საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 239-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.018316
239-რს
29/12/2016
ვებგვერდი, 13/01/2017
040000000.05.001.018316
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 418-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5051 მუხლი:

„მუხლი 5051. გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას

თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.“.

3. 625-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის

1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.

5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.

8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6281 მუხლი:

„მუხლი 6281. ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა

1. თუ მეწარმე ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფი ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან, მაშინ თითოეული ფიზიკური პირისგან მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები. თუ მეწარმეს ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფს წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მაშინ მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისგან მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს ამ ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, საბროკერო კომპანიაზე და ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებზე.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფი გულისხმობს ისეთ მეწარმეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში ფლობენ წილის/აქციების 50 პროცენტს ან მეტს, ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს) ან/და მათ შვილობილ საწარმოებს ან/და აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ საწარმოებს.“.

5. 868-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:

„7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სესხზე/საბანკო კრედიტზე, გარდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სესხის/საბანკო კრედიტის ნებისმიერი ფორმით გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებისა.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 868-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის/საბანკო კრედიტის გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებზე, თუ ეს ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან/საბანკო კრედიტის თავდაპირველ გამცემთან ხელშეკრულების დადებით.

მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 დეკემბერი 2016 წ.

N239-რს