საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 786
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
786
26/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997
040.000.000.05.001.000.223
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/12/2000 - 14/02/2002)

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

წიგნი პირველი

სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი

შესავალი დებულებანი

    მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო

ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

    მუხლი 2. სამოქალაქო კანონმდებლობა

1. სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

2. ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები.

3. სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.

4. ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.

    მუხლი 3. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

1. კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ძალაში შედიან მხოლოდ დადგენილი წესით ოფიციალურ ორგანოში საყოველთაო გაცნობისათვის მათი გამოქვეყნების შემდეგ.

2. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

3. კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი, ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობას, ანდა, თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი.

4. ზოგადი ხასიათის კანონი არ აუქმებს სპეციალურ კანონს, თუ ამგვარი გაუქმება არ წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს.

5. იმ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი კანონი, არ ნიშნავს ძველი კანონის ამოქმედებას.

    მუხლი 4. სამოქალაქო საქმეების განხილვისას მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა

1. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.

2. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.

    მუხლი 5. კანონისა და სამართლის ანალოგია

1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

2. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).

3. სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

    მუხლი 6. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა

კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

    მუხლი 7. კერძო სამართლის ობიექტები

კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.

    მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები

1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.

2. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.

3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

    მუხლი 9. სამოქალაქო კანონთა მიზანი

სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს.

    მუხლი 10. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან. სამოქალაქო სამართლის იმპერატიული ნორმები

1. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის სხვა კანონებით.

2. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.

3. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.

კარი პირველი

პირები

თავი პირველი

ფიზიკური პირები

    მუხლი 11. უფლებაუნარიანობა

1. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.

2. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.

3. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.

4. არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა.

    მუხლი 12. ქმედუნარიანობა

1. ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ქმედუნარიანობა), წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

2. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.

3. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე.

4. შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) არის ქმედუუნარო.

5. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ამ პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).

6. ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად.

    მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით

ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

    მუხლი 14. შეზღუდული ქმედუნარიანობა

1. არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.

2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.

3. ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა აღარ არის ის საფუძველი, რომლის გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.

    მუხლი 15. წარმომადგენლის თანხმობა შეზღუდული ქმედუნარიანობისას

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.

    მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო

1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.

2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.

    მუხლი 17. სახელის უფლება

1. ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს.

2. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ.

3. სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. პირი მოვალეა მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად.

    მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები

1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.

2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.

3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.

4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.

5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

    მუხლი 19. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ

მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.

    მუხლი 20. საცხოვრებელი ადგილი

1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

2. არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა _ მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

3. პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუ იგი იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით ტოვებს ამ ადგილს.

    მუხლი 21. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ფიზიკური პირი შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე იგი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ მისგან სარგებელი. ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს და დაიფარება ვალები.

2. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.

    მუხლი 22. პირის გამოცხადება გარდაცვლილად

1. პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.

2. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან.

3. პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.

    მუხლი 23. გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შედეგები

1. გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. დაბრუნების დროის მიუხედავად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ის შენარჩუნებული ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს.

3. ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.

4. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა ხაზინას და მან მოახდინა მისი რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.

თავი მეორე

იურიდიული პირები

I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 24. ცნება. სახეები

1. იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. იურიდიული პირი შეიძლება იყოს: კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი, და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. მათი შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

4. სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ა.შ.) ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

    მუხლი 25. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონში ან მის დამფუძნებელ დოკუმენტებში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოსა თუ არასამეწარმეოს) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებაში გათვალისწინებული.

3. ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ამ საქმიანობის განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ნებართვის მიღების მომენტიდან.

4. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 26. არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდება

1. არასამეწარმეო იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. სამეწარმეო იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება წესრიგდება კანონით მეწარმეთა შესახებ.

2. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ეს სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

3. იურიდიული პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება მე-18 მუხლის წესები.

    მუხლი 27. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი

1. იურიდიული პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).

2. იურიდიული პირის სხვა ადგილსამყოფელი ჩაითვლება მისი ფილიალის ადგილსამყოფლად.

    მუხლი 28. იურიდიული პირის ფილიალი

1. იურიდიული პირის ფილიალი _ განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

2. ფილიალი არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიანობას ეწევა იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე.

    მუხლი 29. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირები

იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, უნდა შეიქმნას მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით.

    მუხლი 30. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

1. იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი. სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურება საერთო მიზანს, არ ცვლის არაკომერციული იურიდიული პირის ხასიათს. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება კავშირის წევრებსა და ფონდის შემომწირველებს შორის დაუშვებელია.

2. კავშირი არის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც.

3. ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალურ ქონებას საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრები.

II. საერთო ნორმები კავშირისა და ფონდის შესახებ

    მუხლი 31. კავშირისა და ფონდის რეგისტრაცია

1. კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო, ხოლო ფონდისას _ იუსტიციის სამინისტრო.

2. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როცა წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი იურიდიული პირის მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. ფონდის შემთხვევაში ქონება უნდა მიესადაგებოდეს დასახულ მიზნებს.

3. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. კავშირის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მასალები წარედგინება კავშირის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს.

4. სასამართლომ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს ერთი თვის ვადაში განცხადების შეტანის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებულად ჩაითვლება. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.

5. რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 32. კავშირისა და ფონდის წესდება

1. კავშირისა და ფონდის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით.

2. წესდება უნდა შეიცავდეს:

) საქმიანობის მიზნებს;

) სახელწოდებას;

) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

) ქონების ლიკვიდაციისა და განაწილების წესს;

) კავშირის ან ფონდის დამფუძნებლების, შემომწირველების, გამგეობის ყველა წევრის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს, გამგეობის სხდომების დანიშვნისა და მათზე გადაწყვეტილებების მიღების წესებს;

) კავშირის წევრთა უფლებამოსილებას.

3. წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც, სახელდობრ:

) მმართველობისა და კონტროლის სხვა ორგანოების ფუნქციებს;

) კავშირის წევრთა კრების უფლებამოსილებას.

4. ფონდის წესდება, ამ მუხლის მეორე ნაწილში მოცემულის გარდა, უნდა შეიცავდეს:

) შესაწირავის მინიმალურ ოდენობასა და სახეს;

) მითითებებს თანხის გამოყენების შესახებ.

5. წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

    მუხლი 33. რეგისტრაციის მონაცემები

1. კავშირისა და ფონდის რეგისტრაციის დოკუმენტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იურიდიული პირის სახელწოდებასა და ადგილსამყოფელს, საქმიანობის მიზანს, წესდების მიღების თარიღს, დამფუძნებლების ვინაობას, გამგეობის წევრთა ვინაობასა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვებს.

2. რეგისტრაციის მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს.

3. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს რეესტრის ჩანაწერებს და მოითხოვოს წერილობითი ამონაწერები.

    მუხლი 34. ცვლილებების რეგისტრაცია

ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, გამგეობამ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სასამართლოს (იუსტიციის სამინისტროს) სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით. ისინი შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება.

    მუხლი 35. სახელმწიფო კონტროლი კავშირისა და ფონდის საქმიანობაზე

სასამართლომ (იუსტიციის სამინისტრომ) უნდა გააუქმოს რეგისტრაცია, თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება.

    მუხლი 36. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ გამგეობის წევრებს და, ცალკეულ შემთხვევებში, სპეციალურ წარმომადგენლებს. ეს ამავე დროს მათ მოვალეობას შეადგენს.

2. ხელმძღვანელობის ფარგლები განისაზღვრება წესდებით კავშირის ან ფონდის მიზნების შესაბამისად.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი პირის მიერ საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილებას, ან აწესებდეს ორი ან რამდენიმე პირის ერთობლივ ხელმძღვანელობას.

4. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, თუ რომელი მოქმედების განხორციელება საჭიროებს სხვა საკონტროლო ორგანოების თანხმობას.

    მუხლი 37. გამგეობის კომპეტენცია მესამე პირებთან ურთიერთობაში

1. გამგეობა წარმოადგენს კავშირს ან ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობებში. წესდებამ უნდა მოაწესრიგოს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები იმოქმედებენ ერთპიროვნულად, რამდენიმე თუ ყველა ერთობლივად.

2. წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამ შეზღუდვებს მესამე პირთათვის ძალა აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი რეგისტრირებულია რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე პირებმა იცოდნენ ამ შეზღუდვების შესახებ.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კავშირის ან ფონდის სპეციალური წარმომადგენლის არსებობას. წესდებამ უნდა მოაწესრიგოს მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და წარმომადგენლობის ფორმა, რაც ასევე უნდა იქნეს რეგისტრირებული.

    მუხლი 38. ზიანის ანაზღაურება

1. კავშირი და ფონდი პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგათ მესამე პირებს გამგეობის წევრების ან სხვა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების შედეგად, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდნენ. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, კავშირის ან ფონდის წინაშე პასუხს აგებენ წარმოშობილი ზიანისათვის. უარის თქმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილია, თუკი იგი აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. კავშირისა და ფონდის ვალდებულებებისათვის მათი წევრები პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებენ პასუხს კავშირი და ფონდი მათი წევრების ვალდებულებებისათვის.

    მუხლი 39. კავშირისა და ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კავშირისა და ფონდის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კავშირისა და ფონდის ლიკვიდაცია ხდება წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიზნის მიღწევის შედეგად, გაკოტრების ან რეგისტრაციის გაუქმებისას.

3. ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

4. ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები შეიძლება განისაზღვრონ წესდებით. სასამართლო ან იუსტიციის სამინისტრო დარჩენილ ქონებას შესაბამისად გადასცემს ერთ ან რამდენიმე კავშირს ან ფონდს, რომლებიც იმავე ან მსგავს მიზნებს ემსახურებიან, რასაც _ ლიკვიდირებული კავშირი ან ფონდი. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

5. ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს. ქონება შეიძლება განაწილდეს გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.

6. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს (იუსტიციის სამინისტროს) შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ როგორც გამგეობის წევრები.

III. სპეციალური ნორმები კავშირის შესახებ

    მუხლი 40. გამგეობა

1. გამგეობას ირჩევს წევრთა კრება ოთხი წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე. წესდება განსაზღვრავს ასევე გამგეობის წევრთა საქმიანობის ანაზღაურების საკითხს.

2. გადაწყვეტილება გამგეობის არჩევის შესახებ შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს. გაუქმების საკითხი წესდებით შეიძლება დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობასთან.

3. თუ გამგეობის წევრთა რაოდენობა ვერ აღწევს წესდებით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას, სასამართლოს შეუძლია გარდამავალი დროისათვის დანიშნოს წევრები იმავე კავშირიდან. ასეთ შემთხვევაში გამგეობის წევრებმა უნდა მოიწვიონ წევრთა საერთო კრება, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 41. კავშირის წევრთა საერთო კრება

1. კავშირის წევრთა საერთო კრებას იწვევს გამგეობა წელიწადში ერთხელ მაინც, ან როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით.

2. კრების მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით ან კავშირის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

3. წევრთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კავშირის ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.

4. კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება წესდების შეცვლის თაობაზე _ ორი მესამედის უმრავლესობით. კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.

    მუხლი 42. კომისიები

წევრთა კრებას შეუძლია წესდების მიხედვით შექმნას კომისიები, რომელთაც კრებებს შორის პერიოდში შეიძლება გადაეცეთ კრების ფუნქციები, განსაკუთრებით კავშირის საქმიანობაზე კონტროლის განსახორციელებლად. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ კავშირის წევრები.

    მუხლი 43. საკონსულტაციო ორგანოები

კავშირის ამოცანების განხორციელების პროცესში წევრთა კრებას შეუძლია შექმნას სპეციალური საკონსულტაციო საბჭოები, თუ წესდება ამას ითვალისწინებს. ასეთ ორგანოებში შეიძლება გაერთიანდნენ ისინიც, ვინც არ არიან კავშირის წევრები.

    მუხლი 44. კავშირის წევრობა

1. კავშირში წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე ან წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ყოველ წევრს უფლება აქვს გავიდეს კავშირიდან. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გასვლის განსაზღვრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. თუ კავშირიდან გასვლა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, მაშინ გასვლის ვადის დაწესება სავალდებულო არ არის.

3. წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას წევრთა საერთო კრებას შეუძლია წევრი გარიცხოს კავშირიდან. გარიცხულ წევრს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

5. თუ წევრობის მსურველთათვის კავშირი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას საარსებო სოციალური ან სხვა ამოცანების განხორციელებისას, მაშინ ამ პირს აქვს კავშირში გაწევრიანების მოთხოვნის უფლება, თუკი წევრად მისი მიღება არ ეწინააღმდეგება კავშირის ძირითად პრინციპებს.

    მუხლი 45. არარეგისტრირებული კავშირი

1. არარეგისტრირებული კავშირის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება წევრთა ურთიერთშეთანხმებით. არარეგისტრირებული კავშირი არ არის იურიდიული პირი.

2. წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს კავშირის საერთო ქონებას.

3. არარეგისტრირებული კავშირი შეიძლება სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.

4. კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს კავშირის საერთო ქონებიდან. ამასთან, პერსონალურად და, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ აგრეთვე ის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ კავშირის სახელით.

IV. სპეციალური ნორმები ფონდის შესახებ

    მუხლი 46. ფონდი დესტინატერებისათვის

30-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა, ფონდის მიზანი შეიძლება იყოს აგრეთვე განსაზღვრული პირების ან პირთა კონკრეტულად განსაზღვრული წრეების მხარდაჭერა. ყველა პირს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ წილი ფონდის ქონებიდან (დესტინატერები), გამგეობის ყველა წევრის თანხმობით შეუძლიათ ფონდის გაუქმება ან ფონდის მიზნის შეცვლა, თუ ამას ეთანხმება იუსტიციის სამინისტრო. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება დესტინატერებს შორის.

    მუხლი 47. ფონდში შესატანის უზრუნველყოფის ვალდებულება

1. დამფუძნებელმა (დამფუძნებლებმა) სანოტარო წესით დამოწმებული ფონდის შექმნის დოკუმენტით უნდა იკისროს ფონდში ქონების იმ ოდენობით შეტანის მოვალეობა, რომელიც აუცილებელია ფონდის მიზნის მისაღწევად. თუ ქონება არასაკმარისია, მაშინ მას უარი უნდა ეთქვას ფონდის რეგისტრაციაზე.

2. რეგისტრაციამდე ყოველთვის შეიძლება უარის თქმა ქონების გადაცემაზე. რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში ქონება სრულად უნდა იქნეს გადაცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია კარგავს ძალას.

3. ფონდის მიზნები უნდა დაფინანსდეს ქონებიდან მიღებული შემოსავლებით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. თუ გარკვეული დროის მანძილზე ეს შემოსავლები საკმარისი არ არის, მაშინ ფონდის საქმიანობა შესაბამისად უნდა შემცირდეს ან შეჩერდეს, ხოლო შემოსავლები მიემატოს ფონდის ქონებას.

4. ფონდის ქონების მდგომარეობის თაობაზე ყოველწლიურად უნდა შედგეს ანგარიში შესაბამისი ფორმით.

    მუხლი 48. სამეთვალყურეო ორგანო

1. გამგეობისა და სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის, გამოწვევისა და კონტროლის მიზნით წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო ორგანოს (კურატორიუმის) შექმნას, რომლის წევრებსაც მოიწვევენ ფონდის დამფუძნებლები. დამფუძნებლების გარდაცვალების შემდეგ დესტინატერების მიერ ან წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში სამეთვალყურეო ორგანოს შემადგენლობა შეიძლება გაიზარდოს ახალი წევრებით (კოოპტაციის წესი).

2. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკონტროლებს, რომ ფონდის მმართველობა ხორციელდებოდეს კანონისა და წესდების შესაბამისად. იუსტიციის სამინისტროს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ და შეამოწმოს მისი დოკუმენტაცია.

3. სამეთვალყურეო ორგანოს (კურატორიუმს) შეუძლია შეაჩეროს გამგეობის გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან მოითხოვოს მათი გაუქმება, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონს ან წესდებას.

4. სამეთვალყურეო ორგანო უზრუნველყოფს, რომ გამგეობისა და სხვა ორგანოების დანიშვნა შეესაბამებოდეს წესდებას. თუ წესდება საკმარისად ვერ აწესრიგებს ამ ურთიერთობებს, ამ ორგანოს შეუძლია დამატებითი მითითებების მიცემა.

    მუხლი 49. ფონდის მიზნის შეცვლა

თუ დესტინატერების გარეშე ფონდში შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა, ან არსებობს სხვა საფუძველი ფონდის ლიკვიდაციისათვის, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, თუ წესდებაში არაფერია ნათქვამი ამის შესახებ, ლიკვიდაციის ნაცვლად მოითხოვოს მიზნის შეცვლა ან განახორციელოს სხვა ფონდებთან შერწყმა თავდაპირველ მიზანთან მსგავსების შენარჩუნებით; თუ დამფუძნებელთაგან ცოცხალია ერთი მაინც, საჭიროა მისი თანხმობა.

კარი მეორე

გარიგებანი

თავი პირველი

ზოგადი ნორმები

    მუხლი 50. ცნება

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

    მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა

1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

3. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ქმედუნარიანობის დაკარგვამ, თუკი ეს მოვლენები დადგა ნების გამოვლენის შემდეგ.

    მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

    მუხლი 53. გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო

გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.

    მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

    მუხლი 55. გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო

1. გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).

2. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

    მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

    მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

1. ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

    მუხლი 58. გარიგების ბათილობა ქმედუუნარობის ან ფსიქიკური მოშლილობის გამო

1. ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა.

2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს.

3. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.

    მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

1. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

3. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 60. გარიგების კონვერსია

თუ ბათილი გარიგება აკმაყოფილებს სხვა გარიგებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება ეს უკანასკნელი, თუკი გარიგების ბათილობის შეტყობისას მხარეებს სურთ მისი ნამდვილობა.

    მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას

1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.

2. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება.

3. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.

4. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი, რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო.

5. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.

    მუხლი 62. გარიგების ნაწილის ბათილობა

გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

თავი მეორე

ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა

    მუხლი 63. არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება

1. თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

2. თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს საკითხს თავისი ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.

    მუხლი 64. უარი არასრულწლოვანის მიერ დადებულ გარიგებაზე

1. არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე მეორე მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

2. თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.

    მუხლი 65. არასრულწლოვანის ემანსიპაცია

1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან _ ამ წარმომადგენლების თანხმობით _ მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.

2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.

3. საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.

    მუხლი 66. წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ბათილობა

ბათილია ცალმხრივი გარიგება, რომელსაც არასრულწლოვანი დებს კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბათილია ასეთი გარიგება მაშინაც, როცა არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი. ასეთი უარი დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ.

    მუხლი 67. ნებართვის ვალდებულება ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე

გარიგება, რომელიც დაიდო ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე, მოითხოვს ნებართვას, თუ დადგინდება, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოხდა ქმედუნარიანობის შეზღუდვა, აშკარად არსებობდა გარიგების დადების დროსაც.

თავი მესამე

გარიგების ფორმა

    მუხლი 68. ფორმის მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის

გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

    მუხლი 69. ფორმის სახეები

1. მარტივი წერილობითი ფორმის არსებობისას გარიგების ნამდვილობისათვის საკმარისია გარიგებაში მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

2. მექანიკური საშუალებებით ხელმოწერის აღდგენა, განმეორება ან აღბეჭდვა დასაშვებია იქ, სადაც ეს მიღებულია ჩვეულებად, სახელდობრ, ფასიან ქაღალდებზე ხელის მოწერისას, რომელთა გამოშვებაც დიდი რაოდენობით ხდება.

