დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4129 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 29/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.05.001.002.487 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
3. გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა და დამატებითი დაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებას მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის, სპეციალური, კორექციული ან ლინგვისტური უმცირესობის სკოლის ან კლასის ფარგლებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე.“.
2. მე-9 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნატის ფორმით მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ექსტერნს უფლება აქვს მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევის შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესებსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.“.
3. 22-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო სკოლა.
6. მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლა, რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულების ხარჯები აღემატება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივით დაფინანსების მოცულობას, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.“.
4. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;“.
5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. 32-ე მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვრული ვადით დანიშნოს წარმომადგენელი – დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც კოორდინაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე საქმიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული დაწესებულების საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და ამ დაწესებულების მოსწავლეთა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავსების შესაძლებლობების თაობაზე. სამეურვეო საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი.“.
7. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია, იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“.
8. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.“.
9. მე-40 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თუ მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, აღარ სწავლობს ამ სკოლაში, ან პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი აღარ არის ამ სკოლის მასწავლებელი;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“–„ზ“ ქვეპუნქტები:
„დ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ე) თუ სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ვ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ზ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე ამ კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეურვეო საბჭო ვალდებულია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
10. 42-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დირექტორის კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ სამეურვეო საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ აირჩია, აღნიშნული სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წარუდგენს კონკურსის წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურას. სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე. სამინისტრომ არ შეიძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.“.
11. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4129–რს
დოკუმენტის კომენტარები