საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1902
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 22/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.001.191
  • Word
1902
28/12/2002
სსმ, 4, 22/01/2003
040.000.000.05.001.001.191
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა)

1. იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

2. ფილიალი (წარმომადგენლობა) არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიანობას ეწევა დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

3. კავშირის (ასოციაციის) ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას მისი ადგილმდებარეობის მიხედვით ახორციელებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ხოლო ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

4. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება დამფუძნებლის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

6. კავშირის (ასოციაციის) განცხადებას ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე უნდა დაერთოს:

ა) კავშირის (ასოციაციის) მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;

ბ) კავშირის (ასოციაციის) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) კავშირის (ასოციაციის) რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

დ) მის მიერ დამტკიცებული ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;

ე) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

7. ფონდის განცხადებას ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე უნდა დაერთოს:

ა) ფონდის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;

ბ) მის მიერ დამტკიცებული ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;

გ) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

8. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის განცხადებას ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე უნდა დაერთოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდების ან შესაბამის ქვეყანაში წესდების შესატყვისი სადამფუძნებლო დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ ასეთი საბუთის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა;

დ) ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება, თუ ასეთის არსებობას ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა;

ე) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელწოდებაში შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ტერმინები: სააგენტო, ბიურო, მისია.

10. რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ (საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ) გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის საკითხზე უნდა მიიღოს განცხადების შეტანიდან ერთ თვეში. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია განხორციელებულად ჩაითვლება.

11. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადა.

12. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

13. ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდება სარეგისტრაციო მოსაკრებელი.“.

2. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას

ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.“.

3. 298-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყოველი მესამე პირი, რომლის მდგომარეობაც იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია თვითონ დაფაროს მოთხოვნა და ამ გზით საკუთარ თავზე გადმოიტანოს იპოთეკა.“.

4. 428-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 428. ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულების მიღებით

ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას.“.

5. 680-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „681-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით“ შეიცვალოს სიტყვებით „681-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით“.

6. 714-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ნებას დართავს“ შეიცვალოს სიტყვებით „ნებას არ დართავს“.

7. 984-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები.“.

8. 988-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ.“;

ბ) მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ძალაში შესვლამდე:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) ექვემდებარება რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 6 თვეში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის მისი ამოქმედებიდან 5 თვეში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებელი აღარ გადაიხდევინება.

    მუხლი 3

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით განხორციელებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 28 დეკემბერი.

№1902-რს