საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2946
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 16/05/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.002.220
  • Word
2946
28/04/2006
სსმ, 15, 16/05/2006
040.000.000.05.001.002.220
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 657-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 657. ცნება

1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.

2. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.“.

2. მეთერთმეტე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6571, 6572, 6573 მუხლები:

     „მუხლი 6571. არასათანადო ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა

მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

    მუხლი 6572. დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა

1. ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია:

ა) ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ;

ბ) დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ;

გ) განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ;

დ) კვების შესახებ;

ე) მარშრუტის შესახებ;

ვ) პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ;

ზ) ვიზიტების, ექსკურსიების ან/და სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც შედის პაკეტის ღირებულებაში;

თ) იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული რაოდენობა და ის არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ.

2. მოგზაურობის მომწყობმა, მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, ტურისტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილების შესახებ;

ბ) მოგზაურობის მომწყობის ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი სააგენტოების ან/და სათანადო სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისაც დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ტურისტმა;

გ) არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ან მასზე პასუხისმგებელ პირთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებათა შესახებ;

დ) ტურისტის იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული, აგრეთვე რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის ან/და ავადმყოფობის დროს ტურისტის დასახმარებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან.

3. ტურისტისათვის წერილობით ან სხვა სათანადო ფორმით მიწოდებული ინფორმაცია მოგზაურობის მომწყობისათვის ატარებს სავალდებულო ხასიათს.

    მუხლი 6573. ხელშეკრულების თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესები და მოგზაურობის მომწყობის ვალდებულებები

1. მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება არ ექვემდებარება გადასინჯვას, გარდა ამ კოდექსის 660-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება თავად ითვალისწინებს გადასინჯვის შესაძლებლობებს და თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესებს, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) ტრანსპორტის ღირებულება, საწვავის ღირებულების ჩათვლით;

ბ) კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების გადასახადები, როგორიცაა პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და სხვა;

გ) პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა.

2. გამგზავრების დღემდე, ოცი დღის განმავლობაში, მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება გაზრდას არ ექვემდებარება, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იძულებულია გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.“.

3. 661-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. თუ ტურისტი მოგზაურობის დაწყებამდე, ამ კოდექსის 6573 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წყვეტს ხელშეკრულებას, პაკეტი უქმდება და ასეთ შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს:

ა) შესთავაზოს თავდაპირველი პაკეტის ეკვივალენტური ან უკეთესი ხარისხის ახალი პაკეტი, როცა ეს შესაძლებელია;

ბ) ან აუნაზღაუროს ფასში განსხვავება, თუ შეთავაზებული ახალი პაკეტი დაბალი ხარისხისაა;

გ) ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა.“.

4. 662-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში;

ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.“.

5. მეთერთმეტე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6621 და 6622 მუხლები:

     „მუხლი 6621. ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტის საჩივარზე სწრაფი რეაგირების მოხდენის შესახებ

მოგზაურობის მომწყობი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია სწრაფი რეაგირება მოახდინოს ტურისტის საჩივარზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

    მუხლი 6622. ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტისათვის გარანტიების წარდგენის შესახებ

მოგზაურობის მომწყობმა უნდა წარმოადგინოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები გაკოტრების შემთხვევაში მომხმარებელთა რეპატრიაციის და მათთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2946-Iს