დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5445-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220013, 20/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.016517 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 514-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა
გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“.
2. 1190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1190. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა
1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით.
2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.
3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
5. ბავშვის მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება (წარედგინება) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ორგანოს ჩანაწერებში ბავშვის მამის თაობაზე მიეთითება შესაბამისი მონაცემი.
6. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა კანონით განსაზღვრული წესით ასევე შეიძლება დაადგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას.
7. პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს ამ მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის შესახებ შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე.
8. სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 დეკემბერი.
№5445-IIს
დოკუმენტის კომენტარები