დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2014 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/10/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 21/11/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.050.000.05.001.001.979 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები
იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით, საკუთარი ინიციატივით ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს წარდგინების საფუძველზე აფუძნებს და მათზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. ამ დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს) ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.
2. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, აგრეთვე იმ სკოლისგარეშე დაწესებულების, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, ხელმძღვანელის (დირექტორის) გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ხოლო სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებათა შემთხვევაში – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. ამ კანონის შესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 ოქტომბერი.
№2014 – IIს
დოკუმენტის კომენტარები