დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5568 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228064, 28/12/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040000000.05.001.016543 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1108. საქორწინო ასაკი
1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.
2. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
3. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს.“.
2. 1110-ე–1117-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. 1119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 1121-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11221 მუხლი:
„მუხლი 11221. ქორწინების შეწყვეტა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად
1. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების თარიღიდან.
2. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარდაცვალების ზუსტი თარიღის მითითების არარსებობის შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.“.
6. 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.“.
7. 1124-ე და 1125-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
8. 1131-ე–1134-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
9. 1137-ე–11391 მუხლები ამოღებულ იქნეს.
10. 1154-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. 1189-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1189. დაქორწინებული მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადასტურება
შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.“.
12. 1190-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
13. 1191-ე–1193-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
14. 1257-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაშვილებისათვის სახელისა და გვარის შეცვლა“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნაშვილებისათვის სახელისა და გვარის შეცვლა შესაძლებელია შვილად აყვანის რეგისტრაციისას, მშვილებლის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
15. 1258-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშვილებლები, შვილად აყვანის რეგისტრაციისას, მათი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბადების აქტის ჩანაწერში შეიძლება ჩაიწერონ ნაშვილების მშობლებად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5568-რს
დოკუმენტის კომენტარები