დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/4/532,533 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 08/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016026 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება №2/4/532,533
2014 წლის 8 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა :
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება : საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი : 1) N532 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვა ,,ჭკუასუსტობის,” ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის სიტყვების ,,ან ჭკუასუსტობის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2) N533 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების ,,ან სულით ავადმყოფობის”, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის სიტყვების ,,და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის სიტყვების ,,სულით ავადმყოფობის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დ) ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ე) ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის სიტყვის ,,ქმედუუნაროა” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, 24-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტთან მიმართებით.
ვ) ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ზ) ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის ,,ქმედუუნარო” და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების ,,ქმედუუნარობის შემთხვევაში” (2006 წლის 27 ივლისის რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი : მოსარჩელეთა წარმომადგენელი - ვახტანგ მენაბდე. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თამარ ხინთიბიძე და ირმა თოდუა. სპეციალისტი – მანანა ელიაშვილი. მოწმე - ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი აკაკი ტყემალაძე.
I - აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N532) მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ქემოკლიძემ. N532 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2012 წლის 2 ივლისს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N533) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ხარაძემ. N533 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისა და მისი N532 კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2012 წლის 2 ივლისს.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის პირველი მარტის N2/3/532,533 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
4. N532 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
5. N533 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
6. N532 და N533 კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ აღიარებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, მეურვის და მზრუნველის უფლება-მოვალეობებსა და ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე სამეურვეო პირს განსაკუთრებული წარმომადგენლობის გარეშე წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. ამასთანავე, ამ პირის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს ყველა აუცილებელ გარიგებას. სადავო ნორმების მიხედვით, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს ეკრძალება ქორწინება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.
7. N533 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, დამატებით, სადავოდ ხდის „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ ქმედუუნარო პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებისა და მკურნალობის პროცედურებს და განსაზღვრავენ მის უფლება-მოვალეობებს.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირებს სამოქალაქო უფლებებით სარგებლობა სრულად ეკრძალებათ. მისი მტკიცებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირებს, მართალია, არ შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ გარკვეულ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ისინი სრულად არ კარგავენ უნარს, სათანადოდ აღიქვან და ნათლად გამოხატონ თავიანთი ნება კონკრეტულ სამოქალაქო ურთიერთობებთან მიმართებით.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, კანონმდებელმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირებს შორის არის არსებითი განსხვავება. მაგალითად, მაღალი ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის ან განგრძობადი შიზოფრენიის შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სრულად იყოს მოკლებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამეურვეო პირის ნების მთლიანად ჩანაცვლება მეურვის ნებით გამართლებულია. თუმცა, სხვა კატეგორიის გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ინარჩუნებდნენ გადაწყვეტილების მიღების უნარს. სადავო ნორმები არ ითვალისწინებს ამგვარ განსხვავებას და გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის ნებისმიერი ხარისხის მქონე პირს, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე, სრულად ართმევს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
10. კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას. სადავო ნორმები განსაზღვრავს დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, გონებრივად ჩამორჩენილ და სულიერი აშლილობის გამო ქმედუუნარო სტატუსის მქონე სრულწლოვან პირებსა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის და, მეორე მხრივ, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე ქმედუუნარო სტატუსის მატარებელ პირებსა და იმ პირებს შორის, რომელთაც აქვთ გონებრივი ჩამორჩენილობა ან სულიერი აშლილობა, მაგრამ მათი ქმედუუნაროდ აღიარება სასამართლოს მიერ არ მომხდარა.
11. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ შესადარებელ ტიპებს, ზემოაღნიშნულ წყვილებთან ერთად, ასევე წარმოადგენენ ქმედუუნარო და ქმედუნარიანი პირები, რომლებიც შეიძლება არსებითად თანასწორნი იყვნენ გარკვეული ხასიათის გარიგებებთან მიმართებით. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ განსხვავებულ მოპყრობას ორი ნიშნის საფუძველზე: გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის გამო შესაძლებლობის შეზღუდვა და ქმედუუნარო პირის სტატუსი. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმების თანახმად, ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭებით, პირს ეკრძალება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ცხოვრების ყველა სფეროში, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დიფერენციაცია მოხდება მხოლოდ იმ სფეროში და იმ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ადამიანი ნამდვილად მოკლებულია გადაწყვეტილების მიღების უნარს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს.
12. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომლის თანახმად, ადამიანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების ყველა სფეროსთან დაკავშირებით. მოსარჩელის აზრით, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სრული გამორიცხვა და მისი ნების მეურვის ნებით ჩანაცვლება ეწინააღმდეგება პიროვნული განვითარების უფლებას. მოსარჩელე მხარის აზრით, სამეურვეო პირის შესახებ გადაწყვეტილება სამეურვეო პირის ინტერესების შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული. ამ პრინციპებს იზიარებს სადავო ნორმებიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნორმებიდან ბუნდოვანია ის, თუ რა იგულისხმება სამეურვეო პირის ინტერესებში. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს მეურვეს, სამეურვეო პირის ინტერესები განსაზღვროს სუბიექტურად, სამეურვეო პირის სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
13. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე პირს არ აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით. სადავო ნორმების არსებული რედაქციის თანახმად, ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განკურნების ან მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში, პირის ქმედუნარიანობის აღსადგენად სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მეურვეს, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებასა და ოჯახის წევრს. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე, შესაძლებელია, ზემოხსენებულმა სუბიექტებმა ბოროტად ისარგებლონ თავიანთი უფლებით და პირს არ მისცენ საშუალება, აღიდგინოს ქმედუნარიანობა. მოსარჩელისთვის გაუგებარია, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა პირის განკურნება ან მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება, თავად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქმედუნარიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
14. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირს ჩამორთმეული აქვს ქორწინების უფლება. მოსარჩელის მითითებით, ზოგადად, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირის ნების ჩანაცვლება ხდება მეურვის ნებით, თუმცა ქორწინების უფლება წარმოადგენს პერსონალურ უფლებას და მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მეურვე ვერ გამოავლენს ქორწინების წარმოშობისთვის აუცილებელ ნებას. მოსარჩელის აზრით, პირებს, რომელთაც სურთ დაქორწინდნენ, უკეთესად შეუძლიათ იმის განსაზღვრა, სურთ თუ არა ოჯახის შექმნა, ხოლო გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირისთვის აღნიშნული უფლების სრულად ჩამორთმევა არღვევს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ქორწინების უფლებას.
15. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ქმედუუნარო პირი მოკლებულია შესაძლებლობას, რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღოს მისთვის ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც არღვევს მისი პიროვნული განვითარების უფლებას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა სრულად გამორიცხავს პირის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაშინ როდესაც ინდივიდუალურ შემთხვევაში პირს, შესაძლებელია, გაცნობიერებული ჰქონდეს ფსიქიატრიული მკურნალობის არსი და მასთან დაკავშირებით გამოავლინოს თავისუფალი ნება. მოსარჩელის აზრით, ანალოგიური შეზღუდვაა დაწესებული სადავო კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, ქმედუუნარო პირის ნაცვლად კანონიერი წარმომადგენელი იღებს გადაწყვეტილებას, აირჩიოს ფსიქიატრიული დაწესებულება ამბულატორიული გამოკვლევისთვის და ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ქმედუუნარო პირის ფსიქიატრიული გამოკვლევა ან/და მკურნალობა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
16. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების შემთხვევაში, ხდება პირის მოთავსება სტაციონარულ დაწესებულებაში და მას ეზღუდება გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, კერძოდ, მას არ შეუძლია წერილის გაგზავნა და მიღება, ტელეფონითა და საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა და სხვა. მოსარჩელის აზრით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი სტაციონარული დახმარების შემთხვევები. არანებაყოფლობითი დახმარების შემთხვევაში, პირისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვა პროპორციულ და ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენს, ვინაიდან დახმარების დაყოვნება საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავდროულად, ამგვარი დახმარების შემთხვევაში არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილი სასამართლოს კონტროლის განხორციელების ვალდებულება. მოსარჩელის მტკიცებით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის საფუძველზე, სტაციონარში ნებაყოფლობითი მოთავსებისთვის საჭირო არ არის ქმედუუნარო პირის თანხმობა ან რაიმე ფორმით მისი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ქმედუუნარო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევაშიც, თუ მას აქვს საკმარისი უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სადავო კანონი უშვებს ქმედუუნარო პირის მონაწილეობას ამგვარი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, კერძოდ, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისთვის მოთავსებული პაციენტის გაწერა ხდება პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია, პაციენტის მონაწილეობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ პაციენტს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ფსიქიატრიული დახმარების შეწყვეტის შესახებ, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მას ჰქონდეს შესაძლებლობა, ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოხატოს თავისი ნება სტაციონარში ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების უფლება.
17. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, პირის ქმედუნარიანობის შემთხვევაში ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პაციენტის წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - მის ნათესავს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა არ აკეთებს დიფერენცირებას იმ ქმედუუნარო პირებს შორის, რომლებსაც მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვთ, ადეკვატურად აღიქვან აღნიშნული ინფორმაცია. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქმედუუნარო პირის ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კანონიერი წარმომადგენელი, თუმცა ქმედუუნარო პირი მონაწილეობს მკურნალობის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ალოგიკურია, თუ პირს არ მიეწოდება ინფორმაცია დაავადების შესახებ, როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოსარჩელის აზრით, საჭიროა, ქმედუუნარო პირს მიეწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია დაავადების შესახებ, რათა მან შეძლოს გადაწყვეტილების მიღება აღმოსაჩენ ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით. სადავო ნორმა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
18. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილის წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ფსიქიატრიული დაწესებულების შემთხვევაში, სადავო ნორმას მიმართება აქვს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ხოლო კერძო ფსიქიატრიული დაწესებულების შემთხვევაში – კონსტიტუციის 24-ე მუხლთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, 24-ე და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებს.
19. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პაციენტს უფლება აქვს, ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი ღირსების შემლახავ ყოველგვარ მოქმედებას. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს, ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უფლებებით. მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ექიმს უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდოს პაციენტის ის უფლებები, რაც გარანტირებულია იმავე კანონის მე-5 მუხლით, მათ შორის, პირის უფლება, დაცული იყოს ღირსების შემლახავი მოპყრობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული ადამიანის ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება შეზღუდვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
20. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ პირს გამოჯანმრთელების შემთხვევაში, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად კანონიერი წარმომადგენლის გარეშეც უნდა ჰქონდეს უფლება, მიმართოს სასამართლოს.
21. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილებში და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების საფუძველი.
22. მოპასუხის განმარტებით, პირები რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ქმედუუნაროდ არიან ცნობილნი, არსებითად განსხვავდებიან ისეთი პირებისგან, რომლებსაც ასეთი სტატუსი არ მიუღიათ. ვინაიდან სამართლებრივი სტატუსის მინიჭება სასამართლოს მიერ ხდება, ეს ფაქტორი თავისთავად განასხვავებს ქმედუუნარო პირის სტატუსის მატარებელ სუბიექტებს სხვა პირებისგან. შესაბამისად, მოპასუხე მხარის განცხადებით, სადავო ნორმებით არ ხდება არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და მოქმედი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
23. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ასევე შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, ვინაიდან აღნიშნული უფლება უკავშირდება პირის უნარს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მას ენიშნება მეურვე სწორედ იმ მიზნით, რომ იგი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. მოპასუხის აზრით, აღნიშნულ ნორმებს შემზღუდველი ხასიათი არ გააჩნიათ, ვინაიდან მათი მიზანია, ქმედუუნარო პირმა მეურვის დახმარებით საკუთარი პიროვნება განავითაროს ისე, როგორც სურს.
24. მოპასუხე მხარის მტკიცებით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, ქმედუუნარო პირის სტაციონარში მოთავსება ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით და ინფორმირებული თანხმობით, მიმართება არ აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან. საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ პირის სტაციონარში მოთავსება თავისუფლების შეზღუდვად არ უნდა იქნეს განხილული. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, ნების გარეშე თავისუფლების შეზღუდვას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სამედიცინო მკურნალობის საჭიროების აღქმა შეეძლება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სუბიექტი მოკლებულია ნების გამოვლენის შესაძლებლობას, მის ნაცვლად კანონიერი წარმომადგენელი იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულება აკისრია.
25. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმით ჩარევა ხდება კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ქორწინების უფლებაში, თუმცა შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ქორწინება კომპლექსური ხასიათის სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია ქონებრივ ურთიერთობებთან, ხოლო ქმედუუნარო პირი მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად აღიქვას და გააანალიზოს აღნიშნული გარემოებები. მოპასუხე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ქორწინების მომენტში ქმედუუნარო პირები არსებითად განსხვავდებიან იმ პირებისგან, რომლებიც ქორწინების რეგისტრაციის მომენტში, მართალია, ქმედუნარიანები იყვნენ, მაგრამ მათი ქმედუუნაროდ ცნობა ქორწინების შემდგომ მოხდა. შესადარებელ პირთა ჯგუფებს შორის მთავარი განსხვავება ქორწინების მომენტში ჯანსაღი ნების გამოვლენის შესაძლებლობაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, ისინი არსებითად თანასწორ პირებს არ წარმოადგენენ, შესაბამისად, სახეზე არ არის არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა.
26. გარდა ამისა, მოპასუხე მიიჩნევს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან სრულ შესაბამისობაშია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა აზრით, მართალია, სადავო ნორმით ქმედუუნარო პირს ეზღუდება უფლება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღოს, თუმცა ინფორმაცია სრულად მიეწოდება მის კანონიერ წარმომადგენელს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებს.
27. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითეს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ქმედუუნარო პირს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ ფსიქიატრი ჩათვლის, რომ მას შეუძლია რეალურად აღიქვას მოვლენები. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი პირდაპირ კავშირშია ამ კანონის მე-16 მუხლთან, ამიტომ თუ პაციენტი ქმედუუნაროა და მისი ასაკი არ აღემატება 16 წელს, კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა უნდა განაცხადოს მკურნალობაზე და გადაწყვეტილების მიღების მომენტში აუცილებელია, პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
28. მოპასუხე მხარის განმარტებით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ექიმი უფლებამოსილია, გარკვეულწილად შეზღუდოს პაციენტის უფლებები და გამოიყენოს იძულებითი სახის ღონისძიებები, რაც განპირობებულია პაციენტის მწვავე მდგომარეობით. თუმცა, იძულებითი ღონისძიებები არ გულისხმობს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ არაჰუმანურ მოპყრობას.
29. საქმეზე მოწვეული სპეციალისტისა და მოწმის განცხადებით, ჭკუასუსტობისა და სულით ავადმყოფობის ჯგუფებში გაერთიანებულ დაავადებებს ფსიქიკური აქტივობის საერთო შეზღუდვა, ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითება და შემეცნების პროცესების შენელება ახასიათებთ. გარდა ამისა, ცალკეული პათოლოგიების შემთხვევებში, შესაძლებელია, არსებობდეს გაზრდილი შთაგონებადობა და ქცევის აშლილობა. გონებრივი ჩამორჩენილობის დროს პირი ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. ხოლო სულით ავადმყოფობის ცალკეული ფორმების არსებობის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია არსებობდეს ფსიქოზური აშლილობები, ბოდვა, ჰალუცინაციები, ცნობიერების აშლის მდგომარეობა და ა.შ.
30. ამასთან, სპეციალისტისა და მოწმის განმარტებით, ჭკუასუსტობა განუკურნებელ დაავადებათა კლასს მიეკუთვნება. თუმცა, ავადმყოფობის პროგრესირების შეჩერება მკურნალობის შედეგად შესაძლებელია. სულით ავადმყოფობის ჯგუფში გაერთიანებული დაავადებების შემთხვევაში, შესაძლებელია, როგორც გამოჯანმრთელება, ისე მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რემისიის სახით. თუმცა, ასეთ დაავადებებს ქრონიკული ხასიათი აქვს და შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდეს.
31. სპეციალისტმა მანანა ელიაშვილმა განაცხადა, რომ სულით ავადმყოფობის ცალკეული პათოლოგიების საწყის ეტაპზე პირს შეუძლია დადოს რთული ქონებრივი გარიგებები კონკრეტულ სფეროებში, მაგრამ გარკვეულ სფეროებში გადაწყვეტილების მიღების უნარი შეზღუდული ჰქონდეს. ზოგიერთ პირს, რომელიც ქმედუუნაროდ ცნობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შესაძლებელია, მარტივი გარიგებების დადების უნარიც ჰქონდეს. სპეციალისტის აზრით, ჭკუასუსტობისა და სულით ავადმყოფობის დროს მკურნალობის საჭიროება პაციენტს, შესაძლოა, მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში ესმოდეს. მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დროს, რიგ შემთხვევებში, პირს შეუძლია, ოჯახის შექმნაზე გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს, ხოლო რიგ შემთხვევებში - არა. თუმცა, მოწმის აზრით, თუ პირის ქმედუუნაროდ ცნობისათვის საფუძველი არსებობს, მაშინ მას ქორწინებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს.
32. სპეციალისტი დამატებით განმარტავს, რომ არსებობს ქმედუნარიანობის სამართლებრივი შეზღუდვის ორი მექანიზმი: ტოტალური და ფუნქციური. ტოტალური შეზღუდვის დროს, პირს სამოქალაქო უფლებების დამოუკიდებელი რეალიზაციის უფლება სრულად ერთმევა. ფუნქციური შეზღუდვის შემთხვევაში, პირს დამოუკიდებელი მოქმედება მხოლოდ იმ სფეროებში ეზღუდება, რომელთა განხორციელების უნარიც აქვს შეზღუდული. საქართველოს კანონმდებლობა ქმედუნარიანობის ტოტალურ (სრულ) შეზღუდვას ითვალისწინებს.
33. სპეციალისტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციური შეზღუდვისათვის საჭირო გამოკვლევის მეთოდები საქართველოს ფსიქიატრიულ პრაქტიკაში არ დანერგილა, ამგვარი მექანიზმის გამოუყენლობის მიზეზი არსებული კანონმდებლობაა და არა ტექნიკური მზაობის არარსებობა. ფუნქციური მოდელის შესაბამისი კვლევების შედეგად, უნარშეზღუდულთა დიფერენცირება შესაძლებელია არა მხოლოდ ადამიანის ჯგუფებს შორის, არამედ თითოეულ სოციალურ ფუნქციასთან მიმართებით. დემენციებისა და გონებრივი ჩამორჩენილობის გარდა, დაავადებათა უმეტესობის დროს უნარის შეზღუდვა ხდება არა სრულად, არამედ - ფრაგმენტულად.
34. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლის აკაკი ტყემალაძის განცხადებით, ქმედუუნაროების მიერ დადებულ გარიგებებთან მიმართებით გრადაცია პრაქტიკაში რთული განსახორციელებელი იქნება. ამგვარი სირთულე დაავადების დინამიკურ ხასიათს უკავშირდება. პაციენტის მდგომარეობა შესაძლებელია უეცრად შეიცვალოს. შესაბამისად, ფუნქციონალური მოდელის არსებობა გარკვეულ პრაქტიკულ პრობლემებს წარმოშობს.
35. აღნიშნულ მოსაზრებას სპეციალისტიც ეთანხმება და განმარტავს, რომ ფუნქციონალური შეზღუდვის შემოღებამ, მიუხედავად პროგრესულობისა, შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოშვას. კერძოდ, სულით ავადმყოფობის ტიპის დაავადებებს სწრაფი ცვალებადობა და მოციმციმე მდგომარეობები ახასიათებთ. შესაბამისად, თუ პაციენტის დღევანდელი მდგომარეობა დადგენადია, შეუძლებელია სამომავლო პროგნოზების განსაზღვრა.
36. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება, რომელსაც თან ერთვის ვოშბორნის სამართლის სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებული კვლევა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით.
37. სასამართლოს მეგობარი წერილობით მოსაზრებაში დეტალურად მიმოიხილავს სადავო ნორმების გასაჩივრებულ კონსტიტუციურ დებულებებთან შესაბამისობის საკითხს. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით, ხდება პირებს შორის განსხვავებული მოპყრობა ქმედუუნარობის ნიშნით, რაც მომდინარეობს ადამიანის იდენტობის გამომხატველი ფაქტორებიდან, უკავშირდება მის ღირსებას და ამგვარ მოპყრობას აქვს თავისი ისტორიული საფუძვლები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, აუცილებელია, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვები შეფასდეს მკაცრი ტესტით, ისევე როგორც ეს ხდება ნებისმიერი იმ ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევაში, რომელიც კონსტიტუციის მე-14 მუხლში სახელდებით არის მოხსენიებული. გარდა ამისა, სასამართლოს მეგობრის აზრით, არსებობს უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლის გამოყენებაც სახელმწიფოს შეუძლია, კერძოდ, სადავო ნორმებისგან განსხვავებით, შესაძლებელია, პირების დიფერენციაცია იმის მიხედვით, თუ რა ინტენსივობითაა შეზღუდვა წარმოდგენილი და, რეალურად, რა ქმედების განხორციელება შეუძლია პირს. შესაბამისად, სადავო ნორმების არსებული რედაქცია დისკრიმინაციული ხასიათისაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
38. სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მეურვისთვის სრულად გადაცემით, ადამიანი კარგავს აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა მეურვეს ავალდებულებს სამეურვეო პირის ინტერესების შესაბამისად მოქმედებას, ეს ვერ იქნება იმის გარანტი, რომ მეურვის თითოეული გადაწყვეტილება სამეურვეო პირის ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული. გარდა ამისა, სამეურვეო პირის უფლებების მეურვისთვის/მზრუნველისთვის სრულად გადაცემით, ხდება ავტონომიურობისა და ინდივიდის პიროვნული თვითგამორკვევის უფლების უგულებელყოფა. ამასთანავე, რეგულირების სიმარტივე და სახელმწიფოს მიერ ყველასთვის ერთნაირი წესების დადგენა ვერ გამოდგება ლეგიტიმურ მიზნად, რაც უფლებაში ჩარევას გაამართლებდა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
39. სასამართლოს მეგობრის აზრით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული დებულებები ბუნდოვანია და შესაძლებელია იმგვარად იქნეს გაგებული, რომ სტაციონარში მოთავსებულ პირს შეეზღუდოს ყველა უფლება, მათ შორის, ჰუმანური მოპყრობის უფლებაც, რაც პაციენტს ნივთის მდგომარეობაში აყენებს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმები შესაძლებლობას იძლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სამართლის სუბიექტიდან სამართლის ობიექტად იქცეს. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული დებულებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლს.
40. სასამართლოს მეგობარი ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მიხედვით, პირის სტაციონარში იძულებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მისი თანხმობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს საკმარისი უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ხდება პაციენტის კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლად გადაადგილებისა და თავისუფლების უფლების შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, აუცილებელია, მოხდეს დიფერენცირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის მათი უნარების გათვალისწინებით, ვინაიდან სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანების მიმართ თავისუფლების ერთნაირი შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
41. სასამართლოს მეგობარი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობით ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის რეგულაციები ერთნაირია, თუმცა თავად ეს პირები ერთნაირები არ არიან. შესაბამისად, ქორწინების უფლება შესაძლებელია შეეზღუდოთ იმ პირებს, რომლებიც რეალურად ვერ იაზრებენ თავიანთ მოქმედებას და ამ სფეროში თავისუფალ ნებას ვერ ავლენენ. თუმცა, სადავო ნორმები გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდეს, რამდენად შეუძლია პირს, გაიაზროს საკუთარი ქმედებები და ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმების მოქმედი რედაქცია ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტს .
42. სასამართლოს მეგობარი დამატებით მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ქმედუუნარო პირისთვის ქმედუნარიანობის სტატუსის აღდგენა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით არის შესაძლებელი. ამასთან, გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, ქმედუუნაროდ ცნობილ პირს არა აქვს უფლება, აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს მეგობრის აზრით, სადავო ნორმაში განსაზღვრული პირთა წრისთვის ამ უფლების მინიჭება კი ვერ უზრუნველყოფს ქმედუუნარო პირის უფლებების ადეკვატურ დაცვას და მეტიც, შესაძლებელია, ბოროტად იქნეს გამოყენებული, რაც თავად ქმედუუნარო პირს დააზარალებს. აქედან გამომდინარე, ქმედუუნაროდ ცნობილი პირისთვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
43. სასამართლოს მეგობარს ასევე მიაჩნია, რომ ქმედუუნარო პირს უნდა შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში, უშუალოდ წარსდგეს სასამართლოს წინაშე და წარუდგინოს მას საკუთარი მოსაზრებები, ვინაიდან სწორედ სასამართლო იღებს ამ პირის შესახებ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
44. სასამართლოს მეგობარი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, ასევე სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II - სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელები N532 და N533 შეეხება ქმედუუნაროდ აღიარებული, ასევე ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირების ცალკეული უფლებების შემზღუდველი საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე–14, მე–16, მე–17, მე–18, 24–ე, 36–ე, 41–ე და 42–ე მუხლებთან მიმართებით. თითოეულ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნები თანხვედრაშია ან ერთმანეთს მნიშვნელოვნად უკავშირდება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნებს ერთობლიობაში განიხილავს.
2. ამასთანავე, წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას არსებითად სხვადასხვა შინაარსის კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ–ცალკე შეაფასებს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით
(სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები „ჭკუასუსტობის“ და „ან სულით ავადმყოფობის“, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა“, 1290-ე მუხლი, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი; „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები „და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში“, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა „ქმედუუნარო“ და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „ქმედუუნარობის შემთხვევაში“).
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული სფერო
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. აღნიშნული უფლება იცავს პიროვნების ავტონომიურობას, პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო, სხვებისგან ჩაურევლად, პირადი გადაწყვეტილებით დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას.
4. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ზუსტი და ამომწურავი განმარტება პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც კონსტიტუციის სხვადასხვა ნორმებით არის დაცული.
5. ამავდროულად, კონსტიტუციაში რეგლამენტირებულ კონკრეტულ უფლებებს მიღმა რჩება პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის აუცილებელი ბუნებითი თავისუფლებების მნიშვნელოვანი სეგმენტი. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N 2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი და სხვები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-57).
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით სადავოდ გამხდარი ნორმების ნაწილი შინაარსობრივად ურთიერთდაკავშირებულია და ქმნის რეგულაციის ერთიან სისტემას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურობის შეფასების მიზნით, სადავო ნორმებს ორ ჯგუფად დაჰყოფს. პირველ ჯგუფში შემავალი სადავო ნორმები შეეხება პირის ქმედუუნაროდ აღიარებას, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სამოქალაქოსამართლებრივი ნების გამოვლენის არარსებობას და მეურვეობას, ხოლო მეორე ჯგუფით მოცული სადავო ნორმები შეეხება ფსიქიატრიული მკურნალობის, ექიმისა და სამკურნალო დაწესებულების შერჩევასა და მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების მეურვის ნებით ჩანაცვლებას.
პირის ქმედუუნაროდ აღიარება და მეურვეობა
7. სადავო ნორმების ნაწილი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი, 58-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1290-ე მუხლი, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი სისტემურად მჭიდროდ დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს და ადგენს პირის უფლებაში ჩარევის ერთიან რეჟიმს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს ერთობლივად შეაფასებს.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო პირებს უზღუდავს თავისუფლებას, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინონ და განახორციელონ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის 1290-ე მუხლის თანახმად, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს ასევე ერთმევა უფლება, წარმოადგინოს საკუთარი თავი მესამე პირებთან ურთიერთობაში. ქმედუუნაროდ აღიარებული პირი ვერ დებს გარიგებებს, ვინაიდან მისი ნება ბათილია. მისი სახელით გარიგებებს დებს მეურვე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე და 1293-ე მუხლებით.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი, ისევე როგორც თითოეული სადავო ნორმა, წარმოადგენს ჩარევას ადამიანის პიროვნულ ავტონომიაში, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში. სადავო რეგულირება არსებითად ცვლის პირის სამართლებრივ სტატუსს და იწვევს მძიმე სამართლებრივ და პრაქტიკულ შედეგებს. პირი ფორმალურად განუსაზღვრელი ვადით ითვლება სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ, პრაქტიკულად, სრულად ხდება დამოკიდებული თავის მეურვეზე და ერთმევა უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან, არსებობასა და განვითარებასთან. იგი ვერ დებს თუნდაც ისეთ წვრილმან გარიგებებს, როგორიცაა საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სამგზავრო ბილეთის შეძენა, შეზღუდული აქვს უფლება, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, ასევე შეზღუდული აქვს მგზავრობის, შრომის და სხვა უფლებები. მისი ნება ჩანაცვლებულია მეურვის ნებით, რომელიც სამეურვეო პირის სახელით დებს ყველა აუცილებელ გარიგებას.
10. სადავო ნორმები მოსარჩელის მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირებს (შემდგომში: „მოსარჩელე კლასი“) სამოქალაქო ნების არმქონედ აცხადებს ნებისმიერ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, მისი შინაარსის შეცნობის სირთულისა და არსებული რისკების მიუხედავად. სწორედ ამ სამართლებრივი რეგულირების კონსტიტუციურობას შეაფასებს საკონსტიტუციო სასამართლო. სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს ყველა იმ ურთიერთობის ამომწურავად განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე კლასის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად უნდა ჩაითვალოს.
11. საქართველოს კონსტიტუციის მე–16 მუხლი მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ მიუთითებს პიროვნული განვითარების თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე, იგი არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ჯგუფს. აღნიშნულ უფლებაში ჩარევა დასაშვებია, თუ უფლების მზღუდავი რეგულაცია დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებაა.
12. ქმედუნარიანობა არ არის აბსოლუტური კატეგორია. პირის ქმედუუნაროდ ცნობა, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინადან, პირველ რიგში, მიმართულია ამ პირების კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვისკენ. იმავდროულად, კოგნიტური უნარების შეზღუდვა, მათ შორის სერიოზულიც კი, არ შეიძლება წარმოადგენდეს პირის ქმედუნარიანობის სრულად შეზღუდვის თვითკმარ მიზეზს.
13. ქმედუნარიანობის აბსოლუტური და ბლანკეტური ჩამორთმევა უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს პირის ავტონომიურობის დაკარგვას ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში. პირი სრულად კარგავს დამოუკიდებელი და თავისუფალი მოქმედების უფლებას. მეტიც, ქმედუნარიანობის ჩამორთმევა ხდება განუსაზღვრელი ვადით. შესაბამისად, პირის უფლებაში ასეთი ინტენსივობის ჩარევა განპირობებული უნდა იყოს უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობით და უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას.
14. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევით, სახელმწიფო ღირებული ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ისახავს მიზნად. პირის ქმედუუნაროდ აღიარების მიზანს, პირველ რიგში, თავად შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
15. სასამართლოსათვის შესაბამისი სფეროს ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ დაავადებები, რომლებიც პირის ქმედუუნაროდ ცნობის წინაპირობებს ქმნის, ხასიათდება ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებითა და ფსიქიკური აშლილობით. აღნიშნული სიმპტომატიკა ავადმყოფ პირს სხვადასხვა ხარისხით ართმევს უნარს „შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი“.
16. სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებები, რომელთა დადების უფლებაც ერთმევათ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს, სამოქალაქო სამართლებრივ უფლებებთან ერთად, წარმოშობს ვალდებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირები დამოუკიდებელი მოქმედების პირობებში, შეზღუდული გონებრივი უნარების გამო, საკუთარ ინტერესებთან შეუსაბამო გარიგებას დადებენ. რიგ შემთხვევებში შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის ასეთმა გაუცნობიერებელმა ქმედებებმა, შესაძლოა, მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენოს. მსგავსი გარემოება არა მხოლოდ კონტრაჰენტის არაკეთილსინდისიერი მოქმედებით, არამედ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საკუთარ ინტერესებთან შეუთავსებელი ქმედებით შეიძლება შეიქმნას.
17. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შესაფასებლად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რამდენად თანაზომიერია ქმედუუნაროდ აღიარებული პირების უფლებებსა და ინტერესებზე ზრუნვის მოტივით სადავო ნორმებით დადგენილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევა. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის თანაზომიერების შეფასების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს უფლებაში ჩარევის ფორმაზე, ხასიათსა და ინტენსივობაზე.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მიერ დადებული გარიგება, უპირობოდ ბათილად ითვლება და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. ამავე დროს, გარიგების ბათილობა შეუძლია მოითხოვოს როგორც ქმედუუნაროდ აღიარებული პირის კანონიერმა წარმომადგენელმა, ასევე გარიგების მეორე მხარემ, იმ პირობებშიც კი, როდესაც ამ გარიგების დადება არა თუ საზიანო, არამედ, შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს ქმედუუნაროდ აღიარებული პირისათვის. ამასთანავე, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის კანონიერი წარმომადგენელი - მეურვე არ არის აღჭურვილი უფლებით, მოიწონოს და ამით ნების გამოვლენის ნაკლი გამოასწოროს ისეთ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეესაბამება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ინტერესებს.