3. თუ გარიგების ფორმა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, მაშინ დამოწმება უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა, მოსამართლემ ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

    მუხლი 70. ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისათვის

იმ პირს, ვინც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის ან ავადმყოფობის გამო, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.

    მუხლი 71. გარიგების დადება რამდენიმე დოკუმენტის შედგენით

თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის.

თავი მეოთხე

საცილო გარიგებანი

I. შეცდომით დადებული გარიგებანი

    მუხლი 72. ცნება

გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

    მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები

არსებით შეცდომად ითვლება, როცა:

) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა;

) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;

) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

    მუხლი 74. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში

1. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნების მიმართ მხოლოდ მაშინ ითვლება არსებითად, როდესაც თვითონ კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებების გათვალისწინება გარიგების დადების მთავარი საფუძველია.

2. შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არსებითად, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.

    მუხლი 75. შეცდომა უფლებაში

შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.

    მუხლი 76. შეცდომა გარიგების მოტივში

შეცდომა გარიგების მოტივში არ ჩაითვლება არსებითად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოტივი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

    მუხლი 77. კონტრაჰენტის თანხმობა შეცდომით დადებულ გარიგებებში

შეცდომით ნების გამოვლენა არ შეიძლება საცილო გახდეს, თუკი მეორე მხარე თანახმაა შეასრულოს გარიგება იმ მხარის სურვილის თანახმად, რომელსაც სურს საცილო გახადოს გარიგება.

    მუხლი 78. წვრილმანი შეცდომები

წვრილმანი შეცდომები გამოანგარიშებებში ან წერილობით განხორციელებულ ნების გამოვლენაში იძლევა მხოლოდ შესწორების, მაგრამ არა შეცილების უფლებას.

    მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

1. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

2. თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

    მუხლი 80. შეცდომა შუამავლის მიზეზით

ნების გამოვლენა, რომელიც არასწორად იქნა შეტყობინებული შუამავლად გამოყენებული პირის მიერ, შეიძლება საცილო გახდეს იმავე პირობებით, რაც 73-ე მუხლის მიხედვით შეცდომით დადებული გარიგება.

II. მოტყუებით დადებული გარიგებანი

    მუხლი 81. ცნება

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

    მუხლი 82. გარიგების მიჩნევა ბათილად მოტყუების გამო

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ _ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

    მუხლი 83. მოტყუება მესამე პირის მხრიდან

1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.

    მუხლი 84. შეცილების ვადა

მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

III. იძულებით დადებული გარიგებანი

    მუხლი 85. ცნება

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

    მუხლი 86. იძულების ხასიათი

1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

    მუხლი 87. იძულება პირის ახლობელთა წინააღმდეგ

იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

    მუხლი 88. იძულება მართლზომიერი საშუალებებით

85 _ 87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.

    მუხლი 89. შეცილების ვადა

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.

თავი მეხუთე

პირობითი გარიგებანი

    მუხლი 90. ცნება

პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა _ ამ მოვლენის დადგომისთანავე.

    მუხლი 91. მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური პირობის ბათილობა

ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ პირობაზეა დამოკიდებული, მთლიანად ბათილია.

    მუხლი 92. ნებაზე დამოკიდებული პირობა

ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია.

    მუხლი 93. პოზიტიური პირობა

1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა.

2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს. პირობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული, როცა აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია.

    მუხლი 94. ნეგატიური პირობა

1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა შესრულებულად ითვლება, თუკი აღნიშნული ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე; პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, როცა ვადის გასვლამდე აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია.

2. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, პირობა შესრულებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათელი გახდება, რომ მოვლენა არ დადგება.

    მუხლი 95. პირობის დადგომაზე ზემოქმედების დაუშვებლობა

1. იმ პირს, რომელმაც განსაზღვრული პირობით დადო გარიგება, არა აქვს უფლება პირობის დადგომამდე შეასრულოს რაიმე ისეთი მოქმედება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მისი ვალდებულების შესრულებას.

2. თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და პირს უკვე შესრულებული აქვს ასეთი მოქმედება, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი მოქმედებით წარმოშობილი ზიანი.

    მუხლი 96. გარიგება გადადების პირობით

გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია.

    მუხლი 97. გარიგება გაუქმების პირობით

გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.

    მუხლი 98. კეთილსინდისიერების მნიშვნელობა პირობის დადგომისას

1. თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად ჩაითვლება.

2. თუ პირობის დადგომას არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელია, პირობა დამდგარად არ ჩაითვლება.

თავი მეექვსე

თანხმობა გარიგებებში

    მუხლი 99. ცნება

1. თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე.

2. თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა.

3. თუ გარიგება, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, დადებულია მისი თანხმობით, მაშინ შესაბამისად გამოიყენება 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებები.

    მუხლი 100. წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა)

წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა) შეიძლება გარიგების დადებამდე გაუქმდეს, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თანხმობის (ნებართვის) გაუქმების შესახებ უნდა ეცნობოს ორსავე მხარეს.

    მუხლი 101. შემდგომი თანხმობა (მოწონება)

შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 102. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ

1. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.

2. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს.

თავი მეშვიდე

წარმომადგენლობა გარიგებებში

    მუხლი 103. ცნება

1. გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით.

    მუხლი 104. გარიგების შედეგების ადრესატი წარმომადგენლობისას

1. იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

2. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.

3. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.

    მუხლი 105. წარმომადგენლის შეზღუდული ქმედუნარიანობა

წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია მაშინაც, როცა წარმომადგენელი შეზღუდულად ქმედუნარიანი იყო.

    მუხლი 106. ნების გამოვლენის ნაკლი წარმომადგენლობისას

1. ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია წარმომადგენლის ნება.

2. თუ ნების გამოვლენის ნაკლი შეეხება ისეთ გარემოებებს, რომლებიც წარმოდგენილი პირის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, აღნიშნული ნაკლი შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნაკლი წარმოდგენილი პირისაგან მომდინარეობს.

    მუხლი 107. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

1. უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.

2. ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა.

    მუხლი 108. შეტყობინების ვალდებულება უფლებამოსილების შეცვლისას

უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.

    მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:

) იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;

) უფლებამოსილი პირის უარით;

) უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;

) უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით ან მისი ქმედუუნარობის დადგომით, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

) შესრულებით.

    მუხლი 110. წარმომადგენლის ვალდებულება უფლებამოსილების გაქარწყლებისას

უფლებამოსილების გაქარწყლების შემდეგ წარმომადგენელმა უფლებამოსილების საბუთი უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილების გამცემს; საბუთის დატოვების უფლება მას არა აქვს.

    მუხლი 111. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე

1. თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

2. თუ მეორე მხარე წარმოდგენილი პირისაგან მოითხოვს თანხმობას, მაშინ ამ თანხმობის შესახებ უნდა ეცნობოს მხოლოდ მას. თანხმობა შეიძლება გაიცეს მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში; თუ ეს არ მოხდა, მაშინ ითვლება, რომ თანხმობაზე მოთხოვნა უარყოფილია.

    მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება

ხელშეკრულების დასადებად თანხმობის მიცემამდე მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ მან ხელშეკრულების დადების დროს იცოდა. ხელშეკრულების დადებაზე უარი შეიძლება გამოითქვას წარმომადგენლის მიმართაც.

    მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას

1. თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს.

2. თუ წარმომადგენელმა არ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მეორე მხარეს მიადგა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ამ უფლებამოსილებას.

3. წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მეორე მხარემ იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ. წარმომადგენელი პასუხს არ აგებს მაშინაც, როცა ქმედუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოქმედებდა თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

    მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა

თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

კარი მესამე

უფლების განხორციელება

    მუხლი 115. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა

სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

    მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი

1. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს დამდგარი ზიანი არ ანაზღაურდება.

2. აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება ისეთი თავდაცვა, რომელიც აუცილებელია საკუთარ თავზე ან სხვებზე რეალური მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოსაგერიებლად.

    მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი

1. იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიყენებული ზიანი, რომელიც მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა თავიდან აცდენილი ყოფილიყო სხვა საშუალებით და, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებ მნიშვნელოვანია, უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა (უკიდურესი აუცილებლობა).

2. იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული იყო ზიანი, მისი ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მესამე პირს, რომლის ინტერესებისთვისაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდეს ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის მიმყენებელიც.

    მუხლი 118. თვითდახმარება

თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა.

    მუხლი 119. თვითდახმარების ფარგლები

1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2. ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება ნივთზე ყადაღის დადების შესახებ.

3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სათანადო ორგანოებს.

    მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

პირი, რომელიც 118-ე მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებას განახორციელებს იმ მცდარი ვარაუდით, თითქოს ეს აუცილებელი იყო მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი.

კარი მეოთხე

ვადები

თავი პირველი

ვადების გამოთვლა

    მუხლი 121. ვადების გამოთვლის წესების გამოყენების სფერო

კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები.

    მუხლი 122. ვადის დასაწყისის აღმნიშვნელი დრო

თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო.

    მუხლი 123. ვადის დამთავრება

1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით _ წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, _ მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.

3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.

    მუხლი 124. ცნებები

1. ნახევარი წელი ნიშნავს ექვსთვიან ვადას, კვარტალი _ სამთვიან ვადას, რომელიც აითვლება წლის დასაწყისიდან, ხოლო ნახევარი თვე _ თხუთმეტდღიან ვადას.

2. თუ ვადა შედგება ერთი ან რამდენიმე მთლიანი და ნახევარი თვისაგან, ბოლოს უნდა გამოითვალოს თხუთმეტი დღე.

    მუხლი 125. ვადის გამოთვლა ვადის გაგრძელებისას

ვადის გაგრძელების შემთხვევაში ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან.

