„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 417-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.020312
417-IVმს-Xმპ
30/03/2021
ვებგვერდი, 13/04/2021
430050000.05.001.020312
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც3“−„ც5“ ქვეპუნქტები:

„ც3) იღებს ზომებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისათვის;

4) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს;

5) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესს;“.

2. 33-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარებისათვის უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის ტერიტორიაზე კვების უსაფრთხო პირობების შექმნა;“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის დამტკიცება;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც5“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცება;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, რომელშიც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირება  უზრუნველყოს 2021 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში − 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2021 წ.

N417-IVმს-Xმპ