საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1964
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 19/11/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.003.708
  • Word
1964
03/11/2009
სსმ, 35, 19/11/2009
040.000.000.05.001.003.708
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 28-ე–32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება.

4. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საბუთები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება მომსახურების საფასური.

7. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას) რეგისტრაციასთან ერთად მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და გასცეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.

    მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

1. დაინტერესებული პირი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება/წევრთა შეთანხმება), რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება;

ბ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;

დ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე;

ე) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) შესახებ;

ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა;

ზ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა;

კ) მონაცემები წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

მ) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა, თუ იგი განსხვავდება ამ ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული წესისა და პროცედურისაგან.

3. რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:

ა) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს საქმიან ურთიერთობებში;

გ) ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.

    მუხლი 30. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცნება და რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს შეუძლია დააარსოს ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც არის განცალკევებული ქვედანაყოფი, მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ასრულებს მის ფუნქციებს, არ არის იურიდიული პირი და საქმიანობას ახორციელებს დამფუძნებლის მიერ მიღებული აქტის (ოქმის) საფუძველზე.

2. საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არ რეგისტრირდება.

3. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში დაარსების შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, ამ კანონით დადგენილი მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელის შესახებ.

    მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაცია

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (წესდება/წევრთა შეთანხმება) ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციას საჭიროებს: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებები, ხოლო უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში – ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებები. ცვლილება განხორციელებულად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

2. წარდგენილ განცხადებას ცვლილების რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) ცვლილების განხორციელების თაობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტი;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) შესახებ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შეცვლის შემთხვევაში – ცნობა ახალი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ.

3. განცხადება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი ფორმით.

    მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე (ცვლილებების რეგისტრაციაზე) უარის თქმის საფუძვლები

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას) შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე (ცვლილებების რეგისტრაციაზე), თუ:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები;

გ) არსებობს ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები;

დ) განცხადება რეგისტრაციის შესახებ არ არის შესრულებული ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;

ე) რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ან აღნიშნული დოკუმენტაცია არასრულადაა წარდგენილი;

ვ) რეგისტრაციის შესახებ განცხადებისათვის დართული დოკუმენტაცია არ არის გაფორმებული (დადასტურებული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მარეგისტრირებელი ორგანო განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს 30-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.“.

2. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო მარეგისტრირებელი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს.

3. სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია.“.

3. 331 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 34-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემები საჯაროა. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ მონაცემების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება და მათი ხელმისაწვდომობა.“;

გ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 35-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაცია და სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს წესდებით (წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.“.

6. 38-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან ამ კოდექსის 381 მუხლის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.“;

გ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები). განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა ლიკვიდატორის დანიშვნის მოთხოვნით. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.“;

დ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ლიკვიდაციის დასრულების შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:    

     „მუხლი 381. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება

თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზის გამოსასწორებლად ეძლევა ხარვეზის აღმოჩენიდან 30-დღიანი ვადა. ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის განმავლობაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ ან/და დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1964–IIს