    მუხლი 126. ვადის გამოთვლა თვეების მიხედვით

1. თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი _ სამას სამოცდახუთით.

2. თვის დასაწყისად ითვლება თვის პირველი დღე, შუა თვედ _ თვის მეთხუთმეტე დღე, ხოლო თვის დასასრულად _ თვის ბოლო დღე.

    მუხლი 127. გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეები

თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.

თავი მეორე

ხანდაზმულობა

    მუხლი 128. ცნება. სახეები

1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

2. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება:

) პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

) მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.

3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

    მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს.

2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

    მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება

ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

    მუხლი 131. მოთხოვნის წარმოშობა

თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

    მუხლი 132. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 133. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქორწინების განმავლობაში

სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე.

    მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქმედუუნარო პირის მონაწილეობისას

თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს, ანდა მიმართულია ასეთი პირებისადმი, ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად ითვლება, ვიდრე პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება, ან მას არ დაენიშნება წარმომადგენელი.

    მუხლი 135. დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია

დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.

    მუხლი 136. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი

1. ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, _ ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

2. იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე; ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, _ ხანდაზმულობის ვადამდე.

    მუხლი 137. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

    მუხლი 138. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანით

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

    მუხლი 139. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა

1. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

2. თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომი გაგრძელების შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან ერთად. თუ ერთ-ერთი მხარე პროცესს კვლავ განაგრძობს, შეწყვეტის შემდეგ დაწყებული ხანდაზმულობის ახალი ვადა ისევე შეწყდება, როგორც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით.

    მუხლი 140. უარი სარჩელზე

1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული.

2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

    მუხლი 141. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ათვლა თავიდან

თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

    მუხლი 142. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

2. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა.

    მუხლი 143. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ

თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც.

    მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას

1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

2. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

3. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

    მუხლი 145. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

    მუხლი 146. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა შეთანხმებით

ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.

წიგნი მეორე

სანივთო (ქონებრივი) სამართალი

კარი პირველი

ქონება

    მუხლი 147. ცნება

ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

    მუხლი 148. ნივთის სახეები

ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

    მუხლი 149. უძრავი ნივთის ცნება

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

    მუხლი 150. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

1.ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

    მუხლი 151. საკუთვნებელი

1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.

    მუხლი 152. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

    მუხლი 153. აქცესორული და შეზღუდული უფლებები

1. აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

2. შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით.

    მუხლი 154. ნივთისა და უფლების ნაყოფი

1. ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა, რომელთაც ეს ნივთი იძლევა.

2. უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად.

3. ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და უპირატესობა, რომელთა მიღებასაც ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით.

4. უფლებამოსილება ნივთზე ან უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ ნივთისა თუ უფლების ნაყოფის მიღებას ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის შესაბამისად.

5. თუ პირი მოვალეა უკან დააბრუნოს ნაყოფი, მას შეუძლია მოითხოვოს ნაყოფზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუკი ეს ხარჯები სწორი სამეურნეო საქმიანობის შედეგია და ნაყოფის ღირებულებას არ აღემატება.

კარი მეორე

მფლობელობა

    მუხლი 155. ცნება. სახეები

1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.

3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.

5. თუ ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს, ისინი ითვლებიან ცალკეული ნაწილების მფლობელებად.

    მუხლი 156. მფლობელობის შეწყვეტა

მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

    მუხლი 157. მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე

მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან).

    მუხლი 158. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

1. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

    მუხლი 159. კეთილსინდისიერი მფლობელი

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

    მუხლი 160. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.

    მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

    მუხლი 162. მართლზომიერი მფლობელის უფლებები

1. დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი.

2. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.

    მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა

1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.

3.კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

    მუხლი 164. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი

არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება.

    მუხლი 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).

2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.

    მუხლი 166. ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდი

თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.

    მუხლი 167. უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

    მუხლი 168. ნივთის მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის პრეტენზიის გამო

ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

    მუხლი 169. ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება

მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა ნივთს, აქვს ამ ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

კარი მესამე

საკუთრება

თავი პირველი

საკუთრების შინაარსი

    მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი

1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

3. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.

    მუხლი 171. საკუთრების უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე

ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.

    მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

    მუხლი 173. საერთო საკუთრება

1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

2. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის.

3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

თავი მეორე

სამეზობლო სამართალი

    მუხლი 174. ცნება. ურთიერთპატივისცემის მოვალეობა

მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

    მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება

1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

3. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

    მუხლი 176. დაუშვებელი ხელყოფა

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

    მუხლი 177. საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა

თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა ან ამ წყლებით მანიპულირება ისე, რომ ამან სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის შემცირება ან/და ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს; დაუშვებელია მდინარეთა ბუნებრივი დინების ხელყოფა.

    მუხლი 178. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლება ნაყოფზე

1. თუ ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობელ მიწის ნაკვეთზე დავარდა, იგი ჩაითვლება ამ ნაკვეთის ნაყოფად.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა.

    მუხლი 179. ფულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის

1. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.

2. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

    მუხლი 180. აუცილებელი გზა

1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

    მუხლი 181. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა

1. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო.

    მუხლი 182. სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება

1. თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა.

2. თუ ორივე მეზობელი უფლებამოსილია ერთობლივად ისარგებლოს საზღვრად გამოყენებული ნაგებობით, თითოეულ მათგანს შეუძლია ნაგებობა მხოლოდ ისე გამოიყენოს, რომ ამით ხელი არ შეუშალოს მეორე მეზობელს თანასარგებლობაში.

3. ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება.

4. ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია ამ სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე.

თავი მესამე

საკუთრების შეძენა და დაკარგვა

I. საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე

    მუხლი 183. უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები

1. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს.

2. საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. თუ ერთ-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს ამის შესახებ.

    მუხლი 184. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება

უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.

    მუხლი 185. შემძენის ინტერესების დაცვა

შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

II. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე

    მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები

1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

    მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი

1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

2. მოძრავი ნივთების შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრემ ეს ნივთები დაკარგა, მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა თუ შემძენმა ისინი უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა ან/და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.

    მუხლი 188. პირობადებული საკუთრება

1. თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.

2. პირველ ნაწილში აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, თუ გამსხვისებელი ნებისმიერი სხვა გზით, ვიდრე საფასურის გადახდაა, დაკმაყოფილდება, ან თუ შემძენი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

    მუხლი 189. საკუთრების გადაცემა ფასიანი ქაღალდების მეშვეობით

თუ შემძენზე საკუთრების გადასვლისთვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ აუცილებელია ფასიანი ქაღალდის გადაცემა, საკუთრება გადასულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსხვისებელი შემძენს გადასცემს ფასიან ქაღალდს.

    მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე

1. თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.

2. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს.

    მუხლი 191. ნაპოვარი

1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, _ პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.

2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე.

3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე. გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება.

4. თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი.

5. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა.

    მუხლი 192. განძი

თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.

    მუხლი 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე

თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.

    მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე

1. თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.

2. თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედაც.

    მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე

თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან. წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 196. უფლებათა გაქარწყლება საკუთრების გადასვლისას

თუ საკუთრება გადადის 193-195-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება.

    მუხლი 197. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

1. პირს, რომელიც 193-195-ე მუხლების მიხედვით კარგავს თავის საკუთრებას, ან სხვაგვარად ირღვევა მისი უფლება, შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვინც მესაკუთრე გახდა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ ახალმა მესაკუთრემ ნივთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით მესამე პირისაგან შეიძინა.

III. საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე

    მუხლი 198. ცნება. შინაარსი

1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.

3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს.

    მუხლი 199. მოთხოვნის დათმობა

1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

    მუხლი 200. მოვალის უფლება მოთხოვნის დათმობისას

ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.

    მუხლი 201. უზრუნველყოფის საშუალებათა გადასვლა მოთხოვნის დათმობისას

1. მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

2. მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.

    მუხლი 202. მოთხოვნის მფლობელთა რიგითობა

თუ ერთსა და იმავე მოთხოვნის დათმობაზე მოთხოვნის მფლობელი რამდენიმე პირს შეუთანხმდება, მაშინ მოვალის წინაშე უფლებამოსილი იქნება ის პირი, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა სხვებზე ადრე დაამყარა ურთიერთობა. თუკი შეუძლებელია ამის დადგენა, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ პირს, რომლის შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.

    მუხლი 203. ვალის გადაკისრება

1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

    მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას

თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე.

    მუხლი 205. ახალი მოვალის უფლებები

ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომლებიც გამომდინარეობს მოთხოვნის მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან. მას არა აქვს უფლება გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა.

    მუხლი 206. უზრუნველყოფის საშუალებათა შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას

ვალის გადაკისრებისთანავე შეწყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი უარს არ იტყვის ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.

    მუხლი 207. მოთხოვნის დათმობა კანონის ძალით

წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

თავი მეოთხე

ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლებში

I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 208. ცნება

1. მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება).

2. ბინის საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად.

3. მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.

4. ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იზოლირებულ ბინებზე ან შენობის სხვა იზოლირებულ ნაწილზე. მანქანის დასაყენებელი ადგილები ითვლება იზოლირებულად, თუკი მათი საზღვრები გამოკვეთილია ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენების შედეგად.

    მუხლი 209. ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება

1. ბინის დამქირავებლებს, რომლებმაც სამ წელზე მეტ ხანს იცხოვრეს ბინაში, აქვთ ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება. ისინი ამ უფლების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართავენ ბინის ბოლო მესაკუთრეს.

2. თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, მაშინ იგი იკავებს გამქირავებლის ადგილს.

