„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3825-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102061
3825-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
430050000.05.001.102061
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;“;

ბ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა − სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო);“;

გ) „ჰ​6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​6) სპეციალიზებული კომისია – შესაბამისი დარგის ექსპერტებისგან, სპეციალისტებისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირებისგან შემდგარი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ შექმნილი სპეციალიზებული კომისია, რომელიც იმავე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისთვის. ეს კომისია აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოაღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა.“.

2. 27-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​​1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიძლება ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“.

3. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.“.

4. 56​1 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამების რეგისტრაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3825-XIIIმს-Xმპ