ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/4/1380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 18/12/2020
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016556
1/4/1380
18/12/2020
ვებგვერდი, 22/12/2020
000000000.00.000.016556
ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/4/1380

2020 წლის 18 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

   

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.

 

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – ფატმან კვარაცხელია; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ანა ქეთიშვილი; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოწმეები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად კორძაია; საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი ალექსანდრე ერგეშიძე; საქართველოს ეროვნული ბანკის სამართალშემოქმედების და სასამართლოში წარმომადგენლობის განყოფილების უფროსი თორნიკე ებანოიძე.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1380) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა – ფატმან კვარაცხელიამ და კახა ეხვაიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1380 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1380 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 26 სექტემბერს.

2. №1380 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავო ნორმატიული ტექსტის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებს, საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის მიზნით, სურდათ ფიზიკური პირისგან საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება, რაზეც მათ ეთქვათ უარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების საფუძველზე. მოსარჩელის მტკიცებით, დასახელებული ნორმები ზღუდავს ფიზიკურ პირებზე გასაცემი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყენებას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან, მათ შორის, კომერციული ბანკისგან სესხის მიღება არაგონივრული ალტერნატივა იყო, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ ფიქსირებული შემოსავალი. გარდა ამისა, მიუღებელი იყო კომერციული ბანკისგან შემოთავაზებული სტანდარტული პირობები.

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ფიზიკურ პირზე გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი და მოძრავი ნივთების გამოყენებას, ერთი მხრივ, გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენს სესხის/კრედიტის მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს მესაკუთრის უფლებას, მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ.

7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები სესხის/კრედიტის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ფიზიკური პირების, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ და ანალოგიური შეზღუდვა არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებიდან მომდინარე დიფერენცირებას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ვინაიდან სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონების დაკარგვის იდენტური საფრთხე არსებობს იურიდიულ პირებთან მიმართებით, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თავად შექმნიდა იურიდიულ პირს. მოსარჩელის განმარტებით, ანალოგიური რისკები, მათ შორის, აღსრულების მექანიზმები არსებობს სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამდენად, დიფერენცირება გაუმართლებელია და მისი კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

8. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებულ საკუთრების უფლებით დაცულ ერთ-ერთ კომპონენტს – საკუთარი ქონებით სარგებლობის და მისი განკარგვის უფლებას. მოსარჩელის აზრით, სრულწლოვან ადამიანს უნდა შეეძლოს პრიორიტეტების განსაზღვრა ცხოვრებაში, ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობიდან მომდინარე რისკების გათვლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

9. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ინდივიდთა ქონების დაცვა ვერ იქნება, ვინაიდან შესაძლოა, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები, გარკვეულ ვითარებაში, ისედაც შეიძლება იძულებული გახდნენ, მთლიანად გაყიდონ ქონება და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ აქვს რაიმე შემზღუდველი ბერკეტი, რომელიც დაიცავდა მათ უსახლკაროდ დარჩენისგან. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენისგან დაცვა ღირებული ლეგიტიმური მიზანია, მოსარჩელის აზრით, სახელმწიფოს შეუძლია, ამავე არგუმენტით, აკრძალოს რიგი ხელშეკრულებებისა, მათ შორის, უძრავი ქონების ნასყიდობის, ჩუქების, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის და სხვა ხელშეკრულებების დადება, ისევე, როგორც აკრძალოს ნებისმიერი იურიდიული პირისგან სესხის მიღება.

10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკებიდან სესხის მიღების შესაძლებლობის არსებობა პრობლემას ვერ გადაჭრიდა, ვინაიდან ბანკების მიერ განსაზღვრული სესხის პროცენტი არის მაღალი, ამავე დროს, ხელშეკრულების პირობები არის სტანდარტული და არ იძლევა მხარეთა შორის მორიგების საშუალებას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ფიზიკური პირისგან მიღებული სესხისგან განსხვავებით, მოლაპარაკება შეუძლებელია სესხის გადავადებასთან დაკავშირებით, რაც ბევრად უფრო კაბალურ სახელშეკრულებო პირობებს ქმნის და ხშირად ხდება უსახლკაროდ დარჩენის მიზეზი.

11. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირება ხელს უწყობს მოჩვენებითი გარიგებების დადებას. მოსარჩელეთა მტკიცებით, პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ჩაანაცვლა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებამ, რომელიც, თავისი არსით, ბევრად უფრო დაუცველს ხდის სესხის მიღების მსურველ პირს და მძიმე შედეგებს განაპირობებს, რაც შესაძლოა, გახდეს კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების საფუძველი.

12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ 2018 წელს განხორციელდა საკანომდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანი იყო მომხმარებლის უფლებების დაცვა და ჭარბვალიანობის რისკების შემცირება, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასთან და ზეგავლენას ახდენს ინდივიდების სოციალურ მდგომარეობაზე. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად, რეფორმა განხორციელდა ორი მიმართულებით, კერძოდ, ერთი მხრივ, შეიზღუდა ფიზიკური პირისგან სესხის გაცემა, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირებისთვის დაწესდა სესხის გაცემის ერთიანი, მკაცრი წესები, მათ შორის, სესხის მიმღების გადახდისუნარიანობის შესწავლის და სესხთან დაკავშირებული ყველა პირობის სესხის მიმღებისთვის დეტალურად გაცნობის ვალდებულება.

