დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3530 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 05/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.05.001.004.164 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგან
მანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა;“;
გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას;“.
4. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, მიიღოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მისაღებად ჩასაბარებელი მინიმალური კომპეტენციის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.“.
6. 212 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი, რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
7. 218 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.“.
8. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.“.
9. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და საფასურებს;“;
გ) „ნ“ და „ნ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას; უფლებამოსილია მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;
ნ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;“;
დ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის ან/და აკრედიტაციის ჩატარების მიზნით;“;
ვ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს;“.
10. 27-ე მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამ დაწესებულებებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის/აკრედიტაციის განსხვავებული პირობები. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს დარგობრივი სამინისტრო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
11. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
12. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. ეს დაწესებულება:
ა) გაივლის ავტორიზაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით;
ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.“.
11. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 31-ე მუხლის:
ა) მე-3–მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და აკრედიტაცია
1. ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
3. აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია.
4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და აკრედიტაციას, აკონტროლებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შესრულებას და მათი დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს/ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ავტორიზაციის/ აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით.
6. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იქმნება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომში – ავტორიზაციის საბჭო) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო).
7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესებს, პირობებსა და საფასურებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
8. საჯარო სკოლის ავტორიზაციის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
9. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.
10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება იმ მომენტისათვის დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.“.
14. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
15. 50-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – შესაბამისი განათლების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს აკრედიტებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელს სკოლის ფართობი.“.
16. 59-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაცია.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. 2010–2011 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული აქვს სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა.“.
17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 634 მუხლი:
„მუხლი 634. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „განათლების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 58).
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3530–რს
დოკუმენტის კომენტარები