საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3315-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.019067
3315-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
040000000.05.001.019067
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

„6. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე  სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.“.

2. 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 276-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი,  ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან  გირავნობის საგნისა (საგნებისა)  და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“.

4. 286-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-7 ნაწილები:

„4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული  უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ  რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.

7. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.“.

5. მე-300 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“.

6. 301-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:

„12. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის  (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“.

7. 5051 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5051. გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას

1. თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

2. განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის  ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“.

8. 576-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:

ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;           

ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში შემავალი ყველა დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე) 100 000 (ასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან)  საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.“.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6241 მუხლი:

„მუხლი 6241. უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესი

უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“.

10. 625-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება ყველა სახის სესხზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის წლიურ ოდენობაზე.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის გადავადების, სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები.“;

დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის და საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.“;

ე) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.“.

11. 628მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 628​1. ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა 

1. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან), თითოეული ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში.“.

12. 868-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სესხის გამცემ სუბიექტებზე გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3−მე-6 ნაწილების მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებულ იპოთეკასა და გირავნობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იპოთეკისა და გირავნობის უფლების ფარგლებში გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერი ფორმით გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებზე, თუ სესხის/კრედიტის ნაშთი იზრდება. სესხის ნაშთის ზრდაში არ გაითვალისწინება სესხზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტების/საკომისიოების, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებზე.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2−31 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სესხზე/საბანკო კრედიტზე, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სესხის/კრედიტის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერი ფორმით გადავადების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შემთხვევებისა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებისა და მე-12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტები და  მე-12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3315-რს