დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4042-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.016144 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას;“;
ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ინკლუზიური განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად;“;
გ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;“;
დ) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“–„ჩ3“ ქვეპუნქტები:
„ჩ1) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე – პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
ჩ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომში – მულტიდისციპლინური გუნდი) – სპეციალისტთა გუნდი, რომელიც ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;“;
ე) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას;“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ჟესტების ენა და მისი ანალოგები.
6. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ბრაილის სისტემა.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის აუცილებლობის შემთხვევაში სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს:
ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან/და აფხაზურად.“.
5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მას უფლება აქვს, ჩაირიცხოს სკოლაში ან გააგრძელოს სწავლა ექსტერნატის ფორმით, გამოცდების ჩაბარების გარეშე, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, ასაკის შესაბამის საფეხურზე, შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ.“.
6. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა და დამატებითი დაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში უნდა უზრუნველყოფდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებას მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის, იმ სკოლის, რომელშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, ან ლინგვისტური უმცირესობის სკოლის ან კლასის ფარგლებში, თუ არსებობს 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე.“.
7. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის იქმნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.“.
8. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესაძლებლობას შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში. შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას აუცილებელია პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინება.“.
9. 211 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მასწავლებელი არის პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ამ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
10. 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას;“.
11. 213 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალურ განათლებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე გავლილი აქვს სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად.“.
12. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას;“;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;“.
13. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ფუნქციებია:
ა) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება, პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
გ) სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა, შეფასება და სახელმძღვანელოებისათვის გრიფების მინიჭება;
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეროვნული შეფასებების სისტემის შემუშავება, საერთაშორისო შეფასების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება;
ვ) ინკლუზიური განათლების განვითარების და მისი ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
ზ) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
თ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამების შემუშავება;
ი) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმისა და სხვა პროგრამების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
კ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;
ლ) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
14. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი;
ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე;
გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.“.
15. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;“.
16. 46-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;“.
17. 59-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული აქვს სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა.“.
18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:
„მუხლი 601. 2011–2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები
დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სახელმძღვანელოებისთვის გრიფების მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების ეტაპობრივი განხორციელება.“.
19. 61-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2014 წლის ბოლომდე ყველა მოქმედმა მასწავლებელმა/სპეციალურმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, რათა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. 2014 წლის ბოლომდე სპეციალური მასწავლებელი არის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად ან/და ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4042-რს
დოკუმენტის კომენტარები