახური“ შეიცვალოს სიტყვით „დეპარტამენტი“.
11. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან“;
გ) მე-6 პუნქტს სიტყვების „შეუძლია მოიწვიოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სააღსრულებო“;
დ) მე-7 პუნქტიდან სიტყვები „ან პოლიციის“ ამოღებულ იქნეს;
ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. სასამართლო აღმასრულებელს მისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას უფლება აქვს სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.“.
12. მე-18 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში“ შეიცვალოს სიტყვებით „გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.“.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
„მუხლი 181. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში
1. მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს სააღსრულებო ბიურო და მას ეკისრება კრედიტორის უფლება-მოვალეობები.“.
14. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის მეორე აბზაცს სიტყვების „სააღსრულებო ფურცელს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.“.
15. 24-ე მუხლს სათაურსა და ტექსტში სიტყვების „უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ“.
16. 25-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით გზავნის სააღსრულებო ბიუროში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროში მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.“.
17. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედებების დაწყება
სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს კრედიტორის მიერ კანონით გათვალისწინებული წინასწარი ხარჯის გაუღებლობის შემთხვევაში უარი თქვას გადაწყვეტილების აღსრულებაზე.“.
18. 27-ე მუხლს სიტყვების „განმარტება ხდება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მხარეთა განცხადების ან სასამართლო აღმასრულებლის შუამდგომლობის საფუძველზე“.
19. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადებები განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
20. 33-ე მუხლის პირველ წინადადებას სიტყვების „სასამართლო აღმასრულებელს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
21. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან სიტყვები „ან განჩინება“ ამოღებულ იქნეს და პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.“
22. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
სასამართლო აღსრულებას აჩერებს:
ა) მოვალის გარდაცვალებისას ან მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;
ბ) მოვალის მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნისას;
გ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;
დ) მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცელზე სასარჩელო წესით საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები დავის აღძვრისას – დავის გადაწყვეტამდე;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;
ვ) სარჩელის წარდგენისას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.
23. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
1. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. სასამართლო აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ყველა გარიგება.“.
24. 42-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტში სიტყვები „სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოვალე დააჯარიმოს ორმოცდაათი ლარით“ შეიცვალოს სიტყვებით „მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“;
ბ) მე-5 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
25. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
26. 46-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „შესაბამისი“ შეიცვალოს სიტყვით „კრედიტორის“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „ერთ წელზე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამ თვეზე“.
27. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება არა უგვიანეს ორი თვის ვადაში და ეცნობება მხარეებს.“
28. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო ორი წინადადება ამოღებულ იქნეს.
29. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა
1. სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან ორი კვირის შემდეგ ამ ქონებაზე დანიშნოს აუქციონი.
2. აუქციონზე ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაცია ხორციელდება აუქციონზე უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით.“.
30. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
31. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ.“.
32. 58–59-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. დავალებული პირის განცხადება
დავალებულმა პირმა ყადაღის დადების შესახებ განკარგულების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში სასამართლო აღმასრულებელსა და კრედიტორს უნდა განუცხადოს:
ა) აღიარებს თუ არა პრეტენზიას და თუ აღიარებს, რამდენად არის მზად გადახდისათვის;
ბ) აღძრავენ თუ არა სხვა პირები პრეტენზიებს მოთხოვნაზე და თუ აღძრავენ – რომელს;
გ) მოხდა თუ არა მოვალის მოთხოვნაზე ყადაღის დადება და თუ მოხდა, რომელი პრეტენზიის გამო.
მუხლი 59. მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე
1. მოთხოვნაზე მრავალჯერადი ყადაღის დადებისას კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება იმ რიგითობის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მესამე დავალებულ პირს გადაეცა განკარგულება მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ. მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განცხადების ერთდროულად წარდგენისას კრედიტორები დაკმაყოფილდებიან მათი მოთხოვნების პროპორციულად.
2. მრავალჯერადი ყადაღის დადებისას დავალებული პირი ვალდებულია განახორციელოს გადახდა სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით, რომელიც ამოღებულ თანხას ანაწილებს ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. კრედიტორს უფლება აქვს, უარი თქვას ყადაღის დადების განკარგულების გზით მოპოვებულ მოთხოვნებზე ისე, რომ არ დაირღვეს სააღსრულებო საბუთებში მოცემული მისი უფლებები. უარის თქმისას სასამართლო აღმასრულებელს გადაეცემა განცხადება. განცხადება აგრეთვე უნდა გადაეცეს დავალებულ პირს.“.
33. 62-ე მუხლის:
ა) პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „მიწის ნაკვეთი“ შეიცვალოს სიტყვებით „უძრავი ქონება“;
ბ) მეორე პუნქტში სიტყვები „განსჯადობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „სააღსრულებო დეპატრამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს ერთ-ერთი სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს.“
34. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი აღსრულების ერთი სახის მეორით შეცვლა.“.
35. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი:
„მუხლი 631. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
1. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების აკრძალვას. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღადადების აქტის ასლი იგზავნება საჯარო რეესტრში.
2. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება.“.
36. 67-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
37. 68-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „სასამართლოში“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლო აღმასრულებელთან“.
38. 69-ე მუხლში სიტყვა „სასამართლოს“ შეიცვალოს სიტყვებით „სასამართლო აღმასრულებელს“.
39. 71-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) აუქციონის პირობებს.“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „ან“ შეიცვალოს სიტყვით „და“.
40. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. აუქციონის ჩატარების წესები
1. აუქციონს ატარებს სასამართლო აღმასრულებელი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.
2. სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, თუ რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება.
3. აუქციონზე სასამართლო აღმასრულებელი აცხადებს:
ა) რომ რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;
ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);
გ) რომ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასებს უნდა გამოაკლდეს გარდამავალ უფლებათა ფასი, ხოლო დანარჩენი გადახდილი უნდა იქნეს ნაღდი ფულით.“.
41. 74-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები და უნდა ფარავდეს გარდამავალ უფლებათა ღირებულებასა და აუქციონის ხარჯებს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონზე მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია შემოთავაზებული ფასის ერთი მეათედის ოდენობით. გარანტიის დასაშვებობის საკითხს წყვეტს სასამართლო აღმასრულებელი. თუ გარანტია დაუყოვნებლივ არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ შემოთავაზება ძალას კარგავს და აუქციონი უნდა გაგრძელდეს.“.
42. 75-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვა „ორი“ შეიცვალოს სიტყვით „ერთი“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაიპოთეკარი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება.
6. აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ახალ შემძენზე საკუთრების გადასვლით უძრავი ნივთის მფლობელი განიხილება დამქირავებლად და ვალდებულია იხადოს ქირა საბაზრო პირობების შესაბამისად.“.
43. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ აუქციონზე ქონების შემძენის მიერ ნაღდი ფულის სახით გადასახდელი თანხა არ იქნება ჩარიცხული სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ.“.
44. 77-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „აუქციონის ხარჯებს და“ შეიცვალოს სიტყვებით „აუქციონის ხარჯებს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას და“.
45. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 771 მუხლი:
„მუხლი 771. ნივთის ნატურით გადაცემა
1. თუ მეორე აუქციონზედაც არ მოხდება ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე ნივთი შეიძლება გადაეცეს კრედიტორს ნატურით.
2. ნივთის ნატურით გადაცემისას მისი ფასი განისაზღვრება აღსრულების პროცესში დადგენილი ნივთის საბაზრო ღირებულებით.“.
46. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV1 თავი:
თავი XIV1. გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის
მუხლი 821. კრედიტორებისათვის გადახდევინებული თანხების მიცემა
1. სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოვალისაგან გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ უნდა დაიფაროს სააღსრულებო მოსაკრებელი, აღსრულებაზე გაწეული ხარჯი და სასამართლო ხარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა გაიცემა კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს.
2. მოვალისაგან გადახდევინებული თანხა სასამართლო აღმასრულებლის მიერ შეტანილი ან/და ჩარიცხული უნდა იქნეს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცეს ან გადაირიცხოს დადგენილი წესით.
მუხლი 822. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგი
1. თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა საკმარისი არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის ნაწილდება ამ კანონის 823 მუხლით დადგენილი რიგის დაცვით.
2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
3. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხის პროპორციულად.
მუხლი 823. პირველი, მეორე და მესამე რიგის მოთხოვნები
1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება იპოთეკითა და გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება მოთხოვნები:
ა) ალიმენტის გადახდევინების შესახებ;
ბ) შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე;
გ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
დ) დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
ე) სახელმწიფო ან/და ადგილობრივ ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ;
ვ) ჩეკისა და თამასუქის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მესამე რიგში, ხოლო სხვა თანხიდან მეორე რიგში დაკმაყოფილდება ყველა სხვა მოთხოვნა.
მუხლი 824. სასამართლო აღმასრულებლის მიერ გაანგარიშების შედგენა
1. მრავალი კრედიტორის არსებობისას, თუ მოვალისაგან გადახდევინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სასამართლო აღმასრულებელი ადგენს კრედიტორთა შორის ფულის განაწილების გაანგარიშებას და თანხას გასცემს მის შესაბამისად.
2. თუ რომელიმე კრედიტორი შედგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, სასამართლო აღმასრულებელი გაანგარიშებას დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს.
3. სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი გაანგარიშების დამტკიცების ან შეცვლის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.
47. 90-ე მუხლის მე-3 პუნქტს სიტყვების „ორგანოებს ან“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სააღსრულებო“.
48. 91-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 91. სხვა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება
1. საერთაშორისო კერძო სამართლის და სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი გადაწყვეტილება და საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.
49. 921 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 921. იძულებითი აღსრულება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ
1. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი უარს განაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოვალეებზე თანხებს გასცემს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ მიცემული წინადადებების რიგითობის მიხედვით.“.
50. 108-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
51. 112-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„1. სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ სასამართლო განაჩენს აღასრულებს სასამართლო აღმასრულებელი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.
52. 113-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
53. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1131 და 1132 მუხლები:
„მუხლი 1131. სააღსრულებო მოსაკრებელი
1. „სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე დაწესდეს მოსაკრებელი თანხის გადახდევინებაზე და მისი ოდენობა განისაზღვროს ამოღებული თანხის 7%-ით. კრედიტორი მოსაკრებელს იხდის თანხის ამოღების შემდეგ. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე სააღსრულებო ბიუროსა და კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებები აღსრულების ორგანიზაციული და სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული თანხის გადახდის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი.
მუხლი 1132. სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების ლიკვიდაციისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.“.
II. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა მე-2–5 პუნქტებისა, მე-8–10 პუნქტებისა, მე-11 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, 33-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-2–5 პუნქტები, მე-8–10 პუნქტები, მე-11 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 33-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 47-ე პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 22 იანვარს.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 5 დეკემბერი.
№636-Iს
დოკუმენტის კომენტარები