14. მოპასუხის განმარტებით, იპოთეკა-გირავნობის გამოყენებისას არსებობდა მოვალის სამართლებრივი დაცვის აუცილებლობა კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. სესხის გამცემი ფიზიკური პირების საქმიანობა კი დასახელებულ რისკებს ზრდიდა, ვინაიდან ხშირად იდებოდა კაბალური პირობების შემცველი ხელშეკრულებები. იმავდროულად, კონტროლს არ ექვემდებარებოდა ფიზიკური პირების მიერ გაცემული სესხის ოდენობა და სესხი გაიცემოდა ფიზიკური პირის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე. მოპასუხის აზრით, ამგვარი შეზღუდვა არ არის მაღალი ინტენსივობის, ვინაიდან იგი ვრცელდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სუბიექტზე და არ იკრძალება სხვა ალტერნატივები, მათ შორის, არაუზრუნველყოფილი სესხის მიღება ან სესხის მიღება საბანკო დაწესებულებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

15. გირავნობასთან დაკავშირებით, მოპასუხე განმარტავს, რომ შეზღუდვა არ არის მძიმე იმიტომ, რომ მხოლოდ კონკრეტული ძრავის მოცულობის მქონე ტრანსპორტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება იკრძალება. მოძრავი ნივთების, კერძოდ, ცალკეული სატრანსპორტო საშუალების აკრძალვა განაპირობა არსებულმა პრაქტიკამ, კერძოდ, საქართველოს სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსუბუქი მანქანების ღირებულება მნიშვნელოვან ღირებულებად შეიძლება იქნეს მოაზრებული და ხშირ შემთხვევაში არის არაერთი ოჯახის შემოსავლის წყარო. შესაბამისად, ავტომობილის დაკარგვას შეუძლია, არსებითი გავლენა მოახდინოს ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, რისი თავიდან აცილებაც მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია.

16. მოპასუხე მხარემ ერთმანეთისგან გამიჯნა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სესხის მიღების თავისებურებები და განმარტა, რომ იურიდიული პირები, მათი სპეციალური სტატუსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, არ არიან ფიზიკური პირების მსგავსი რისკების წინაშე. იმავდროულად, მოპასუხის აზრით, სადავო ნორმები არ აწესებს აბსოლუტურ შეზღუდვას, შესადარებელ პირებს არ განასხვავებს მნიშვნელოვნად და, შესაბამისად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს რაციონალური დიფერენცირების ტესტით.

17. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმემ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზვიად კორძაიამ მიუთითა, რომ, სადავო რეგულირების შემუშავებამდე, ფიზიკური პირების დაუცველობას, სხვა ფიზიკური პირებისგან სესხის მიღების დროს, განაპირობებდა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: მაღალი საპროცენტო განაკვეთი, კრედიტორის მიერ სესხის ხელშეკრულების ბოროტად გამოყენება და სხვ. აღნიშნულ რისკებს ვერ აბალანსებდა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დადგენა, ვინაიდან პრაქტიკა ცხადყოფდა ხელშეკრულების პირობების იმგვარად ფორმულირებას, სადაც საპროცენტო განაკვეთი ფაქტობრივად აჭარბებდა კანონით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს. ამავე დროს, მოწმემ განმარტა, რომ სესხის გაცემა კომერციული ბანკების მიერ ხდებოდა ორგანიზებულად, პირის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით, რაც ამცირებდა შესაძლო ნეგატიური შედეგების რისკებს. მისგან განსხვავებით, სესხის გამცემი ინდივიდები ხშირად ორიენტირებული იყვნენ არა თანხის დაბრუნებაზე, არამედ უძრავი ნივთის მათ საკუთრებაში გადასვლაზე.

18. მოწმემ, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ალექსანდრე ერგეშიძემ აღნიშნა, რომ სადავო რეგულირების მიღება განპირობებული იყო ორი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით. როგორც მან განმარტა, ერთი მხრივ, ადამიანთა დიდი რიცხვის მიერ ქონების დაკარგვა ამცირებს მათ გადახდისუნარიანობას, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ფინანსურ სტაბილურობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის სოციალურ პრობლემებს და სახელმწიფოს უხდება პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა მათი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. ამდენად, მოწმის განმარტებით, აუცილებელი იყო იმ კატეგორიის სესხის გაცემის შეზღუდვა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ უძრავი ქონების ღირებულებაზე და რომლის დაბრუნების შესაძლებლობა იმთავითვე არ არსებობს. ამავე დროს, მოწმის განმარტებით, სესხის გამცემი ფიზიკური პირებისთვის აბსოლუტური აკრძალვა არ არის დადგენილი, ვინაიდან გაფართოვდა საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატი და მისი ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან ის ფიზიკური პირები, რომელთა მიმართ, ერთდროულად, 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

19. მოწმემ, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა თორნიკე ებანოიძემ დამატებით აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მოპყრობა სესხის/კრედიტის მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის განპირობებულია მათ შორის არსებული განსხვავებებით. კერძოდ, იურიდიული პირი არის არაერთჯერადი ეკონომიკური მოგების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია და ივარაუდება, რომ იგი ამ სფეროში ყოველთვის უფრო მეტი გამოცდილებისა და მაღალი ცნობიერების მქონეა ფიზიკურ პირებთან შედარებით. მისგან განსხვავებით, ფიზიკური პირები, როგორც მომხმარებლები, არიან ბევრად დაუცველი და მათ მიმართ განსაკუთრებული რეგულირების არსებობის საჭიროებას ცხადყოფს საერთაშორისო პრაქტიკაც.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1380 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან და მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას არსებითად განსხვავებული შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.

 

1. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით

1.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული სფერო

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით აღიარებული საკუთრების უფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარების საფუძველია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლების დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მოიცავს სახელშეკრულებო თავისუფლებას, მათ შორის, იცავს ქონების, საბანკო ანგარიშებისა და ქონებრივი უფლებების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას. „საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივი უფლებების განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის საფუძველს. სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/9/745 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

4. ამდენად, სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას ან/და კერძო პირებისაგან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება a priori განიხილება როგორც ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.

