დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1541 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/07/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 03/08/2009 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/08/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.000.000.05.001.003.584 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 245-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2581 მუხლი:
„მუხლი 2581. გირავნობის მოწმობა
1. მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.
2. გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს მოსთხოვოს უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.
3. გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ამ კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 2601 მუხლით განსაზღვრულ მხარეთა შეთანხმებას.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.
5. გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
3. 281-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2811 მუხლი:
„მუხლი 2811. დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა
1. მოგირავნეს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.
2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგნის გადაცემა ხორციელდება იმ მოგირავნეზე, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება.
4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.
5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება.
6. მოგირავნისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.
7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 17 ივლისი.
№1541–რს
დოკუმენტის კომენტარები