საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1051
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 17/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.001.725
  • Word
1051
25/02/2005
სსმ, 9, 17/03/2005
040.000.000.05.001.001.725
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

 

1. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 15111 მუხლით გათვალისწინებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.“.

 

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15111 მუხლი:

     „მუხლი 15111. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მათი ხელახალი რეგისტრაცია

1. ის არაკომერციული იურიდიული პირები (ფონდები და კავშირები), რომლებიც შექმნილია ან დაფინანსებულია გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაციების დახმარებით სიღარიბის დასაძლევად და რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად ძირითადად გასცემენ მცირე სესხებს, წარმოადგენენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღებამდე ამ მუხლის პირველ ნაწილში მოხსენიებული იურიდიული პირები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 2005 წლის 1 აპრილამდე, ხოლო ის კავშირები და ფონდები, რომლებიც მომა-ვალში განახორციელებენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მიკროსაფინანსო საქმიანობას, ექვემდებარებიან რეგისტრაციას, როგორც მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები.

3. მცირე სესხი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა, რომლის მაქსიმალური მოცულობა ერთ მსესხებელზე არ აღემატება 10 000 ლარს.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ხელახალი რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება ხელახალი რეგისტრაციის შესახებ;

ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) წესდების ახალი რედაქცია, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს იურიდიული პირი წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომლის საწესდებო მიზანია ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა მცირე სესხების გაცემის გზით.

5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2005 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის პროექტი და შესაბამისი ცვლილებები და დამატებები სხვა საკანონმდებლო აქტებში.

6. ამ მუხლის პირველი – მე-4 ნაწილები მოქმედებს 2006 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 თებერვალი.

№1051-Iს