დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1826 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 19/07/2005 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.000.000.05.001.001.943 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 154-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფლებამოსილება ნივთზე ან უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ ნივთისა თუ უფლების ნაყოფის მიღებას ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
2. 213-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების გასხვისება, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვა საერთო საკუთრების შესაბამისი წილის გაუთვალისწინებლად.“.
242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 242. ცნება
უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.“.
4. 254-ე–285-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 254. ცნება
1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის გადაცემაც სხვა პირთათვის დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) ხარჯზე მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.
3. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები.
4. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი, თუ შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით.
5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.
მუხლი 255. გირავნობის სახეები
გირავნობის სახეებია:
ა) მფლობელობითი გირავნობა;
ბ) რეგისტრირებული გირავნობა.
მუხლი 256. გირავნობის ფარგლები
1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. გირავნობის უფლება არ ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) ნაყოფის მიღება ხდება 281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ;
ბ) ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 257. მფლობელობითი გირავნობა
1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.
მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა
1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.
2. საბუთში უნდა აღინიშნოს:
ა) მისი შედგენის თარიღი;
ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;
გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა, ისე რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა;
დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.
მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი
1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის შედგენითა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის მიმართ ვრცელდება 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით. საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი განისაზღვრება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი
1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას.
მუხლი 261. მოგირავნის და დამგირავებლის უფლებები და მოვალეობები
1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის, წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.
2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას უფლება აქვს მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის მფლობელობაში გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება შეუძლია, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს. მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული სარგებლის შესახებ.
3. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულებას, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ გირავნობის საგნის სათანადო მოვლა-შენახვის ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა.
5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 262. გირავნობის საგნის დაზღვევა
დამგირავებელი ვალდებულია დააზღვიოს გირავნობის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 263. იმ დამგირავებლის უფლებები, რომელიც არ წარმოადგენს მოგირავნის პირად მოვალეს
დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზედაც მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.
მუხლი 264. სუროგაცია
1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით.
2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამგირავებელს უფლება აქვს მის მიერ მიღებული თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული, გაუფასურებული ნივთის შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს გირავნობის საგნის ადგილს.
მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავებისა და მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი შედეგები
1. გირავნობის საგნის გადამუშავება და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა ისე, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.
2. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირავნობის საგნის გადამუშავება, სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა ან შეერთება არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გადამუშავებამდე ან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.
მუხლი 266. გარიგების დადება გირავნობის საგანზე
1. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის უფლების შეწყვეტამდე.
2. დამგირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს აქვს თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლება.
მუხლი 267. საგნის დაგირავება რამდენჯერმე და გირავნობის უფლებათა რიგითობა
1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი წარმოშობის მომენტის შესაბამისად, გარდა 254-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.
3. ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.
მუხლი 268. მოგირავნის უფლებების დაცვა
თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.
მუხლი 269. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე
1. სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე) გადადის გირავნობის უფლებაც.
2. გირავნობის უფლება წყდება, თუ მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის მომენტიდან გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების რეგისტრაციას.
3. ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მოგირავნის მოთხოვნა და ამ გზით შეიძინოს მისი უფლებები დამგირავებლისა და შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ.
4. გირავნობის უფლება არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს შესაბამისი მოთხოვნის გადაცემის გარეშე. თუ მოთხოვნის გადაცემისას გამორიცხულია გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება წყდება.
მუხლი 270. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების გამო
გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.
მუხლი 271. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობის საგნის დაღუპვის გამო
გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი ფიზიკურად შეწყვეტს არსებობას.
მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით
1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.
2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის უფლებაზე.
მუხლი 273. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის გამო (კონსოლიდაცია)
გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი გადადის მოგირავნის საკუთრებაში.
მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება
1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისებისას დამგირავებელს და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.
3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.
4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.
მუხლი 275. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას
1. გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.
2. რეგისტრირებული გირავნობის უფლების შეწყვეტისას დამგირავებელს უფლება აქვს მოგირავნეს მოსთხოვოს გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუ არ არსებობს დამგირავებლის მოთხოვნა გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებლივი რეგისტრაციის შესახებ, მოგირავნე ვალდებულია მიმართოს საჯარო რეესტრს გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, გირავნობის უფლების შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამგირავებელს აქვს მოგირავნისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დამგირავებელსაც. ასეთ შემთხვევაში გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს მოგირავნის მიერ გაცემული წერილობითი საბუთი, რომელიც ადასტურებს გირავნობის უფლების შეწყვეტას.
მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება
1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მაშინ მოგირავნის მოთხოვნა დაუკმაყოფილებელ ნაწილში ძალაში რჩება.
მუხლი 277. მოგირავნეზე საკუთრების უფლების პირდაპირი გადასვლის შესახებ შეთანხმების ბათილობა
ბათილია რეალიზაციის უფლების წარმოშობამდე დადებული შეთანხმება, რომლითაც გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება პირდაპირ გადადის მოგირავნეზე, თუ მისი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული ან დროულად ვერ დაკმაყოფილდება.
მუხლი 278. გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება
გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მუხლი 279. რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება
1. თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას.
2. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ:
ა) იგი სარგებლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებით. ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას და რეალიზაციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს;
ბ) იგი თანახმაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს შემდგომმა მოგირავნემ, ოღონდ იმ პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან თავისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეალიზაციის შემთხვევებში რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან შემდგომი მოგირავნის მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნა.
4. თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას.
5. რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნესა და შემძენს ეკისრებათ საჯარო რეესტრში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისთვის.
მუხლი 280. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება
1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.
2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.
4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის
1. გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის გადაცემის შესახებ დაუყონებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.
მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.
2. რეგისტრირებული გირავნობის დროს მოგირავნე ვალდებულია დამგირავებლისა და წინა მოგირავნეების წერილობითი გაფრთხილებიდან ერთი კვირის შემდეგ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარადგინოს შეტყობინება გირავნობის საგნის რეალიზაციის განზრახვის შესახებ. რეალიზაცია არ შეიძლება განხორციელდეს შეტყობინების რეგისტრაციის დღიდან ერთი კვირის განმავლობაში.
3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ:
ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე;
ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია.
4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
მუხლი 283. გირავნობის საგნის რეალიზაცია
1. მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
2. თუ გირავნობის საგანს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია გირავნობის საგნის გაყიდვა მიანდოს სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას.
3. თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია წარუდგინოს დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების შესახებ.
მუხლი 284. მხარეთა შეთანხმება რეალიზაციის სხვა წესზე
1. მოგირავნესა და დამგირავებელს სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთში შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
2. დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ ასევე შეთანხმდნენ გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე, რომელიც განსხვავდება ამ თავში მოცემული წესებისაგან. ასეთ შემთხვევაში გირავნობის საგნის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს გონივრულ და სამართლიან ფასში დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 285. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები
1. გირავნობის საგნის რეალიზაციით შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაში შემძენი იძენს საკუთრების უფლებას, თუ იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.“.
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2851 მუხლი:
„მუხლი 2851. ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ
რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე.“.
6. 752-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის.“.
7. 945-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1826-რს
დოკუმენტის კომენტარები