19. სრულიად განსხვავებული რეგულირებაა დადგენილი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებთან მიმართებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს. ამგვარად, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის - არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს მერყევად ბათილ გარიგებას და დამოკიდებულია ორ გარემოებაზე: არასრულწლოვნისათვის სარგებლის მიღებაზე ან/და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის - მზრუნველის წინასწარ ან შემდგომ თანხმობაზე. ამ შემთხვევაში კანონიერ წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა დაიცვას შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ინტერესები, მისი ინტერესების შესაბამისად გასცეს ან არ გასცეს თანხმობა გარიგებების ნამდვილობაზე. ამავე დროს, შეზღუდულია ხელშეკრულების მეორე მხარის უფლება, უპირობოდ მოითხოვოს გარიგების ბათილობა.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 კარის მე-4 თავი (72-89 მუხლები) განსაზღვრავს საცილო გარიგების ინსტიტუტს. საცილო გარიგებებს განეკუთვნება მოტყუებით, შეცდომით და იძულებით დადებული გარიგებები. საცილო გარიგება a priori ბათილი არ არის, არამედ მისი ნამდვილობა დამოკიდებულია შეცდომის დამშვები, მოტყუებული ან იძულებას დაქვემდებარებული მხარის მიერ ბათილობის მოთხოვნაზე. როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ცალსახად იკვეთება, სახელშეკრულებო ურთიერთობებში გარიგების უცილოდ ბათილობა არ წარმოადგენს სუსტი მხარის ინტერესების დაცვის ერთადერთ მექანიზმს, უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, კონტრაჰენტის დაცვის მიზნით გარიგების გაბათილების მოთხოვნა, როგორც წესი, მხოლოდ სუსტ მხარეს შეუძლია და არა ორივე კონტრაჰენტს.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირის უფლების ამგვარი შეზღუდვა, სცდება ქმედუუნაროდ ცნობილი პირის დაცვის მიზნებს. არსებული მოწესრიგების პირობებში, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მზრუნველისგან განსხვავებით, მეურვეს არ შეუძლია მოარგოს ქმედუუნარო პირის მიერ დადებული გარიგებები მისსავე ინტერესებს და სადავო ნორმები ტოვებს შესაძლებლობას, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მიერ დადებული ნებისმიერი გარიგების, მათ შორის, მისთვის სასარგებლო გარიგებების ბათილობა მოითხოვოს გარიგების მეორე მხარემ, მათ შორის, იმ დროს, როდესაც ხელშეკრულების დადების მომენტში მისთვის ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა პირის ქმედუუნარობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები მომეტებულად ზღუდავს მოსარჩელეთა უფლებას.
22. საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, ქმედუნარიანი კონტრაჰენტის დაცვის მიზნით, გარკვეული სამართლებრივი საშუალებების შექმნას, თუმცა ის რეგულაცია, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დადგენილი, უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
23. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების მიერ უფლებების განხორციელების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს და არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირის გონებრივი დაავადების ფაქტს.
24. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ გარკვეულ სფეროებში მარტივ გარიგებებთან მიმართებით ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს, ობიექტურად, დამოუკიდებლად შეუძლიათ, მესამე პირების დახმარების გარეშე განახორციელონ თავიანთი სამოქალაქო უფლებები. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ქმედუუნარო პირის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად უნდა ჩაითვალოს და იგი არ უნდა იყოს ბათილი ან მეურვის მიერ გაბათილებადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა განიხილოს ისეთი სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების არსებობის შესაძლებლობა, რომელთა ფარგლებშიც უფლების განხორციელება ქმედუუნარო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ.
25. საქმეზე მოწვეული ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად, ქმედუუნაროდ აღიარების წინაპირობების წარმომშობი დაავადებები იწვევს სხვადასხვა ინტელექტუალური უნარის განსხვავებული ინტენსივობით დაქვეითებას. განსხვავებულია არამარტო დაავადებებით გამოწვეული შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხი, არამედ ის სოციალური სფეროებიც, რომლებშიც პირს უნარები ეზღუდება. უფრო მეტიც, შესაძლოა ერთი და იგივე პათოლოგია სხვადასხვა პირებში განსხვავებული ფორმისა და ხარისხის გონებრივ შეფერხებას იწვევდეს.
26. ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადებით გამოწვეული უუნარობა ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას სრული მოცულობით შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან უხელმძღვანელოს მათ, ყოველთვის არ გულისხმობს, რომ პირს არ შესწევს უნარი, მიიღოს გათვითცნობიერებული გადაწყვეტილებები სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში და განახორციელოს იურიდიული შედეგების მატარებელი ქმედებები, კერძოდ, პირადი გონივრული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები, რომლებიც არ ხელყოფს სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ასევე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსუბუქი ხარისხის დაავადებების მქონე პირებს სრულფასოვნად შეუძლიათ მარტივი გარიგებების დადებისას საკუთარი ნება ინფორმირებულად და თავისუფლად გამოავლინონ. მოქმედი კანონმდებლობა, ქმედუნარიანობის საკითხის გადაწყვეტისას არ ითვალისწინებს დაავადების ხარისხიდან გამომდინარე სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების დიფერენცირების შესაძლებლობას (გარდა ალკოჰოლური და ნარკოდამოკიდებული პირების შემთხვევისა). კანონმდებლობა განასხვავებს მხოლოდ სრულ ქმედუნარიანობას და სრულ ქმედუუნარობას. „ჭკუასუსტობის“ და „სულით ავადმყოფობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებთან მიმართებით იგი არ ითვალისწინებს მომიჯნავე ვითარებას. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირს ფსიქიკური დაავადების მიუხედავად, შენარჩუნებული აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი სოციალური ცხოვრების ცალკეულ სფეროებში, რომელიც მიმართულია საკუთარი პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ, შეესაბამება მის ინტერესებს და არ ხელყოფს ვინმეს უფლება-ინტერესებს, კანონმდებლობა არ იძლევა პირის ნების გამოვლენასთან დაკავშირებით დიფერენცირებული მიდგომის შესაძლებლობას, რომელიც იქნებოდა სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტელექტუალური და ნებელობითი უნარების ფაქტობრივი დაქვეითების ხარისხის თანაზომიერი. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, როგორც ბუნებითი თავისუფლება, იმდენად ფუნდამენტურია, რომ პიროვნებაზე ზრუნვის მოტივით მასში ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს პირის ინტერესების დაცვის უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს. პირადი ავტონომიიდან გამომდინარე, ადამიანს, თუ ეს გარკვეული ხარისხით მაინც აქვს გაცნობიერებული, სრული უფლება აქვს, თუნდაც საზოგადოების საშუალო წევრის ხედვასთან შეუთავსებელი ქმედებები განახორციელოს. პიროვნული ავტონომიის უფლების რეალიზებისას საკუთარ ინტერესებთან შეუთავსებელი უნებლიე გადაწყვეტილებების მიღების გამორიცხვა შეუძლებელია. ასეთ „შეცდომებს“ მაღალი ხარისხის ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირებიც კი უშვებენ.
27. ამასთანავე, ყოველი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა უნიკალურია და შეუძლებელია კანონმდებლობით ქმედუნარიანობის შეზღუდვის ინდივიდუალური საჭიროებების სრული და ზედმიწევნით განსაზღვრა. ასეთ შემთხვევებში, პირზე მზრუნველობის ინტერესებსა და მის პირად ავტონომიას შორის ბალანსის დადგენის მიზნით, აუცილებელია, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება შეიზღუდოს იმდენადად, რამდენადაც ამის საჭიროება ობიექტურად არსებობს გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხიდან გამომდინარე. ამასთანავე, აუცილებელია, კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვროს პირის ქმედუუნაროდ ცნობის კრიტერიუმები. ქმედუუნაროდ აღიარების საკანონმდებლო რეგლამენტაცია უნდა გამოირჩეოდეს საკმარისი სიცხადით, რათა ზუსტად ასახავდეს პირის საჭიროებებს და ამ საჭიროებებზე მორგებული შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას ქმნიდეს. ამავე დროს, კანონი მკაფიო მითითებებს უნდა აძლევდეს ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე სუბიექტებს, იქნება ეს სასამართლო, ფსიქიატრიული დაწესებულება თუ სხვა, რათა ზუსტად იყოს შესაძლებელი იმის განსაზღვრა, რა ხარისხის გონებრივი შეფერხების არსებობისას უნდა მოხდეს პირის ქმედუუნაროდ აღიარება და რა მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები არ ახდენს უფლებაშემზღუდავი ეფექტის მინიმიზაციას, ადგენს ბლანკეტური ხასიათის შეზღუდვას და არ იძლევა ამა თუ იმ პირის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინების შესაძლებლობას.
28. გონებრივი ჩამორჩენილობის და ფსიქიკური აშლილობის მქონე სრულწლოვანი პირების სამართლებრივი დაცვა უნდა ემყარებოდეს: 1. სამართლებრივი რეგულირების მოქნილობის პრინციპს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ, პირის უფლებების და ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, კონკრეტულ სამართლებრივ ვითარებაში მისი ქმედუუნარობის ხარისხის მაქსიმალურად სრულ გათვალისწინებას, ქმედუუნარობის განსხვავებული ხარისხების და განსხვავებული ვითარების შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების არსებობას; 2. ქმედუნარიანობის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპს, რაც გულისხმობს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ქმედუუნარობის განსხვავებული ხარისხების არსებობას და პირის ქმედუნარიანობის ხარისხის ცვლილების შესაძლებლობას დროთა განმავლობაში. 3. დაცვითი ღონისძიების პირის ქმედუნარიანობის ხარისხთან თანაზომიერების პრინციპი, რომლის თანახმად, ქმედუნარიანობის შეზღუდვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედუნარიანობის შეზღუდვის კონკრეტული ვითარება და შესაბამისი პირის კონკრეტული საჭიროებები. პირის უფლება-თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. დაცვითი ღონისძიებები ავტომატურად არ უნდა გულისხმობდეს პირისათვის ქმედუნარიანობის სრული მოცულობით დაკარგვას, ხოლო იქ, სადაც ეს შესაძლებელია, სრულწლოვან პირს უნდა ჰქონდეს უფლება, დადოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ყოველდღიური ყოფითი გარიგებები.
29. ქმედუუნაროდ აღიარებას დაქვემდებარებულ პირებში გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა ფართო გრადაციითა და ფრაგმენტაციით არის წარმოდგენილი. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, სადავო ნორმები ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ხარისხის შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირზე, რომელსაც გარკვეული ხარისხით წართმეული აქვს უნარი, „შეიგნონ საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა“. შედეგად, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას, რომ გარკვეულ პირებს პიროვნული ავტონომია შეეზღუდოთ იმაზე მაღალი ხარისხითა და ინტენსივობით, რაც მათი უფლებების დაცვისთვის არის აუცილებელი. ქმედუნარიანობის სრული შეზღუდვა შესაძლებელია გამართლებული იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე და გამოუსწორებელი პრობლემებით, მაგრამ პირისათვის ერთი შეზღუდული უნარის შესაძლო უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის მიზნით სხვა შეუზღუდავი უნარების რეალიზაციაში ხელშეშლა გაუმართლებელია და წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას.
30. სასამართლო მიიჩნევს, რომ დინამიკურად განვითარებადი ავადმყოფობის შემთხვევაში, ქმედუნარიანობის სრული შეზღუდვა შესაძლებელია რთულად ან სრულიად არაპროგნოზირებადი უარყოფითი შედეგების სრულ გამორიცხვას ისახავდეს მიზნად. ისეთ შემთხვევაში, როდესაც გონებრივი შესაძლებლობების შემზღუდველი დაავადება დინამიკურად მიმდინარეობს, მაღალი რისკის შემცველი გარიგებების დამოუკიდებელი დადების შეზღუდვა შეიძლება უფლებაში ჩარევის თანაზომიერ ღონისძიებად ჩაითვალოს. თუმცა რეგულაცია, რომელიც უპირობოდ ყველა ტიპის, მათ შორის, მცირე მნიშვნელობის ყოფით სამოქალაქო გარიგებებზეც ვრცელდება, უფლებაში ჩარევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს.
31. ქმედუუნარობის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების პროცესში ასევე მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, თუ რა პროცედურის გამოყენებით ხდება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის დისტანცირება სამართლებრივი ურთიერთობებისაგან. განსახილველ შემთხვევაში ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნებას ანაცვლებს მეურვე, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს სამეურვეო პირის სახელით.
32. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევის თანაზომიერების შეფასებისას ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების ჩანაცვლების კონტექსტში საყურადღებოა ორი საკითხი: 1. ნების ჩანაცვლების ღონისძიების გამოყენება ხდება განურჩევლად ყველა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მიმართ; 2. გამოყენებულია ჩანაცვლების ღონისძიების ფორმა, რომელიც გულისხმობს ქმედუუნარო პირის ნების სრულ ჩანაცვლებას და უგულებელყოფას.
33. სახელმწიფო ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში პოზიტიური მოქმედებებით უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესების დაცვა. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირის მეურვით უზრუნველყოფა ამ ვალდებულების ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს.
34. ამასთანავე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობა ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებში წარმოდგენილია ფართო სხვადასხვაობითა და ფრაგმენტაციით. გარკვეულ შემთხვევებში, მეურვის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც პირს აქვს სათანადო უნარი, მოახდინოს ნების ფორმირება და მისი სახელით გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლებელია, ეს ნება ადეკვატურად იქნეს ასახული და გათვალისწინებული. მეურვის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია ვერ გადაწონის პიროვნების თავისუფალი ნების გამოვლენის თუნდაც მცირე შესაძლებლობის უგულებელყოფას იმ შემთხვევაში, თუ პირს ასეთი უნარი არ აქვს დაკარგული.
35. საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს ადამიანის უფლებას, საკუთარი სურვილების შესაბამისად განაგოს თავისი ცხოვრება, თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის ან საშუალო გონიერი ადამიანის ხედვით ეს სურვილები არასათანადო და მიზანშეუწონელი იყოს. შეხედულებები საკუთარი შინაგანი სამყაროს და გარესამყაროსთან ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის შესახებ იმდენად ინდივიდუალურია, რომ შეუძლებელია ასეთი შეხედულებების სრული თანხვედრა არსებობდეს, თუნდაც სოციალურად თუ ბიოლოგიურად ახლოს მყოფ ადამიანებს შორის. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1290-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედი მეურვე, რამდენადაც კეთილსინდისიერად არ უნდა მოქმედებდეს ან რამდენადაც სოციალურად თუ ბიოლოგიურად ახლოს არ უნდა იყოს სამეურვეო პირთან, მისი ნების სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი ვერასოდეს გახდება.
36. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნების სამართლებრივი პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფოების დიდი ნაწილის შესაბამისი რეგულაციები, მეურვეობის პირობებშიც კი, სათანადოდ ასახავს სამეურვეო პირის ნებას მათი სახელით გარიგებების დადებისას. მსგავსი რეგულაციებით დადგენილია მეურვის მიერ გარიგების დადებისას სამეურვეო პირის უშუალო ნების გათვალისწინება, მეურვის კონტროლს ქვეშ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გარიგების დადების შესაძლებლობა, მეურვის დახმარება სამეურვეო პირის ნების ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა.შ. დასახელებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ნების ასახვა მისი სახელით განხორციელებულ ქმედებებში მძიმე ფორმებით გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი არის შესაძლებელი.
37. პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის პროცესში ამ პირის ნებისა და ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების აუცილებლობას მოითხოვს ასევე თანამედროვე საერთაშორისოსამართლებრივი სტანდარტები (მაგალითად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1977 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაცია N818(1977), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1983 წლის 8 თებერვლის რეკომენდაცია R(83)2, 1999 წლის 23 თებერვლის რეკომენდაცია R(99)4, 2004 წლის 24 თებერვლის რეკომენდაცია Rec(2004)10, რეკომენდაცია CM/Rec (2011)4.
38. სასამართლო ითვალისწინებს ე.წ. „ჭკუასუსტების“ და „სულით ავადმყოფ“ პირთა განსხვავებულობას, თუმცა, იმავდროულად , მიუთითებს პირთა ინდივიდუალური ავტონომიის და დამოუკიდებლობის, მათ შორის, გადაწყვეტილების თავისუფალი არჩევანის საფუძველზე მიღების მნიშვნელობაზე. სასამართლო ხაზგასით აღნიშნავს, რომ აღნიშნული კატეგორიის პირები უნდა განიხილებოდნენ როგორც უფლებათა სუბიექტები და არა როგორც მხოლოდ პაციენტები.
39. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონკრეტული ხერხების განსაზღვრის პროცესში კანონმდებელმა უნდა შეიმუშავოს ის ოპტიმალური მექანიზმი, რომელიც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, პირის ქმედუუნაროდ აღიარების პროცესში გაითვალისწინოს მისი ნებელობითი და ინტელექტუალური უნარის მოშლის/დაზიანების ხარისხი სოციალური ცხოვრების კონკრეტულ სფეროებში და, ამგვარად, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირის უფლებების და თავისუფლებების დაცვა.
40. ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება. მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით. ამასთანავე, უნდა შემუშავდეს ის აუცილებელი მოდიფიკაციები, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოიწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისას.
41. კანონმდებლობა უნდა განსაზღვრავდეს იმ სამართლებრივ ქმედებებს, რომელთა განხორციელება, მათი განსაკუთრებული პირადი ხასიათიდან გამომდინარე, დაუშვებელია წარმომადგენლის მიერ. ასევე კანონმდებლობის განსასაზღვრია მეურვის რომელი გადაწყვეტილებები საჭიროებს სპეციფიკურ დასტურს სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსგან.
42. სულიერი აშლილობისა და გონებრივი ჩამორჩენილობის დროს, ადამიანს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სრულად ჩამოერთვას ქმედუნარიანობა, როდესაც მას ცხოვრების არცერთ სფეროში არა აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი. სხვა შემთხვევაში, როდესაც ცალკეულ სფეროში ადამიანს შენარჩუნებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, ასეთი პირების მიმართ უნდა გამოიყენებოდეს უფლების ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვა.
