საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3879
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.002.447
  • Word
3879
08/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
040.000.000.05.001.002.447
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997 წ., გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69. გარიგების ფორმა

1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.

3. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

4. მექანიკური საშუალებებით ხელმოწერის აღდგენა, განმეორება ან აღბეჭდვა დასაშვებია იქ, სადაც ეს მიღებულია ჩვეულებად, მათ შორის, ფასიან ქაღალდებზე ხელის მოწერისას, რომელთა გამოშვებაც დიდი რაოდენობით ხდება.

5. წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.“.

2. 183-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე

უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.“.

3. 210-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 210. ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შეძენის საფუძვლები

ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.“.

4. 258-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს:

ა) მისი შედგენის თარიღი;

ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა;

დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.“.

5. 259-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.“.

6. 284-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგირავნესა და დამგირავებელს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით.“.

7. 289-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ წერილობითი ფორმით დადებული გარიგების წარდგენით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.“.

8. 295-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 295. იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის გადასვლა სხვა პირზე

იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როცა წერილობითი ფორმით დადებული გარიგება იპოთეკის დადგენის შესახებ გადაეცემა ახალ კრედიტორს და საჯარო რეესტრში იგი რეგისტრირებული იქნება, როგორც ახალი კრედიტორი.“.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3111 მუხლი:

     „მუხლი 3111. საჯარო რეესტრში გარიგების წარდგენის წესი

1. საჯარო რეესტრში უძრავ ან მოძრავ ნივთზე შესაბამისი უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.

2. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უძრავ ან მოძრავ ნივთზე დადებული გარიგება ძალაში შედის ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“.

10. 321-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 321. ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ

ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ ნივთებზე.“.

11. 323-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი

ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.“.

12. 479-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

13. 525-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება

1. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

2. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№3879–IIს