დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2239 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 20/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.000.000.05.001.002.025 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ.1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 23-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს და მან მოახდინა მისი რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.“.
2. 1343-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.“.
3. 1426-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.“.
4. 1444-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1444. სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე
სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.“.
5. 1492-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1492. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 9 დეკემბერი.
№2239–IIს
დოკუმენტის კომენტარები