საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6989-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.020016
6989-რს
15/07/2020
ვებგვერდი, 28/07/2020
040000000.05.001.020016
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.“.

2. 245-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მუნიციპალიტეტია (თუ უზუფრუქტის საგნის მესაკუთრე სხვა მუნიციპალიტეტია) ან სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო.“.

3. 1211-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.“.

4. 1281-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების მითითებისამებრ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის (ანდერძის) საფუძველზე.“.

5. 1357-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანოტარო ფორმა მოითხოვს,  რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.“.

6. 1397-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მემკვიდრისგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების მოთხოვნა შეუძლია სასამართლოს მეშვეობით ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ არის, მაშინ − ყოველ მემკვიდრეს,  ასევე დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს, ფონდებს, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს.“.

7. 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6989-რს