    მუხლი 210. ბინის საკუთრების შეძენის საფუძვლები

ბინაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების შეძენის ან შეწყვეტისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

    მუხლი 211. ინდივიდუალური საკუთრების საგანი

1. ინდივიდუალური საკუთრების საგანი არის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული ფართი, ასევე ამ ფართის ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ფართს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ანდა არ შეიცვალოს შენობის გარეგნული სახე.

2. შენობის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის, ისევე როგორც ბინის მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობანი, არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრების საგანი მაშინაც კი, როცა ისინი ინდივიდუალურ საკუთრებაში მოქცეულ ფართობზეა განლაგებული.

    მუხლი 212. წილის განსაზღვრა საერთო საკუთრებაში

1. ბინის მესაკუთრის წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან.

2. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში საერთო მესაკუთრეთა წილი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

    მუხლი 213. ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების დაუშვებლობა საერთო საკუთრების შესაბამისი წილის გარეშე

1. არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების გასხვისება, დაგირავება ან სხვაგვარად დატვირთვა საერთო საკუთრების შესაბამისი წილის გაუთვალისწინებლად.

2. ბინის მესაკუთრე იმავდროულად არის საერთო საკუთრების მოწილეც.

    მუხლი 214. ბინის საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

1. თითოეულ ბინის საკუთრებაზე ივსება ცალკე ფურცელი საჯარო რეესტრში.

2. საჯარო რეესტრში ბინის საკუთრების რეგისტრაციის მასალებს თან უნდა დაერთოს სამშენებლო უწყების მიერ დადასტურებული სამშენებლო მოწმობა, შენობის პროექტი, აგრეთვე შენობის იმ ნაწილების მდებარეობა და ზომები, რომლებიც საერთო საკუთრებაშია.

II. ურთიერთობანი ბინის მესაკუთრეთა შორის

    მუხლი 215. შეთანხმებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

1. ურთიერთობები ბინის მესაკუთრეთა შორის განისაზღვრება ამ კოდექსით. შეთანხმებები, რომლებითაც ბინის მესაკუთრენი ერთმანეთთან ურთიერთობებს ამ კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ, აგრეთვე ამგვარ შეთანხმებათა შეცვლა ან გაუქმება ძალაშია მესამე პირებისათვის მხოლოდ მაშინ, თუკი ეს შეთანხმებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

2. გადაწყვეტილებები, რომელთა მისაღებად ამ კოდექსის მიხედვით ან ბინის მესაკუთრეთა შეთანხმებით საჭიროა ხმათა უმრავლესობა, ძალაშია მათი მიღების შემდეგ იმ მესაკუთრეთათვისაც, რომელთაც არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა ან ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

    მუხლი 216. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ცნება

ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ერთობლიობა შეადგენს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

    მუხლი 217. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დაშლის მოთხოვნის დაუშვებლობა

მესაკუთრეს არა აქვს უფლება მოითხოვოს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დაშლა. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ ინგრევა.

    მუხლი 218. ბინის მესაკუთრეთა უფლებები

1. ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამ მოქმედებით იგი არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.

2. 219-ე და 220-ე მუხლების მიხედვით ყოველ ბინის მესაკუთრეს აქვს საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება. საერთო საკუთრების სხვაგვარი გამოყენებისათვის ყოველ ბინის მესაკუთრეს უნდა მიეცეს შესაბამისი წილი 212-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები დაწვრილებით განისაზღვრება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დებულებაში, რომელსაც 224-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარე და ამტკიცებს ბინის მესაკუთრეთა საერთო კრება.

    მუხლი 219. ბინის მესაკუთრეთა მოვალეობანი

1. ბინის მესაკუთრე მოვალეა:

) ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი;

) იზრუნოს იმისათვის, რომ შენობაში განთავსებულ მის საწარმოში დასაქმებულმა პირებმა ან მათ, ვისაც იგი მის ინდივიდუალურ ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ან შენობის ნაწილებს სარგებლობაში გადასცემს, დაიცვან „ა“ ქვეპუნქტში მოცემული მოვალეობანი;

) ითმინოს ზემოქმედებანი მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ შენობის ნაწილებსა და საერთო საკუთრებაზე, თუ ეს ზემოქმედებანი შეესაბამებიან „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პირობებს;

) ნება დართოს უფლებამოსილ პირებს, შევიდნენ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ შენობის ნაწილებში და გამოიყენონ ისინი, თუკი ეს აუცილებელია საერთო საკუთრების სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად და მისთვის მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად; ამ დროს წარმოშობილი ზიანი უნდა ანაზღაურდეს;

) ითმინოს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია საკომუნიკაციო და მომარაგების ობიექტების მოსაწყობად. მესაკუთრე, რომლის სასარგებლოდაც ტარდება ამგვარი ღონისძიებები, ვალდებულია აანაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი.

2. შენობის დანგრევის შემთხვევაში, როცა ზიანი არ არის დაზღვევით ან სხვა საშუალებით უზრუნველყოფილი, ცალკეულ მესაკუთრეებს არ შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა ამ შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციაში. ამ შემთხვევაში ამხანაგობა უქმდება.

    მუხლი 220. საერთო საკუთრებით სარგებლობის უფლება

1. ყოველ ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად.

2. შენობაში მისი ბინის მდებარეობის მიუხედავად, ყოველი ბინის მესაკუთრე სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს საერთო საკუთრების ხარჯები, კერძოდ, სახლის სათანადო მდგომარეობაში შენახვის, მიმდინარე რემონტის, მართვისა და საერთო საკუთრების ერთობლივი სარგებლობის ხარჯები.

3. ბინის მესაკუთრეს, რომელსაც ხმა არ მიუცია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული სახლის სათანადო მდგომარეობაში შენახვასა და მიმდინარე რემონტთან, არ ეკისრება ამგვარი ღონისძიებების შედეგად წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, მას არა აქვს ღონისძიებებიდან გამომდინარე სარგებლობათა მოთხოვნის უფლებაც.

4. წილი განისაზღვრება 212-ე მუხლის მიხედვით.

    მუხლი 221. წილის განსაზღვრა ამხანაგობის დაშლისას

ამხანაგობის დაშლისას საერთო მესაკუთრეთა წილი განისაზღვრება ამხანაგობის დაშლის მომენტისათვის მათი ბინის ღირებულების შესაბამისად. თუ საერთო საკუთრების წილის ღირებულება შეიცვალა იმ ღონისძიებათა შედეგად, რომელთაც ბინის მესაკუთრემ არ დაუჭირა მხარი, მაშინ ამგვარი ცვლილება ამ წილის ღირებულების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.

    მუხლი 222. ბინის გასხვისების ვალდებულების დაკისრება

1. თუ ბინის მესაკუთრემ სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე თავისი მოვალეობები ისე უხეშად დაარღვია, რომ შეუძლებელია მასთან ერთად ამხანაგობის შემდგომი გაგრძელება, მაშინ სხვა მესაკუთრეებს შეუძლიათ მოსთხოვონ მას ბინის გასხვისება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობა, კერძოდ, არსებობს, როცა ბინის მესაკუთრე, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, უხეშად არღვევს 219-ე მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ხმის უფლების მქონე პირთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.

    მუხლი 223. მართვის ორგანოები ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობაში

საერთო საკუთრების მართვა ევალებათ ბინის მესაკუთრეებს 224 _ 228-ე მუხლების მიხედვით და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს 229 _ 231-ე მუხლების თანახმად, ხოლო საკონსულტაციო საბჭოს შექმნისას მართვა ხორციელდება 232-ე მუხლის მიხედვით.

    მუხლი 224. საერთო საკუთრების მართვა

1. საერთო საკუთრების მართვა ეკისრებათ ბინის მესაკუთრეებს ერთობლივად, თუ ამ კოდექსით ანდა ბინის მესაკუთრეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. ბინის მესაკუთრე უფლებამოსილია, სხვა ბინის მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე მიიღოს აუცილებელი ზომები იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელიც საერთო საკუთრებას უშუალოდ ემუქრება. ამ მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

3. ყოველ ბინის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს საქმიანობის წარმართვა მიღებული შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების მიხედვით, ხოლო, თუ ასეთები არ არსებობს, _ ბინის მესაკუთრეთა საერთო ინტერესების შესაბამისად.

4. ბინის მესაკუთრეთა საერთო ინტერესების შესაბამის სათანადო მართვას, კერძოდ, მიეკუთვნება:

) ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დებულებისა და შინაგანაწესის მიღება;

) საერთო საკუთრების სათანადო შენახვა და რემონტი, თუ ეს აუცილებელია, რათა შენობა საცხოვრებლად ვარგისი იყოს;

) საერთო საკუთრების სათანადო დაზღვევა;

) სახსრების შეგროვება შენობის სათანადოდ შესანახად;

) სამეურნეო გეგმის მიღება;

) ყველა იმ ღონისძიების განხორციელება, რომლებიც აუცილებელია ბინის მესაკუთრეთა სასარგებლოდ საკომუნიკაციო და მომარაგების ობიექტების მოსაწყობად.

    მუხლი 225. ბინის მესაკუთრეთა ერთობლივი კომპეტენცია

ბინის მესაკუთრენი ერთობლივად წყვეტენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამეურნეო და საფინანსო გეგმის შედგენა, შენობის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენა, შინაგანაწესის მიღება, ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა და განთავისუფლება, შენობის შენახვის ხარჯების ოდენობის განსაზღვრა.

    მუხლი 226. ბინის მესაკუთრეთა კრება

1. ბინის მესაკუთრენი გადაწყვეტილებებს იღებენ ბინის მესაკუთრეთა კრებაზე.

2. გადაწყვეტილების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ მისი საგანი უკვე იყოს გამოცხადებული კრების მოწვევის დროისათვის.

3. გადაწყვეტილება შეიძლება კრების გარეშეც იქნეს მიღებული, თუკი ბინის მესაკუთრენი მასზე თანხმობას წერილობით განაცხადებენ.

    მუხლი 227. ბინის მესაკუთრეთა კრების მოწვევა

1. ბინის მესაკუთრეთა კრება მოიწვევა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც.

