დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 826 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.000.000.05.001.003.396 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 301-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
2. 302-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ კრედიტორი და მესაკუთრე ვერ თანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან უძრავი ნივთის რეალიზაციის სხვა ფორმაზე, სასამართლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის შესახებ აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
3. 306-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 306. განცხადება იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ
ხელშეკრულების საფუძველზე იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება სპეციალისტთან შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე კრედიტორმა. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და სააღსრულებო ფურცელი ან ხელშეკრულება.“.
4. 3062 და 3063 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 3062. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა
1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი;
ბ) სპეციალისტის სახელი და მისამართი;
გ) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
დ) უძრავი ნივთის საწყისი ფასი;
ე) უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა;
ვ) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;
ზ) აუქციონის პირობები.
2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
3. სპეციალისტი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 3063. აუქციონის ჩატარების წესები
1. აუქციონს ატარებს სპეციალისტი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.
2. სპეციალისტი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება.
3. აუქციონზე სპეციალისტი აცხადებს:
ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;
ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება უძრავ ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ).
4. სპეციალისტი მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის პირობებს.“.
5. 3064 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონი ტარდება კრედიტორის მიერ სპეციალისტთან განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.
2. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული.“.
6. 3065 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. აუქციონთან დაკავშირებულ განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულოა.
2. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება, გადასახდელი თანხა ერთი კვირის განმავლობაში შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს თანხის გადახდის სხვა წესი, რაც წინასწარ უნდა განისაზღვროს აუქციონის პირობებში.“.
7. 3066 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 3066. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება
თუ სპეციალისტი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადეპოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას, სპეციალისტი აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ და ატარებს ხელახალ აუქციონს, რაც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.“.
8. 307-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი 10 დღის ვადაში ნიშნავს მეორე აუქციონს.“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთანხმებით შესაძლებელია მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში ხარჯების დაფარვა დაეკისრება კრედიტორს.“.
9. 308-ე და 309-ემუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 308. ხარჯების დაფარვა
იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: ხარჯები, კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.
მუხლი 309. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო
თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№826–IIს
დოკუმენტის კომენტარები