საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5666-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016605
  • Word
5666-რს
28/12/2011
ვებგვერდი, 12/01/2012
430050000.05.001.016605
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4“–„6 ქვეპუნქტები:

4) ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც (რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების გამოყენების შესახებ;

5)  სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  უფლებამოსილი პირი;

6) სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;“.

2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ4“ ქვეპუნქტი:

„დ4) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X2 თავი:

„თავი X2

არასრულწლოვნის გადამისამართება (რეფერალი)

    მუხლი 487. არასრულწლოვნის გადამისამართების (რეფერალის) წესი

1. გადამისამართება (რეფერალი) (შემდგომ − გადამისამართება) (არასრულწლოვნის სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა ან მის მიმართ სხვა ღონისძიებების გამოყენება, მისი სხვა სკოლაში გადაყვანა ან სკოლა-პანსიონში გაგზავნა) ხორციელდება განსაზღვრული ვადით,  არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, ანტისოციალური ქცევის მქონე იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 12 წელი და ექსპერტთა საბჭოსათვის მიმართვიდან 6 თვის განმავლობაში არ შეუსრულდება 18 წელი. 

2. ანტისოციალური ქცევა არის ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქოსოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს და სისტემატურად ვლინდება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, გარდა არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში გადამისამართების მიზეზი შეიძლება გახდეს 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და რომლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიღწეული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში დადგებოდა ამ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

4. გადამისამართება არ განხორციელდება იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და ამ ქმედების ჩადენის მომენტისათვის მიაღწია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს.

5. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები და ფსიქოლოგები. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

6. სკოლა, მანდატური, არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, უბნის ინსპექტორი, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს მიმართვა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ. მიმართვაში აღწერილი უნდა იყოს არასრულწლოვნის ქცევა და მას უნდა დაერთოს შესაბამისი ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. გადამისამართების საკითხის განხილვამდე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფის წევრთა დახმარებით ახორციელებს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას.

8. გადამისამართების საკითხს უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ექსპერტთა ჯგუფი ამ კანონითა და ექსპერტთა ჯგუფის დებულებით დადგენილი წესით. ექსპერტთა ჯგუფის დებულებას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

9. გადამისამართების საკითხის განხილვისას ექსპერტთა ჯგუფი მოუსმენს მიმართვის ავტორს, თვით არასრულწლოვანს (მისი ინტერესებიდან გამომდინარე), მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და სოციალურ მუშაკს. ექსპერტთა ჯგუფმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.

10. ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც  მისი განხილვისას გამოვლინდა. გადაწყვეტილების მიღებისას  გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგები.

11. ექსპერტთა ჯგუფი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) არასრულწლოვნის გადამისამართების მიზანშეუწონლობის შესახებ;

ბ) არასრულწლოვნის გადამისამართების (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნის) შესახებ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ გადამისამართების რომელი ღონისძიება (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნა)  უნდა იქნეს გამოყენებული, და ამ ღონისძიების გამოყენების პირობები;

გ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ (სასამართლოსადმი შუამდგომლობა).

12. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას (შუამდგომლობას) ექსპერტთა ჯგუფი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ გადამისამართების სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი არასრულწლოვნის რესოციალიზაციისათვის.  სკოლა-პანსიონში არასრულწლოვანი იგზავნება მომდევნო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.

13. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ შუამდგომლობა მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება მის სკოლა-პანსიონში გაგზავნას.

14. ექსპერტთა ჯგუფი სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს:

ა) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;

ბ) არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

15. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, „ბ“ ქვეპუნქტით (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) და მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

16. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართვის ავტორს და არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (თუ იგი არ არის მიმართვის ავტორი).

    მუხლი 488. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

1. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირი ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. თუ ეს ვადა დაირღვა, ექსპერტთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სოციალური მუშაკი.

2. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას სოციალური მუშაკისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (გარდა სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ყოველი შემდგომი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო საქმეს განიხილავს და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია განიხილოს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.

7. ჯარიმის გადახდის იძულებითი აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 489. არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების  გადასინჯვა

1. არასრულწლოვნის გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული ღონისძიების (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) გამოყენების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგების ან/და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს (წარუდგენენ) სკოლა-პანსიონში მომუშავე სპეციალისტი (სპეციალისტები) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ექსპერტთა ჯგუფი  უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ.

2. გადამისამართების ღონისძიების ვადის გაგრძელება ხდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ პოზიტიური შედეგების მიღწევის მიუხედავად, სრულად ვერ განხორციელდა მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.

3. გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადამისამართების არსებული ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას ან აღარ არის აუცილებელი ამ მიზნის მისაღწევად.

4. თუ გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ან ვადის გაგრძელება ითვალისწინებს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნას ან სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელებას,  გადაწყვეტილება მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.“.

 მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII9 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII9 თავი:

„თავი VII9

ადმინისტრაციული სამართალწარმოება არასრულწლოვნის  სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე

    მუხლი 2135. სასამართლოსათვის მიმართვა

1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შუამდგომლობას არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის/სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სარჩელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებულ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

2. არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს სარჩელით მიმართავს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით დადგენილი წესით მისთვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

3. ექსპერტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს შუამდგომლობის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

    მუხლი 2136. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა

1. მოსამართლე სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. 

2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მის შესავსებად დაუნიშნავს გონივრულ ვადას. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს.

3. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4. სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ ან ასეთი განჩინების გამოტანის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლე სარჩელს და თანდართული დოკუმენტების ასლებს დაუყოვნებლივ უგზავნის მოპასუხეს და განუსაზღვრავს მას შესაგებლის წარდგენის ვადას.

5. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე სარჩელის წარდგენა არ აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას.

    მუხლი 2137. საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან ან შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საქმეს განიხილავს დახურულ სასამართლო სხდომაზე. დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: მიმართვის ავტორს, არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, ექსპერტთა ჯგუფის წევრებს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.

3. სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანს წარმოადგენს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო ვალდებულია მისი ინტერესების დასაცავად საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

4. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

6. სააპელაციო საჩივარი წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

    მუხლი 2138. არასრულწლოვნის უფლებები

არასრულწლოვანს უფლება აქვს, უარი განაცხადოს სასამართლოში ახსნა-განმარტების მიცემაზე, აგრეთვე მოითხოვოს სასამართლო პროცესზე ადვოკატის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება.“.

3. 34-ე მუხლის 11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: 

„კ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 28 დეკემბერი.

№5666რს