2. ბინის მესაკუთრეთა კრება მოიწვევა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მაშინაც, როცა ამას მოითხოვს ბინის მესაკუთრეთა ერთ მეოთხედზე მეტი. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ერთ-ერთმა ბინის მესაკუთრემაც.

3. კრება მოიწვევა ერთი კვირის ვადაში მისი მოწვევის შესახებ წერილობითი განცხადების გაკეთების დღიდან; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ.

4. ბინის მესაკუთრეთა კრებას უძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს.

5. კრებაზე მიღებული დადგენილება აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს კრების თავმჯდომარე. ყოველი ბინის მესაკუთრე უფლებამოსილია შეამოწმოს ოქმი.

    მუხლი 228. კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა

1. გადაწყვეტილებათა მიღებისას ყოველ მესაკუთრეს თითო ხმა აქვს. თუ ბინას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შეუძლიათ ხმის უფლება მხოლოდ ერთობლივად გამოიყენონ.

2. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტი.

3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს ახალი კრება იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას.

4. გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კოდექსით ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 229. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი

1. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილი და მოვალეა:

) განახორციელოს ბინის მესაკუთრეთა კრების გადაწყვეტილებანი და იზრუნოს შინაგანაწესის შესრულებისათვის;

) მიიღოს აუცილებელი ზომები საერთო საკუთრების სათანადო შენახვისა და მიმდინარე რემონტისათვის;

) მიიღოს ზომები, რომლებიც აუცილებელია რაიმე ვადის დასაცავად ან რომელიმე უარყოფითი სამართლებრივი შედეგის თავიდან ასაცილებლად;

) განკარგოს საერთო თანხები.

2. თავმჯდომარე უფლებამოსილია ყველა ბინის მესაკუთრის სახელით:

) მოითხოვოს, მიიღოს და გადაიხადოს გაწეული ხარჯების, ვალების დასაფარავი თანხა და საიპოთეკო პროცენტები, თუ ეს ბინის მესაკუთრეთა საერთო საქმეებს შეეხება;

) განახორციელოს ანგარიშსწორებანი, შეასრულოს ვალდებულებანი და სხვა ფულადი გარიგებანი, რომლებიც დაკავშირებულია საერთო საკუთრების მიმდინარე მართვასთან;

) დადოს ხელშეკრულებები და წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია, თუკი ისინი შეეხება ბინის მესაკუთრეთა ინტერესებს;

) გამოვიდეს სასამართლოში ან სხვა ორგანოებში, თუ ბინის მესაკუთრეები მიანიჭებენ მას ამ უფლებამოსილებას.

3. თავმჯდომარე ვალდებულია ბინის მესაკუთრეთა თანხას ინახავდეს საკუთარი ქონებისაგან განცალკევებით.

4. თავმჯდომარე საჭიროებისამებრ მოქმედებს ბინის მესაკუთრეთა მიერ გაცემული დავალების საფუძველზე, რომელშიც განისაზღვრება მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოცულობა.

    მუხლი 230. სამეურნეო გეგმა

1. სამეურნეო გეგმა უნდა შეიმუშაოს თავმჯდომარემ ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე.

2. სამეურნეო გეგმა უნდა შეიცავდეს:

) სავარაუდო შემოსავლებსა და გასავლებს საერთო საკუთრების მართვისას;

) ბინის მესაკუთრეთა წილის შესაბამისი ხარჯების გადახდის ვალდებულებას.

3. ყოველი ბინის მესაკუთრე უფლებამოსილია შენობის სათანადოდ შენახვისა და მიმდინარე რემონტის ღონისძიებები შეასრულოს თვითონ ან მესამე პირის მეშვეობით. ასეთ შემთხვევებში თავმჯდომარე აღრიცხავს, აფასებს ამ შრომას და შეაქვს იგი საფინანსო გეგმაში. სადანახარჯო შესატანი ბინის მესაკუთრეს უმცირდება შესრულებული შრომის შესაბამისად.

4. ბინის მესაკუთრენი ვალდებულნი არიან თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიხადონ გარკვეული ავანსი დამტკიცებული სამეურნეო გეგმის უზრუნველსაყოფად. გადახდის სირთულეების არსებობისას თავმჯდომარეს შეუძლია ისარგებლოს ბანკის სათანადო კრედიტებით.

5. სამეურნეო გეგმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავმჯდომარეს აძლევს სესხის აღების უფლებასაც.

6. კალენდარული წლის ბოლოს თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს საფინანსო ანგარიში.

7. ბინის მესაკუთრეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავმჯდომარეს მოსთხოვონ გაწეული მუშაობის ანგარიში.

    მუხლი 231. ბინის რემონტის მოვალეობა

1. ყოველი ბინის მესაკუთრე სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია იკისროს საერთო საკუთრების მოვლის, შენობის მიმდინარე რემონტის, მართვისა და სხვა ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ხარჯები და გადასახდელები გაიღება თითოეული ბინის მესაკუთრის წილის ღირებულების ოდენობით.

3. მიმდინარე წლისათვის განსაზღვრული ხარჯები თორმეტ თანაბარ ნაწილად უნდა იქნეს გადახდილი, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი. თუკი შენობის სათანადო შენახვის სახსრების შეგროვება გათვალისწინებული არ არის, მაშინ თავმჯდომარეს შეუძლია შენობის რემონტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე მოითხოვოს ამ თანხების წინასწარი გადახდა.

    მუხლი 232. საკონსულტაციო საბჭო

1. ბინის მესაკუთრეებს შეუძლიათ ხმათა უბრალო უმრავლესობით შექმნან საკონსულტაციო საბჭო. საბჭო შედგება თავმჯდომარისა და ორი წევრისაგან.

2. საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს თავმჯდომარეს მისი ამოცანების განხორციელებაში.

3. საფინანსო და სამეურნეო გეგმა, სამეურნეო გეგმის შესრულების შედეგები, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა ბინის მესაკუთრეთა კრებაზე განხილვამდე უნდა შეამოწმოს საკონსულტაციო საბჭომ და გააკეთოს შესაბამისი დასკვნა.

თავი მეხუთე

სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა

I. აღნაგობა

    მუხლი 233. ცნება

1. მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).

2. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას.

3. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.

    მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობის საფუძვლები

1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის წესები.

2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად.

    მუხლი 235. აღნაგობის უფლების გასხვისება

თუ მხარეთა შეთანხმებით აღნაგობის უფლების გასასხვისებლად ან გასაქირავებლად საჭიროა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეს შეუძლია უარი თქვას ამ თანხმობის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.

    მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის

1. აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

2. აღნაგობის უფლება მესაკუთრის მხრიდან ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ორი წლის გადასახადის გადაუხდელობის გამო.

3. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის მხარეებმა შეიძლება ათი წლის შუალედით განსაზღვრონ. თუ ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება, მხარეები ვალდებულნი არიან თავიდან შეთანხმდნენ საზღაურზე.

    მუხლი 237. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია

აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს რიგი არ შეიძლება შეიცვალოს.

    მუხლი 238. აღნაგობის უფლების შეწყვეტა

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.

2. აღნაგობის უფლება არ ისპობა მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის დანგრევით.

    მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა

1. თუ აღნაგობის უფლება სასყიდლიანი იყო, აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში მიწის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს სათანადო ანაზღაურება ნაკვეთზე აღმართული ნაგებობისათვის. სათანადო ანაზღაურებად არ ჩაითვლება თანხა, რომელიც არ შეადგენს ნაგებობის ღირებულების ორ მესამედს მაინც.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ აღნაგობის უფლების მქონეს გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის ამ გაგრძელებაზე, მაშინ იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.

3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.

    მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ, აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საჯარო რეესტრში იკავებს აღნაგობის უფლების ადგილს და იმავე რიგით ცვლის მას.

2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება.

    მუხლი 241. უფლებამონაცვლეობა აღნაგობის უფლების შეწყვეტისას

აღნაგობის უფლების შეწყვეტისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ დადებული ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების მონაწილე.

II. უზუფრუქტი

    მუხლი 242. ცნება

უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ, მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.

    მუხლი 243. უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება

უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს.

    მუხლი 244. უზუფრუქტის სახეები

1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.

2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი.

    მუხლი 245. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი

1. უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტების მდგომარეობა.

2. უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება შეცვალოს სარგებლობის მიზანი.

3. უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს ამ ნივთის ის ნაყოფიცა და სარგებელიც, რომლებიც არ არის მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც მიადგა ნივთს ასეთი გამოყენების შედეგად.

4. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის.

5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე შესაბამისად დააზღვიოს ნივთი.

6. თუ ნივთი განადგურდა, დაზიანდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, უზუფრუქტუარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის ღონისძიებები, რომლებიც მესაკუთრემ განახორციელა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრე არ არის ვალდებული მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ ამ ღონისძიებებს ატარებს თვითონ უზუფრუქტუარი, მაშინ მას შეუძლია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ მოაშოროს ნივთს ის საგნები, რომლებიც მან ამ ღონისძიებათა შედეგად მიუმატა, ან მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ საგნების სათანადო კომპენსაცია.

7. თუ ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში უზუფრუქტუარი გაასხვისებს ცალკეულ საგნებს, მაშინ გასხვისებული საგნების ადგილი უნდა დაიკავოს მის მიერ შეძენილმა საგნებმა.

    მუხლი 246. უზუფრუქტის შეწყვეტა

1. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს.

2. უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში აღმოჩნდება.

III. სერვიტუტები

    მუხლი 247. ცნება

1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი).

2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.

    მუხლი 248. სერვიტუტის პირობები

1. სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.

2. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს.

    მუხლი 249. ნაგებობის მოვლის ვალდებულება

თუ სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც, მაშინ უფლებამოსილ პირს ეკისრება ამ ნაგებობის სათანადოდ მოვლის ვალდებულება. ამავე დროს, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნაგებობის მოვლის ვალდებულება დაეკისროს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, თუ ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები.