43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების სრულად და უპირობოდ ჩანაცვლებას ახდენს იმ პირობებში, როდესაც მარტივი გარიგებები ქმედუუნარო პირებმა შეიძლება დამოუკიდებლადაც დადონ. ამავე დროს, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც პირს არ აქვს საკმარისი გონებრივი უნარი, დამოუკიდებლად დადოს ესა თუ ის გარიგება, არსებობს პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ნება შესაბამისი დოზითა და ფორმით ასახული იყოს მისი სახელით გარიგებების დადებისას.
44. სრულწლოვანი პირების ქმედუნარიანობის საკითხისადმი არსებული მიდგომა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. ქმედუნარიანობის სრული მოცულობით შენარჩუნების შემთხვევაში კანონმდებლობა არ იძლევა შესაბამისი პირის უფლებების ადეკვატური დაცვის შესაძლებლობას, ისევე როგორც ქმედუნარიანობის სრული მოცულობით შეზღუდვის შემთხვევაში წარმოადგენს პირის უფლებაში გადაჭარბებულ და არათანაზომიერ ჩარევას.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის „ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „ჭკუასუსტი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე და ამავე ნაწილის სიტყვების „ან სულით ავადმყოფობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „სულით ავადმყოფი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა“, 1290-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები „და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში“, ერთი მხრივ, ზომაზე მეტად ზღუდავს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა ქმედუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, მომეტებულად ახდენს ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა ნების ჩანაცვლებას მეურვის ნებით. ამგვარად, დასახელებული ნორმები პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
მკურნალობის დაწყებისა და შეწყვეტის ნებაყოფლობითობა, ექიმისა და სამკურნალო დაწესებულების არჩევის თავისუფლება
46. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ზღუდავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, საკუთარი სურვილით აირჩიოს ფსიქიატრიული დაწესებულება, ექიმი და თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი მკურნალობისა და გამოკვლევის შესახებ.
47. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებით განკარგოს თავისი ფიზიკური თუ გონებრივი სფერო, იმისგან დამოუკიდებლად, მისი ასეთი გადაწყვეტილება იქნება დადებითი თუ უარყოფითი შედეგის მომტანი მისთვის. აღნიშნული უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, დაექვემდებაროს ამა თუ იმ მკურნალობის ღონისძიებას, მათ შორის, მიიღოს სამკურნალო საშუალებები, შეარჩიოს მკურნალი ექიმი და სამკურნალო დაწესებულება. ამდენად, ზემოთხსენებული ნორმები წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში.
48. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური. მისი შეზღუდვა დასაშვებია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, თუ ასეთი შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით თანაბარზომიერია.
49. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების მიზანია, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მკურნალობის პროცესის ოპტიმალური მართვა. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირი, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, მოკლებული იყოს უნარს, ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღოს საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მკურნალობის არასათანადო მართვის პირობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა საკუთარი გაუცნობიერებელი მოქმედებებით, შესაძლოა ზიანი მიაყენოს მესამე პირთა უსაფრთხოებასა და სხვა ინტერესებს. სადავო ნორმები ასეთი შემთხვევების პრევენციასაც ისახავს მიზნად.
50. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კოგნიტური ნაკლის მქონე და სხვაგვარად უნარშეზღუდული პირების მკურნალობისას პაციენტის ნების მაქსიმალურ გათვალისწინებაზეა ორიენტირებული და ადგენს სხვადასხვა მექანიზმებს, რითაც მინიმუმამდე ამცირებს პიროვნულ ავტონომიაში ჩარევის შესაძლებლობას. ანალოგიურ მიდგომას იზიარებს მრავალი ქვეყნის კანონმდებობა და ითვალისწინებს პირის მოსაზრების გათვალისწინების ვალდებულებას სამკურნალო დაწესებულებაში მისი იძულებითი მოთავსების და, კიდევ უფრო ხშირად, მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით.
51. ფსიქიკურმა აშლილობამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს პირის უნარზე, განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში მკურნალობის საწყის ეტაპზე პირს შესაძლებელია არ გააჩნდეს ინფორმირებული თანხმობის გაცემის უნარი, თუმცა მკურნალობის შედეგად მას ეს უნარი შესაძლოა დაუბრუნდეს. ამიტომ, როდესაც სრულწლოვანს შესწევს უნარი, განაცხადოს თავისუფალი და გაცნობირებული თანხმობა მის ჯანმრთელობაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასეთი ჩარევა მხოლოდ მისი თანხმობით უნდა განხორციელდეს. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში, როდესაც სრულწლოვანს არ შესწევს უნარი განაცხადოს თავისუფალი და შეგნებული თანხმობა, ჩარევა შესაძლებელია ამის მიუხედავად მაინც განხორციელდეს თუ ის ემსახურება თავად ამ პირის უშუალო კეთილდღეობას.
52. დაცვითი ღონისძიება ავტომატურად არ უნდა ართმევდეს შესაბამის პირს მისი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ნებისმიერ ჩარევაზე საკუთარი მოსაზრების გამოხატვის უფლებას. ცალკეულ შემთხვევაში პირს, შესაძლებელია, სურდეს უარის თქმა მზოგავი სამედიცინო მანიპულაციების გამოყენებაზე და პირიქით, სურდეს უფრო ინტენსიური მკურნალობის გამოყენება, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს გამოჯანმრთელების დაჩქარებას.
53. კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ უფლებაში სადავო ნორმებით განსაზღვრული ჩარევის თანაზომიერების შეფასება გარკვეულწილად დაკავშირებულია პირის ქმედუუნაროდ აღიარებასთან და სამეურვეო პირის ნების მეურვის ნებით ჩანაცვლების საკითხებთან. ამ საკითხების განხილვისას სასამართლომ დაადგინა, ქმედუუნაროდ აღიარებას დაქვემდებარებული პირები გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხისა და ფორმის ძლიერი სხვადასხვაობით გამოირჩევიან. იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის მაღალი ხარისხის გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა, პირი ინარჩუნებს ცნობიერების გარკვეულ უნარებს, თუნდაც შეზღუდული მოცულობით და თუნდაც სოციალური ცხოვრების მხოლოდ განსაზღვრულ სფეროებში. ის გარემოება, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირი სრულად გამოირიცხება საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, იწვევს მისი შეუზღუდავი უნარების იგნორირებას. ამდენად, სადავო ნორმები, ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, პირის საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას წარმოადგენს.
54. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევის არათანაზომიერებას განაპირობებს ორი ფაქტორი: 1. ნორმა არ ახდენს მკურნალობას დაქვემდებარებული პირების გრადაციას მათი გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხისა და ფორმის მიხედვით; 2. პირის მონაწილეობა ან მისი ნების გათვალისწინება მისივე ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აბსოლუტურად და უპირობოდ გამორიცხულია.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა „ქმედუუნარო“ და ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის სიტყვები „ქმედუუნარობის შემთხვევაში“ ადგენს გაუმართლებელ ჩარევას პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
პირის ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურა
56. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და არაკონსტიტუციურია.
57. აღნიშნული სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაციის თანახმად, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოჯანმრთელების შემთხვევაში დამოუკიდებლად მოითხოვოს ქმედუნარიანობის აღდგენა. მას ასევე არ შეუძლია ქმედუუნარობის სტატუსიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს სხვა პირის ინიციატივით წამოწყებულ ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურებში. სადავო ნორმებით დადგენილია სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა.
58. სადავო ნორმების რეგულირების უშუალო სფეროს არ განეკუთვნება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების მოწესრიგება. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციის 42–ე მუხლი ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს მეშვეობით დაცვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს N1/2/434 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, არის სხვა უფლებების, მათ შორის, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია.
59. ცხადია, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარების, საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების შეზღუდვა. თუმცა ეს, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების შემზღუდველი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, წარმოადგენს ჩარევას ყველა იმ უფლებაში, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, რომლის შესაბამისადაც, პირებს უფლება არ აქვთ, მიმართონ სასამართლოს ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით, არ წარმოადგენს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ მოსარჩელის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას და მისი კონსტიტუციურობის საკითხი შეფასდება მხოლოდ კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით.
60. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სასამართლო გამოჯანმრთელებული პირის ქმედუნარიანად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, ოჯახის წევრის განცხადებით, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანად აღდგენა შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მოითხოვოს სხვა პირმა - მეურვემ, ოჯახის წევრმა ან ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებამ. ეს გარემოება არ ნიშნავს იმას, რომ ირღვევა პირის კონსტიტუციური უფლება, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო. უფრო მეტიც, სადავო ნორმის თანახმად, დასახელებული პირების განცხადების საფუძველზე ხდება გამოჯანმრთელებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენა. ამდენად, ნორმა ემსახურება მიზანს, რომ პირს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და აღარ არსებობს ქმედუუნაროდ ცნობის საფუძველი, აღუდგეს ის უფლებები, რომლებიც შეზღუდული ჰქონდა ქმედუუნაროდ აღიარების შედეგად. ამავე დროს, ქმედუნარიანობის აღდგენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით და ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ვერ შეფასდება როგორც მოსარჩელეთა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევა.
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლთან მიმართებით
(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტი)
62. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ამგვარად, კონსტიტუცია აღიარებს პირის თავისუფლებას, ნებაყოფლობით დაქორწინდეს მის მიერ არჩეულ პარტნიორზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის „36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სიკეთე არ არის პირთა ქორწინების მსგავსი ან ქორწინების გარეშე თანაცხოვრება. აქ საუბარია ქორწინების სამართლებრივად დადგენილ და აღიარებულ ფორმაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წლის 23 ივნისის N2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
63. ამავე დროს, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ქორწინების უფლებას აქვს ავტონომიური კონსტიტუციური შინაარსი და იგი არ შემოიფარგლება ამ ინსტიტუტის კანონმდებლობაში არსებული განსაზღვრებით. ქორწინების კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვა ბევრად უფრო ფართოა და მოიცავს მრავალმხრივი ურთიერთობების ვრცელ სპექტრს. ქორწინება წარმოადგენს ნებაყოფლობით და გაცნობიერებულ კავშირს, რომლის მიზანია წარმოშვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი, სოციალური და პიროვნული შედეგები. ეს არის პირთა შესაძლებლობა, სტატუსი შესძინონ მათ ურთიერთობას, დაამყარონ სამართლებრივად მბოჭავი კავშირი და მოიპოვონ მათი კავშირის სოციალური აღიარება. წყვილის კავშირის საზოგადოებრივი აღიარება და სოციუმში ინტეგრაცია ქორწინების ინსტიტუტის ცენტრალური კომპონენტია. ქორწინების უპირველესი მიზანია ოჯახის შექმნა და ამგვარად, ქორწინების უფლების რეალიზაცია წარმოადგენს საზოგადოებრივად აღიარებული ოჯახის შექმნის საშუალებას. ქორწინება როგორც მნიშვნელოვანი პიროვნული და, ამავე დროს, საჯარო აქტი, ემსახურება ახლად შექმნილი ოჯახის საზოგადოებაში ინტეგრაციას. ქორწინების უმნიშვნელოვანესი პირობაა წყვილის ურთიერთკავშირის აღიარება საზოგადოებისა და სახელმწიფოსაგან. დაუშვებელია დაქორწინების მსურველთათვის დაბრკოლებების შექმნა არაპროპორციული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი ჩარევის გზით. ნებისმიერი შეზღუდვა, რომლითაც სახელმწიფო ხელს უშლის ქორწინების სამართლებრივ თუ სოციალურ აღიარებას, უნდა ეფუძნებოდეს მნიშვნელოვან კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძველს.
64. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ქორწინების უფლებას. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, ქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან, თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.
65. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია უფლებამოსილ ორგანოში. საქართველოს კანონმდებლობა ქორწინებას უკავშირებს განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებს. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით დადგენილი წესით, ქორწინების შედეგად წარმოიშობა გარკვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და ვალდებულებები. კერძოდ, ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ურთიერთრჩენის ვალდებულებებსა და მემკვიდრეობით-სამართლებრივ გარანტიებს. ქორწინებას შესაძლებელია ასევე უკავშირდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები (მაგალითად, მეუღლეები დაცული იყვნენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, საგადასახადო შეღავათები და სხვა).
66. ქორწინება არ არის მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, რომლის დადებასაც უკავშირდება რიგი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება-მოვალეობების შეძენა. ქორწინება, რთული სოციალური ინსტიტუტია და არ შემოიფარგლება მხოლოდ კანონით გაწერილი სამართლებრივი შედეგებით. ქორწინების უფლება, პირველ რიგში, უკავშირდება „ოჯახის შექმნაზე“ ბუნებითი და ფუნდამენტური უფლების რეალიზაციას/დაცვას. ეს არის პირის უფლება მოიპოვოს ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსი და საზოგადოებრივი აღიარება. დადგენილი წესით ქორწინება არის სამართლებრივი საშუალება, რომ პირებმა სახელმწიფოსაგან და საზოგადოებისაგან მოიპოვონ მათი ურთიერთობის, როგორც ქორწინების ლეგიტიმაცია.
67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ქორწინების უფლება ადგენს როგორც ქორწინების ნორმატიულ-სამართლებრივ კონსტრუქციას, ასევე უზრუნველყოფს მისი თანმდევი შედეგების მოწესრიგებას.
68. სადავო ნორმიდან გამომდინარე შეზღუდვის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ სამართლებრივ და სოციალურ შედეგებს, რაც ქორწინების რეგისტრაციას უკავშირდება.
69. სადავო ნორმა არ ზღუდავს პირთა ფაქტობრივ თანაცხოვრებას. სადავო ნორმა მხოლოდ ამგვარი თანაცხოვრების ინსტიტუციონალიზაციას კრძალავს. სახელმწიფო არ აღიარებს ქმედუუნარო პირისა და მისი პარტნიორის ფაქტობრივ თანაცხოვრებას, როგორც პირთა ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც მიმართულია ოჯახის შესაქმნელად.
70. ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა კონფლიქტი არ არის უჩვეულო. კონსტიტუციური წესრიგის მიზანია სათანადოდ დააბალანსოს წინააღმდეგობრივი ინტერესები ისე, რომ ერთი სიკეთის დაცვა არ მოხდეს მეორე სიკეთეში არათანაზომიერი ჩარევის ხარჯზე.
71. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ არ ხდება პირის კავშირის სამართლებრივი და საზოგადოებრივი აღიარება. ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს ერთმევა შესაძლებლობა, შექმნას ოჯახი და შესძინოს მის პირად ურთიერთობებს სამართლებრივი და სოციალური სტატუსი. ამგვარად, სახელმწიფო აფერხებს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივ ინტეგრაციას. ამგვარი რეგულაციით ხდება ისედაც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტიგმატიზება.
72. მოპასუხე ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთათვის ქორწინების უფლების შეზღუდვის ორ ლეგიტიმურ მიზანზე მიუთითებდა: ქმედუუნარო პირის არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვა და მისი ქონებრივი ინტერესების უზრუნველყოფა.
73. არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით დაცული ქორწინების თავისუფლების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ქორწინების ნებაყოფლობითობის აღიარება პირის ავტონომიურობის პატივისცემის გამოხატულებაა. კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ნებაყოფლობითია , თუ ის პირის ნების თავისუფალ და გაცნობიერებულ გამოვლენას ემყარება. ნების გამოვლენის თავისუფლება გულისხმობს პირის მიერ საკუთარი სურვილის ძალდაუტანებელ გამოვლინებას. ხოლო, გაცნობიერებულობა მოიცავს პირის უნარს, სათანადოდ აღიქვას და გააანალიზოს ქორწინების აქტი და მისი თანმდევი პიროვნული, სოციალური და სამართლებრივი შედეგები.
74. ამგვარად, თუ პირი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო თავისუფლად და გაცნობიერებულად ვერ გამოხატავს ნებას ქორწინების შესახებ, ქორწინება ვერ იქნება შესაბამისობაში პირის უფლებასთან, დაცული იყოს არანებაყოფლობითი ქორწინებისგან და პიროვნული ავტონომიის ხელყოფისგან. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირების არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვა წარმოადგენს.
75. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ სადავო ნორმა მიზნად ისახავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქონებრივი ინტერესების დაცვას ანგარებით მოქმედი მეუღლისგან. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერ გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ანგარებით მოქმედი პირები ბოროტად იყენებენ პირის შეზღუდულ გონებრივ შესაძლებლობებს ქონებრივი სარგებლის მისაღებად. შესაბამისად, კანონმდებელი ღირებული ინტერესის დაცვას ახდენს.
76. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას არა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნები უნდა არსებობდეს, არამედ უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნების თანაზომიერი უნდა იყოს.
77. განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული საშუალების გამოსადეგობა არ დგას ეჭვქვეშ. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია კრძალავს ქმედუუნარო პირთა ქორწინებას და, შესაბამისად, გამორიცხავს იმ რისკებს, რაც შეიძლება ლეგიტიმური მიზნების მიღწევისას არსებობდეს. კერძოდ, ქმედუუნაროდ აღიარებული პირების დაქორწინების სრული აკრძალვით ქმედუუნარო პირები დაცული არიან არანებაყოფლობითი ქორწინებისა და მათი ქონების ანგარებით ქორწინების საშუალებით მიტაცებისაგან.
78. გამოსადეგობასთან ერთად, მზღუდავი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. ნორმის მზღუდავი ეფექტის ლეგიტიმურ მიზნებთან თანაზომიერება მოითხოვს უფლებაში ჩარევის ინდივიდუალიზაციასა და საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას. ნორმა, რომელიც უპირობოდ და სრულად ზღუდავს უფლებას, რთულად თუ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურობის სტანდარტს. ამავდროულად, უფლებამზღუდავი რეგულაციის საჭიროებებზე მორგება მთელ რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ამგვარი გამოწვევები კი უდავოდ არსებობს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით. სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი თვალსაზრისით, რთულია განისაზღვროს, სად გადის თანაზომიერების ზღვარი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირების დაცულობასა და ქორწინების თავისუფლებას შორის.
79. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოები შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით პირადი ავტონომიის უფრო და უფრო ნაკლებად მზღუდავ მექანიზმებს იყენებენ. მათ შორის ქორწინების თავისუფლებასთან, როგორც პიროვნული ავტონომიის მნიშვნელოვან გამოვლინებასთან მიმართებით. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ენიჭებათ ქორწინების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა მეურვის ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს თანხმობითა და მეთვალყურეობით. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში მეურვის უფლებამოსილება სამეურვეო პირის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით მხოლოდ ქონებრივი ასპექტებით იზღუდება და მისი კომპეტენცია პირადი არაქონებრივი შინაარსის ურთიერთობებზე არ ვრცელდება.
80. ქმედუუნაროდ აღიარების მომწესრიგებელი მატერიალური და საპროცესო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ქმედუუნაროდ აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მას დაკარგული აქვს უნარი, შეიგნოს საკუთარი მოქმედებების მნიშვნელობა.
81. დაავადებები, რომლებიც ქმედუუნაროდ აღიარების საფუძველს წარმოადგენს, უნარშეზღუდულობის ფართო სხვადასხვაობით გამოირჩევა, როგორც ხარისხის, ასევე ფრაგმენტულობისა და დინამიკურობის თვალსაზრისით. ასეთ პირობებში ნათელია, რომ აღქმისა და ანალიზის უნარი არ შეიძლება ერთნაირად ჰქონდეს დაქვეითებული ქმედუუნაროდ აღიარებას დაქვემდებარებულ ყველა პირს, არამედ იგი განსხვავებულია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა თუ მისაღები გადაწყვეტილების სირთულის მიხედვით.
82. ქორწინება უნიკალური ხასიათის სამოქალაქო გარიგებაა, რომელიც სხვა გარიგებებისაგან განსხვავებით, პირადი არაქონებრივი ურთიერთობების კომპონენტებსაც მოიცავს. ამდენად, ქორწინების მნიშვნელობის გაცნობიერება განსხვავებულ სოციალურ უნარებს მოითხოვს, ვიდრე ეს წმინდა ქონებრივი შინაარსის გარიგებების გააზრებისთვისაა საჭირო.
83. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქორწინების უფლების შეზღუდვის სხვადასხვა სეგმენტი, განსხვავებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
84. საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სადავო რეგულირებით სახელმწიფო ესწრაფვის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - პირის ქონებრივი ინტერესებისა და პირადი ავტონომიის დაცვას. სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ისეთ რეგულირებას, რომელიც ზღუდავს ქმედუუნარო პირთა ქორწინების ქონებრივ შედეგებს და ემსახურება შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. თუმცა შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას და არ უნდა იწვევდეს პირის შეუზღუდავი გონებრივი და სოციალური უნარების იგნორირებას. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ არსებობს ქმედუუნარო პირის ქონებრივი უფლებების ნაკლებადმზღუდველი საშუალებით დაცვის ასეთი გონივრული შესაძლებლობა. მათ შორის, მეურვის ან კომპეტენტური ორგანოს თანხმობის დაწესება, ქორწინების შემოფარგვლა მხოლოდ სოციალური და პირადი შედეგებით, საქორწინო კონტრაქტის სავალდებულოობა და ა.შ.
85. ქორწინების ქონებრივი და არაქონებრივი შედეგების გაცნობიერების უნარები შესაძლებელია ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებული იყოს. ქორწინების ქონებრივი შედეგები, რომლებიც უკავშირდება გარკვეული ქონებრივი ვალდებულებების აღებას, განსხვავებულ განჭვრეტას საჭიროებს, განსხვავებით ქორწინების არაქონებრივი სოციალური შედეგებისა.
86. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქორწინება არ არის მხოლოდ ქონებრივი შედეგების წარმომშობი სამოქალაქო გარიგება. ქონებრივი შედეგების გარდა, ქორწინება წარმოშობს მნიშვნელოვან პირად არაქონებრივ უფლებებს. კერძოდ, მეუღლეები იძენენ ერთმანეთის გვარის გამოყენების შესაძლებლობას, გამარტივებულად დგინდება დაქორწინებული მეუღლეების შვილის წარმოშობა და ა.შ.
87. ამავე დროს, ქორწინება არის მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი, რომელიც შესაბამის სტატუსს სძენს პირების ურთიერთობას. როგორც აღინიშნა, სამართლებრივად დადგენილი ფორმით ქორწინებას პირთა ურთიერთობის ლეგიტიმაციის ფუნქცია გააჩნია და მნიშვნელოვანწილად უკავშირდება მათი ქორწინებისა და თანაცხოვრების აღიარებას საზოგადოების მხრიდან.
88. ამგვარად, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს არა მხოლოდ ქორწინების ქონებრივი შედეგები ეზღუდებათ, არამედ შეზღუდულია მათი ქორწინების შედეგად პირადი არაქონებრივი უფლებების შეძენის უფლებაც. ასევე არ ხდება ქმედუუნაროდ აღიარებული პირისა და მისი პარტნიორის ურთიერთობის სოციალური აღიარება. სახელმწიფო არ ახდენს ასეთი პირების კავშირის ლეგიტიმაციას.
89. კანონმდებლობა არ კრძალავს ქმედუუნარო პირების ფაქტობრივ თანაცხოვრებასა და მათ მიერ შვილების ყოლას. ამავე დროს, შვილის ყოლას თან სდევს შესაბამისი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი ვალდებულებები, იქნება ეს საალიმენტო, აღზრდისა და სათანადო პირობების შექმნის ვალდებულება თუ სხვა. ყურადსაღებია, რომ კანონმდებელი ამგვარ აუცდენელ შემთხვევებში თავადვე აკისრებს ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს გარკვეულ საოჯახო-სამართლებრივ ვალდებულებებს.
90. როგორც საერთაშორისო პრაქტიკის, ისე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა პირზე დაქორწინების, მასთან ერთად თანაცხოვრებისა და ოჯახური ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილება, მეტად ინდივიდუალურია და უფრო მეტად ფსიქო-სოციალური, ემოციური ფაქტორებით არის განპირობებული. საქმეზე სპეციალისტების მოსმენის შედეგად დადგინდა, რომ პირის ქმედუუნაროდ აღიარებისას არ ხდება ამგვარი ფაქტორების შესწავლა. როგორც უკვე აღინიშნა, პირის ქმედუუნაროდ აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მას „სულით ავადმყოფობის“ ან „ჭკუასუსტობის“ გამო, დაკარგული აქვს უნარი, „შეიგნოს მისი მოქმედებების მნიშვნელობა“. არც კანონმდებლობის, არც პრაქტიკის ანალიზი არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ქმედუუნაროდ აღიარების პროცესში მოწმდება პირის სოციალური უნარები, გააცნობიეროს ქორწინების თანმდევი სოციალური, არაქონებრივი შედეგები.
91. სხვა პირთან ერთად, ოჯახის შექმნის გაცნობიერებული სურვილი, შესაძლებელია, არსებობდეს ქონებრივი შედეგების გაცნობიერების გარეშეც. სადავო რეგულაცია არ ითვალისწინებს იმის ალბათობას, რომ „სულით ავადმყოფობისა“ და „ჭკუასუსტობის“ გამო ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა გარკვეულ კატეგორიას, შესაძლოა, არ ჰქონდეს დაკარგული უნარი, შეიგნოს ქორწინების, როგორც სოციალური აქტის მნიშვნელობა, გაიაზროს ის პირადი და სოციალური შედეგები, რაც ქორწინებას ახლავს. სადავო ნორმების შესაბამისად, არ ხდება პირის უნარების შემოწმება სოციალური ცხოვრების იმ სფეროს მიხედვით, რომელსაც შეეხება მისაღები გადაწყვეტილება და, ამდენად, უგულებელყოფილია ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეუზღუდავი უნარები.
92. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირებისთვის ქორწინების უფლების შეზღუდვა არათანაზომიერი და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელები უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტის სიტყვების „სულით ავადმყოფობის“ „ან ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე კრძალავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირების ქორწინებას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
(სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები „ჭკუასუსტობის“ და „ან სულით ავადმყოფობის“, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა“, 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, 1290-ე მუხლი, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი; „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები „და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში“, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა „ქმედუუნარო“ და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „ქმედუუნარობის შემთხვევაში“)
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო
93. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია „არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე – მიზანს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის № 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4).
94. ამასთანავე, სამართლებრივი რეგულირების ნებისმიერი დიფერენცირება კანონმდებლის მიერ უნდა ხორციელდებოდეს კონსტიტუციის იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც გამომდინარეობს თანასწორობის უნივერსალური პრინციპიდან, რომლის თანახმად, რიგ შემთხვევებში დასაშვებია განსხვავებული მიდგომა, თუ ეს განსხვავება ობიექტურად არის გამართლებული, დასაბუთებულია, ხოლო სხვა შემთხვევაში იგი ემსახურება კონსტიტუციურად მნიშვნელოვან მიზნებს, ხოლო ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული სამართლებრივი საშუალებები მიზნის თანაზომიერია. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებისას დისკრიმინაციისაგან დაცვას და კრძალავს ერთი და იგივე კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს შორის ისეთი განსხვავების შემოღებას, რომელსაც არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება.
95. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობისათვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა შესადარებელი პირები (პირთა ჯგუფები) არსებითად თანასწორებს. ამისათვის აუცილებელია, აღნიშნული პირები ამა თუ იმ შინაარსით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში ხვდებოდნენ და იყვნენ არსებითად თანასწორები კონკრეტული ვითარებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით.
96. მოსარჩელეებმა დაასახელეს პირთა სამი ჯგუფი, რომლებთან მიმართებითაც, მათი აზრით, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები არსებითად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან და, ამავდროულად, დიფერენცირებულ მოპყრობას განიცდიან. კერძოდ, ასეთ პირთა ჯგუფებს წარმოადგენენ: 1. შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირები; 2. ქმედუნარიანი პირები იმ უნარების ფარგლებში, რომლებიც ქმედუუნაროდ ცნობილ პირებსაც გააჩნიათ; 3. ის პირები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ქმედუუნაროდ ცნობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, არ არიან ასეთად ცნობილნი.
97. არსებითად თანასწორობის განსაზღვრისას „პირები შედარებად კატეგორიებს უნდა განეკუთვნებოდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განიხილებოდნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით არა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
98. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმების მიზნებისათვის, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირები და ნებისმიერი სხვა პირი, რომლის მიმართაც არ არსებობს ქმედუუნაროდ ცნობის საფუძველი, ერთსა და იმავე შესადარებელ ჯგუფს წარმოდგენენ. მათ შორის არ არსებობს განსხვავება გადაწყვეტილების მიღების უნარის თვალსაზრისით, ისინი სადავო ნორმებით ერთსა და იმავე სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სადავო ნორმის რეგულირების სფერო გონებრივი შესაძლებლობების საფუძველზე პირებისათვის სამოქალაქო სამართლებრივი ნების გამოვლენის სხვადასხვა რეჟიმის შექმნას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირებსა და ნებისმიერ ისეთ პირს შორის, რომლის მიმართაც ქმედუუნაროდ ცნობის საფუძველი არ არსებობს, რაიმე ისეთ განსხვავებას, რომელიც ამ ორი ჯგუფის გაყოფისა და ქმედუუნარო პირებთან მათ ცალ-ცალკე შედარების საჭიროებას გააჩენდა.
ქმედუნარიანობის მომწესრიგებელი ნორმებით გამოწვეული დიფერენცირება
(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი, 58-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1290-ე მუხლი, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტი; მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი)
99. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქმედუუნარობა დაკავშირებულია ნების გამოვლენის ნამდვილობასა და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად შეძენასა და განხორციელებასთან. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი ქმედუუნარობის რეჟიმი მოიცავს ურთიერთობების ფართო სპექტრს - ყოველდღიური ყოფითი სამოქალაქო გარიგებების დადებას, სამეწარმეო ურთიერთობებში შესვლას და ა.შ.
100. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს და სხვა სრულწლოვან პირებს, რომელთაც არ აქვთ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები, ერთმანეთის თანაბრად აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფითი, წვრილმანი სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებების დადების მოთხოვნილება და იმ სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების დადების ნაწილში, რომელთა შინაარსის აღქმა და გაცნობიერება შეუძლიათ ქმედუუნარო პირებს, ეს პირები სხვა სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებთან მიმართებით არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან.
101. ამავდროულად, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირები და პირები, რომლებიც ქმედუუნაროდ არ არიან აღიარებულნი, მაგრამ აღიარებისათვის საჭირო წინაპირობებს აკმაყოფილებენ, არსებითად ანალოგიურ პირობებში მყოფი პირები არიან და უნდა შეფასდნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები.
102. არსებითად თანასწორი სუბიექტების განსაზღვრის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა სახეზე უთანასწორო მოპყრობა. განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს და სხვა სრულწლოვან პირებს, რომელთა მიმართაც არ არსებობს ქმედუუნაროდ აღიარების საფუძველი, ხდება დიფერენცირებული მოპყრობა, რადგან ქმედუუნარო პირებს, ქმედუნარიანებისგან განსხვავებით, არ აქვთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეიძინონ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, დამოუკიდებლად გამოვიდნენ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი მკურნალობის შესახებ და ა.შ.
103. ამავე დროს, უნდა დადგინდეს, არის თუ არა სახეზე დიფერენცირებული მოპყრობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებსა და, მეორე მხრივ, ისეთ პირებს შორის, რომლებსაც „სულით ავადმყოფობისა“ და „ჭკუასუსტობის“ გამო არ შეუძლიათ შეიგნონ საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა, თუმცა არ მომხდარა მათი ქმედუუნაროდ აღიარება. სადავო ნორმა ქმედუუნარობის სტატუსს უკავშირებს სასამართლო გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, ადგენს ამ ორი პირთა ჯგუფის დიფერენცირებას, რადგან პირებს, რომელთა ქმედუუნაროდ აღიარება არ მომხდარა, შეუძლიათ დამოუკიდებლად შეიძინონ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, განსხვავებით იმ პირებისაგან, რომლებიც ქმედუუნაროდ ცნო სასამართლომ.
104. განსახილველ საქმეზე სადავო არ არის ის გარემოება, რომ პირის ქმედუუნაროდ ცნობა უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. უფრო მეტიც, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა: „აუცილებელია არსებობდეს [ქმედუუნაროდ აღიარების პროცესზე] სასამართლოს ზედამხედველობა, ვინაიდან უზრუნველყოფილი იყოს უფლებების ადეკვატური რეალიზაცია, ვინაიდან სასამართლო არის ყველაზე კარგად შემფასებელი არა სამედიცინო ჩვენებების, არამედ იმის, თუ რა სამართლებრივი შედეგები და რა უფლებრივი შედეგები დადგება კონკრეტული პირის, თუნაც ერთი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლო უნდა იყოს ის ორგანო, ვინც ქმედუუნაროდ ცნობას გააფორმებს სამართლებრივად”. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში ვერ შეფასდება ამგვარი დიფერენცირების კონსტიტუციურობა.სხვა მხრივ, სადავო ნორმები არ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც, მართალია, არ არიან ქმედუუნაროდ ცნობილნი. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმებისას ფასდება აქტიდან მომდინარე ნორმატიული რეგულირება. ნორმატიული აქტების აღსრულების პროცესი რიგ სამართლებრივ და ფაქტობრივ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დიფერენცირებული მოპყრობა, რომელიც განპირობებულია ამა თუ იმ ნორმატიული აქტის პირთა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ სხვადასხვა დროს ამოქმედებით, არ უნდა იქნეს განხილული უშუალოდ ამ ნორმატიული აქტიდან მომდინარე დიფერენცირებად, თუ ამის საფუძველს უშუალოდ ეს ნორმა არ იძლევა.
105. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს, რომ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ხდება პირის ქმედუუნაროდ აღიარება. შესაძლებელია, არსებობდნენ პირები, რომლებსაც შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათი ქმედუუნაროდ აღიარება რაიმე მიზეზის გამო არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ მათ მიმართ არსებობს სადავო ნორმებით დადგენილი ქმედუუნაროდ აღიარების სამართლებრივი საფუძველი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადავო ნორმა ახდენს პირების დიფერენცირებას . დიფერენცირებული მოპყრობა გამოწვეულია იმ ფაქტობრივი ვითარებით, რომ გარკვეული პირების მიმართ არ გატარებულა კანონით დადგენილი პროცედურები. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა თანაბრად მიემართება ყველა პირს, რომელთა მიმართაც არსებობს „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პირებს არ შეუძლიათ „შეიგნონ საკუთარი მოქმედებების მნიშვნელობა“, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმა არ ადგენს უთანასწორო მოპყრობას.
106. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზეა არსებითად თანასწორი სუბიექტების დიფერენცირება. ამგვარად, უნდა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა დიფერენცირებული მოპყრობა თანასწორობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს. არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება არ უნდა იყოს „თვითმიზნური და გაუმართლებელი“, სხვა შემთხვევაში, იგი კონსტიტუციის მე–14 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის ფორმას მიიღებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის № 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II, 5).
107. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას გამოიყენება ორგვარი, „რაციონალური დიფერენცირებისა“ და „მკაცრი შეფასების“ ტესტები. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით.
108. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. ნორმა, რომლით დადგენილი დიფერენცირებაც უკავშირდება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს ან/და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას „მკაცრი ტესტის” ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-6). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს: ა) უკავშირდება თუ არა დიფერენცირება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს; ბ) ხასიათდება თუ არა დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით.
109. დისკრიმინაციის „კლასიკური“, სპეციფიკური ნიშნები პირდაპირ არის ჩამოთვლილი კონსტიტუციის მე-14 მუხლში. ამით პირთა ის ჯგუფია განსაკუთრებით დაცული, რომლის მიმართ დისკრიმინაციის საფრთხე ისტორიულად ძალიან მაღალია.
110. სადავო ნორმების თანახმად, პირთა დიფერენცირების საფუძველია სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ აღიარება. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობა უკავშირდება პირის სამართლებრივ სტატუსს.
111. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ უთანასწორო მოპყრობა ხდება „შეზღუდული შესაძლებლობების“ ნიშნით. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დისკრიმინაციის ეს ნიშანი არ არის მოხსენიებული კონსტიტუციის მე-14 მუხლში, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს იგი როგორც დისკრიმინაციის კლასიკური ნიშანი, რადგან თავისი შინაარსის გათვალისწინებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საჭიროებენ დისკრიმინაციისაგან დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს.
112. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა, როგორც დიფერენცირების შესაძლო ნიშანი, არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მე-14 მუხლის ჩამონათვალში და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრული დიფერენცირების კლასიკური ნიშანი.
113. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ დიფერენცირება ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული „სოციალური კუთვნილების“ ნიშნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ კანონი ახდენდეს პირთა სოციალური კუთვნილების ნიშნით დიფერენცირებას, საჭიროა მისი მიღების ან მოქმედების პერიოდში არსებობდეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრობასაც უკავშირდება დიფერენცირება. შეიძლება თუ არა პირთა ამა თუ იმ წრის განხილვა სოციალურ ჯგუფად, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები არ არის ცალსახა და ამომწურავი, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად, პირობითად, შესაძლებელია რამდენიმე მათგანის მითითება: 1. ჯგუფის წევრებს უნდა ახასიათებდეთ საერთო, მუდმივი ბუნება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს პირის არჩევანის ან მისგან დამოუკიდებელი გარემოებების (ფაქტორების) გამო. მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული ჯგუფის წევრებზე ან იმდენად ფუნდამენტურია მათი პიროვნებისათვის, რომ მისი შეცვლის მოთხოვნა გაუმართლებელია. 2. სოციალურ ჯგუფად შეიძლება მოვიაზროთ პირთა წრე, რომლის წევრებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული მსგავსი იმიჯის, ქცევების ან/და ინტერესების საფუძველზე. ამავე დროს, ორივე შემთხვევაში ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ბუნება (თვისებები), რომელიც საშუალებას მისცემდა გარეშე პირებს, მოეხდინათ მათი როგორც კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრების იდენტიფიცირება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთი პირთა წრის არსებობას, რომელიც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სოციალურ ჯგუფად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-10).
114. ქმედუუნაროდ აღიარებული პირები წარმოადგენენ სოციალურ ჯგუფს, რომელთა საერთო ნიშანია გარკვეული გონებრივი შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარება. ქმედუუნარობა განპირობებულია მათგან დამოუკიდებელი ფაქტორით - შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის არსებობით და მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული თავად ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებზე. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირები წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს, რომელთა მიმართაც მაღალია დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის საჭიროება. ამგვარი სფეროს მოწესრიგებისას კანონმდებელი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან აიცილოს პირთა უფლებების დარღვევის საფრთხე. შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის გამო პირისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და შემდგომში ამ სამართლებრივი სტატუსის ნიშნით დიფერენცირება განსაკუთრებულად მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას საჭიროებს, რადგან სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული - კლასიკური ნიშნით - სოციალური კუთვნილების გამო პირთა დიფერენცირება.
115. „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის სახელმწიფოს მიერ უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს თუ არა დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი.
116. საკითხი სადავო ნორმების მზღუდავი ეფექტისა და მისი ლეგიტიმურ მიზნებთან თანაზომიერების შესახებ დეტალურად იქნა განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობისას.
117. პირის ქმედუუნაროდ აღიარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ლეგიტიმურ მიზანს თავად ამ პირზე ზრუნვა და მისი ინტერესების დაცვა წარმოადგენს. მიზეზი, რაც ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს დიფერენცირებულ მოპყრობაში აყენებს ქმედუნარიან სრულწლოვან პირებთან მიმართებით, არის მათი შეზღუდული უნარები. სხვა შეზღუდული უნარების გამო, მათ ასევე ეზღუდებათ შეუზღუდავი უნარების რეალიზაციის შესაძლებლობა რიგ სამართლებრივ ურთიერთობებში. ამგვარი დიფერენციაციის გამართლება შეფასების მკაცრი ტესტიდან გამომდინარე, დაშვებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ „ჭკუასუსტობისა“ და „სულით ავადმყოფობის“ პათოლოგიების მქონე პირის შეუზღუდავი უნარების იდენტიფიკაცია და შეზღუდვის მათზე მორგება სახელმწიფოსთვის შეუსრულებელი ამოცანა იქნებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებაში ჩარევის შედეგად ხელყოფილ ინტერესზე აღმატებული იყოს.
118. ექსპერტის (მ. ელიაშვილი) მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ შეუზღუდავი და შეზღუდული უნარების გამიჯვნა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს არ არის შეუძლებელი და მსგავსი პრაქტიკა მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.
119. უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი საერთაშორისო ტენდენცია აჩვენებს, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთათვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება, მათზე გაწეული მზრუნველობითი ღონისძიებების შემცირების ხარჯზე, გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია ამ პირებისათვის, ვიდრე მათი ქმედუნარიანობის ინტენსიური შეზღუდვა.
120. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არადამაჯერებელია იმის მტკიცება, რომ სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენციაცია აბსოლუტურად აუცილებელია ან/და არსებობს უფლებაში ამგვარი ჩარევის დაუძლეველი საჯარო ინტერესი.
121. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის „ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „ჭკუასუსტი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე და ამავე ნაწილის სიტყვების „ან სულით ავადმყოფობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „სულით ავადმყოფი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა“, 1290-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები „და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
დიფერენცირება სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით სარგებლობისას
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” და ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
122. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ და ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
123. მოსარჩელეთათვის ხსენებული სადავო ნორმები პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ქმედუნარიანი პირებისგან განსხვავებით, ქმედუუნარო პირს უზღუდავს, ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან კონსტიტუციურობის შემოწმებისას უნდა დაადგინოს, რამდენად ახდენს დიფერენცირებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული რეგულაცია, რომელიც ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას, თავად წამოიწყონ და განახორციელონ ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურა.
124. სადავო ნორმებით დადგენილი ურთიერთობა შეეხება ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა ქმედუნარიანობის აღდგენის სამართლებრივ პროცედურას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო მას ქმედუნარიანად აღიარებს. სადავო ნორმებით დადგენილია პროცედურა, რომლის შესაბამისადაც ხორციელება პირის განკურნების შემთხვევაში ქმედუნარიანობის აღდგენა. ნათელია, რომ საკუთარი ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურაში არ მონაწილეობს პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არ არის აღიარებული. ამდენად, პროცედურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ქმედუნარიან პირებს არ მიემართება სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია. შესაბამისად, პირის ქმედუნარიანობის აღდგენის პროცესში ქმედუნარიანი პირები არ მონაწილეობენ საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზაციის მიზნით (ისინი ამ ურთიერთობაში წარმოადგენენ ქმედუუნარო პირებს) და ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებთან მიმართებით, ამ თვალსაზრისით, მათ არ ენიჭებათ რაიმე უპირატესობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურის ნაწილში, სადავო ნორმით არ ხდება ქმედუნარიანი სრულწლოვანი პირებისა და სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ პირთა” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება სამართალწარმოებას ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენის შესახებ და ამავე კოდექსის 327–ე მუხლის მე-2 ნაწილი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
დიფერენცირება ქორწინების უფლების რეალიზაციისას
(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტი)
125. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს ქორწინების უფლებას უზღუდავს, ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას, ერთი მხრივ, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებსა და, მეორე მხრივ, ქმედუნარიან, სრულწლოვან პირებს შორის.
126. საკონსტიტუციო სასამართლომ დასახელებული პირების არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეაფასოს სადავო ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის კონტექსტში, ამ ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ქორწინების უმთავრესი ელემენტია ნებაყოფლობითობა. დაქორწინების პროცესში დიდ მნიშვნელობას იძენს ქორწინების მსურველ პირთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენა. ამდენად, სადავო ნორმით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობაში ყურადსაღებია ის გარემოება, რამდენად შეუძლია პირს საკუთარი ნების ფორმირება და გამოვლენა. ნამდვილი ნების გარეშე არ არსებობს ქორწინება, როგორც აქტი, რომელსაც რიგი სამართლებრივი, პიროვნული და სოციალური შედეგები უკავშირდება. ქორწინების სამართლებრივი და სოციალური მნიშვნელობის შესახებ დეტალურად არის მიმოხილული გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში.
127. ამგვარად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დაქორწინების ნების გამოვლენის პროცესში, ქმედუნარიანი და ქმედუუნარო პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს გარკვეული ხარისხით დაკარგული აქვთ უნარი „შეიგნონ საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა და განაგონ იგი“. ამავე დროს, ქორწინება, როგორც, ერთი მხრივ, კომპლექსური და რთული სამოქალაქო გარიგება და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი პიროვნული და სოციალური შედეგების წარმომშობი აქტი საჭიროებს მნიშვნელოვანი ფაქტორების განჭვრეტასა და გათვალისწინებას.
128. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში დაადგინა, რომ სხვა პირზე დაქორწინების, მასთან ერთად თანაცხოვრებისა და ოჯახური ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილება მეტად ინდივიდუალურია და უფრო მეტად ფსიქო-სოციალური, ემოციური ფაქტორებით არის განპირობებული.
129. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების ინდივუდალური გონებრივი უნარების გათვალისწინებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირების გარკვეულმა კატეგორიამ გაიაზროს ქორწინების პიროვნული, სამართლებრივი და სოციალური შედეგები. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ქმედუუნაროდ აღიარებისას არ ხდება ამგვარი ფაქტორების შესწავლა. როგორც უკვე აღინიშნა, პირის ქმედუუნაროდ აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მას „სულით ავადმყოფობის“ ან „ჭკუასუსტობის“ გამო დაკარგული აქვს უნარი, „შეიგნოს მისი მოქმედებების მნიშვნელობა“. არც კანონმდებლობის, არც პრაქტიკის ანალიზი არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ქმედუუნაროდ აღიარების პროცესში მოწმდება პირის სოციალური უნარები, გააცნობიეროს ქორწინების თანმდევი სოციალური, არაქონებრივი შედეგები.
130. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქორწინების უფლების რეალიზაციის კონტექსტში, ქმედუუნაროდ აღიარებული და ქმედუნარიანი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, იმდენად, რამდენადაც მათ შეუძლიათ ქორწინების შედეგების გააზრება.
131. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, ქმედუუნაროდ აღიარებული პირების ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, გამოყოფს პირთა ამ ჯგუფს სხვა ქმედუნარიანი პირებისაგან, ყველა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქორწინებას კრძალავს სრული მოცულობით და, ამდენად, ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას ქორწინების უფლებით სარგებლობის პროცესში.
132. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებულ მოპყრობას შეაფასებს „მკაცრი შეფასების“ ტესტის გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნიშნით დიფერენცირება ან/და დიფერენცირება განსაკუთრებულად მაღალი ინტენსივობით ხასიათდება.
133. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირები წარმოადგენენ სოციალურ ჯგუფს, რომელთა საერთო ნიშანია, გარკვეული გონებრივი შესაძლებლობის შეზღუდვის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარება. ამავე დროს, ქმედუუნარობა განპირობებულია ამ პირებისაგან დამოუკიდებელი ფაქტორით - შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის არსებობით და მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული თავად ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებზე. ამდენად, სახეზეა კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური, სოციალური ნიშნის საფუძველზე დიფერენცირება და არსებობს „მკაცრი ტესტით“ შეფასების წინაპირობა.
134. „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით და დგინდება, რამდენად არის უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს თუ არა დაუძლეველი საჯარო ინტერესი.
135. განსახილველ შემთხვევაში,, ქმედუუნაროდ აღიარებული და ქმედუნარიანი სრულწლოვანი პირების დიფერენცირება გამოწვეულია თავად ქმედუუნაროდ აღიარებული პირების ქონებრივი უფლებებისა და არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვის ინტერესით.
136. ქმედუნარიან პირებს, ქმედუუნაროდ აღიარებული პირებისგან განსხვავებით, აქვთ უნარი, სრული მოცულობით გაიაზრონ ქორწინების არსი, მისი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი, სოციალური შედეგები. ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს კი - შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაძლოა, დაკარგული ჰქონდეთ უნარი, შეიცნონ ქორწინების გარკვეული ასპექტები და რიგ შემთხვევებში ისინი საჭიროებენ დახმარებას ნების ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აქედან გამომდინარე, ქორწინების უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით, შეუძლებელია ამ ორი სუბიექტის სრული გათანაბრება. დიფერენცირება აუცდენელია ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეზღუდული გონებრივი უნარების ფარგლებში. ამავე დროს, უთანასწორო მოპყრობა უნდა წარმოადგენდეს დაუძლეველი საჯარო ინტერესისკენ ვიწროდ მიზანმიმართულ ღონისძიებას და არ უნდა იწვევდეს ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეუზღუდავი გონებრივი უნარების იგნორირებას. ქორწინების უფლებით რეალიზაციის პროცესიდან ქმედუუნაროდ აღიარებული პირების დისტანცირება უნდა მოხდეს ამ პირების ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რათა უთანასწორო მოპყრობას ადგილი არ ჰქონდეს იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჯარო მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
137. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების შესაბამის თავში დადგენილია, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირების ქორწინების უფლება იზღუდება არათანაზომიერად და არსებობს ამ უფლების ნაკლებად მზღუდველი საშუალებით შეზღუდვის გონივრული შესაძლებლობა. ანალოგიურად, სახელმწიფოს ჰქონდა გონივრული შესაძლებლობა, რომ ქმედუუნაროდ აღიარებული პირების თანასწორობის უფლების ნაკლებად ინტენსიური შეზღუდვის გამოყენებით, დაეცვა დასახელებული ლეგიტიმური მიზნები. კერძოდ, მეურვის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს თანხმობის დაწესებით, შესაძლებელია, დაცულ იქნეს გონივრული ბალანსი ქმედუუნარო პირის ქორწინების უფლებასა და მისი ქონებრივი უფლებების დაცვის ინტერესს შორის. სადავო ნორმების შესაბამისად, არ ხდება პირის უნარების შემოწმება სოციალური ცხოვრების იმ სფეროს მიხედვით, რომელსაც შეეხება მისაღები გადაწყვეტილება და, ამდენად, უგულებელყოფილია ქმედუუნაროდ აღიარებული პირის შეუზღუდავი გონებრივი უნარები. აქედან გამომდინარე, სადავო რეგულაცია არათანაზომიერად ზღუდავს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
138. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების „სულით ავადმყოფობის“ და „ან ჭკუასუსტების“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე კრძალავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირების ქორწინებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით
(საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
139. მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ და 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
140. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული რეგულაციის თანახმად, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს არ აქვთ უფლება, ქმედუუნარობის აღდგენის მიზნით მიმართონ სასამართლოს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი მათ ართმევთ შესაძლებლობას, უშუალოდ წარმოადგინონ საკუთარი თავი სასამართლოში ქმედუნარიანობის საკითხის განხილვის პროცესში. მოპასუხე აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ცნობს სარჩელებს. თუმცა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს დასახელებული ნორმების კონსტიტუციურობას.
141. მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაწესებული შეზღუდვები, ზოგადად, სამოქალაქო პროცესში პირის მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება და, შესაბამისად, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს უზღუდავს, ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურის წამოწყებასა და მასში მონაწილეობას, ვინაიდან მოსარჩელეთათვის პრობლემურია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენის სამართალწარმოების პროცესში, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას შეაფასებს, რომელიც ეხება პირის ქმედუნარიანობის აღდგენის სამართალწარმოებას.
142. ძირითადი უფლებები, მათი ადეკვატური დაცვის აუცილებლობას გულისხმობს, მათ შორის, ქმედუუნარო პირებთან მიმართებით. ასეთ უფლებებს მიეკუთვნება უფლება სასამართლო დაცვაზე, რომელიც უნივერსალური ხასიათის მატარებელი უფლებაა და, იმავდროულად, წარმოადგენს საპროცესო გარანტიას ყველა სხვა კონსტიტუციური უფლება-თავისუფლებების მიმართ.
143. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
144. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სასამართლო ხელისუფლებას აკისრებს თვითნებობისგან დაცვის ინსტიტუციური გარანტის ფუნქციას. იმავდროულად, აღნიშნული უფლება მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ საპროცესო გარანტიებს, რომლებიც იძლევა ამ უფლების სრული მოცულობით რეალიზაციის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს პირის უფლებებში ეფექტიან აღდგენას სასამართლო განხილვის გზით, მათ შორის, პირის უფლებას, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს და უშუალოდ იყოს წარმოდგენილი იმ სამართლებრივ პროცესზე, რომელიც მას ეხება. საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოს, ახდენს თუ არა სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევას.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ, პირის ქმედუნარიანობის აღდგენის მიზნით, მიმართონ სასამართლოს. ამ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული თავად ქმედუუნაროდ აღიარებული პირი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი კი ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს შესაძლებლობას ართმევს, დამოუკიდებლად, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე წამოიწყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართალწარმოება, მათ შორის, ქმედუნარიანობის აღდგენის სამართლებრივი პროცესი და მიიღოს მასში მონაწილეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე სადავო ნორმას უფლებამზღუდავი ეფექტი გააჩნია. ამასთან, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევის შესაფასებლად, სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა ქმედუნარიანობის აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვა „უფლებათა დაცვის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვა“. ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სასამართლოსადმი მიმართვის მიზანია სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობის აღდგენა. შესაბამისად, პირისთვის ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურის დამოუკიდებელი ინიცირების ან/და მასში პირადად მონაწილეობის შეზღუდვა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებებში ჩარევას წარმოადგენს.
145. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლებები არ არის აბსოლუტური და ამ უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, გამართლებული იყოს არა მხოლოდ ქმედუუნაროდ აღიარებულ, არამედ ქმედუნარიან პირებთან მიმართებითაც, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და პასუხობდეს თანაზომიერების მოთხოვნებს.
146. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ქმედუუნაროდ აღიარებული პირი შესაძლებელია მოკლებული იყოს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის ან წარმომადგენლისათვის მითითებების მიცემის შესაძლებლობას. იმავდროულად, კოგნიტური უნარის დაქვეითების გამო პირისათვის მეურვის დანიშვნა უპირობოდ არ გულისხმობს მის უუნარობას, გამოთქვას მოსაზრებები თავის მდგომარეობასთან დაკავშირებით და კონფლიქტში მოვიდეს მეურვის ნებასთან. როდესაც ამგვარ ინტერესთა კონფლიქტს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პირის სამართლებრივ მდომარეობაზე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ მეურვეობის ქვეშ მყოფი პირისათვის უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და უფლება, მოსმენილი იყოს სასამართლოს მიერ პირადად, ან საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. „სულით ავადმყოფობა“ ან „ჭკუასუსტობა“, შესაძლებელია იწვევდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით სარგებლობის მოდიფიცირებას ან ნაწილობრივ შეზღუდვას, მაგრამ ასეთი ზომები არ უნდა ლახავდეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის და სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლების არსს.
147. განსახილველი საქმის ფარგლებში სადავოდ გამხდარი სხვა უფლებაშემზღუდველი ნორმების ლეგიტიმურ მიზანს, უმეტესწილად, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ინტერესების დაცვა წარმოადგენს, რათა მან თავისი გაუცნობიერებელი მოქმედებებით ზიანი არ მიაყენოს საკუთარ ინტერესებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამ მხრივ გამონაკლისია. ქმედუნარიანობის აღდგენის მიზნით წამოწყებული სამართლებრივი პროცესი არ არის შეჯიბრებითი და პირს არ უწევს საკუთარი ინტერესების დაცვა სხვასთან პაექრობის ხარჯზე. უფრო მეტიც, ერთხელ ინიცირებული ქმედუნარიანობის აღდგენის პროცესის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში არ ისპობა იგივე პროცესის ხელახალი ინიცირების შესაძლებლობა. ამდენად, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ინტერესების დაცვა ვერ იქნება განხილული ამ ნორმების ლეგიტიმურ მიზნად.
148. ამასთანავე, ხსენებული ნორმების მიზანს, შესაძლოა, სასამართლო სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენდეს. ამგვარი შეზღუდვის დაწესების შედეგად სასამართლო შესაძლოა დაცული იყოს დაუსაბუთებელად და უსაფუძვლოდ ინიცირებული სამართალწარმოებებისგან. ხოლო დაინტერესებული პირის სასამართლო პროცესში უშუალო მონაწილეობისგან გამორიცხვა, როგორც წესი, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის. მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებით. თუმცა ჩარევის თანაზომიერების შეფასებისთვის მხედველობაშია მისაღები როგორც ჩარევის ინტენსივობა, ისე იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-69).
149. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციურობის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, უფლებაშემზღუდველი ნორმა არა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს, არამედ მისი შემზღუდველი მოქმედება დაცული სიკეთის თანაზომიერი უნდა იყოს.
150. ქმედუუნარო პირი ქმედუნარიანობის აღდგენის საკითხის განხილვაში ორმაგ როლს ასრულებს: ერთი მხრივ, ის არის დაინტერესებული პირი და, მეორე მხრივ,სამართალწარმოების ძირითადი ობიექტი. იმავდროულად, ვინაიდან ექსპერტის დასკვნას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია სასამართლოსათვის და შეფასებული უნდა იქნეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ქმედუნარიანობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავად ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მონაწილეობას სასამართლო განხილვაში. მათ შორის იმისათვის, რომ სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდეს, შეიქმნას საკუთარი აზრი მოსარჩელის ფსიქიკური მდგომარეობის, დაავადების სიმძიმის და ხასიათის, დაავადების შესაძლო შედეგების, პირის სოციალური ცხოვრების, ჯანმრთელობის, ქონებრივი ინტერესების შესახებ. ასევე იმის განსაზღვრისათვის, თუ რა სახის ქმედებების შეგნების ან/და ხელმძღვანელობის უნარი გააჩნია/არ გააჩნია პირს და ა.შ.
151. ვინაიდან ქმედუუნაროდ აღიარებულ პირს არ გააჩნია ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, იგი ხდება სრული მოცულობით დამოკიდებული დაინტერესებული პირების ნებაზე, რაც ერთ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს მეურვე ან ოჯახის წევრი, ხოლო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი. შესაბამისად, არსებობს თვითნებობის და უფლებით მანიპულირების, მეურვეების მიერ უფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე, რომლის თავიდან აცილებას ქმედუნარიანობის საკითხის გადასინჯვის არსებული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს.
152. ქმედუნარიანობის აღდგენის პროცედურების წამოწყებისა და მასში მონაწილეობის უფლებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქმედუუნაროდ აღიარებული პირებისათვის. აღნიშნული მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში სწრაფად მოახდინონ ქმედუნარიანობის აღდგენა, რაც დაიცავს მათ მეურვის, ოჯახის წევრის ან მესამე პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან. ამდენად, ქმედუნარობის აღდგენის არსებული მექანიზმი არ წარმოადგენს პირის მიერ საკუთარი ინიციატივით ქმედუნარიანობის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის ჯეროვან ალტერნატივას. იგი არ პასუხობს არც თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივ ტენდენციას ქმედუუნარო პირებისთვის მათი ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსათვის უშუალოდ და პირდაპირ მიმართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.
153. ქმედუუნარო პირის უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული მეურვის, ოჯახის წევრების ან/და ფსიქიატრიული-სამკურნალო სამედიცინო დაწესებულების ნებაზე. მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, არამედ სასამართლოსათვის საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობასაც.
154. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სისტემის ეფექტიანი მუშაობის მიზნის მისაღწევად ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა უფლებაში ჩარევის არათანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ პირთა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენის შესახებ სამართალწარმოებას და ამავე კოდექსის 327–ე მუხლის მე-2 ნაწილი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16, 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით
(„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „გ” გვეპუნქტის სიტყვა „ქმედუუნაროა“)
155. მოსარჩელე დავით ხარაძე სადავოდ ხდის „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა „ქმედუუნაროას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
156. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით დაწესებული საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეზღუდვა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-16, 24-ე და 41-ე მუხლებს. სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, საკუთარი ჯანმრთელობისა და ჩასატარებელი მკურნალობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლიდან, თუმცა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებით სპეციალურ კონსტიტუციურ რეგულირებას წარმოადგენს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებით დაცული უფლებები. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულებიდან საკუთარი პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ხოლო სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულებებიდან ანალოგიური ინფორმაციის მოთხოვნის კონსტიტუციურ გარანტიას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი.
157. განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებში დაცული პირის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებზე წვდომის უფლების კონტექსტში დადგინდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-16, 24-ე და 41-ე მუხლებში მოცემული კონსტიტუციური უფლებებით დაცული სფეროების ფარგლები და ურთიერთმიმართება.
158. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი იცავს საყოველთაო უფლებას, პირმა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
159. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის „თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-14). აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ კონსტიტუციის 24-ე მუხლი უზრუნველყოფს არა ინფორმაციის პროაქტიულად მოპოვების უფლებას დაცული წყაროებიდან, არამედ იცავს ინდივიდებს ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლის დროს ნეგატიური ჩარევისგან. გამოხატვის თავისუფლება ინფორმაციის პროაქტიულად მოთხოვნის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს, თუ ინფორმაცია საჯარო მნიშვნელობის არის და არსებითია გამოხატვის თავისუფლებისათვის. ერთი პირის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, როგორც წესი, ამგვარი ხასიათი არ გააჩნია.
160. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროს იდენტიფიცირების პროცესში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სადავო ნორმებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსსა და სპეციფიკას. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა თავის თავში მოიცავდეს ინფორმაციის მიმოცვლას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი შემთხვევა უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას და უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით. ხშირ შემთხვევაში რეგულაცია, თავისი შინაარსით, მიმართულია არა გამოხატვის თავისუფლების, არამედ არსებითად სხვა სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისკენ.
161. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა აწესრიგებს ჯანდაცვის სფეროში არსებული სამედიცინო მომსახურების კონკრეტული სფეროს - ფსიქიატრული სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს. სადავო კანონი შეეხება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ფსიქიატრიული დახმარების გაწევის ფორმებსა და პირობებს. ამ შემთხვევაში, პაციენტსა და ფსიქიატრიული დახმარების დაწესებულებას შორის ინფორმაციის მიმოცვლა, იქნება ეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დასმული დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურების ისტორია თუ სხვა, წარმოადგენს ფსიქიატრული დახმარების გაწევის კომპონენტებს და არა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სუბიექტებს შორის ინფორმაციის გავრცელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სადავო ნაწილი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს.
162. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა გარკვეული კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სახელმწიფო დაწესებულებებში. მაშასადამე, სადავო ნორმა რომ შეფასდეს აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, სახეზე უნდა იყოს „სახელმწიფო დაწესებულებაში“ არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, მნიშვნელოვანია განიმარტოს, შეიძლება თუ არა კონსტიტუციის 41-ე მუხლით განსაზღვრული „სახელმწიფო დაწესებულებები“ მოიაზრებდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებსაც.
163. კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიზნებისათვის, „სახელმწიფო დაწესებულებად“, როგორც წესი, მიიჩნევა საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანიზაციული წარმონაქმნები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის N2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის წინააღმდეგ”, II-22). „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულება არის შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების განყოფილება, რომლის საქმიანობის მიზანია პირისათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა. სამკურნალო დაწესებულება, რომლის მიზანია ფსიქიატრიული დახმარების გაწევა, ვერ მიიჩნევა საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოდ. ამ შეფასებას არ ცვლის ის გარემოება, რომ ზოგიერთი ფსიქიატრიული დაწესებულება, შესაძლებელია, სახელმწიფო საკუთრებაში იყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.
164. მოსარჩელე სადავო ნორმას ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი აღიარებს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. როგორც უკვე აღინიშნა, ამ უფლების ძირეულ კომპონენტებს წარმოადგენს პირის შინაგანი სფეროსა და თავისუფალი განვითარებისათვის აუცილებელი მოქმედებების დამოუკიდებელი, გარე პირების ჩარევისგან თავისუფალი თვითგანკარგვა. საკუთარ პირად მონაცემებზე, მათ შორის, სამედიცინო ჩანაწერებზე წვდომის შესაძლებლობა ამ უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
165. კონსტიტუციის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ჯანმრთელობა და მკურნალობა. ამასთან, ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ პირად მონაცემებზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. მკურნალობაზე ინფორმირებული თანხმობის უფლება, რომელში ჩარევაც ასევე სადავოდაა გამხდარი განსახილველ საქმეზე, ეფექტიანად ვერ განხორციელდება, თუ პირი არ ფლობს სრულფასოვან ინფორმაციას როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე მის მიმართ გამოყენებული მკურნალობის ზომებისა და სამედიცინო ისტორიის შესახებ.
166. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის პირები რეგულარულად და ჯეროვნად უნდა იქნენ ინფორმირებულნი მათ მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზეზების, ვადის, მკურნალობის შეწყვეტის და გაგრძელების შესახებ. ამავე დროს, საკუთარი ჯანმრთელობისა და მკურნალობის ისტორიის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციისათვის. მაგალითად, მკურნალობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება წარმოადგენს, პაციენტის უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციის აუცილებელ წინა პირობას.
167. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ პირად მონაცემებზე წვდომის უფლება, კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული როგორც პირადი სფეროს, ისე პიროვნულობის გარეგანი გამოვლინების თვითგანკარგვის უფლების ერთგვარი გამოხატულებაა.
168. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა „ქმედუუნაროა“, რომელიც ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, წვდომა ჰქონდეს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე, კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს.
169. როგორც უკვე აღინიშნა, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია ლეგიტიმური საჯარო ინტერესის მისაღწევად პროპორციული საშუალების გამოყენებით.
170. მოპასუხის განმარტებით, ქმედუუნარო პირს, რომც მიეწოდოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, იგი მოკლებულია ადეკვატური შეფასებების გაკეთების შესაძლებლობას. ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის შესახებ, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ასეთი ინფორმაცია გაუმართლებელი ხელყოფისა და გავრცელებისაგან. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მოკლებულია უნარს, გააცნობიეროს ინფორმაციის არსი და მისი გავრცელების შედეგები, მისთვის ასეთი ინფორმაციის გადაცემა შეიცავს საფრთხეს, რომ პირი თავისი გაუცნობიერებელი ქმედებებით თავისივე საზიანოდ გაავრცელებს საკუთარ პირად ინფორმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირისათვის გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის, მათ შორის, მის შესახებ არსებული ინფორმაციის გადაცემის აკრძალვა, ემსახურება ამ პირის პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.
171. არაერთხელ აღინიშნა, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა დაცვით. უფლება არ უნდა შეიზღუდოს იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
172. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაავადებები, რომლებიც პირის ქმედუუნაროდ ცნობის საფუძველია, სხვადასხვა ხარისხით ართმევს პირს საკუთარი მოქმედებებისა თუ სხვა მოვლენების მნიშვნელობის გაცნობიერების უნარს. სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ქმედუუნარო პირების ინდივიდუალური გონებრივი უნარების შეფასების შესაძლებლობას და ბლანკეტურად ზღუდავს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ქმედუუნაროდ აღიარებული პირების შეზღუდული შესაძლებლობების მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა ვერ შეფასდება როგორც მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებადმზღუდველი ღონისძიება. შესაბამისად, დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერია.
173. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვის „ქმედუუნაროა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
(„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი)
174. მოსარჩელე დავით ხარაძე მიიჩნევს, რომ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებულ ღირსების უფლებასა და უფლებას არაჰუმანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის შესახებ. სადავო ნორმა ექიმს ანიჭებს უფლებას, ცალკეულ შემთხვევაში შეზღუდოს სტაციონარულ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტის უფლებები, მათ შორის, უფლება, დაცული იყოს არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან.
175. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. პატივი და ღირსება ადამიანის სოციალური იდენტობის არსებითი ატრიბუტებია, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის მორალურ მდგომარეობას მის გარშემო მყოფ საზოგადოებაში. იგი უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადამიანს თან დაჰყვება ბუნებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-5).
176. ღირსება არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც სუბიექტური სიკეთე, რომელიც ინდივიდუალურია ყველა ადამიანისათვის მათი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30).
177. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ყოველ ადამიანს იცავს ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობაში ჩარევის ისეთი მძიმე ფორმებისაგან როგორებიცაა: წამება, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანება საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და უნივერსალურ გადაწყვეტილებას წამების აკრძალვის შესახებ.
178. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების უნივერსალურობიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული მოპყრობის ცალკეული ფორმები აკრძალულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხლი 5); სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (მუხლი 7); წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია; ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მუხლი 3) და სხვა.
179. მნიშვნელოვანია, განსახილველი დავის ფარგლებში განიმარტოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით მკაცრად აკრძალული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შინაარსი.
180. მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე. ზოგიერთ შემთხვევაში ასევე ყურადსაღებია პირის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ზოგადი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა.
181. პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ.
182. სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს პირის მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოყენებისაგან, არამედ უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა მესამე პირთა ჩარევისაგან.
183. განსახილველ საქმეზე სადავო ნორმა ექიმს უფლებას აძლევს, „გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით“ შეზღუდოს პაციენტის უფლებები, მათ შორის, უფლება ისეთ ჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც გამორიცხავს ღირსების ყოველგვარ შელახვას.
184. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ ჰუმანურ მოპყრობაზე უფლებას ავტონომიური შინაარსი აქვს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი უფლებადამდგენი კონსტიტუციური დებულებების ანალოგიური ტერმინოლოგიით ასახავს სტაციონარში მოთავსებული პაციენტის უფლებებს, მათ შორის, ჰუმანური მოპყრობის უფლებასაც. ხოლო სადავო ნორმა ცალსახად მიუთითებს, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, ამ უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობაზე. ამდენად, ნორმის შინაარსის სიტყვასიტყვითი და სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო ნორმა ტოვებს შესაძლებლობას, გარკვეული პირობების არსებობისას, სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს შეეზღუდოს უფლება, ეპყრობოდნენ ჰუმანურად, პატივისა და ღირსების შეულახავად.
185. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ზღვარს რომ მიაღწიოს, ქმედება უნდა სცილდებოდეს იმ ტკივილის, დისკომფორტის, სულიერი ტანჯვისა და სირცხვილის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანი გარდაუვლად განიცდის სასჯელისა და სხვა თავისუფლებაშემზღუდველი ლეგიტიმური მოპყრობის დროს, მათ შორის, ფსიქიატრიულ სტაციონარში იძულებითი მოთავსებისას. ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის თანმდევი დამცირება და უხერხულობა არ უნდა სცილდებოდეს აუცილებელ მინიმალურ ფარგლებს. ა შკარაა, რომ სადავო ნორმა არ გულისხმობს ასეთ გარდაუვალ შემთხვევას. ეს უკანასკნელი შემთხვევა არც კი ითვლება არაჰუმანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად და, შესაბამისად, არ წესრიგდება სადავო ნორმით.
186. კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება თავისი შინაარსით აბსოლუტური უფლებაა და მასში ჩარევა, იმის მიუხედავად, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ხორციელდება იგი, დაუშვებელია ნებისმიერ დროსა და ვითარებაში. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ექიმს უფლებას აძლევს, „გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით“, შეზღუდოს სტაციონარში განთავსებული პაციენტის უფლება ჰუმანურ მოპყრობაზე. შესაბამისად, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
(„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი)
187. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის მიხედვით, ქმედუუნარო „პაციენტი ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის სტაციონარში თავსდება... პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით“.
188. საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლით აღიარებულია ადამიანის თავისუფლების უფლება, რაც გულისხმობს „ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თავისუფლების უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც იზღუდება პირის ფიზიკური გადაადგილების თავისუფლება.
189. თავისუფლების უფლება, რომელიც ითვალისწინებს ყოველი მოქალაქის უფლებას ხელშეუხებლობაზე, ადგენს, რომ პირს იძულებითი მკურნალობის მიზნებისათვის თავისუფლება შესაძლებელია შეეზღუდოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
190. ანალოგიურ მოთხოვნებს ითვალისწინებს არაერთი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი, რომლებიც ეყრდნობა სამართლის უზენაესობის, ჰუმანიზმის, სამართლიანობის და თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებს.
191. იმის დასადგენად, იწვევს თუ არა სადავოდ გამხდარი ნორმა ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თავისუფლების უფლებაში, უნდა გაირკვეს, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების საწინააღმდეგოდ იზღუდება თუ არა მისი ფიზიკური გადაადგილების უფლება. ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობა, ზედამხედველობის საშუალება და სიხშირე, გარე სამყაროსთან კონტაქტი და მასზე ზედამხედველობის ინტენსივობა და ა.შ.
192. სადავო ნორმით დადგენილ შემთხვევებში პაციენტს ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარში მოთავსებისას ეზღუდება გადაადგილების თავისუფლება. მას არ აქვს უფლება, დატოვოს სტაციონარის ტერიტორია, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირს მხოლოდ ხანმოკლე ვადით ეძლევა სტაციონარის დატოვების შესაძლებლობა, ისიც მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და სტაციონარიდან გაწერის გარეშე. გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლება, მათ შორის, მიმოწერის, მესამე პირებთან შეხვედრის და სხვა შესაძლებლობები არსებობს მხოლოდ მთელი რიგი რეგულაციების პირობებში. უფრო მეტიც, კომუნიკაცია და სხვა უფლებები შესაძლოა გარკვეული პირობების არსებობისას დამატებით შეიზღუდოს ექიმის გადაწყვეტილებით.
193. სტაციონარში მოთავსება არ არის კონკრეტული ვადით შეზღუდული და დამოკიდებულია პაციენტის გამოჯანმრთელებაზე. შესაბამისად, პირის სტაციონარში ყოფნის ვადა დამოკიდებულია სამედიცინო ჩვენების ამოწურვაზე ან კანონიერი წარმომადგენლის ნებაზე. სასამართლოსთვის ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სტაციონარული მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, თუნდაც რამდენიმე საათით, სცილდება პირის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებას. უფრო მეტიც, „სულით ავადმყოფობის“ კლასის პათოლოგიების სიმპტომატიკა, უმეტესწილად ხანგრძლივი პერიოდით, თვეების ან წლების განმავლობაში გრძელდება.
194. იმავდროულად, სადავო ნორმის თანახმად, ქმედუუნარო პირის კანონიერ წარმომადგენელს ენიჭება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არა მხოლოდ ფსიქიატრიული მკურნალობისათვის სტაციონარში მოთავსებაზე, არამედ ასევე ფსიქიტრიული დაწესებულების და ექიმის არჩევის, ასევე მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
195. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, უმნიშვნელოვანესია, დადგინდეს, რამდენად განიხილება სტაციონარში მოთავსებაზე, პირის ნაცვლად, მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან თანხმობის პირობებში მოთავსება „ნებაყოფლობითად“.
196. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი საკუთარი ნებით განსაზღვრულ ადგილას, თუნდაც განუსაზღვრელი დროით იმყოფება, სახეზე არ იქნება მის თავისუფლების უფლებაში ჩარევა, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც განსაზღვრულ ადგილზე განთავსებას სხვა პირები უზრუნველყოფენ, თუ მას გააჩნია აღნიშნული ტერიტორიის საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვების უფლება. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, მეურვის თანხმობა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სტაციონარში განსათავსებელი პირის ნებად.
197. იმისათვის, რომ პირის განსაზღვრულ ადგილას განთავსება, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისთვის, თავისუფლების ძირითად უფლებაში ჩარევად არ იქნეს განხილული, არსებითად მნიშვნელოვანია, პირმა ასეთ განთავსებაზე სურვილი გამოხატოს ნათლად და ძალდატანების გარეშე. ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს პირის ინფორმირებული თანხმობა იმგვარად, რომ პირს ამ ღონისძიების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შედეგები გაცნობიერებული ჰქონდეს. ამასთანავე, განსახილველ საქმეზე შესაბამისი სფეროს ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებიდან ჩანს, რომ „სულით ავადმყოფობის“ კლასის პათოლოგიების მქონე პირებს, რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად აქვთ დარღვეული ცნობიერება და მათ გარშემო არსებული რეალობის აღქმა. ამდენად, ცალკეულ შემთხვევაში, რთული იქნებოდა, მძიმე ფორმის პაციენტების მიერ გამოხატული ნება შეფასებულ იქნეს ნათლად, ძალდატანების გარეშე და გაცნობიერებულად გადმოცემულად. მეორე მხრივ, სრულიად შესაძლებელია, „სულით ავადმყოფობის“ პათოლოგიების მქონე პირს საკმარისი უნარი გააჩნდეს, საკუთარი ნება ხსენებულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში წარმოაჩინოს.
198. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა, ყველა შემთხვევაში, მაღალი ინტენსივობის მატარებელია. დაუშვებელია, ამ უფლების დაცვის სფეროდან ისეთი შემზღუდველი ქმედებების გამორიცხვა, რომლებიც ამ უფლებაში ჩარევის თუნდაც მცირე ეჭვს ბადებს. ამასთანავე, თავისუფლების უფლებაში ჩარევად ვერ იქნება განხილული მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი განსაზღვრულ ადგილას განთავსებაზე ნებას გამოხატავს პროაქტიულად ან პასიური თანხმობით. არ შეიძლება პირის მიერ ნების გამოხატვა ჩათვლილ იქნეს ნაგულისხმევად ან მესამე პირის მეშვეობით გამოვლენილად, თუნდაც ეს უკანასკნელი მისი კანონიერი წარმომადგენელი იყოს.
199. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც პირის პიროვნულ თავისუფლებაში ჩარევა ასეთი მაღალი ინტენსივობით ხორციელდება, პირის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე მხოლოდ მეურვის თანხმობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ვერ იქნება აღქმული დაწესებულებაში განსათავსებელი პირის ნებად, იმის მიუხედავად, რომ ავადმყოფი მოკლებულია ნების სათანადო სტანდარტებით გამოვლენის უნარს.
200. ქმედუუნარო სრულწლოვანი პირის ინტერესების დამცავი ღონისძიებების იმპლემენტაციის თუ დადგენისას, ამ პირის ინტერესებს და კეთილდღეობას უნდა ენიჭებოდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაბამისად, ადამიანის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზებითა და მიზნებით, ფორმალური საპროცესო გარანტიების მკაცრი დაცვით. ამ მნიშვნელოვან მიზეზებს შორის არის, უპირველეს ყოვლისა, თავად აღნიშნული პირის და საზოგადოების დაცვა. კერძოდ, პირის მკურნალობა ან/და მისი ჯანმრთელობის შემსუბუქება და ამისათვის ამბულატორიული ან სტაციონარული მკურნალობა, ასევე თვითდაზიანების ან სხვათა ჯანრთელობისათვის ზიანის მყენების თავიდან აცილება და ამ მიზნით მასზე კონტროლი და მეთვალყურეობა.
201. ქმედუუნარო პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით, გაცნობიერებული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე მოთავსებას, თან უნდა ახლდეს მოთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება. შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების არარსებობა გულისხმობს/გამოიწვევს სახელმწიფოს აკრძალულ ჩარევას ინდივიდუალური თავისუფლების სფეროში, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი მიზნებისათვის და მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.
202. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები შესაძლებელია იყვნენ მოწყვლადი მაშინაც კი, თუ მათ გააჩნიათ თანხმობის გაცხადების უნარი. თუმცა ისინი, ვისაც ასეთი უნარი არ გააჩნია, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან და ამ შემთხვევაში მათი უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
203. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში პირის მოთავსება თავისი ფორმის, ჩარევის ხარისხისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თავისუფლების უფლებაში ჩარევას.
204. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება, თავისი ხასიათით, არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია ამავე მუხლით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე“. არასასამართლო ორგანოები ან სხვა თანამდებობის პირები უფლებამოსილი არ არიან, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
205. იმ პირობებში, როდესაც პირს წართმეული აქვს უნარი, სრულად ან ნაწილობრივ გააცნობიეროს მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის მნიშვნელობა და სამომავლო შედეგები, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე სასამართლო კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც პირს უფლება არ აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების დატოვების შესახებ, იქმნება იმის გაუმართლებელი რისკი, რომ ნეიტრალური სუბიექტის მხრიდან კონტროლის არარსებობის პირობებში, მეურვემ ან სამკურნალო დაწესებულებამ გადაამეტონ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
206. თავისუფლების უფლებაში ჩარევისადმი წაყენებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოთხოვნები რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით. იგი ადგენს, რომ თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამგვარად, კონსტიტუციური სტანდარტია, რომ თავისუფლების შეზღუდვა აუცილებლად ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ამავე დროს, კონსტიტუციის მე-18 მუხლი განსაზღვრავს სასამართლო კონტროლის პროცედურას და ადგენს, რომ დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი უშვებს შესაძლებლობას, რომ განსაზღვრული პირობების არსებობისას, პირის თავისუფლება 48 საათის განმავლობაში შეზღუდული იყოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
207. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სტაციონარში მოთავსება შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდით, თვეების ან წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი თავისუფლების უფლების შეზღუდვა ბევრად აღემატება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ 48-საათიან დასაშვებ ზღვარს, რა ვადის განმავლობაშიც შესაძლებელია პირის თავისუფლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. კონსტიტუციის აღნიშნული მოთხოვნა პირის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან და შეზღუდვის ვადასთან დაკავშირებით იმპერატიულია. პირის თავისუფლების უფლების დაცვის კონსტიტუციის მე-18 მუხლით განმტკიცებული აღნიშნული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი არ იძლევა პირის ამ პროცესუალური გარანტიის შეზღუდვის შესაძლებლობას.
208. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს რა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის თავისუფლების უფლებაში ჩარევას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
III - სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის `ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. კონსტიტუციური სარჩელი №532 (საქართველოს მოქალაქე ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით:
ა.ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვა „ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „ჭკუასუსტი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე;
ა.ბ)ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის“;
ა.გ) ამავე კოდექსის 1290-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;
ა.დ) ამავე კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის სახელით ყველა აუცილებელი გარიგების დადებას.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქმედუნარიანად აღიარების შესახებ;
ბ.ბ) ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენის შესახებ სამართალწარმოებას;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქორწინების აკრძალვას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №532 (საქართველოს მოქალაქე ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ კონსტიტუციურობას.
ბ) ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას.
3. კონსტიტუციური სარჩელი №533 (საქართველოს მოქალაქე დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით:
ა.ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების ,,ან სულით ავადმყოფობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „სულით ავადმყოფი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე;
ა.ბ) ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის“;
ა.გ) ამავე კოდექსის 1290-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;
ა.დ) ამავე კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის უფლებამოსილებას, სამეურვეო პირის სახელით ყველა აუცილებელი გარიგების დადებას.;
ა.ე) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის სიტყვების ,,და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ბ.ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქმედუნარიანად აღიარების შესახებ;
ბ.ბ) ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენის შესახებ სამართალწარმოებას.
გ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
დ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის სიტყვის ,,ქმედუუნაროა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირების უფლებას, მიიღონ თავისი დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
ე) ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ვ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით:
ვ.ა) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა ,,ქმედუუნარო“;
ვ.ბ) ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის სიტყვები ,,ქმედუუნარობის შემთხვევაში“ (2006 წლის 27 ივლისის რედაქცია).
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის სიტყვების ,,სულით ავადმყოფობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქორწინების აკრძალვას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №533 (საქართველოს მოქალაქე დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით:
ა.ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ კონსტიტუციურობას
ა.ბ) ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას.
ბ) ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის სიტყვის ,,ქმედუუნაროა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით.
5. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან არაკონსტიტუციური ნორმები:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქმედუნარიანად აღიარების შესახებ;
ბ) ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქმედუნარიანობის აღდგენის შესახებ სამართალწარმოებას.
გ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის სიტყვების ,,და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში.
დ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი.
ე) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის სიტყვის ,,ქმედუუნაროა“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის უფლებას, მიიღოს თავისი დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია.
ვ) ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას.
6. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2015 წლის 1 აპრილიდან არაკონსტიტუციური ნორმები:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის „ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „ჭკუასუსტი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „სულით ავადმყოფობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს „სულით ავადმყოფი“ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე;
გ.ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის“
გ.ბ) ამავე კოდექსის 1290-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;
გ.გ) ამავე კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის უფლებამოსილებას, სამეურვეო პირის სახელით ყველა აუცილებელი გარიგების დადებას.
დ) „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა ,,ქმედუუნარო“.
ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის სიტყვების ,,სულით ავადმყოფობის“ და „ან ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქორწინების აკრძალვას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე.
7. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
8. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
9. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს - საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
10. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
დოკუმენტის კომენტარები