დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1651-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.020580 |
|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 11911 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11911. მარტოხელა მშობელი 1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. 2. მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის: ა) პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ბ) პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; გ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; დ) პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. 3. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების/გარემოებების აღმოფხვრა. 4. სასამართლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრის დამადასტურებელ სასამართლო აქტს კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 6. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღონ/გამოსცენ ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 9 ივნისი 2022 წ. N1651-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები