„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 28/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.004.135
  • Word
3442
16/07/2010
სსმ, 44, 28/07/2010
430.050.000.05.001.004.135
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 5 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.“.

3. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 პუნქტები:

„121. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

122. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.“.

4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს; საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს/კანდიდატებს;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს;“;

გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;“.

5. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

6. 41-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, 3 წლის მუშაობის სტაჟი, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორი არჩევიდან/დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ.“;

გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ახალი დირექტორის არჩევა ან დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.“.

7. 42-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ არჩეულ/დანიშნულ დირექტორთან სამეურვეო საბჭო დებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.“.

8. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:

„ზ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სამეურვეო საბჭოს თანხმობით გადის შვებულებაში. დირექტორის შვებულებიდან გამოძახება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;“.

9. 44-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, აგრეთვე 65 წლის ასაკის მიღწევისას, გარდა ამ კანონის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 633 მუხლი:

     „მუხლი 633. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის 5 წლის ასაკიდან დაწყებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისობა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის 5 წლის ასაკიდან დაწყებასთან და შესაბამისი საფეხურის პედაგოგების გადამზადება.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 16 ივლისი.

№3442–რს