საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5013-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.019580
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5013-Iს
20/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
040000000.05.001.019580
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება

1. ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

2. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება არასრულწლოვნის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ან არასრულწლოვანების პერიოდში სასამართლოსთვის მიმართვამდე.“.

2. 183-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე

1. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

2. ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.“.

3. 186-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.“.

4. 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. 10 წლამდე ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც.“.

5. 11981 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანს აქვს მისი მშობლის/სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცვის უფლება. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ცენტრალურ ორგანოს და სასამართლოს.“.

6. 1206-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

7. 1209-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ბავშვის სურვილსაც ითვალისწინებს.“.

8. 1255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1255. ბავშვის თანხმობა გაშვილებაზე

1. 10 წლამდე ბავშვის გაშვილებისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი.

2. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის შვილად აყვანა მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

3. გაშვილებაზე ბავშვის თანხმობა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე მისი მოსმენის შედეგად ირკვევა.

4. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად მიიჩნევდა, შვილად აყვანა, გამონაკლისის სახით, შეიძლება გაშვილებაზე შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5013-Iს