საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5017-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714030, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.016408
  • Word
5017-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110714030, 14/07/2011
040000000.05.001.016408
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი გრაფიკული სიმბოლოები, რომელთაც არ აქვთ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი აღნიშვნები. ამასთანავე, სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა სუბიექტის ფორმისა თუ საქმიანობის გამო.“.

2. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესი

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − მარეგისტრირებელი ორგანო).

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება ამ კოდექსითა და მეწარმე სუბიექტების, უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.

2. რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა მიეთითოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

გ) რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“, „პროფესიული კავშირების შესახებ“ და „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონებით.“.

3. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია

1. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმე იურიდიული პირის/ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14² მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

2. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14² მუხლით.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო, გარდა მეწარმე სუბიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებისა, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.“.

5. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა.

2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას.

4. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობთი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.“.

7. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, ხოლო გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/ რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს რეგისტრაციის შესახებ განცხადებით განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) გასხვისება ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

3. აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება მის დამფუძნებლებს/წევრებს, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

4. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორებიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი იურიდიული პირი (პირები) არ არსებობს ან ასეთი იურიდიული პირის (პირების) გამოვლენა შეუძლებელია, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნული ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

5. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს (ახორციელებენ) სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.“.

8. 381 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 294-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. იპოთეკის ხელშეკრულებით მესაკუთრემ კრედიტორის წინაშე შეიძლება აიღოს ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ დატვირთავს აღნაგობის უფლებით.“.        

    მუხლი 2

1. ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღრიცხული არიან, როგორც გადასახადის გადამხდელები, გავლილი აქვთ საგადასახადო რეგისტრაცია და რომელთა მიერ საგადასახადო აღრიცხვის დროისათვის შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი იყო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაცია, ჩაითვალონ ასეთად რეგისტრირებულად საგადასახადო აღრიცხვის მომენტიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სუბიექტები ვალდებული არიან სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეუსაბამონ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაწყებულად ჩაითვალოს იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ლიკვიდაციის პროცესი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს და რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაუდგინდათ ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტებს.

    მუხლი 3

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 23 მარტის №2799-Iს საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 30.03.2010, მუხ. 94).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

5017-რს