 

1.2. სადავო ნორმების შინაარსი/უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

5. საკუთრების უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია სადავო ნორმების, მასთან კავშირში მყოფი სხვა ნორმებისა და მოწესრიგებული ურთიერთობის ანალიზი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები ადგენს ორი სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის – გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესს. კერძოდ, სადავო ნორმები განსაზღვრავს ფიზიკურ პირებზე გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლი ადგენს გირავნობის ცნებას, ხოლო იმავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისი მოცემულია იმავე მუხლის მე-7 ნაწილში, რომლის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით კი, განისაზღვრება იპოთეკის ცნება. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის სადავო ნორმატიული ტექსტის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, დადგენილია საგამონაკლისო წესი, რომლის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფიზიკურ პირზე გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს − საკრედიტო კავშირებს და სესხის გამცემ სუბიექტებს. თავის მხრივ, სესხის გამცემი სუბიექტის დეფინიციას ადგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტი, რომლის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტი არის ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ, ერთდროულად, 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. ამგვარად, აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა მიმართაც, ერთდროულად, 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს აქვს შესაბამისი სასესხო ვალდებულება.

9. მაშასადამე, სადავო ნორმები ადგენს განსაკუთრებულ რეგულირებას და ამომწურავად განსაზღვრავს სესხის გამცემ იმ სუბიექტთა წრეს, რომელთაც აქვთ სადავო ნორმებით დადგენილი მოძრავი და უძრავი ნივთებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის უფლებამოსილება. ფიზიკური პირი ვერ აიღებს აღნიშნულ სესხს სხვა ფიზიკური პირისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გამცემი პირი არის სესხის გამცემი სუბიექტი, ე.ი. პირი, რომლის მიმართაც, ერთდროულად, 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

10. ამდენად, სადავო ნორმები გამორიცხავს ფიზიკური პირების მიერ კანონით განსაზღვრული ობიექტებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის მიღებას სესხის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა ერთი წრისგან, რაც შედეგად იწვევს პირის ნების უგულებელყოფას მის საკუთრებაში არსებული ნივთების თავისუფალ განკარგვასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები, ამ თვალსაზრისით, იწვევს მესაკუთრის მიერ ქონებით შეუფერხებლად სარგებლობისა და განკარგვის თავისუფლების, შესაბამისად, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვას.

11. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები განსაზღვრავს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს და არ არეგულირებს სესხის ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, არ ადგენს გამსესხებელი პირისათვის მსესხებლის გადახდისუნარიანობის და შემოსავლების შეფასების ვალდებულებას, ან/და მხარის თავისუფალი ნების საფუძველზე, აღნიშნული პირობების მოდიფიცირების შესაძლებლობას. პასუხისმგებლიანი სესხის/კრედიტის გაცემის წინაპირობები განისაზღვრება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების რიგი ნორმებით. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია დასახელებული ნორმების კონსტიტუციურობა.

12. ამდენად, არსებული დავის ფარგლებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრის შეზღუდვის კონსტიტუციურობა. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმის თაობაზე, თუ რამდენად სამართლიანად იზღუდება მსესხებლის ნების თავისუფლება გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის პირობების განსაზღვრის დროს.

 

1.3. შეფასების ტესტი

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

 

1.3.1. ლეგიტიმური საჯარო მიზანი

14. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

15. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დაიშვება საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა საჯარო ინტერესით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ საჯარო ინტერესის არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ ლეგიტიმაციას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სახეზე ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა.

16. კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელა: ფიზიკურ პირთა, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში, მათი გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა (ა), ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა (ბ) . მოპასუხე მხარის და საქმეზე მოწმედ მოწვეული პირების განმარტებით, სესხის/კრედიტის გამცემი ის პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, აღნიშნული საჯარო ინტერესების უგულებელყოფის განსაკუთრებით მაღალ საფრთხეს ქმნიან.

17. საზოგადოებაში ჭარბვალიანობის თავიდან აცილება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, როგორიც არის ეკონომიკის სიჯანსაღე, საზოგადოების მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება. ფიზიკური პირების სასესხო ვალდებულებების მასობრივ აკუმულირებას შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და გამოიწვიოს კრიზისი საკრედიტო სფეროში. ამდენად, სესხთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების გზით ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება არის ის განსაკუთრებით ფასეული სიკეთე, რომლის უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე წარმოიქმნას არაერთი სისტემური პრობლემა.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჭარბვალიანობით გამოწვეული ზიანი აისახება საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე და სტაბილურობაზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ღირებული კონსტიტუციური სიკეთეა და მის დასაცავად დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა.

 

1.3.2. გამოსადეგობა

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

20. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით განსაზღვრული შეზღუდვების ლეგიტიმური მიზანია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მომხმარებლის უფლებების დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმებით ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის სესხის გამცემ სუბიექტებთან გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი რიგი სასესხო/საკრედიტო ხელშეკრულების დადების აკრძალვა. სადავო ნორმები, მათთან კავშირში მყოფ იმ სხვა ნორმებთან ერთად, რომლებიც განსახილველ საქმეში სადავოდ არ არის გამხდარი, უზრუნველყოფს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპს, კერძოდ, სესხის გაცემას სესხის მიმღების გადახდისუნარიანობის ანალიზის საფუძველზე. მოპასუხემ, საქმის არსებითი განხილვის პროცესზე განმარტა, რომ სესხის გამცემ სუბიექტთა წრის მაქსიმალურად დავიწროება ემსახურება მათზე და მათი მონაწილეობით ხელშეკრულებებზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფას. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მიმართულია სასესხო ურთიერთობებში მსესხებლის ინტერესების დაცვისა და პასუხისმგებლიანი სესხის გაცემის უზრუნველყოფისკენ, ასევე ემსახურება გადახდისუუნარო მსესხებლისთვის სესხის/კრედიტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მიზანს. შესაბამისად, აშკარაა რაციონალური, ლოგიკური კავშირი სადავო ნორმებით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.

21. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის გამოუსადეგარობის არგუმენტად მოსარჩელე მიუთითებს არასტაბილური ფინანსური გარემოს გამომწვევ და მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების განმაპირობებელ სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, რომლებიც კანონმდებლობით აკრძალული არ არის. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა პირს იძულებულს ხდის, მიმართოს იმგვარ ღონისძიებებს, როგორიცაა ნასყიდობის ან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმალურად გაფორმება. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის სადავო ნორმით დადგენილი უფლების შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის შემოწმება გულისხმობს იმის დადგენას, უშუალოდ აღნიშნული ღონისძიება რამდენად იძლევა საშუალებას, ამგვარი მიზანი იქნეს მიღწეული, რამდენად უახლოვდება სახელმწიფო მის საბოლოო მიზანს, დასახელებული საშუალების გამოყენებით.

22. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების გამოსადეგობას ვერ გამორიცხავს ის გარემოება, რომ სადავო ნორმით დადგენილმა შეზღუდვამ შესაძლებელია, უბიძგოს პირს, ისარგებლოს სხვა, მისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი სამოქალაქოსამართლებრივი ინსტიტუტებით. თავისთავად ის ფაქტი, რომ სესხის გამცემ პირთა წრის შეზღუდვა იძლევა საჯარო და კერძო ინტერესების დაზიანების რისკის შემცირების შესაძლებლობას, ცხადყოფს, რომ ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა გამოსადეგია.

 

1.3.3. აუცილებლობა

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.

24. აუცილებლობის შემოწმებისას სასამართლო აფასებს, ხომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება. განსახილველ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას – ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს ფიზიკური პირებისათვის სესხის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებისგან სესხის/კრედიტის მიღების შეზღუდვა.

25. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ავიწროებს სესხის გაცემის უფლებამოსილების მქონე კრედიტორთა წრეს. გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის უფლებამოსილ პირთა წრის შეზღუდვა, თავისთავად, ამცირებს ხსენებული მექანიზმების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს და არაკეთილსინდისიერ სუბიექტთა მიერ გარკვეული ქონებრივი სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ამავე დროს, კრედიტორთა წრის შემცირება ასევე პოტენციურად ამცირებს ისეთი სასესხო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქონების მესაკუთრე აღმოჩნდეს აღნიშნული ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე.

26. ამავდროულად, არ იკვეთება სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იქნებოდა ნაკლებად მზღუდველი და ისეთივე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ფინანსურ სტაბილურობას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, როგორითაც ამას გარკვეული კატეგორიის სესხის გამცემი ფიზიკური პირების საქმიანობის აბსოლუტური აკრძალვა უზრუნველყოფს. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ისეთი სხვა რაიმე ღონისძიების არსებობას, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა არა მხოლოდ სესხის მიმღები პირისთვის სესხთან დაკავშირებული რისკების თაობაზე ინფორმაციის სათანადოდ მიწოდებას და გაცნობას, არამედ მისი გადახდისუნარიანობის ეფექტურ კონტროლს და სესხის გაცემასთან დაკავშირებით აღნიშნული გარემოებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს.

 

1.3.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). სადავო ნორმით დადგენილი ბალანსის სამართლიანობის შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რომელი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება ხდება სადავო ღონისძიებით. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, საფინანსო სექტორის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და მომხმარებლის უფლებების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთრების უფლებით შეუზღუდავი სარგებლობის ინტერესი.

28. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმებით დადგენილ საკუთრების უფლების შეზღუდვის ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფორმას. ხსენებული შეზღუდვები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს. შესაბამისად, სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს, თითოეულ მათგანთან მიმართებით, რამდენად არსებობს ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური მიზნების დაცვის აღმატებული ინტერესი.

 

ა. იპოთეკა

29. როგორც აღინიშნა, აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს. მოსარჩელე მხარემ შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დარღვევის წარმოსაჩენად ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე. მისი შეფასებით, სრულწლოვან პირებს უნდა ჰქონდეთ სახელშეკრულებო თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, ვინაიდან მათ აქვთ უნარი, განსაზღვრონ ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობიდან მომდინარე რისკები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, საკუთრების უფლება გულისხმობს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვას ინდივიდის შეხედულებისამებრ, რომელიც განპირობებულია, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული და უნიკალური პრიორიტეტებით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა, სახელმწიფოს მიერ, უსამართლო და არაგონივრული იქნებოდა.

30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქონებით სარგებლობის და განკარგვის უფლება, მათ შორის, უძრავი ნივთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენება (დატვირთვა), მნიშვნელოვანი მექანიზმებია ინდივიდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას შესაძლოა, ჰქონდეს სასიცოცხლო მნიშვნელობა მისი მიმღებისთვის და მისცეს მას წვდომა ისეთ სერვისებზე, რომლებიც სხვაგვარად მისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. ამდენად, ასეთ სერვისებზე წვდომამ შესაძლოა, გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი, გადაჭრას მის წინაშე მდგარი გადაუდებელი ამოცანები, უზრუნველყოს მისი ინტეგრაცია საზოგადოებაში და, მთლიანობაში, ხელი შეუწყოს სხვადასხვა საჯარო ინტერესის რეალიზაციას, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი მნიშვნელოვნად ამცირებს იმ უფლებამოსილ კრედიტორთა წრეს, რომელთაგანაც ფიზიკურ პირს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება შეუძლია. ნათელია, რომ სახეზეა საკუთრების უფლების ინტენსიური შეზღუდვა, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვნად ამცირებს ნების თავისუფლებას სესხის გამცემი პირის შერჩევისას. უფლების შეზღუდვის სიმკაცრეს არ გამორიცხავს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის სხვა, ალტერნატიული პირებიდან/ორგანიზაციებიდან მიღების შესაძლებლობა. საკუთრების უფლება გულისხმობს არჩევანის შესაძლებლობას, რომ პირმა მიიღოს სესხი იმ წყაროდან, რომელიც მისთვის ყველაზე უფრო მისაღებია. ამდენად, საკუთრების უფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით.

32. განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლების შეზღუდვას განაპირობებს, ერთი მხრივ, ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებლის უფლებების დაცვის ინტერესები.

33. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. პირის გადახდისუნარიანობა, მისი შემოსავლები ზეგავლენას ახდენს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე და სამოქალაქო ბრუნვის სხვა მონაწილეთა საქმიანობაზე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის სათანადო გარანტიების შექმნა მნიშვნელოვან ინტერესებს ემსახურება. საზოგადოების წევრთა შემოსავლების მასობრივად შემცირებას და მათი მსყიდველუნარიანობის გაუარესებას შეუძლია, პოტენციურად რისკები შექმნას და ზეგავლენა იქონიოს რიგი ეკონომიკური აგენტების საქმიანობაზე. ამავე დროს, განსახილველ საქმეში სასამართლო არ დგას ფინანსური არასტაბილურობიდან მომდინარე რისკების შეფასების საჭიროების წინაშე.

34.  საქართველოს კონსტიტუციით ასევე აღიარებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინტერესის განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. „მომხმარებელთა უფლებები, რომლებიც ხშირად თავისუფალი და მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა, წარმოადგენს კონსტიტუციური დაცვის საგანს. ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის უფლებებს შეეხება, უნდა იცავდეს მას ძლიერი მხარისაგან და აფუძნებდეს ინტერესთა დაბალანსებული და მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის №1/1/374,379 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და აკაკი მიქაძე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წინააღმდეგ“). შესაბამისად, აუცილებელია ისეთი სამართლებრივი რეჟიმის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს სესხის მიმწოდებელსა და მიმღებს შორის ინტერესთა სამართლიან ბალანსს და გამორიცხავს ისეთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, როდესაც მხარე სარგებლობს მის ხელთ არსებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობით.

35. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, ბაზარზე არსებული კრედიტორები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მათი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიულ ძალთა ბალანსით, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მათი ცოდნით და გამოცდილებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან მაღალი სარგებლის მიღების მომეტებული ინტერესით. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ინტერესების ხელყოფის საფრთხე შესაძლოა, იქმნებოდეს აშკარად კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც, თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, რეალურად, ერთ-ერთი მხარის მიერ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უშვებს. როგორც აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანების რიგი ნორმები ადგენს ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის ძირითად პრინციპებს, ხოლო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის კრედიტორებზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას. აღნიშნული რეგულირება სწორედ კრედიტორთა საქმიანობიდან მომდინარე რისკების აღმოფხვრას ემსახურება.

36. ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ობიექტი, კერძოდ, უძრავი ნივთის განკარგვა და მასთან დაკავშირებული რისკები. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, უძრავი ქონებისთვის დამახასიათებელი მაღალი ღირებულება განაპირობებს მასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსაკუთრებული რეგულირების აუცილებლობას.

37. უძრავი ქონების და მისი ამა თუ იმ ფორმის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, აღიარებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, როგორც წესი, დამახასიათებელია ისეთი საკრედიტო ურთიერთობებისთვის, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საკრედიტო ვალდებულების მიღებას. შესაბამისად, ამგვარი სესხის კრედიტორისთვის დაბრუნება ისეთ მაღალ ტვირთს შეიძლება აკისრებდეს პირს, რომ მნიშვნელოვნად ამცირებდეს მის მსყიდველუნარიანობას და საგრძნობლად აუარესებდეს მის ხელთ არსებული რესურსებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობას. როგორც აღინიშნა, როდესაც ზემოხსენებული ნეგატიური შედეგები მასობრივ ხასიათს ატარებს, მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ ინდვიდუალური, არამედ საზოგადოებრივი ეფექტი, ვინაიდან რიგ საჯარო ინტერესებს ექმნება საფრთხე. ამდენად, უძრავი ქონებით სარგებლობა უკავშირდება განსაკუთრებულ რისკებს, რომლებიც შესაძლოა, იმავე ინტენსივობით არ ახასიათებდეს სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს.

38. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად სამოქალაქო სამართალში კერძო საკუთრებით სარგებლობის და სუბიექტებს შორის ავტონომიური სახელშეკრულებო ურთიერთობის მნიშვნელობისა, აშკარაა, რომ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობამ და სრული სახელშეკრულებო თავისუფლების დადგენამ შესაძლოა, წარმოქმნას ისეთი რისკი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ზემოთ ხსენებულ საჯარო ინტერესებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად არათუ გამართლებულია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და ვიწროდ მიმართული შეზღუდვების დაწესება, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს, არ დაადგინოს იმგვარი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ სუბიექტების ფუნქციონირებას ბაზარზე, რომელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კონტროლი და პრევენცია არ ხდება.