    მუხლი 250. მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგები

თუ უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთი გაიყოფა, მაშინ სერვიტუტი გაგრძელდება თითოეულ ნაკვეთზე ცალ-ცალკე. ამ დროს სერვიტუტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გააუარესებს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას.

    მუხლი 251. გაყოფის შედეგად სერვიტუტისაგან თავისუფალი ნაწილი

თუ დატვირთული მიწის ნაკვეთი გაიყო და სერვიტუტი მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ გაყოფის შემდეგაც მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც არ იყო სერვიტუტი, მისგან თავისუფალი დარჩება.

    მუხლი 252. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა

თუ უფლებამოსილ პირს ხელი შეეშლება მისი უფლების განხორციელებაში, მაშინ ამის თავიდან ასაცილებლად მას იგივე უფლებები აქვს, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს.

    მუხლი 253. პირადი სერვიტუტი

1. უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი შეზღუდული პირადი სერვიტუტი სხვა პირებს არ გადაეცემა.

თავი მეექვსე

საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

I. გირავნობა

    მუხლი 254. ცნება

1. მოძრავი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა გადაცემაც სხვა პირთათვის დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს სხვა კრედიტორთან შედარებით უპირატეს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე.

2. გირავნობის უფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნებზე, თუკი ეს მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს გირავნობის წარმოშობის მომენტისათვის.

    მუხლი 255. მოძრავი ნივთებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი

1. მოძრავი ნივთებისა და, საჭიროებისამებრ, ინდოსირებადი ფასიანი ქაღალდების, ასევე სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით. თუ ქონებასთან დაკავშირებით არსებობს მოთხოვნა მესამე პირთა მიმართ, მაშინ გირავნობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ეცნობოს მესამე პირს ნივთის დაგირავების შესახებ.

2. დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ გირავნობა გააფორმონ სანოტარო წესით. ამ შემთხვევაში გირავნობა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ისე, რომ არ არის სავალდებულო ქონების გადაცემა მოგირავნის მფლობელობაში და განცხადების გაკეთება სხვა კრედიტორისათვის. საბუთში უნდა აღინიშნოს დამგირავებლის, შესაძლო მესამე მოვალის, მოგირავნის ვინაობა, აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა, სარგებელი და დაკმაყოფილების ვადა.

    მუხლი 256. სუროგაცია

თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს (სუროგაცია).

    მუხლი 257. კეთილსინდისიერი მოგირავნის უფლებები

თუ გირავნობის საგნის (გირაოს) გადაცემა სხვა პირისათვის ხორციელდება საბუთის გადაცემით და დამგირავებელი გირავნობის წარმოშობის მომენტისათვის ფლობს ამ ნივთს (უფლებას) მისი დაგირავების უფლებამოსილების გარეშე, მოგირავნე ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, თუკი მან არ იცის და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ამის შესახებ. მოგირავნის ეს კეთილსინდისიერება აძლევს მას უპირატესობას მესამე პირთან შედარებით.

    მუხლი 258. გირავნობის ფარგლები

გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს.

    მუხლი 259. მესამე პირთა უფლებები

1. თუ დამგირავებელი იმავდროულად არ არის გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც პირადად მოვალეს აქვს; პირველ რიგში, ესაა შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.

2. თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოვალის ან მესამე პირთა ქონებით, მაშინ მესამე პირებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ მათი ქონების გამოყენებაზე უფრო ადრე კრედიტორების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოვალის ქონებით. იგივე წესი გამოიყენება უფლებამოსილი პირის მიმართ მაშინაც, როცა მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოვალის სხვადასხვა ქონებით და ამ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე.

    მუხლი 260. გირავნობის გავრცელება გირავნობის საგანში შემავალ ქონებრივ ფასეულობებზე

გირავნობა ვრცელდება ყველა ქონებრივ ფასეულობაზე, რომლებსაც მოიცავს საკუთრებაში მყოფი გირავნობის საგანი.

    მუხლი 261. გირავნობა მფლობელობის გადაცემით

1. თუ გირავნობა უზრუნველყოფილია საგნის გადაცემით მოგირავნის მფლობელობაში, მაშინ მოგირავნე ვალდებულია სათანადოდ შეინახოს იგი. მას უფლება აქვს მიიღოს სარგებელი, რომელიც მიეთვლება უზრუნველყოფილ მოთხოვნას. მას ასევე შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს საგანზე გაწეული აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურება.

2. თუ მოგირავნე სათანადოდ არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, დამგირავებელს შეუძლია მოითხოვოს საგნის გადაცემა მესამე პირისათვის.

3. თუ არსებობს დაგირავებული საგნის დაღუპვის ან მისი ღირებულების არსებითი შემცირების საფრთხე, დამგირავებელს შეუძლია საგნის უკან დაბრუნება მოითხოვოს, ხოლო მოგირავნეს მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალება შესთავაზოს. მოგირავნე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დამგირავებელს დაგირავებული საგნის დაღუპვის ან მისი ღირებულების არსებითი შემცირების საფრთხის შესახებ და დაუნიშნოს უზრუნველყოფის სხვა საშუალების შეთავაზების ვადა. თუ დამგირავებელი ამ ვადაში არ შესთავაზებს მას სხვა საშუალებას, მაშინ მოგირავნეს შეუძლია გაყიდოს საგანი. გაყიდვის დროს გამოიყენება გირაოს რეალიზაციის წესები. გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა იკავებს გირავნობის საგნის ადგილს. გირავნობის ვადის გასვლამდე ეს თანხა ინახება შესაბამისი დანარიცხით.

    მუხლი 262. დამგირავებლის მოვალეობა გირავნობის უფლების რეგისტრაციისას

1. თუ გირავნობის უფლება რეგისტრაციაშიც ტარდება, დამგირავებელი ვალდებულია გირავნობის საგანი შეინახოს და სათანადოდ მოუაროს მას. იგი უფლებამოსილია კვლავინდებურად მიიღოს სარგებელი ამ საგნიდან.

2. თუ მოსალოდნელია, რომ დამგირავებელი თავის ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მაშინ მოგირავნეს შეუძლია მოითხოვოს საგნის გადაცემა მისთვის. თუ საქმე ეხება დაგირავებულ მოთხოვნას, რომელიც რეგისტრაციაში ტარდება, მოგირავნეს უფლება აქვს, შეატყობინოს მოვალე მესამე პირს ამის შესახებ. შეტყობინების მომენტიდან მოვალე ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნა შესრულების ვადის დადგომისას შეასრულოს.

    მუხლი 263. გირავნობის საგნის შემდგომი დაგირავება

მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის შემდგომი დაგირავებისათვის აუცილებელია დამგირავებლის წინასწარი თანხმობა.

    მუხლი 264. გარიგების დადება გირავნობის საგანზე

გირავნობის საგანზე გარიგების დადებისათვის აუცილებელია მოგირავნის წინასწარი თანხმობა.

    მუხლი 265. საგნის დაგირავება რამდენჯერმე

ერთი და იგივე საგანი შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. რიგითობა განისაზღვრება დაგირავების მომენტის შესაბამისად.

    მუხლი 266. მოგირავნის უფლებების დაცვა

თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია ხელის შემშლელის მიმართ იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.

    მუხლი 267. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე

1. სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე) გადადის გირავნობის უფლებაც.

2. ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირაოს გასხვისების შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია დაფაროს მოთხოვნა და ამ გზით გირავნობის უფლება თავის თავზე აიღოს.

3. გირაო არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს შესაბამისი მოთხოვნის გადაცემის გარეშე. თუ მოთხოვნის გადაცემისას გამორიცხულია გირაოს გადასვლა, მაშინ ისპობა გირავნობის უფლებაც.

    მუხლი 268. გირავნობის გაუქმება

გირავნობა უქმდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

    მუხლი 269. გირავნობის გაუქმება გირაოზე უარის თქმით

1. გირავნობა უქმდება, როცა მოგირავნე დამგირავებელს ან მესაკუთრეს განუცხადებს, რომ იგი უარს ამბობს გირაოზე.

2. თუ გირავნობა უზრუნველყოფილია მფლობელობის გადაცემით, იგი უქმდება მაშინ, როცა მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება.

    მუხლი 270. გირავნობის გაუქმება მოგირავნის საკუთრებაში გირაოს გადასვლის გამო

გირავნობა უქმდება, როცა გირაო მოგირავნის საკუთრებაში გადავა. ეს წესი არ გამოიყენება მანამ, ვიდრე მესამე პირის უფლებები დატვირთულია მოთხოვნით, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს გირავნობა.

    მუხლი 271. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის გაუქმებისას

თუ გირავნობა გაუქმებულია, მაშინ მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს ან მესაკუთრეს.

    მუხლი 272. მოგირავნის დაკმაყოფილება

1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის გაყიდვით ან ამ საგნის შესაბამისი სხვაგვარი რეალიზაციით.

2. მოგირავნე უფლებამოსილია მოახდინოს საგნის რეალიზაცია ფულადი მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების ვადის დადგომისას.

    მუხლი 273. მოგირავნეზე საკუთრების უფლების პირდაპირ გადასვლის შესახებ შეთანხმების ბათილობა

ბათილია ისეთი შეთანხმება, რომლითაც გირავნობის საგანზე საკუთრება პირდაპირ გადადის მოგირავნეზე, თუ მისი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული ან დროულად ვერ დაკმაყოფილდება.

    მუხლი 274. გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება

გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება მოგირავნეს აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

    მუხლი 275. რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება

თუ ერთი საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ საგნის რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს სხვა პირთა გირავნობის უფლებას. თუ მოგირავნე უარს იტყვის ამ უფლების გამოყენებაზე, მაშინ საგნის რეალიზაციის უფლება აქვთ მორიგ მოგირავნეებსაც.

    მუხლი 276. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე პირისათვის

1. იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება, უნდა გადაეცეს გირავნობის საგანი.

