საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5624
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 27/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.003.089
  • Word
5624
18/12/2007
სსმ, 48, 27/12/2007
040.000.000.05.001.003.089
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997 წელი, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11931 მუხლი:

     „მუხლი 11931. ბავშვის მიტოვებულად აღიარება

1. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა და მათი ადგილსამყოფელი უცნობია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია განახორციელოს ყველა ქმედება ბავშვისა და მისი მშობლების ვინაობის დადგენისათვის.

2. თუ ბავშვის და მისი მშობლების ვინაობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვერ დგინდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ბავშვის მოსავლელად და მიმართოს სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებისათვის.

3. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.

3. 1194-ე და 1195-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1194. შვილის სახელის განსაზღვრა

1. შვილს სახელს არქმევენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

2. მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს სახელი ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 1195. შვილის გვარის განსაზღვრა

1. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.

2. მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს გვარი ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

4. 1198-ე და 1199-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1198. მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ

1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.

5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

    მუხლი 1199. ბავშვის ინტერესების დაცვა

მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.“.

5. 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.“.

6. 1201-ე–1205-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1201. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

    მუხლი 1202. განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ

1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

    მუხლი 1203. პაპისა და ბებიის უფლებები არასრულწლოვანი შვილიშვილების მიმართ

პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

    მუხლი 1204. არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების მოთხოვნის უფლება

მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.

    მუხლი 1205. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა

1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად.

4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის ყველა სხვა უფლება შეზღუდულია.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12051 მუხლი:

     „მუხლი 12051. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება

1. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე ამ კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად.

2. როდესაც ამ კოდექსის 1251-ე მუხლის შესაბამისად მშობლები აცხადებენ ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობას, მშობლის ყველა უფლება შეჩერებულია, თუ მშობლები ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობაზე უარს არ განაცხადებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

3. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა ან მათი ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლების უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება, სანამ:

ა) დადგინდება მისი ან მისი მშობლების ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს;

ბ) დადგინდება მისი მშობლების ვინაობა, რომლებიც თავს არიდებენ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებას, და სასამართლო შეუზღუდავს ან ჩამოართმევს მათ მშობლის უფლებებსა და მოვალეობებს;

გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.

4. მეურვეობა და მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობლის უფლებები და მოვალეობები შეჩერებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.“.

8. 1206-ე და 1207-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1206. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა

1. მშობლის უფლების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

3. თუ მშობლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განუცხადებიათ უარი ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობაზე, მათ მშობლის უფლებები ჩამოერთმევათ სასამართლოს მიერ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვის საფუძველზე.

4. ბავშვი, რომლის ორივე მშობელს ჩამოერთვა მშობლის უფლებები, ამ კოდექსის შესაბამისად უნდა იქნეს შვილად აყვანილი ან მას უნდა დაენიშნოს მეურვე ან მზრუნველი.

    მუხლი 1207. მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირის შვილის უფლებები

მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას.“.

9. 1208-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 1209-ე–1211-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1209. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა

1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.

2. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.

3. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.

4. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.

5. მშობლის უფლებები და მოვალეობები ავტომატურად აღდგება შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 1210. შვილის ჩამორთმევა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის ან შეზღუდვის გარეშე

1. თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელთან შვილის დატოვება მშობლებისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისათვის საზიანოა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია ბავშვი მშობლების თხოვნის საფუძველზე დროებით მოათავსოს მესამე პირთან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშობელს უნარჩუნდება მშობლის უფლებები და მოვალეობები. მესამე პირი, რომელთანაც ბავშვი მოათავსეს, ასრულებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობას – უვლის ბავშვს, აძლევს განათლებას და აქცევს ყურადღებას.

    მუხლი 1211. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა

1. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიალურად ან, თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.

2. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს ანდერძის საფუძველზე.“.

11. 1216-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1216. მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილების შენახვის ხარჯები

მშობლებს შეიძლება დაევალოთ, გაწიონ თავიანთ მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილის რჩენის ხარჯები ამ კოდექსის ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

12. 1228-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. 1243-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1243. წარმომადგენლის მეშვეობით შვილად აყვანის დაუშვებლობა

1. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადაზე მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო წარმოებისას ადვოკატის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, მოიძიოს და მოიპოვოს აკრედიტებული სააგენტოების დახმარება შვილად აყვანის პროცედურების დროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.“.

14. 1245-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1245. მშვილებელი

მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება. მშვილებელი არ შეიძლება იყოს ასევე პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები.“.

15. 1251-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მშობლის მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის მიცემის წესი განისაზღვრება „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ბავშვის უცხო ქვეყანაში გაშვილებაზე. ბავშვის უცხო ქვეყანაში გაშვილება რეგულირდება „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. მშობელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ვადაში.“.

16. 1253-ე და 1254-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1253. მეურვეობაში მყოფი ბავშვის შვილად აყვანა

აუცილებელია მეურვის წერილობითი თანხმობა იმ ბავშვის შვილად აყვანისათვის, რომელიც მეურვეობაში იმყოფება და რომელსაც მშობლები არა ჰყავს, ან რომლის მშობლები აღიარებული არიან ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

    მუხლი 1254. გაშვილება მშობლის თანხმობის გარეშე

მშობლის თანხმობა საჭირო არ არის იმ ბავშვის გაშვილებაზე:

ა) რომლის მშობელი აღიარებულია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ბ) რომელსაც მშობლები გარდაცვლილი ჰყავს;

გ) რომლის მშობლებსაც ჩამოერთვათ მშობლის უფლებები;

დ) რომელიც აღიარებულია მიტოვებულად.“.

17. 1255-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად.“.

18. 1256-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1256. უარი გაშვილებაზე

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მშობელს (მშობლებს), მშვილებელსა და ათი წლის ასაკს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე.“.

19. 1260-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაშვილების ურთიერთობანი ბიოლოგიურ მშობლებთან“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.“.

20. 1261-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1261. შვილად აყვანის შედეგები

1. შვილად აყვანისას მშვილებელს ეკისრება იგივე უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებს ამ კოდექსის თანახმად.

2. მშვილებელს შეიძლება შეუჩერდეს, შეეზღუდოს ან ჩამოერთვას მშობლის უფლებები, თუ გამოირკვევა, რომ ის სისტემატურად თავს არიდებდა ბავშვის აღზრდის მოვალეობის შესრულებას ან არაჯეროვნად იყენებდა მშობლის უფლებებს, ან სხვა მიზეზის შემთხვევაში ამ კოდექსის შესაბამისად.“.

21. 1262-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 1263-ე–1265-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1263. შვილად აყვანის შესახებ ცნობების გამოქვეყნების დაუშვებლობა

1. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება მშვილებლის თანხმობის გარეშე აკრძალულია, სანამ შვილად აყვანილს არ შეუსრულდება 18 წელი.

2. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება აკრძალულია შვილად აყვანილის თანხმობის გარეშე, თუ მას უკვე შეუსრულდა 18 წელი.

3. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება ბიოლოგიური მშობლის (გამშვილებლის) შესახებ აკრძალულია ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) თანხმობის გარეშე.

4. პირი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე გაამჟღავნებს შვილად აყვანის ფაქტს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 1264. შვილად აყვანის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა

1. მშვილებლის თხოვნით, შვილად აყვანის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი და თარიღი.

2. ნაშვილები ბავშვის დაბადების ნამდვილი ადგილი და თარიღი უნდა ინახებოდეს და არ უნდა გამჟღავნდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას ითხოვს მშვილებელი, სანამ ნაშვილებ ბავშვს 18 წელი შეუსრულდება, ან ნაშვილები, თუ მან უკვე მიაღწია სრულწლოვანებას კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

3. ნაშვილები ბავშვის დაბადების ნამდვილი ადგილი და თარიღი შეიძლება აღდგენილ იქნეს მისი მოთხოვნით, როცა ის სრულწლოვანებას მიაღწევს, ან მშვილებლების მოთხოვნით, სანამ ნაშვილებ ბავშვს 18 წელი შეუსრულდება.

4. დაბადების ნამდვილი ადგილისა და თარიღის აღდგენისათვის საჭიროა ნაშვილები ბავშვის თანხმობა, თუ მას უკვე შეუსრულდა 10 წელი.

    მუხლი 1265. შვილად აყვანის ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ

შვილად აყვანის ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.“.

23. 1266-ე–1271-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

24. 1272-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. მშვილებელს ჩამორთმეული ან შეზღუდული ჰქონდა მშობლის უფლება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების ან მათი ბოროტად გამოყენების საფუძველზე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე. გაშვილება მოხდა მშობლების ან მეურვის თანხმობის გარეშე, სადაც ამგვარი თანხმობა საჭირო იყო, თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიური მშობლებისათვის ან მეურვისათვის შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.“.

25. 1273-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას აღდგება ბავშვის პირადი და ქონებრივი უფლებები და მოვალეობები თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.“.

26. 1274-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1274. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმის განხილვაში

შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმის განხილვაში ყველა შემთხვევაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.“.

27. 1275-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩნენ მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მშობლების ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდებათ მეურვეობა და მზრუნველობა მათი აღზრდის მიზნით, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.“.

28. 1278-ე და 1279-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1278. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები.

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    მუხლი 1279. ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება

ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ;

ბ) შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;

გ) გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;

დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები ჩამოერთვა;

ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;

ვ) მშობელი ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული.“.

29. 1281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების მითითებისამებრ ნოტარიალურად ან, თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის (ანდერძის) საფუძველზე.“.

30. 1282-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ.“.

31. 1283-ე მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. პირი, რომელსაც ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

32. 1285-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

33. 1286-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1286. ქონების მეურვის დანიშვნა

1. ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე, თუ ამას მოითხოვს:

ა) მშობლები;

ბ) მამკვიდრებელი, რომელიც ქონებას ბავშვს გადასცემს და დაასახელებს რომელიმე პირს, გარდა მშობლებისა, რომელიც უნდა გახდეს ქონების მეურვე;

გ) მეურვე ან მზრუნველი.

2. თუ ქონება მდებარეობს მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილიდან შორს ან ქონების მეურვის დანიშვნა აუცილებელია, სამეურვეო/სამზრუნველო პირისათვის დანიშნული მეურვის/მზრუნველის გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დანიშნოს ქონების მეურვე/მზრუნველი.“.

34. 1289-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ბავშვის მეურვე და მზრუნველი ვალდებული არიან, შეასრულონ მათთვის დაკისრებული მშობლის მოვალეობები.“.

35. 1290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1290. მეურვისა და მზრუნველის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე და მზრუნველი, რომელიც დანიშნულ იქნა სამეურვეო/სამზრუნველო პირის კანონიერ წარმომადგენლად, განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/სამზრუნველო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.“.

36. 1299-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს მათი მოვალეობებისაგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისათვის მშობლის მოვალეობების სრულად აღდგენის ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში.“.

37. 1302-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. თუ სამეურვეო არასრულწლოვანი პირის, რომელსაც არ შესრულებია შვიდი წელი, მშობელს აღუდგა მშობლის უფლებები და მოვალეობები;“.

38. 1336-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:

I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.“.

39. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15071 მუხლი:

     „მუხლი 15071. მეურვეობისა და მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანო გარდამავალ პერიოდში

1. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულების (ორგანიზაციის), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების ნაცვლად ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები.

2. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წესს 2009 წლის 1 იანვრამდე ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისი დამტკიცება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივნისისა.“.

    მუხლი 2

კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–38-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–38-ე ნაწილები ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 18 დეკემბერი.

№5624–IIს