ზოგადი განათლების შესახებ

ზოგადი განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 04/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.001.778
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1330
08/04/2005
სსმ, 20, 04/05/2005
430.050.000.05.001.001.778
ზოგადი განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2006 - 02/03/2007)

საქართველოს კანონი

ზოგადი განათლების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ კანონის მოქმედების სფერო

1. ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.

2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკრედიტაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს, მას გარკვეული დროით მიენიჭება პირობითი აკრედიტაცია, რათა ამ დროის განმავლობაში აკრედიტაციის პირობები სრულად დაკმაყოფილდეს;

ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;

გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა;

დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;

ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ და მაქსიმალურ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას;

ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;

თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;

ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;

კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები;

ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად;

მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;

ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;

ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);

პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;

ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;

რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები არიან სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში;

 ს) (ამოღებულია);

ტ) თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;

უ) ინკლუზიური სწავლება – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად;

ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია;

ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;

ყ) მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა – ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი, განსხვავებული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;

ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ც) პედაგოგი – კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, უმაღლესი განათლების მქონე პირი;

ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა;

წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;

ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;

ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ დატვირთვას აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის ფარგლებში; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;

ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია;

1) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;

2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;

3) ჩხრეკა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომელიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 3. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები

1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;

გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;

დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას;

თ) ინკლუზიური სწავლების დამკვიდრებას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 4. სწავლების ენა

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური.

2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე, მეორე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა.

3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.

    მუხლი 5. ეროვნული სასწავლო გეგმა

1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

2. ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებს:

ა) ქართული (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური და ქართული) ენა და ლიტერატურა;

ბ) საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები;

გ) მათემატიკა;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ე) უცხოური ენები;

ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნები და საგნობრივი ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან აფხაზურად.

5. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური, ნეიტრალური და პლურალისტური.

    მუხლი 6. ზოგადი განათლება

1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.

4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.

5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.

6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების მინიმალური ასაკია 6 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.

    მუხლი 7. ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.

3. გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა და დამატებითი დაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებას მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის, სპეციალური, კორექციული ან ლინგვისტური უმცირესობის სკოლის ან კლასის ფარგლებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

თავი II. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

    მუხლი 8. ძირითადი გარანტიები

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, აგრეთვე მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ ამ თავით დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით.

2. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

3. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:

ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;

ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;

გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;

დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.

4. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, ეთიკური ნორმების სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

5. დაუშვებელია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია. ნებისმიერი შეზღუდვა ან რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროის და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე და ტოვებს ალტერნატიული გზებით მათი განხორციელების ეფექტიან შესაძლებლობას.

6. ამ კანონით აღიარებული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივარაუდება. მათ შესახებ წარმოშობილი დავისას ამ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.

7. დაუშვებელია სკოლის მიერ ისეთი ღონისძიების დაფინანსება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

8. ეს კანონი არ უარყოფს იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც არ არის აქ მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

    მუხლი 9. ზოგადი განათლების მიღების უფლება

1. ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

2. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.

3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის, აგრეთვე იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, განათლების სისტემის მართვის ორგანოები ქმნიან სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა შესაბამისად ხორციელდება მათი აღზრდა, სწავლება, მკურნალობა, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ მოსწავლეთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნატის ფორმით მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ექსტერნს უფლება აქვს მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევის შემთხვევაში.

41. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

5. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

6. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას. მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:

ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას;

ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას.

7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

8. მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.

9. სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

10. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.

11. სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.

12. მოსწავლეს უფლება აქვს გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 10. საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.

2. სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები.

3. სკოლა ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.

    მუხლი 11. სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში.

2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.

3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა.

4. მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს მისი ჭეშმარიტი ინტერესი.

    მუხლი 12. გასაჩივრების უფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთ უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

2. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

    მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა

1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

2. დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ.

3. დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია სკოლაში მიღებისას. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას.

4. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.

5. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

6. სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

7. სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 14. გამოხატვის თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

2. მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა.

3. დაუშვებელია სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნების ცენზურა. ეს ნორმა არ ზღუდავს სკოლას, დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკის შეუსაბამო ლიტერატურის მავნე ზეგავლენისაგან.

4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა.

5. მოსწავლეს და მასწავლებელს აქვთ სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.

6. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

7. სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.

    მუხლი 15. შეკრების თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.

2. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.

3. გარეშე პირს უფლება აქვს დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევის საფუძველზე.

    მუხლი 16. გაერთიანების თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება.

2. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.

    მუხლი 17. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე.

2. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით.

3. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.

4. სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა.

5. დაუშვებელია მოსწავლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლის და მასწავლებლის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.

    მუხლი 18. რწმენის თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.

2. დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.

3. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს.

4. საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას.

    მუხლი 19. დისციპლინა

1. სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში მოსწავლე თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.

4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

8. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

9. დაუშვებელია მოსწავლის ჩხრეკა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩხრეკის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის ჩხრეკა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სკოლის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური ჩხრეკა.

10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

11. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

12. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.

13. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას, პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 20. ძალადობის დაუშვებლობა

დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 21. მასწავლებლის სხვა უფლებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;

გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადით.

4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.

თავი III. ზოგადი განათლების დაფინანსება

    მუხლი 22. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში.

2. სახელმწიფო სწავლისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს. კერძო და საჯარო სკოლაში სწავლებას ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, ან თუ იგი წარმოადგენს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

3. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად.

4. ყოველ მშობელს აქვს უფლება, სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის განათლების დასაფინანსებლად მიიღოს ვაუჩერი, რომლის განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსება გრძელდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში მოსწავლის გადასვლის შემთხვევაში.

5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო სკოლა.

6. მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა, რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულების ხარჯები აღემატება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივით დაფინანსების მოცულობას, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა საფუძველზე. იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. იმ სახელმწიფოთა ნუსხას, რომელთა მოქალაქეების მიერ ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს სახელმწიფო ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე აფინანსებს, აქვეყნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 23. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსება

1. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია საბაზო საფეხურის ეროვნული ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, სამეურვეო საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს მიმართავს ამ მოსწავლის სწავლების დაფინანსების გაგრძელების თხოვნით. დაფინანსება შეიძლება გაგრძელდეს მოსწავლის მიერ საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამ შემთხვევაში საჯარო სკოლა ვალდებულია შესთავაზოს მოსწავლეს ზოგადი განათლების მიღება ალტერნატიული ფორმებით.

2. თუ მოსწავლემ 3 წლის განმავლობაში ვერ დაძლია ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, მისი მიმართვის საფუძველზე სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაფინანსების გახანგრძლივების თხოვნით. ადგილობრივი თვითმმართველობა უფლებამოსილია შეარჩიოს სწავლის გაგრძელების კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ფორმა.

3. სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები. სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიძლება დააფინანსონ სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამები.

თავი IV. ზოგადი განათლების სისტემის მართვა

    მუხლი 24. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს;

ბ) წარდგენიდან 1 თვის ვადაში ამტკიცებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს;

გ) პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიშს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობის, ეროვნული და რეგიონული პროგრამების შესრულების შესახებ.

    მუხლი 25. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს მთავრობა:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორს.

    მუხლი 26. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:

ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;

ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულებას;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის კანდიდატურას;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წინადადებების საფუძველზე ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმებს;

ზ) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკურ, პროგრამულ და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

თ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას;

ი) საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებას;

კ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად;

ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის ან/და ალტერნატიული ფორმებით სწავლების დებულებას;

ნ) აფუძნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და ამტკიცებს მის წესდებას; უფლებამოსილია მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;

1) აფუძნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;

ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს და სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს დირექტორის კანდიდატურას არა უმეტეს სამისა;

1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;

პ) რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ სკოლის დირექტორს და სამეურვეო საბჭოს წევრებს;

ჟ) უფლებამოსილია დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;

რ) საჯარო სკოლის მიერ ზედიზედ ორჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის ან მისთვის ზედიზედ ორჯერ პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს;

ს) შეიმუშავებს უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სახელმწიფო აღიარების წესსა და პირობებს;

ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;

უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში;

ფ) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;

ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური შემოწმება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;

ყ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ჩატარების მიზნით;

შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს. შესარჩევი კონკურსის წესით შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე სკოლის დირექტორის კანდიდატურის ერთდროულად შერჩევის მექანიზმი;

ჩ) უფლებამოსილია დანიშნოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, მათ შორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, სათათბირო ხმის უფლებით;

ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ბავშვს უფლება ეძლევა 6 წლის ასაკამდე დაიწყოს ზოგადი განათლების მიღება;

ძ) (ამოღებულია);

წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების რეგისტრაციის წესს;

ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;

ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ჯ) ამტკიცებს იმ იურიდიული პირების აკრედიტაციის დებულებას, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებას, გადამზადებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას, ახორციელებს მათ აკრედიტაციას, აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას; უფლებამოსილია აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს გაცემული აკრედიტაცია უშუალოდ ან ამ მიზნით მის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;

ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას;

1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით;

3) ახორციელებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვას და ადგენს მათი აღრიცხვის წესს;

4) შეიმუშავებს მასწავლებელთა დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებს;

5) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;

6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს; რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მონაცემი რეგისტრირდება მისი წარდგენიდან 15 დღის ვადაში;

ბ) მონაცემი არ რეგისტრირდება, თუ დარღვეულია ამ კანონისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;

გ) მონაცემი რეგისტრირებულად ითვლება, თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონაცემის წარმდგენს 15 დღის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი კანონდარღვევის შესახებ;

დ) მონაცემი, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, რეგისტრირდება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 27. საქართველოს სამინისტროების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით. აღნიშნული დაწესებულებები გაივლიან აკრედიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს დარგობრივი სამინისტრო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

11. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად შეიძლება დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით.

2. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილური სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზედამხედველობს დარგობრივი სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

    მუხლი 28. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

1. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ფუნქციებია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადება, პილოტირება და დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეროვნული შეფასებების სისტემის შემუშავება, დანერგვა, ეროვნული და სხვა შეფასებების განხორციელება;

გ) სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროთა უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;

ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;

გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს ეროვნული შეფასებების განხორციელებაში;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას;

ე) (ამოღებულია);

ვ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;

1) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;

თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს; რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით, აღნიშნულ მონაცემებს განმეორებით სარეგისტრაციოდ უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მონაცემთა რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;

ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული წესით;

კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს და სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს დირექტორის კანდიდატურას არა უმეტეს სამისა;

ლ) უფლებამოსილია დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;

მ) საჯარო სკოლის მიერ ზედიზედ ორჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის ან მისთვის ზედიზედ ორჯერ პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში უფლებამოსილია დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს;

ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;

ო) (ამოღებულია);

პ) (ამოღებულია);

ჟ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს მათი დებულებები, თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები და მოადგილეები.

3. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესახებ საქართველოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული განათლების სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 30. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:

ა) ხელს უწყობს სკოლას ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში და ამ მიზნით იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების ოდენობას;

ბ) ხელს უწყობს საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა კოორდინირებულ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას;

დ) იღებს ზომებს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად;

ე) იღებს ზომებს იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირებას;

ზ) იღებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრების უზრუნველსაყოფად;

თ) უფლებამოსილია გამოითხოვოს ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვასთან არის დაკავშირებული;

ი) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში ფინანსური დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების წინადადებით, ხოლო სამეურვეო საბჭოს უმოქმედობის შემთხვევაში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის ან/და დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინადადებით;

კ) უფლებამოსილია მის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით;

1) აფუძნებს სკოლამდელ სააღმზრდელო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლოსააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

თავი V. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

    მუხლი 31. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.

11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო აღიარებისათვის აუცილებელია შესაბამისი აკრედიტაციის გავლა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საჯარო სკოლის აკრედიტაციის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ხოლო კერძო სკოლის აკრედიტაციის ხარჯებს – დაინტერესებული პირი. აკრედიტაციის ღირებულებას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.

5. კერძო სკოლა, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე ამ კანონის   32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული სკოლა, უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ამ კანონით გათვალისწინებული წესით.

6. კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I, II, III, IV, V და XII თავების შესაბამისი დებულებები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაცია

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან და ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ამ მუხლითა და ექსტერნატის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ დოკუმენტს.

2. აკრედიტაციის გავლა სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ახალდაფუძნებულმა ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ აკრედიტაცია უნდა მიიღოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლიდან არა უგვიანეს 1 წლისა, რის შემდეგაც იგი კარგავს ახალდაფუძნებული ზოგადსაგამანათლებლო დაწესებულების სტატუსს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველი აკრედიტაცია ტარდება ამ დაწესებულების საქმიანობის დაწყებიდან:

ა) 3 წლის შემდეგ – თუ იგი ახორციელებს დაწყებით ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;

ბ) 2 წლის შემდეგ – თუ იგი ახორციელებს საბაზო ან/და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე.

3. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს (შემდგომში – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური).

4. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მუშაობას წარმართავს ამ კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

5. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას, აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას, უფლებამოსილია აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს მინიჭებული აკრედიტაცია.

6. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

7. კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურასაც უთანხმებს აკრედიტაციის მაძიებელს. შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დებულებით.

8. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ასახელებს ჯგუფის წევრთა კანდიდატურებს.

9. თუ ტარდება საჯარო სკოლის აკრედიტაცია, აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს ამტკიცებს სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

10. აკრედიტაციის ჩატარების პირობაა სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის მიერ წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება.

11. ექსპერტთა ჯგუფი მუშაობის დამთავრებიდან 1 კვირის ვადაში სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურს წარუდგენს დასკვნას აკრედიტაციის შედეგების შესახებ.

12. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ აქტს – ბრძანებას.

13. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ფორმდება სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ხელმძღვანელის ინდივიდუალური აქტით – ბრძანებით, რომელიც რეგისტრირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში და ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს 4 სახის:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

15. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი.

16. გარდა პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აკრედიტაცია მიენიჭება არა უმეტეს 6 წლის ვადით.

17. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში შემდგომი აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 1 წლისა. ვადა განისაზღვრება სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებით.

18. თუ საჯარო სკოლა შექმნილია დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით, აკრედიტაციის პირობები თანხმდება ამ დარგობრივ სამინისტროსთან; ასეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროფილური ან სპეციალური სახელოვნებო, საშემსრულებლო, სპორტული მომზადების ან განათლების პროგრამის ექსპერტის მონაწილეობა; ამ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის წევრის კანდიდატურა უნდა შეთანხმდეს აკრედიტაციის მაძიებელთან; თუკი აკრედიტაციის მაძიებელი ორჯერ უარს იტყვის შეთავაზებულ სხვადასხვა კანდიდატურაზე, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე უფლებამოსილია შეთანხმების გარეშე დანიშნოს ჯგუფის წევრი, რომელიც არ შეიძლება იყოს მაძიებლის მიერ უარყოფილი პირი.

19. საჯარო სკოლის აკრედიტაციის ჩატარების, მათ შორის, ექსპერტთა ჯგუფის წევრების შრომის ანაზღაურების ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ხოლო კერძო სკოლის აკრედიტაციის ხარჯებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

20. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.

21. სახელმწიფო აღიარებს ზოგადი განათლების დამადასტურებელ მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომელიც გაცემულია აკრედიტაციის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აგრეთვე ექსტერნატის წესით გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

22. კერძო სკოლა სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, პირობითი აკრედიტაცია, ან თუ იგი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

23. საჯარო სკოლის მიერ ზედიზედ ორჯერ აკრედიტაციის გაუვლელობა ან მისთვის ზედიზედ ორჯერ პირობითი აკრედიტაციის მინიჭება არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს დათხოვნის ან/და დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველი.

24. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელ მოსწავლეს, მხოლოდ მაშინ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, პირობითი აკრედიტაცია, ან თუ იგი წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, აგრეთვე ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელს.

25. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვრული ვადით დანიშნოს წარმომადგენელი – დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც კოორდინაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე საქმიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული დაწესებულების საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და ამ დაწესებულების მოსწავლეთა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავსების შესაძლებლობების თაობაზე. სამეურვეო საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი.

26. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის გაუქმების ან მიუნიჭებლობის შემთხვევაში დაუშვებელია, ამ მუხლის 21-ე და 24-ე პუნქტი გავრცელდეს დაწესებულების იმ მოსწავლეებზე, რომლებიც აკრედიტაციის გაუქმების ან არმინიჭების მომენტისთვის სწავლობენ ამ დაწესებულების საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით.

27. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აკრედიტაციის გაუქმების ან არმინიჭების შემთხვევაში დაწესებულების მოსწავლეებს ეთვლებათ ზოგადი განათლების მიღება იმ კლასის, ხოლო თუ ეს კლასი საფეხურის დამასრულებელია – საფეხურის ჩათვლით, რომელზედაც ისინი იმყოფებიან დაწესებულებისათვის აკრედიტაციის გაუქმების ან არმინიჭების მომენტში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 33. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და უფლებამოსილებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:

ა) მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს;

ბ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა;

გ) დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმა;

დ) განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით;

ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად;

ვ) შექმნას ზოგადი განათლების ალტერნატიული ფორმებით მიღების შესაძლებლობა, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი საფეხურის სხვა მოსწავლეთაგან განცალკევებით;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად;

თ) არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის, სწავლება;

ი) ჰქონდეს თვითშეფასების სისტემა;

კ) უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს იმ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად დაწესებულებამდე მისვლის და შინ დაბრუნების საშუალება;

ბ) მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ამ დაწესებულების მასწავლებლებს, სხვა თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;

გ) შექმნას პირობები ინკლუზიური სწავლებისათვის;

დ) ამ კანონის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ე) უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა;

ვ) უზრუნველყოს მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას, მის მიერ ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების შეთვისებას.

3. საჯარო სკოლას უფლება აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება მოსწავლეებს მიაწოდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ამ მომსახურებაში მასწავლებელი არ იღებს დამატებით ანაზღაურებას;

ბ) ამ მომსახურებას არ აქვს საგაკვეთილო სახე;

გ) ამ მომსახურებას მასწავლებელი ეწევა მოსწავლეთა მშობლებთან შეთანხმებით;

დ) ამ მომსახურების გაწევა უფასოა მოსწავლეთათვის.

4. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის, ფასიანი მომსახურება. საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის.

    მუხლი 34. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი:

ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;

ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;

გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

დ) ამ კანონის 32-ე მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. კერძო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია, იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

თავი VI. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა და სტრუქტურა

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა.

3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით.

4. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 36. ინტერესთა კონფლიქტი

1. საჯარო სკოლაში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატურის, როგორც მშობლის, წამოყენება და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ იმ მშობლებს, რომლებიც ამ სკოლაში ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ან შედიან მის დირექციაში ან არიან სკოლის ადმინისტრაციული ან ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები.

2. საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლება ფუნქციონირებდნენ ერთ შენობაში.

3. საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა, მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს.

4. საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში.

5. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში.

თავი VII. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო

    მუხლი 37. სამეურვეო საბჭო

1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანინოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან.

5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით. სამეურვეო საბჭოს წევრები – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი – არ შეიძლება არჩეულ იქნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.

6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.

    მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები

1. სამეურვეო საბჭო:

ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;

დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;

ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;

ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;

თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ი) უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;

კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;

მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი

1. სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით აირჩევიან მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი.

2. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

4. სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრისა და სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) თუ პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა მას უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი მშობელთა რაოდენობის გადაწყვეტილებით;

გ) თუ მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, აღარ სწავლობს ამ სკოლაში, ან პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი აღარ არის ამ სკოლის მასწავლებელი;

დ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;

ე) თუ სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;

ვ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ზ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად.

2. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.

3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე ამ კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეურვეო საბჭო ვალდებულია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

თავი VIII. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექცია

    მუხლი 41. დირექცია

1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან.

2. დირექტორი შეიძლება იყოს ამ კანონის შესაბამისად არჩეული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, 3 წლის მუშაობის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. დირექტორი აირჩევა 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, და ამ მონაცემს აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ.

4. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.

5. დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედამდე, შესაბამისი ანაზღაურებით. მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.

6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 42. დირექტორის არჩევის წესი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შერჩეულ დირექტორის კანდიდატურას არა უმეტეს სამისა წარუდგენს სამეურვეო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე.

21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დირექტორის კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

3. თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში. დაუშვებელია სამეურვეო საბჭოსთვის ერთი კანდიდატურის განმეორებით წარდგენა.

4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევნების ოქმებსა და სამეურვეო საბჭოს დადგენილების დამოწმებულ ასლებს წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ დირექტორთან სამეურვეო საბჭო დებს შრომით ხელშეკრულებას სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

6. თუ სამეურვეო საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ აირჩია, აღნიშნული სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წარუდგენს კონკურსის წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურას. სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე. სამინისტრომ არ შეიძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.

7. მცირეკონტინგენტიან სკოლაში კონკურსის სამჯერ ჩაშლის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს 65 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელთანაც სამეურვეო საბჭო დებს შესაბამის ხელშეკრულებას კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 43. დირექტორის ფუნქციები

1. სკოლის დირექტორი:

ა) ახორციელებს სკოლის მართვას;

ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს;

დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;

ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;

ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ;

ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;

კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;

ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;

1) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

    მუხლი 44. დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, აგრეთვე 65 წლის ასაკის მიღწევისას, გარდა ამ კანონის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ახალი დირექტორის არჩევამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის 23-ე პუნქტით, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით და 49-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი IX. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო

    მუხლი 45. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

2. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.

3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

4. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.

6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სამხატვრო საბჭომ. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც აირჩევა/ინიშნება წესდებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 46. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;

დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

თავი X. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა

    მუხლი 47. მოსწავლეთა თვითმმართველობა

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.

2. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.

3. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

4. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

    მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები

მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;

დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;

ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

თავი XI. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი, ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა

    მუხლი 49. სახელმწიფო კონტროლი

1. სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას.

3. საჯარო სკოლა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

4. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას.

5. სკოლამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6. სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მისცეს მას წერილობითი გაფრთხილება.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას, ან/და სკოლა 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. ამ შემთხვევაში იგი უფლებამოსილია განსაზღვრული ვადით დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

8. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 50. საჯარო სკოლის ქონება

1. საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 51. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები

1. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, აგრეთვე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.

    მუხლი 52. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.

3. სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.

4. საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 53. კანონის მიღებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება

1. ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „განათლების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი; მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ო“, „პ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტები; მე-20 მუხლის „კ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები; 21-ე მუხლი; 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები; 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი; მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი; 44-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, აგრეთვე აღნიშნული კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის №16 ბრძანება „სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ“ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული ყველა ის ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 54. მოსამზადებელი კანონპროექტები

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე მოამზადოს კანონპროექტები „სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „პედაგოგიური საქმიანობის შესახებ“ და „საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების აკრედიტაციის შესახებ“.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

    მუხლი 55. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები

1. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები შეიძლება არსებობდნენ კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელს.

3. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები

იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც აგრეთვე ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.

საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

    მუხლი 57. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები

1. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.

3. იმ საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო განათლებასა და მომზადებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს დარგობრივი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მის წესდებას, ნიშნავს დირექტორს, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.

4. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

5. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საბაზო განათლების მიღების შემდეგ. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილი არიან გასცენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულეს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და ისწავლეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ამ დაწესებულებებში ფინანსდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

51. ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომისა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასადასტურებლად გასცემენ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები ექვემდებარებიან აკრედიტაციას. აკრედიტაციის წესს, პირობებს და საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებების სტანდარტებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის წარდგინების საფუძველზე.

7. საშუალო პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საკუთრივ პროფესიული განათლება ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

    მუხლი 58. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნების უზრუნველყოფა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებას, ასევე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი წესდებების დამტკიცებას ამ კანონის შესაბამისად.

2. იმ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც არ არიან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო ბიჯეტიდან ფინანსდებიან, ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ მოქმედი ნორმები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს წესდების ერთიან ნიმუშს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება ეს დაწესებულებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს წესდების ნიმუშს და შესაბამისად დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ნუსხას.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებათა ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფის გეგმას.

5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა.

6. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისა.

7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 11 პუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის შემდეგ დამფუძნებლის მიერ შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

    მუხლი 59. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დასრულებამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების ჩატარება. პირველი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგითა და წესით.

2. ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, აგრეთვე იმ სკოლისგარეშე დაწესებულების, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, ხელმძღვანელის (დირექტორის) გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ხოლო სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებათა შემთხვევაში – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. ამ კანონის შესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.

3. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ამ კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევს ამ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.

5. პირველად არჩეულმა დირექტორმა რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

6. საჯარო სკოლები აკრედიტებულად ჩაითვალონ 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შემდგომი აკრედიტაციის დაწყება სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის საშუალებით.

7. ლიცენზირებული კერძო სკოლები აკრედიტებულად ჩაითვალონ 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე მიმდინარე სასწავლო პროგრამების დასრულებამდე.

8. 2010-2011 სასწავლო წლიდან ამ კანონის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული აქვს სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა.

9. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314

    მუხლი 60. სასწავლო პროგრამების ზოგადი განათლების საფეხურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში სწავლების დაწყება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

    მუხლი 61. პედაგოგი

ამ კანონის მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „პედაგოგიური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად, კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 62. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება

1. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლა განხორციელდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლისა. ამ დრომდე ზოგადი განათლების დაფინანსებას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო. იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე სადაც არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს განსხვავება ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებასა და ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივს შორის.

2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლამდე ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოში სარგებლობენ გადამწყვეტი ხმის უფლებით.

3. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს არა უგვიანეს 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებისა.

    მუხლი 63. 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე გადასვლა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2006-2007 სასწავლო წლიდან 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე ეტაპობრივი გადასვლა.

2. 12-წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება არ შეეხება 2006-2007 წლის დასაწყისში მე-11 კლასში მყოფ მოსწავლეებს.

3. ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულება დამტკიცდეს არა უგვიანეს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებისა.

4. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ფუნქციებს მის შექმნამდე ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

    მუხლი 64. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 8 აპრილი.

№1330–Iს

შეტანილი ცვლილებები :

1. საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314

2. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

3. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

4. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

107. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4445-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 106. 18/07/2024 - საქართველოს კანონი - 4372-XVრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/07/2024 105. 29/05/2024 - საქართველოს კანონი - 4204-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2024 104. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3996-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 103. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3959-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 102. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3825-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 101. 15/11/2023 - საქართველოს კანონი - 3664-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 100. 15/11/2023 - საქართველოს კანონი - 3663-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 99. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3524-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 98. 03/05/2023 - საქართველოს კანონი - 2854-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/05/2023 97. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2218-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 96. 01/12/2022 - საქართველოს კანონი - 2250-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 95. 02/11/2022 - საქართველოს კანონი - 1979-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/11/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 94. 14/04/2022 - საქართველოს კანონი - 1513-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 93. 30/03/2022 - საქართველოს კანონი - 1465-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 92. 01/02/2022 - საქართველოს კანონი - 1353-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 08/02/2022 91. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1141-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 90. 27/04/2021 - საქართველოს კანონი - 463-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/05/2021 89. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 417-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 88. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 338-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 87. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6905-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 86. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6829-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 85. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6286-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 84. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5918-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 83. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5777-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 82. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5755-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 81. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5746-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 80. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5406-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 79. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5018-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 78. 19/04/2019 - საქართველოს კანონი - 4524-IIს - ვებგვერდი, 24/04/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 77. 08/04/2019 - საქართველოს კანონი - 4495-რს - ვებგვერდი, 11/04/2019 76. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3443-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 75. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3439-Iს - ვებგვერდი, 05/10/2018 74. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3243-რს - ვებგვერდი, 10/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 73. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2753-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 72. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3025-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 71. 13/06/2018 - საქართველოს კანონი - 2523-IIს - ვებგვერდი, 29/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 70. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2479-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 69. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1631-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 68. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1227-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 67. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 773-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 66. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 494-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 65. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 102-Iს - ვებგვერდი, 05/01/2017 64. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 134-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 63. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 44-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 62. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5367-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 61. 10/06/2016 - საქართველოს კანონი - 5420-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 60. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4785-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 59. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4619-Iს - ვებგვერდი, 22/12/2015 58. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4583-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 57. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4356-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 56. 27/06/2015 - საქართველოს კანონი - 3819-რს - ვებგვერდი, 03/07/2015 55. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3372-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 54. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3091-IIს - ვებგვერდი, 26/02/2015 53. 28/11/2014 - საქართველოს კანონი - 2822-Iს - ვებგვერდი, 15/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 52. 12/09/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/540 - ვებგვერდი, 29/09/2014 51. 04/04/2014 - საქართველოს კანონი - 2210-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 50. 06/08/2013 - საქართველოს კანონი - 918-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 49. 22/03/2013 - საქართველოს კანონი - 387-IIს - ვებგვერდი, 02/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 348-IIს - ვებგვერდი, 28/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 27/12/2012 - საქართველოს კანონი - 173-რს - ვებგვერდი, 08/01/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6448-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 45. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 44. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 43. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6428-Iს - ვებგვერდი, 05/06/2012 42. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6013-Iს - ვებგვერდი, 20/04/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 02/03/2012 - საქართველოს კანონი - 5741-Iს - ვებგვერდი, 05/03/2012 40. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5666-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 39. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5513-რს - ვებგვერდი, 111228083, 28/12/2011 38. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5511-რს - ვებგვერდი, 111228081, 28/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5305-IIს - ვებგვერდი, 111208017, 08/12/2011 36. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5349-IIს - ვებგვერდი, 111206011, 06/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5000-რს - ვებგვერდი, 110715033, 15/07/2011 34. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4791-Iს - ვებგვერდი, 110628020, 28/06/2011 33. 03/06/2011 - საქართველოს კანონი - 4734-Iს - ვებგვერდი, 110622013, 22/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 05/04/2011 - საქართველოს კანონი - 4488-Iს - ვებგვერდი, 110415028, 15/04/2011 31. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 30. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4322-Iს - ვებგვერდი, 110322023, 22/03/2011 29. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4321-Iს - ვებგვერდი, 110322022, 22/03/2011 28. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4204-Iს - ვებგვერდი, 110310029, 10/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4042-რს - სსმ, 76, 29/12/2010 26. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4044-რს - სსმ, 75, 27/12/2010 25. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4041-რს - სსმ, 75, 27/12/2010 24. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3744-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 23. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3530 - სსმ, 47, 05/08/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3544 - სსმ, 46, 04/08/2010 21. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3442 - სსმ, 44, 28/07/2010 20. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3440 - სსმ, 42, 22/07/2010 19. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3292 - სსმ, 37, 14/07/2010 18. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3068 - სსმ, 27, 24/05/2010 17. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2958 - სსმ, 23, 04/05/2010 16. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2940 - სსმ, 23, 04/05/2010 15. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2725 - სსმ, 12, 24/03/2010 14. 26/02/2010 - საქართველოს კანონი - 2671 - სსმ, 10, 16/03/2010 13. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2380 - სსმ, 48, 29/12/2009 12. 17/11/2009 - საქართველოს კანონი - 2079 - სსმ, 38, 01/12/2009 11. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1385 - სსმ, 18, 23/07/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 790 - სსმ, 40, 29/12/2008 9. 18/11/2008 - საქართველოს კანონი - 497 - სსმ, 33, 01/12/2008 8. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5951 - სსმ, 8, 28/03/2008 7. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5609 - სსმ, 46, 24/12/2007 6. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4530 - სსმ, 15, 23/04/2007 5. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4412 - სსმ, 8, 23/03/2007 4. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4129 - სსმ, 49, 29/12/2006 3. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3986 - სსმ, 48, 22/12/2006 2. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2793 - სსმ, 9, 31/03/2006 1. 28/10/2005 - საქართველოს კანონი - 2014 - სსმ, 47, 21/11/2005