2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.

    მუხლი 277. საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ გაფრთხილების ვალდებულება

მოგირავნე ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს მესაკუთრე საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ და, ამასთან, მიუთითოს თანხა, რომლის გამოც უნდა მოხდეს გაყიდვა. რეალიზაცია არ შეიძლება განხორციელდეს გაფრთხილებიდან ორი კვირის გასვლამდე.

    მუხლი 278. გირაოს რეალიზაცია აუქციონზე

1. რეალიზაცია გირაოს გაყიდვის გზით უნდა განხორციელდეს აუქციონზე.

2. თუ გირაოს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია, საგნის გაყიდვა სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას მიანდოს.

    მუხლი 279. გირაოს რეალიზაციის დაუშვებლობა მასალის ღირებულებაზე ნაკლებ ფასად

გირაო არ შეიძლება მასალის ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გასხვისდეს. დამგირავებლის მოთხოვნით გაყიდვის წინ ამ ფასს ადგენს დამოუკიდებელი ექსპერტი.

    მუხლი 280. გირაოს რეალიზაციის სხვა წესი

მესაკუთრესა და მოგირავნეს შეუძლიათ შეთანხმდნენ გირაოს გაყიდვის სხვა წესზე, რომელიც განსხვავდება ამ თავში მოცემული წესებისაგან. თუ მესამე პირს აქვს უფლება გირაოზე და იგი გირაოს გასხვისების შედეგად ისპობა, მაშინ გასხვისებისათვის საჭიროა ამ მესამე პირის თანხმობა. თუ მხარეები მაინც ვერ შეთანხმდებიან, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

    მუხლი 281. მოგირავნისა და მესაკუთრის მონაწილეობა აუქციონში

მოგირავნესა და მესაკუთრეს შეუძლიათ აუქციონში ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა. მესაკუთრის წინადადება შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ იგი არ გადაიხდის ნაღდ ფულს.

    მუხლი 282. აუქციონზე ნაღდი ფულის გადახდის ვალდებულება

გირაო შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ იმ პირობით, თუ მყიდველი ფასს მაშინვე ნაღდი ფულით გადაიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ უფლებას. თუკი გაყიდვა ხდება ამ პირობის გარეშე, მაშინ სყიდვის ფასი მოგირავნის მიერ მიღებულად ითვლება.

    მუხლი 283. გირაოს მართლზომიერი გასხვისების შედეგები

1. გირაოს მართლზომიერი გასხვისებითა და გადაცემით შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება.

2. თუ საგანი, როგორც გირაო, ისე გასხვისდება, რომ გამსხვისებელს არა აქვს გირავნობის უფლება, ან, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რეალიზაცია არ არის აუცილებელი, კეთილსინდისიერი შემძენი მაინც დაუტვირთავ საკუთრებას იძენს.

    მუხლი 284. მოთხოვნის რეალიზაციის წესი

მოთხოვნის რეალიზაცია ხდება მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ გადახდით.

    მუხლი 285. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი

ვინაიდან გირაოს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულია მოგირავნეთა დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნა ითვლება მესაკუთრისაგან კრედიტორის სასარგებლოდ დაკმაყოფილებულად. სხვა შემთხვევაში შემოსავალი იკავებს გირაოს ადგილს.

II. იპოთეკა

    მუხლი 286. ცნება

1. უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან (იპოთეკა).

2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუკი იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შეიძლება ამ მოთხოვნის განსაზღვრა. ასევე შეიძლება განისაზღვროს ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს უძრავი ნივთიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება. ეს თანხა განისაზღვრება საჯარო რეესტრში შეტანით.

3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.

    მუხლი 287. საერთო იპოთეკა

თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), მაშინ საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია სურვილისამებრ მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს.

    მუხლი 288. მესაკუთრის იპოთეკა

თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ წარმოშობილა, იგი ქარწყლდება ან გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ იპოთეკაც გადადის ამ უკანასკნელზე (მესაკუთრის იპოთეკა).

    მუხლი 289. იპოთეკის რეგისტრაცია

1. იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით. მათში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი, ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე, სარგებელი და შესრულების ვადა.

2. იპოთეკა შეიძლება აგრეთვე იმგვარად დადგინდეს, რომ იპოთეკიდან გამომდინარე უფლება კრედიტორისა განისაზღვროს მხოლოდ მოთხოვნის შინაარსის შესაბამისად და ამ დროს კრედიტორს მოთხოვნის არსებობის დასამტკიცებლად არ შეუძლია მიუთითოს რეგისტრაციაზე. ასეთი იპოთეკა რეესტრში შეიტანება, როგორც საგარანტიო (უზრუნველყოფის) იპოთეკა. დიდი თანხის იპოთეკები შეიძლება მხოლოდ საგარანტიო იყოს.

    მუხლი 290. უძრავი ნივთის დატვირთვა იპოთეკით რამდენჯერმე

1. ერთი და იგივე უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის დადგენის დროის შესაბამისად.

2. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე სხვა პირის წინაშე კისრულობს ვალდებულებას შეწყვიტოს იპოთეკა მაშინ, როცა იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში აღმოჩნდება, შეწყვეტის ეს ვალდებულება შეიძლება საჯარო რეესტრში იქნეს რეგისტრირებული.

    მუხლი 291. იმ მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე

1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს; განსაკუთრებით, ესაა შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.

2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი ურთიერთობის მოშლაზე, მაშინ მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნამდვილად, როცა ამის შესახებ განუცხადებს მესაკუთრე კრედიტორს ან კრედიტორი მესაკუთრეს.

    მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას

1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.

2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

3. კრედიტორის დაკმაყოფილების დროს მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ის საბუთები, რომლებიც აუცილებელია საჯარო რეესტრში სათანადო ჩანაწერის გასაკეთებლად ან იპოთეკის შესაწყვეტად.

    მუხლი 293. იპოთეკის გავრცელება უძრავი ნივთის ნაყოფზე

1. იპოთეკა ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზედაც, თუ იგი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად არ მოპოვებულა, ან ვიდრე არ გასხვისებულა.

2. იპოთეკის ძალით უძრავი ნივთიდან იფარება მოთხოვნის პროცენტებიცა და სასამართლო ხარჯებიც.

    მუხლი 294. იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა

1. მესაკუთრე მოვალეა შეინარჩუნოს ნივთის რეალური ღირებულება. თუ ვითარების გაუარესების გამო იპოთეკის არსებობას საფრთხე შეექმნება, კრედიტორს შეუძლია მესაკუთრეს განუსაზღვროს შესაბამისი ვადა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2. თუ ნივთი დაზღვეულია, მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდა დამზღვევისათვის ვითარების გაუარესების შემდეგ მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ კრედიტორს უკვე ეცნობა. კრედიტორს შეუძლია წინ აღუდგეს თანხის გადახდას, თუ იგი შიშობს, რომ თანხა გამოყენებული არ იქნება ნივთის აღსადგენად.

3. თუ ირკვევა, რომ მესაკუთრე ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის ნივთის გადაცემა სამართავად. გადაწყვეტილებას ასეთი მოთხოვნის შესახებ იღებს სასამართლო.

4. შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების თანხმობაზე.

    მუხლი 295. იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის გადასვლა სხვა პირზე

იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როცა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი იპოთეკის დადგენის შესახებ გადაეცემა ახალ კრედიტორს და საჯარო რეესტრში იგი რეგისტრირებული იქნება როგორც ახალი კრედიტორი.

    მუხლი 296. მოვალის ვალდებულება ახალი კრედიტორის წინაშე

თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნის გადასვლის შემდეგ მოვალე უხდის ძველ კრედიტორს, ეს გადახდა არ ათავისუფლებს მას ახალი კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან მაშინაც, როცა მან გადასვლის შესახებ არაფერი იცოდა.

    მუხლი 297. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია ახალ კრედიტორზე იპოთეკისა და მოთხოვნის გადასვლისას

იპოთეკა და მოთხოვნა ისევე გადადის ახალ კრედიტორზე, როგორც იყო ძველი კრედიტორის ხელში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი, კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიჩნევა სწორად. ამ შემთხვევაში მოვალეს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მოთხოვნა არ არსებობს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალმა კრედიტორმა იცოდა რეესტრის უსწორო ჩანაწერის შესახებ.

    მუხლი 298. მესამე პირის უფლებები

1. ყოველი მესამე პირი, რომლის მდგომარეობაც იპოთეკის რეალიზაციის შედეგად გაუარესდა, უფლებამოსილია თვითონ დაფაროს მოთხოვნა და ამ გზით იპოთეკა საკუთარ თავზე გადმოიტანოს. კრედიტორის დაკმაყოფილების დროს მას შეუძლია მოითხოვოს სათანადოდ დამოწმებული საბუთი და საკუთარი თავის რეგისტრირება იპოთეკარად.

2. თუ პირადი მოვალე დააკმაყოფილებს კრედიტორს, იპოთეკა მასზე გადადის ისე, რომ მას მესაკუთრისაგან ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლია.

    მუხლი 299. კრედიტორის უარი მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე

1. თუ კრედიტორი უარს ამბობს მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე, მაშინ იპოთეკარი ხდება მესაკუთრე. უარს იურიდიული ძალა აქვს მაშინ, როცა იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

2. თუ კრედიტორი უარს ამბობს იპოთეკაზე, მაგრამ არა მოთხოვნაზე, მაშინ პირადი მოვალე მაინც თავისუფალი იქნება, თუ მას თავის მხრივ იპოთეკიდან ანაზღაურების მიღება შეეძლო.

3. თუ მესაკუთრეს აქვს შეცილების უფლება, რომლითაც გამოირიცხება იპოთეკის ხანგრძლივად გამოყენება, მაშინ მას შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს უარი თქვას იპოთეკაზე.

    მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა

1. თუ მოვალე გააჭიანურებს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იპოთეკაა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

2. რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული