„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 23/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.002.774
  • Word
4530
28/03/2007
სსმ, 15, 23/04/2007
430.050.000.05.001.002.774
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებს;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ზოგადი განათლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ფარგლებში შეიძლება მოიცავდეს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ათვისება ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად შეიძლება დადასტურდეს სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;

3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.“.

4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. ძალადობის დაუშვებლობა და უსაფრთხოება

1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს აკრედიტაციის დებულებას;“;

გ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, აკრედიტაციის ჩატარების მიზნით;“;

დ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; აგრეთვე უფლებამოსილია, დაადგინოს სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ბავშვს უფლება ეძლევა, 6 წლის ასაკამდე დაიწყოს ზოგადი განათლების მიღება;“.

6. 31-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფო აღიარებისათვის აუცილებელია შესაბამისი აკრედიტაციის გავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საჯარო სკოლის აკრედიტაციის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ხოლო კერძო სკოლის აკრედიტაციის ხარჯებს – დაინტერესებული პირი. აკრედიტაციის საფასურს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“.

7. 32-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი).

4. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მუშაობას წარმართავს ამ კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს მართავს დირექტორი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო, რომელიც რეკომენდაციებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით წარუდგენს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორს.“;

გ) მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას, აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას, ხოლო აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია, გააუქმოს მინიჭებული აკრედიტაცია.

6. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

7. კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს, რომელთა კანდიდატურებსაც უთანხმებს აკრედიტაციის მაძიებელს. შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.“;

დ) მე-9–მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ტარდება საჯარო სკოლის აკრედიტაცია, აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს ამტკიცებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

10. აკრედიტაციის ჩატარების პირობაა განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება.

11. ექსპერტთა ჯგუფი განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს წარუდგენს დასკვნას აკრედიტაციის მაძიებლის რესურსების შესახებ.

12. აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. თუ დირექტორი არ ეთანხმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციას, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს გადაწყვეტილება.

13. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ფორმდება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, რომელიც რეგისტრირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ე) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. აკრედიტაციის პირობითი მინიჭების შემთხვევაში შემდგომი აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 1 წლისა. ვადა განისაზღვრება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით.

18. თუ საჯარო სკოლა შექმნილია დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით, აკრედიტაციის პირობები თანხმდება ამ დარგობრივ სამინისტროსთან; ასეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოში სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროფილური ან სპეციალური სახელოვნებო, საშემსრულებლო, სპორტული მომზადების ან განათლების პროგრამის ექსპერტის მონაწილეობა; ამ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურები უნდა შეთანხმდეს აკრედიტაციის მაძიებელთან; თუ აკრედიტაციის მაძიებელი ორჯერ უარს იტყვის შეთავაზებულ სხვადასხვა კანდიდატურაზე, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, შეთანხმების გარეშე დანიშნოს ჯგუფის წევრი, რომელიც არ შეიძლება იყოს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ უარყოფილი პირი.“;

ვ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ვალდებულია, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.“;

ზ) 26-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი ზღვრების ფარგლებში, პროფესიული სწავლების ცენტრთან ხელშეკრულების საფუძველზე ან უშუალოდ შესაბამისი ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში მოსწავლეს შესთავაზოს სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები.“.

9. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;“.

10. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;“.

11. 57-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით:

ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, იყო 2 წელი;

ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, იყო 3 წელი.“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ვადების დაცვით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“;

გ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. 2007-2008 სასწავლო წლიდან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არა აქვთ, განახორციელონ მიღება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველ კურსზე.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 28 მარტი.

№4530-Iს