დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5741-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.016609 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 211 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 213 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შესაბამისი უმაღლესი სახელოვნებო ან სასპორტო ანდა პროფესიული სასპორტო განათლება და გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. 214 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მასწავლებლობის მაძიებლობის უფლება შეიძლება მოიპოვოს პირმა, რომელიც დადგენილი წესით გაივლის რეგისტრაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა.“.
4. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ6“ ქვეპუნქტი:
„ტ6) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;“.
5. 59-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული აქვს სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა.“.
6. 61-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2014 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება ან მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს, ხოლო საბაზო/საშუალო საფეხურის სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად − ასევე პროფესიული სასპორტო განათლების მქონე პირს.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. 2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მოქმედ მასწავლებელს, იმ პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ან უმაღლესი სახელოვნებო განათლება ანდა უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 1 წლის სტაჟი, მიუხედავად იმისა, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად რეგისტრაციის მომენტისთვის არის თუ არა ის მოქმედი მასწავლებელი. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 2 მარტი.
№5741–Iს
დოკუმენტის კომენტარები