39. ბუნებრივია, უძრავი ქონების ტიპი, მესაკუთრისთვის მისი მნიშვნელობა თუ ღირებულება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებულია. ანალოგიურად, მრავალფეროვანია იმ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობათა ფარგლები, რომლებსაც სადავო ნორმა არეგულირებს. შესაძლოა, პირს გააჩნდეს ერთზე მეტი უძრავი ქონება ან ჰქონდეს განსაკუთრებულად მაღალი შემოსავალი და მხოლოდ ერთი უძრავი ქონება. შესაბამისად, შესაძლებელია სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვას სხვადასხვა ეფექტი ჰქონდეს მისი მესაკუთრის მსყიდველუნარიანობაზე. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის უპირველესი მიზანი არის არა უძრავი ქონების დაკარგვის ერთეული შემთხვევების გამორიცხვა, არამედ აღნიშნული რისკების მასობრივად არსებობის თავიდან აცილება. ამდენად, კანონმდებლობა საჭიროებს, გარკვეული ხარისხით, ზოგადი მოწესრიგების აუცილებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ამ ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები, როგორც წესი, საჯაროსამართლებრივ ნორმებთან შედარებით განზოგადების უფრო მაღალ ხარისხს შეიცავენ. სხვაგვარად რთული ან შეუძლებელიც კი იქნებოდა კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტა“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-18). საკრედიტო ურთიერთობების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გარკვეული განზოგადების საჭიროება არსებობს განსახილველ შემთხვევაშიც.

40. ასევე აღსანიშნავია, რომ არათუ ანალოგიური, არამედ უფრო მაღალი საბაზრო ძალაუფლება შესაძლოა, გააჩნდეთ იმ კრედიტორებს, მათ შორის, კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობით, მათგან მომდინარე რისკები ბალანსდება მათზე საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის უფლებამოსილებით, რაც გულისხმობს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში სათანადო ბერკეტების, მათ შორის, ფულადი ჯარიმის, ლიცენზიის ჩამორთმევის ამოქმედებას. ამავე დროს, მათი ორგანიზებული ხასიათი, ადამიანური, მატერიალური თუ სხვაგვარი რესურსის სიმრავლე არის იმის გარანტია, რომ, ერთი მხრივ, სათანადოდ მოხდება პირის გადახდისუნარიანობის შესწავლა და სესხის გაცემასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების სათანადო ანალიზი, ხოლო, მეორე მხრივ, დაინტერესებული პირისთვის სესხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სრულყოფილად და კეთილსინდისიერად მიწოდება. სათანადო ზედამხედველობის არარსებობის პირობებში შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს დამატებითი ძალისხმევის გაწევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის დაცული ზემოხსენებული მოთხოვნები.

41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელი იყოს იმგვარი რეგულირების დადგენა, რომლის ფარგლებშიც, სესხის გამცემ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობა, მოხდება რეგისტრაციის ვალდებულების დაკისრება და სხვ. მიუხედავად ამისა, ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების ან კრიტიკული ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად გარკვეული ღონისძიებების გატარებას, იმის განსაზღვრა, თუ რა საზოგადოებრივი საჭიროებების წინაშე დგას სახელმწიფო და რა ხარისხით ინტერვენცია არის შესაბამისად აუცილებელი, წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების დისკრეციას. ამდენად, საფინანსო სისტემის სტაბილურობის მისაღწევად, ამა თუ იმ რეგულირების დადგენასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები ფართოა და კანონმდებელი უფლებამოსილია, აირჩიოს სადავო ურთიერთობის მოწესრიგების სხვადასხვა მოდელი.

42. როგორც აღინიშნა, ეროვნული ბანკისთვის კრედიტორ ფიზიკურ პირებზე ზედამხედველობის ვალდებულების დაკისრება მნიშვნელოვან ადამიანურ თუ მატერიალურ რესურსს უკავშირდება. სესხის გამცემ ფიზიკურ პირებზე ზედამხედველობა გულისხმობს სახელმწიფოსთვის გარკვეული ახალი სერვისების შემოღების, ზედამხედველობის და სხვა ადმინისტრაციული ტვირთის დაკისრებას. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომელიც არსებული რისკების გათვალისწინებით, დაადასტურებდა სახელმწიფოსთვის ამგვარი ვალდებულებების დაკისრების მწვავე საჭიროებას.

43. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომ სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება მნიშვნელოვნად აფერხებს სახელშეკრულებო თავისუფლებას. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ სადავო ნორმით დაწესებული ღონისძიება არ არის იმდენად მძიმე, რომ შეუთავსებელი იყოს თავისუფალი ბაზრის პრინციპებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დადგენილი ბალანსი არ არის უსამართლო. შესაბამისად, შეზღუდვა აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

 

ბ. გირავნობა

44. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული იმ უფლებისა თუ სიკეთის მნიშვნელობა, რომლის დასაცავადაც პირს ეზღუდება საკუთრების უფლება.

45. წინამდებარე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესების მნიშვნელობაზე (იხ. სამოტივაციო ნაწილის 33-34 პარაგრაფები), ასევე, სასამართლომ მიმოიხილა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი სუბიექტების შეზღუდვით გამოწვეული საკუთრების უფლების შეზღუდვის ინტენსივობა. (იხ. სამოტივაციო ნაწილის 29-31 პარაგრაფები). აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მსჯელობა შეეხებოდა უძრავი ნივთების ღირებულებას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დავის საგანი უკავშირდება იმ სესხის/კრედიტის გამცემ პირთა წრეს, რომელიც უზრუნველყოფილია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით.

46. მოპასუხე მხარის განმარტებით, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ნორმით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება იმდენად მაღალია, რომ განსაკუთრებულ რეგულირებას საჭიროებს. ამავე დროს, ავტომობილი ხშირად არის ადამიანების შემოსავლის წყარო, მათ აქვთ უნარი, გავლენა მოახდინონ ადამიანის ჭარბვალიანობაზე და მათ სოციალურ მდგომარეობაზე სახელმწიფოში. შესაბამისად, დასახელებული მოძრავი ნივთების მაღალი ღირებულება განაპირობებს მათი რეალიზაციის რეგულირების განსაკუთრებულად მაღალ საჭიროებას.

47. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის და, შესაბამისად, სადავო ნორმით დასახელებული მოძრავი ქონების დაკარვა ზეგავლენას მოახდენს ადამიანის ქონებრივ მდგომარეობაზე და მის მსყიდველუნარიანობაზე, რასაც, მთლიანობაში, ქვეყნის შიგნით ფინანსურ სტაბილურობაზე ექნება გავლენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საკრედიტო ურთიერთობა არის ამგვარი რისკის მატარებელი, ვინაიდან პირმა შესაძლოა, ვერ შეძლოს, მათ შორის, ძალიან მცირე ოდენობის სესხის დაფარვა და, შედეგად, მოხდეს მის საკუთრებაში არსებული ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა. შეზღუდვის პროპორციულობის დასადგენად აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული არა სამოქალაქოსამართლებრივი ინსტიტუტებისთვის დამახასიათებელი ზოგადი რისკები, არამედ მხოლოდ ის საფრთხეები, რომლებიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას ახლავს თან.

48. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი შეზღუდვით თავიდან აცილებული ზიანი განსაკუთრებული სიმძიმისაა. კრედიტორის ინტერესში შედის მხოლოდ იმ ოდენობის სესხის გაცემა, რომელიც იქნება მისი უზრუნველყოფის საშუალების ღირებულების შესაბამისი. ამავდროულად, მართალია, შესაძლებელია, სადავო ნორმით განსაზღვრულ მოძრავ ნივთებს ჰქონდეს მაღალი ღირებულება, თუმცა მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ მათ არქონას ან კრედიტორისთვის გადაცემას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება შეუძლია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მასობრივად მოხდება სადავო ნორმით განსაზღვრული მოძრავი ნივთებით უზრუნველყოფილი საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობა, ზიანი ვერ იქნება იმ ხარისხის, რომ ფინანსური სტაბილურობის ინტერესი სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

49. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაფასებელი მოცემულობა განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც სესხის/კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია მესაკუთრის ან სხვა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში ამგვარი აკრძალვის კონსტიტუციურობა შეაფასა უძრავი ნივთების სპეციფიკურობის გათვალისწინებით (იხ . სამოტივაციო ნაწილის 36-39 პარაგრაფი).

50. ამრიგად, სადავო ნორმით არ არის დადგენილი სამართლიანი ბალანსი საკუთრების უფლებასა და მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის და უფლების შეზღუდვით შელახული ინტერესები მნიშვნელოვნად აღემატება უფლების შეზღუდვის შედეგად დაცულ სიკეთეს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

 

2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

2.1. დაცული სფერო

51. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

52. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ადგენს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია, ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად და არ დაუშვას არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

53. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს მათ განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით. თუმცა ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის, ანდა განსხვავებულ ვითარებაში ერთგვაროვანი მოპყრობის ფაქტები ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის აღიარებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ შესაბამის შემთხვევებში, განსხვავებული ანდა ერთგვაროვანი მოპყრობა არ იყო გამართლებული, არ გააჩნდა შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძველი.

 

2.2. შეზღუდვის იდენტიფიცირება

54.. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებითად თანასწორობის საკითხის განსაზღვრის მიზნებისათვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც შესადარებელი ჯგუფების მახასიათებლები, ისე, ზოგადად, სამართალურთიერთობის ბუნება.

55. სადავო ნორმების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, ასევე მის ან სხვა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს იურიდიული პირების მიმართ. ამდენად, სადავო ნორმებით ფიზიკური პირებისთვის დადგენილია საკუთრების განკარგვის უფრო მკაცრი წინაპირობები. შესაბამისად, სახეზეა დიფერენცირებული მოპყრობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის.

56. როგორც უკვე აღინიშნა, უთანასწორო მოპყრობის არსებობა არ არის საკმარისი კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასადგენად. „დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). ამდენად, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხორციელდებოდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ.

57. განსახილველ საქმეში შესადარებელ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც ერთმანეთისაგან განასხვავებს მათი სტატუსი. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ფიზიკური და იურიდული პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და, აგრეთვე, შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6).

58. მოცემულ შემთხვევაში სადავო რეგულაცია ადგენს ბარიერს ფიზიკური პირების მიერ საკუთრების უფლების რეალიზებაზე. სამართლებრივი სტატუსის განსხვავების მიუხედავად, ფიზიკური და იურიდიული პირები მათ საკუთრებაში არსებული ქონებით უზრუნელყოფილი სესხის აღების დროს კონსტიტუციით დაცული უფლების რეალიზაციას ახდენენ. საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებდა ფიზიკური და იურიდიული პირების განსხვავებულ ინტერესზე საკუთრების განკარგვის თვალსაზრისით. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ თანაბარი ინტერესი, სურვილისამებრ განკარგონ ქონება და ისარგებლონ სახელშეკრულებო თავისუფლებით. ამ თვალსაზრისით, პირის სამართლებრივი სტატუსი ვერ ჩაითვლება ისეთ გარემოებად, რომელიც გამოიწვევდა შესადარებელი ჯგუფების ერთმანეთის არსებითად უთანასწოროდ განხილვას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმით გათვალისწინებულია არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და სახეზეა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის, შესადარებელი პირები არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები და იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული თანასწორობის უფლება.

 

2.3. შეზღუდვის კონსტიტუციურობა

60. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

61. დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას – სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს.

62. განსახილველ შემთხვევაში, არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის განსაზღვრა უკავშირდება მათ ორგანიზაციულ ფორმას. შესაბამისად, დიფერენცირება ხორციელდება სამართლებრივი სტატუსის ნიშნით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში სახელდებით მოხსენიებული არ არის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების პირველი საფუძველი.

63. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II-25).

64. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები ადგენს ბარიერს ფიზიკური პირების, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმეების მიერ საკუთრების უფლების რეალიზებაზე. ამგვარი ბარიერები არ არსებობს იურიდიული პირების მიერ საკუთრების განკარგვის დროს. თუმცა სადავო ნორმები სრულად არ ართმევენ ფიზიკურ პირებს უფლებას, მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული ამა თუ იმ მოძრავი და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი. მართალია, აღნიშნული ნორმები ადგენს ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემაზე უფლებამოსილ კრედიტორთა უფრო ვიწრო წრეს, თუმცა შეზღუდვის ფარგლები არ არის განუზომლად დიდი და არ ადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის აბსოლუტურ აკრძალვას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად არ ანსხვავებს საკუთრების უფლებით სარგებლობის თვალსაზრისით, დიფერენცირების ინტენსივობა არ აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით, შესაბამისად, სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობას შეაფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტით“.

65. „დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლებისათვის საჭიროა, სადავო ნორმამ დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

66. განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაციის საჭიროება და ის გარემოება, არსებობს თუ არა რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და სადავო ნორმების მოქმედებით მიღწეულ შედეგს შორის.

67. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ საჯარო მიზნად დაასახელა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჭარბვალიანობის თავიდან აცილება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. როგორც აღინიშნა, დასახელებული საჯარო ინტერესი გამოდგება გარკვეული შეზღუდვების დაწესების ლეგიტიმურ მიზნად (იხ. სამოტივაციო ნაწილის 33-34 პარაგრაფები). თუმცა, მითითებული მიზნის ლეგიტიმურობასთან ერთად, ასევე უნდა შემოწმდეს, რამდენად არის კანონმდებლის მიერ ამ მიზნის მისაღწევად შერჩეული ღონისძიება დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სესხის აღება, განურჩევლად მისი მიმღების სამართლებრივი სტატუსისა, გარკვეული რისკის მატარებელია და იდენტური შედეგები შეიძლება დადგეს იურიდიული პირის მიერ ქონების დაკარგვის შემთხვევაშიც.

68. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული პირის საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე. იურიდიულ პირებს, სწორედ ამ საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გააჩნდეთ იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის მიღების არათუ ფიზიკური პირის მსგავსი, არამედ მომეტებული ინტერესი. იმავდროულად, იურიდიული პირის მიერ მიღებული სესხი და, შესაბამისად, დატვირთული უძრავი ქონების ღირებულება, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა იყოს განსაკუთრებულად მაღალი.

69. აღნიშნულის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობაში იურიდიული პირები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, სარგებლობენ გარკვეული უპირატესობით. კერძოდ, საზოგადოდ, ფიზიკურ პირებთან შედარებით, იურიდიულ პირებს მეტი მატერიალური და არამატერიალური რესურსები გააჩნიათ იმისთვის, რომ უკეთესად განსაზღვრონ სამართლებრივი ურთიერთობიდან მომდინარე საფრთხეები. უზრუნველყოფილი სესხის მიღება საჭიროებს, ერთი მხრივ, საკუთარი რესურსების დეტალურ ანალიზს და სამომავლო ფინანსური გეგმების შედგენას, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლას და რისკების გაცნობიერებას. გონივრულია ვარაუდი, რომ დასახელებულ გამოწვევებთან უკეთესად გამკლავების უნარი გააჩნიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით არიან შექმნილი.

70. მხედველობაშია მისაღები სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში სხვადასხვა სტატუსის მქონე პირების მონაწილეობის ინტერესიც. მოწმის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, მინიმალურია ისეთი შემთხვევების ოდენობა, როდესაც იურიდიული პირი იღებს საკუთარი ქონებით უზრუნველყოფილ საკრედიტო ვალდებულებას. ლოგიკურია, რომ იურიდიულ პირებს გააჩნიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელების განსხვავებული პრიორიტეტები და მექანიზმები. ისინი ნაკლებ მოსალოდნელს ხდიან იურიდიული პირების მიერ სესხის მისაღებად მათ საკუთრებაში არსებული ნივთების დატვირთვას საკრედიტო ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის დროს იურიდიული პირები იშვიათად ზარალდებიან.

71. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, იურიდიულმა პირმა ვერ შეძლოს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და შეიქმნას ქონების დაკარგვის რისკი, თუმცა როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები მიზნად ისახავს არა ერთეული შემთხვევების გამორიცხვას და მესაკუთრეთა დაცვას, არამედ ისეთი რეალობის თავიდან აცილებას, როდესაც მესაკუთრეები მასობრივად კარგავენ თავიანთ ქონებას და მათი მსყიდველუნარიანობის შემცირების მასშტაბები არის განსაკუთრებულად დიდი. ამგვარი რისკები იურიდიული პირების შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, არის ძალიან მცირე, ფიზიკური პირებისგან განსხვავებით. ამგვარად, სახელმწიფოს აქვს ინტერესი, შეზღუდოს მხოლოდ იმ პირთა საკუთრების რეალიზაციის უფლება, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებული რისკების მატარებელია.

72. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავის ფარგლებში, ფიზიკური პირებისთვის მაღალი ბარიერების დადგენა, როდესაც ამგვარი საჭიროება გამომდინარეობს ობიექტური გარემოებებიდან, უნდა ჩაითვალოს ლოგიკური და რაციონალური მექანიზმის გამოყენებად სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, დაიცვას საკუთრების უფლება, ხოლო, მეორე მრივ, არ დაუშვას ფინანსური სისტემის ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნა და უზრუნველყოს სტაბილური, მდგრადი ეკონომიკური სისტემის არსებობა. ამდენად, აღნიშნული შეზღუდვა ხელს უწყობს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, არსებითად თანასწორ პირებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას გააჩნია რაციონალური საფუძველი და სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ სტანდარტს.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15, მე-16 პუნქტებისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1380 („ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.

2. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1380 („ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი