საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 837-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.102747
837-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
040000000.05.001.102747
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 996-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 996. დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

პირი პასუხს არ აგებს დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში ყოფნისას მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. თუ პირმა თავი ასეთ მდგომარეობაში თვითონ ჩაიგდო ალკოჰოლური სასმლის ან სხვა, მსგავსი საშუალების გამოყენებით, იგი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მდგომარეობაში ბრალის გარეშე აღმოჩნდა.“.

2. 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კოდექსით, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

3. 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო თუ მამკვიდრებელი ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების, სოციალური დაცვის სხვა დაწესებულების ანდა სამკურნალო ან აღმზრდელობითი დაწესებულების რჩენაზე იმყოფებოდა − შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში.“.

4. 1359-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საავადმყოფოს, ჰოსპიტლის, სხვა სამკურნალო დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, სამედიცინო ნაწილში მათი მოადგილეები და მორიგე ექიმი, აგრეთვე ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე რომელიმე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;“.

5. 1361-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყრუს, წერა-კითხვის არმცოდნე ყრუს, უსინათლოს ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ანდერძი“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოანდერძე ყრუა ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუა, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 2 მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია მას განუმარტოს საქმის არსი და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი მოანდერძის ნებას შეესაბამება.

2. თუ მოანდერძე უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსთან 3 მოწმის თანდასწრებით და ამის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, ხოლო შესაბამისი ტექსტი მოანდერძეს უნდა წაეკითხოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N837-IIმს-XIმპ